საზოგადოება

ჟურნალისტთა ქარტიის ერთი წელიწადი

23 იანვარი, 2011 • • 1476
ჟურნალისტთა ქარტიის ერთი წელიწადი

181 ხელმომწერი ჟურნალისტი, 9 საჩივარი და 5 განხილული საქმე – ეს არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთი წლის მუშაობის შედეგი. 23 იანვარს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე საერთო კრება  გაიმართება. კრებაზე ჟურნალისტები გასულ წელს შეაჯამებენ, ქარტიის საბჭო კი მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ხელმომწერი ჟურნალისტები კი, კენჭისყრის შედეგად, გადაწყვეტენ – ქარტიის საბჭომ უნდა განიხილოს თუ არა საჩივრები იმ ჟურნალისტთა წინააღმდეგ, რომლებიც ქარტიის წევრები არ არიან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა და მას პირველივე დღეს ხელი 138-მა ჟურნალისტმა მოაწერა. ჟურნალისტებმა იმ დღესვე სხვადასხვა ვადით აირჩიეს ქარტიის საბჭოს 9 წევრი და სარევიზიო კომისია.
ქარტია შედგება 11 პრინციპისგან, რომელიც დასავლურ ჟურნალისტურ სტანდარტებს ეფუძნება. მათ შორისაა ისეთი ეთიკური ნორმები, როგორებიცაა: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს პლაგიატი, ქრთამის აღება; ფაქტის განზრახ დამახინჯება; სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სარეკლამო მასალებისაგან და ა.შ. (ქარტიის ნახვა შეგიძლიათ აქ).

 

ხელმომწერი ჟურნალისტები ქარტიის წინააღმდეგ

ქარტიის საბჭოში შეტანილი პირველივე საჩივარი ხმაურიან და რეზონანსულ საქმეს უკავშირდებოდა. ასევე  ხმაურიანი გამოდგა ქარტიაში მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. 2010 წლის 18 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში მოქალაქე რ.ფ.-მ ქარტიის დამფუძნებლისა და წევრის – ჟურნალისტ ნათია კობერიძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ ნათია კობერიძემ „პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რითიც დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი“. ნათია კობერიძე იმ დროისთვის ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანად მუშაობდა. 2010 წლის 13 მარტს „სპეციალურ რეპორტაჟში“ გადაიცა „მოდელირებული ქრონიკა“ – იმიტირებული საინფორმაციო გამოშვება, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას რუსეთ-საქართველოს ახალი ომის დაწყების თაობაზე აუწყა. მოდელირებულ საინფორმაციო გამოშვებას თან არ ახლდა წარწერა, რომ ის მოდელირებული იყო. ქარტიის საბჭოში შეტანილი საჩივრის ავტორი ნათია კობერიძეს სწორედ მოდელირებული ქრონიკისა და მის შემდეგ „სპეციალურ რეპორტაჟში“ გამართული თოქ-შოუს გამო ადანაშაულებდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაში. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნათია კობერიძემ მართლაც დაარღვია ჟურნალისტთა ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება სამოტივაციო წერილით დაასაბუთა.  

გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ნათია კობერიძემ ქარტია დატოვა.

ნათია კობერიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ  მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქარტიის საბჭოს მიკერძოებული გადაწყვეტილება გახდა:

„საბჭომ გადაწყვეტილება ჩემთან ინტერნეტით და სატელეფონო კავშირის შედეგად მიიღო. მე მზად ვიყავი შევხვედროდი ეთიკის ქარტიის საბჭოს, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. საბჭომ ძალიან ცუდი პოზიცია დაიკავა. არ გამაფრთხილეს, რომ ისინი ჩემთან შეხვედრას კამერების თანდასწრებით აპირებდნენ. მე ამის შესახებ საკმაოდ გვიან გავიგე. მე საბჭოს სხდომაზე მიბარებდნენ და არ მაფრთხილებდნენ, რომ იქ დამხვდებოდა კამერები. მე ეს, ზოგადად, მიმაჩნია ჩემი უფლებებისა და ქარტიის პრინციპების დარღვევად,“ – უთხრა ნეტგაზეთს ნათია კობერიძემ.

მისივე თქმით, „საბჭოს მიზანი იყო სიმართლის დადგენა, სიმართლის დაცვა და პირველივე საქმეში, რომელიც ხმაურიანი იყო, მათ გამოამჟღავნეს საკუთარი მიზანი, რომ აქედან კიდევ უფრო მეტი ხმაური მიეღოთ და არ დაედგინათ სიმართლე. სიმართლე რომ დაედგინათ, ამისთვის კამერების დაბარება საჭირო არ იყო, არამედ, ჩემთან პირისპირ და ღია საუბარი კამერების გარეშე.“

ქარტიაზე ხელმოწერის დროს კობერიძეს მოლოდინი ჰქონდა, რომ ეთიკის ქარტიის საბჭო, პირველ რიგში, აუცილებლად დაიცავდა ჟურნალისტების უფლებებს და იქნებოდა ჯანსაღი მექანიზმი იმისათვის, რომ ჟურნალისტებს დაეცვათ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები. ის ამბობს, რომ ქარტიაზე ხელმოწერიდან მალევე  ეს იმედები გაუცრუვდა.

ნათია კობერიძის დამოკიდებულებას საკუთარი არგუმენტებით პასუხობს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე ჟურნალისტებმა ხმათა უმრალესობით ქარტიის დაფუძნების დღეს აირჩიეს.

„მე მას (ნათია კობერიძეს) ყველანაირი პირობა მივეცი, რომ ქარტიის საბჭოს სხდომაზე ამბის გასაშუქებლად მოსული ჟურნალისტები მას ზედმეტ სიტყვას ვერ ეტყოდნენ, რომ  მას არავინ „ჩაქოლავდა“. დავპირდი, რომ მანქანასთან დავხვდებოდი და წამოსვლის დროსაც გამოვაცილებდი, რომ ის ზედმეტად არ შეეწუხებინათ,“ – ამბობს ეთერ თურაძე,-“საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმესთან მიმართებაში იყო ძალიან მაღალი. „მოდელირებული ქრონიკის“ ამბებს მთელი  მსოფლიო აშუქებდა. ქარტიის საბჭოს სხდომა არის ღია და მე  ჟურნალისტებს იქ ყოფნას ვერ დავუშლიდი.“

ეთერ თურაძე ამბობს, რომ ნათია კობერიძეს გააჩნია საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულება და ის ამ საკითხზე კამათს არ აპირებს.

ქარტიის საბჭო ტენდენციურობასა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა კიდევ ერთმა ხელმომწერმა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ საჩივარი  ქარტიის საბჭოში 2010 წლის ნოემბერში შეიტანა. „მწვანე ალტერნატივა“ მას ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე მუხლების დარღვევაში სდებდა ბრალს. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გელა მთივლიშვილმა ქარტიის მხოლოდ პირველი და მესამე მუხლები დაარღვია. გელა მთივლიშვილის საქმესთან დაკავშირებით ქარტიის საბჭომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მალევე გამოიტანა, სამოტივაციო წერილი კი რამდენიმე კვირის შემდეგ, 2011 წლის 21 იანვარს, გამოაქვეყნა.

„ეთიკის საბჭო არის არაობიექტური და ტენდენციური, განსაკუთრებით კი ის წევრები, რომლებსაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის აქტიური მუშაობა არ მოსწონთ და სხვადასხვა გზით ცდილობენ მის დისკრედიტაციას,“ – გვითხრა გელა მთივლიშვილმა. ის, ასევე, ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდება “ამის შემდეგ ეთიკის იმ საბჭოსთან თანამშრომლობა, რომლის წევრებიც ორმაგი სტანდარტებით მუშაობენ და გადაწყვეტილებებს დისკრიმინაციული მიდგომით იღებენ.“

„არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ ერთი და იგივე მედიასაშუალებიდან, ვგულისხმობ შპს “გაზეთ ბათუმელებს”, ოთხი ადამიანი იყოს წევრი ეთიკის საბჭოს ცხრაკაციან შემადგენლობაში, არაფერი რომ აღარ ვთქვა იმაზე, რომ არ ვიცით, ვინ როდის გადიან და შედიან საბჭოში,“ – გვითრა გელა მთივლიშვილმა.

დღეისათვის შპს “გაზეთ ბათუმელების“ ოთხი თანამშრომელი ნამდვილად არის ქარტიის საბჭოს წევრი, მათ შორის: ეთერ თურაძე – “გაზეთ ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, თედო ჯორბენაძე – ამავე გაზეთის ჟურნალისტი,  მაია მეცხვარიშვილი – „გაზეთ ბათუმელების“ ნაციონალური ვებ–გვერდის netgazeti.ge-ს რედაქტორი და კონსტანტინე სტალინსკი, რომელიც, ასევე, ნეტგაზეთში მუშაობს. 

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე გელა მთივლიშვილის პრეტენზიებს ასე პასუხობს: „სანამ ქარტიას ხელს მოაწერ, მის წესდებას კარგად უნდა გაეცნო. თავდაპირველად ქარტიის წევრები ვიყავით მე და თედო ჯორბენაძე. ჩვენ აგვირჩია უმრავლესობამ ქარტიის პირველ საერთო კრებაზე. რაც შეეხება მაია მეცხვარიშვილს, ქარტიაზე ხელმოწერის დროს ის ქუთაისში გამომავალი „ახალი გაზეთის“ რედაქტორი იყო. მან ნეტგაზეთში მუშაობა ქარტიის საბჭოს წევრობიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის შემოდგომაზე, დაიწყო. 2010 წლის შემოდგომაზე საბჭოს წევრი ლიკა ჩახუნაშვილი გავიდა საბჭოდან. წესდების შესაბამისად, იგი ჩაანაცვლა კონსტანტინე სტალინსკიმ, ვისაც, 4 დეკემბრის არჩევნების მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული ლიკა ჩახუნაშვილის შემდეგ. სტალინსკის ნაცვლად 23 იანვარს სხვა წევრი უნდა ავირჩიოთ. შესაბამისად, კარგად თუ წავიკითხავთ ქარტიის წესდებას, მსგავსი პრეტენზიები არავის გვექნება.“

 

სხვა საქმეები

ერთი წლის მანძილზე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოში სულ 9 საჩივარი შევიდა:

  1. მოქალაქე რ.ფ. ჟურნალისტ ნათია კობერიძის წინააღმდეგ
  2. ფონდი “ინკლუზივი” ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ~
  3. ლეიბორისტული პარტია” სააგენტო “პირველის” წინააღმდეგ
  4. ელისო ჯანაშია თეა აბსარიძისა და სოფო ჭულუხაძის წინააღმდეგ
  5. თორნიკე თევზაძე შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ
  6. “მწვანე ალტერნატივა” ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ
  7. “მწვანე ალტერნატივა” გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ
  8. ელისო ჯანაშია ლაშა ზარგინავას წინააღმდეგ
  9. “ქართული პარტია” ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ

ქარტიის საბჭომ არ განიხილა შემდეგი საჩივრები:  1. „ქართული პარტია“ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ, 2. „ლეიბორისტული პარტია“ სააგენტო „პირველის“ წიანააღმდეგ. 3. “მწვანე ალტერნატივა” ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ. პირველ ორ შემთხვევაში საჩივრის არგანხილვის მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული ჟურნალისტები ქარტიის ხელმომწერები არ იყვნენ. მესამე შემთხვევაში, საბჭომ გამოარკვია, რომ ელისო ჩაფიძე არ იყო “რეზონანსის” იმ ნომრის რედაქტორი, რომელთან დაკავშირებითაც შევიდა საჩივარი. რაც შეეხებაა საჩივარს „ელისო ჯანაშია ლაშა ზარგინავას წინააღმდეგ“, ის თავად საჩივრის ავტორმა უკან გაითხოვა.

საქმეზე – თორნიკე თევზაძე შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ – საბჭომ ჟურნალისტის გამამართლებლი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ქარტიის საბჭომ ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა.   

ალეკო ელისაშვილი ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, თუმცა ბოლომდე მაინც არ დაეთანხმა. „იმის გამო, რომ მე ვარ ამ ქარტიის წევრი და მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი ჟურნალისტიკისთვის და ჟურნალისტური ეთიკისთვის, მე ქედს ვიხრი ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების წინაშე. თუმცა, შინაგანად არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ სრულიად არამართებული გადაწყვეტილება იყო ჩემ წინაშე. ამის მიუხედავად, მე ჩემს პრეტენზიებს გვერდზე გადავდებ. ვინაიდან სულ მეორე საქმე იყო, რაც საბჭომ განიხილა, იქ ბევრი ხარვეზი იყო. მიმაჩნია, რომ ყველა ვსწავლობთ და ადამიანები ვართ. გულწრფელად რომ ვთქვა, ქარტიისგან უფრო მეტს ველოდებოდი და ველოდები,“ – უთხრა ნეტგაზეთს ალეკო ელისაშვილმა.

მისი აზრით, ქარტიის საბჭო უფრო ქმედითი, უფრო საყოველთაო და უფრო ეფექტური უნდა გახდეს. „საუკუნეში ერთხელ არ უნდა ხდებოდეს საქმის განხილვა. შეიძლება, ინფორმაცია აკლია საზოგადოებას.  საზოგადოებამ უფრო აქტიურად უნდა ადევნოს თვალყური ჟურნალისტთა ეთიკას. 3-4 საქმე წელიწადში არ არის ეფექტური. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის კეთილშობილური იდეა და ამიტომაც ვრჩები ქარტიაში,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ქარტიამ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ (ფოთი) საინფორმაციო სამსახურის უფროსის თეა აბსარიძისა და ამავე არხის ჟურნალისტის სოფო ჭულუხაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით.  ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თეა აბსარიძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი. „მე-9 ტალღის“ ჟურნალისტმა, სოფო ჭულუხაძემ კი – ქარტიის პირველი პრინციპი.

თეა აბსარიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსს. სადაო სიუჟეტი კი „მეცხრე ტალღისთვის“ ჟურნალისტმა ლანა სალაყაიამ მოამზადა, რადგან ის ჟურნალისტთა ქარტიის ხელმომწერი არ იყო, პასუხისმგებლობა ავტომატყრად გადავიდა თეა აბსარიძეზე – საინფორმაციო სამსახურის უფროსზე.

მისი თქმით, გადაწყვეტილების გამოტანისას საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ საქმე ეხებოდა რეგიონულ ტელევიზიას, სადაც ცენტრალურ ტელეარხებთან შედარებით, გაცილებით ცოტა გადამღები ჯგუფი მუშაობს.

„ქარტიის საბჭო გვედავებოდა, რომ ჩვენ მიერ არჩევნების დღეს მომზადებული სიუჟეტი არ იყო ამომწურავი. ჩვენ არჩევნების დღეს არასტანდარტულ რეჟიმში გვიწევდა მჲშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სადაო სიუჟეტში ამბის ყველა მხარე წარმოდგენილი იყო. ეს რომ არ ყოფილიყო დღის ნიუსი და მასზე მუშაობისთვის უფრო მეტი დრო გვქონოდა, მასალა უფრო ამომწურავი იქნებოდა. ასეთი სიუჟეტები ყოველ დღე გადის ნაციონალური ტელეარხების ეთერში,“ – ამბობს თეა აბსარიძე. იგივე არგუმენტები აქვს სოფო ჭულუხაძესაც. მიუხედავად ამისა, ორივე ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი პატივს სცემენ საბჭოს გადაწყვეტილებას და მას გაგებით ეკიდებიან. თეა აბსარიძის თქმით, ქარტიის საბჭო გახდა ჟურნალისტებისთვის ანგარიშსწორების საშუალება. თუმცა, ის ამ ამბის შემდეგ გაცილებით ყურადღებით აკონტროლებს ჟურნალისტთა მუშაობას, რათა სამომავლოდ თავიდან აიცილოს მსგავსი საჩივრები. „ყველა ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ“-ამბობს „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

 

სკეპტიციზმი ეთიკის ქარტიასთან დაკაშირებით

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შექმნამდე, 2005 წელს, დაფუძნდა მედიასაბჭო, რომელიც მედიასაშუალებებს გარკვეული პროფესიული პასუხისმგებლობის აღებას თავაზობდა. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დაფინასებით განხორციელდა, თუმცა დღესდღეობით ის პრაქტიკულად არ მუშაობს. დღევანდელი ეთიკის  ქარტიისგან განსხვავებით, მედიასაბჭოს სტანდარტებს ხელს მედიასაშუალებები აწერდნენ და პასუხისმგებლობა არა კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ მედიასაშუალებას ეკისრებოდა. 

მედიასაბჭოს პროექტის მენეჯერი, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ  მედიასაბჭოს შექმნის დროს პროექტის ავტორები ბევრ პრობლემას გადააწყდნენ. მისი თქმით, იმ დროს მედიასაშუალებები ფიქრობდნენ, რომ  მედიასაბჭო გახდებოდა ცენზურის ბერკეტი ხელისუფლებისთვის, ამიტომ ხელი არ მოაწერეს მის მიერ შეთავაზებულ ეთიკის ნორმებს. ეკა კვესიტაძეს ახლაც არ აქვს წარმოდგენა,  როგორ შეიძლება მედიასაჭო ხელისუფლების ხელში ასეთი ბერკეტი გამხდარიყო.  მისი აზრით, მედიასაბჭომ რომ იმუშაოს, ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ის ორ მათგანს გამოჰყოფს: 1. მედიას უნდა ჰყავდეს აქტიური მომხმარებელი, რომელიც ეთიკის დარღვევის ყოველ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს და 2. ეთიკის ქარტიას ხელს უნდა აწერდეს (ან მედიასაბჭოში გაწევრიანებული უნდა იყოს) მედიასაშუალებების უმრავლესობა.

ეკა კვესიტაძე ეთიკის ქარტიის მსგავსი სისტემისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან, მისი აზრით, საქართველოში მკითხველს არა აქვს მოთხოვნა, კონკრეტულმა მედისაშუალებამ დაიცვას ჟურნალისტური ეთიკის ნორმები.  ის ფიქრობს, რომ დღეს ყველაზე მეტად სწორედ ის პრესა იყიდება, რომელიც ჟურნალისტურ სტანდარტებს ყველაზე მეტად არღვევს. შესაბამისად, ეთიკის დაცვის მოტივაცია არც მედიასაშუალებას გააჩნია.  მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთშიც კი, სადაც მედიასაბჭოს მუშოაბის დიდი ტრადიცია აქვთ, საზოგადოების ნდობა მის მიმართ დაბალია, რადგან საბჭოში შედის ბევრი საჩივარი, რომელთა დროული და ადეკვატური განხილვა არ ხდება.  აქედან გამომდინარე, მას არ ჰგონია,  რომ  ეთიკის პრობლემა საქართველოში ერთი ნახტომით მოგვარდება.

„ისიც კარგია, თუ კუს ნაბიჯებით ვივლით. ჩვენი გზები აქამდე არასდროს გადაკვეთილა, თორემ დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ეთიკის ქარტიას. მივესალმები ნებისმიერ ოირგანიზაციას, რომელიც მედიის ეთიკის განვითარებაზე იზრუნებს და მონიტორინგს