საზოგადოება

ჟურნალისტთა ქარტიის წევრების შეკრება მოულოდნელი ფინალით

23 იანვარი, 2011 • • 1233
ჟურნალისტთა ქარტიის წევრების შეკრება მოულოდნელი ფინალით

„მე დროებით ვიხსნი უფლებამოსილებას და დროებით ვაჩერებ  ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასტან თანამშრომლობას ჩემი კერძო მოსაზრებების გამო. საბჭოში მე ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ფულს მარცხენა და მარჯვენა ჯიბეშიც იდებენ, ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით!“-თქვა რადიო „ჰერეთის“ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ დღეს, თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში გამართულ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მეორე საერთო სხდომის დასრულებამდე.

რამაზ სამხარაძეს დღემდე ეთიკის ქარტიის საბჭოში სარევიზო კომისიის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ხმაურიანი განცხადების გაკეთებისთანავე რამაზ სამხარაძემ დარბაზი დატოვა. მის გამოსვლას ქარტიის საერთო კრებაზე ხმაური მოჰყვა. სკანდალური განცხადების გაკეთებამდე მან თქვა, რომ რადიო “ჰერეთს” კონკრეტული მედიასაშუალების კორუფციული ქმედებების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება აქვს გაკეთებული, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

ფინანსებთან დაკავშირებით სამხარაძის განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენლებში.  მათ ქარტიის საბჭოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით ფონდის ოფისში შეხვედრაც კი მოითხოვეს.

ქარტიის კრების დამსწრე ჟურნალისტები თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, სამხარაძემ სკანდალური განცხადება რატომ და ვისთან დაკავშირებით გააკეთა. საკონფერენციო დარბაზში რამდენიმე წუთის მანძილზე ხმაურიანი შეძახილები ისმოდა, რის შემდეგაც ეთიკის ქარტიის საერთო კრების თავმჯდომარემ ნინო ზურიაშვილმა სიტუაციის დაწყნარება სცადა.

საბოლოოდ, სამხარაძის ქმედებასთან დაკავშირებით მცირე განმარტება გააკეთა ჟურნალისტმა ია ანთაძემ.

„დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად ვერ მიხვდნენ რა მოხდა.  ზოგიერთს  ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია რას გულისხმობდა რამაზი, როცა ამბობდა, რომ ორ დღეში ის აპირებდა საგამოძიებო მასალების დადებას.  იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც არ იცის რას ეხებოდა ეს მასალები.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (მემგონი, ზუსტი ინფორმაცია მაქვს), მასალები ეხებოდა რაღაც გამოძიებას ჟურნალისტ გელა მთივლიშილთან დაკავშირებით.  იმის გამო, რომ დღეს ქარტიის შემადგენლობამ დღეს ნდობა გამოუცხადა გელას და ის აირჩიეს ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად. ამასთან დაკავშირებით რამაზ სამხარაძემ მიიღო თავისი კერძო გადაწყვეტილება,“- თქვა ია ანთაძემ, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

დღეს, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე ქარტიის საერთო კრება გაიმართა, სადაც შეაჯამეს გასული წელი, ისაუბრეს მირწეულ შედეგებზე,  არსებულ პრობლემებზე და სამომავლო  ცვლილებებზე. გარდა ამისა, გაიმართა არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა ქარტიის 62-მა ხელმომწერმა ჟურნალისტმა მიიღო. მათ აირჩიეს ქარტიის საბჭოს სამი წევრი, იმ წევრების ნაცვლად, რომლებსაც უფლებამოსილების ერთწლიანი ვადა გაუვიდათ.

ქარტიის ხელმომწერთა გადაწყვეტილებით-32 ხმით, ქარტიის საბჭოს წევრი ნაციონალური მედიის კვოტით გახდა ჟურნალისტი და მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე. რეგიონული მედიიდან ასევე 32 ხმით ქარტიის საბჭოს წევრი გახდა გაზეთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე, ხოლო 27 ხმით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი.

მოგვიანებით, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალამა შემადგენლობამ საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ზვიად ქორიძე აირჩია. წინა თავმჯდომარეს, ეთერ თურაძე აღნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ ერთი წლით იყო არჩეული. ის ქარტიის საბჭოს რიგით წევრად კიდევ 2 წელი დარჩება.

ქარტიის საბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის სამომავლო გეგმებზე მხოლოდ საბჭოს წევრებთან დისკუსიებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში ისაუბრებს. მისივე თქმით, რამაზ სამხარაძის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით  ქარტიის საბჭო განცხადებას მხოლოდ სამხარაძესთან საუბრის შემდეგ გააკეთებს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა რამაზ სამხარაძეს, რომელმაც თქვა: ჩემი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა,  არ უკავშირდება ქარტიის ფინანსებს. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც ქარტიის საბჭოში აღმოვაჩინე ისეთი ადამიანები, რომლებიც მარცხენა და მარჯვენა ჯიბეში იდებენ ფულს. როგორც პროფესიონალისთვის, როგორც ადამიანისთვის მიუღებელია, როდესაც ორმაგი სტანდარტით მუშაობს მედიაორგანიზაცია. მიმაჩნია, რომ  დამოუკიდებელი მედია ცოტა სხვა კატეგორიაა და  არა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ.“

სამხარაძემ არ დააკონკრეტა თუ რომელ მედიასაშუალებასა და რომელ ჟურნალისტს გულისხმობდა ის. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ოთხშაბათს, რადიო ჰერეთი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას. „იქ ყველა დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ,“-გვითხრა რადიო ჰერეთის დირექტორმა.

ჩვენ მას ვკითხეთ, გულისხმობდა თუ არა ის გელა მთივლიშვილს, რაზეც სამხარაძემ გვითხრა, რომ ამას საზოგადოება მაშინ გაიგებს, როცა ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოქვეყნდება.

„ჯერჯერობით შევიჩერე უფლებამოსილება. ოფიცალურად, იურიდიულად ჯერ კიდევ ვრჩები ქარტიის ხელმომწერად. თუ ასეთი სტანდარტით გაგრძელდა მუშაობა და თუ იმას, რაც დღეს ქარტიის კრებაზე მოხდა,  დავარქვით დემოკრატია,  სავარაუდოდ მე განცხადებასაც დავწერ ქარტიიდან გასვლის შესახებ,“-განუცხადა ნეტგაზეთს რამაზ სამხარაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ  „რამაზ სამხარაძეს ასეთი უაზრო და უსაფუძვლო გამოხტომები პერიოდულად ახასიათებს.“

„ 2006 წელს, როცა ჩემს მიმართ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდებოდა და იყო ჩემი  მკვლელობის მცდელობა, მას არ შერცხვა და კახეთში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად შექმნა ე.წ. ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი და გარკვეული პერიოდის მუშოაბის შემდეგ დადო დასკვნა, რომ ვითომ ამ თავდასხმების ინსცენირება თავად მე მოვაწყვე, რათა გავმხდარიყავი პოპულარული ჟურნალისტი,“-გვითრა გელა მთივლიშვილმა.

მისივე თქმით,  სამხარაძეს მსგავსი თავდასხმები მაშინ ახასიათებს, როცა კახეთის საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა კუთხით აქტიურდება და მრავალფეროვან პროექტებს წარმატებით ახორციელებს.

„მისი ყველა ბრალდება არისაბსოლუტურად უსაფუძვლო და კდიევ ერთხელ განვმარტავ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი არის საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც ჰყავს ხელმომწერები, როგორც სახელისუფლებო, ისე არასაბიუჯეტო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები. სახელისუფლებო ორგანიზაციები ოფიციალურად ჩვენგან ყიდულობენ ინფორმაციას, რასაც კორუფციასთან არანაირი კავშიირ არა აქვს, ყველა საინფდორმაციო სააგენტო ასე მუშაობს და ინფორმაციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არის შემოსავლის წყარო. ვერც სამხარაძე და ვერავინ ვერ დამისახელებს ფაქტს, რომ ამ  ხელმოწერის გაფორმების გამო მე რომელიმე უწყებისადმი გავმხდარიყავი ანგარიშვალდებული. მე დაველაპარაკები იურისტებს და შესაბამისად, არ არის გამორიცხული სამხარაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც კი შვეიტანო,“-ამბობს გელა მთივლიშვილი.

 ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომაზე ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსია სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის ქარტიის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით.  დისკუსიისას ისმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ქარტიის კრებაზე გამართული დისკუსიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სტატიას ნეტგაზეთი ხვალ შემოგთავაზებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი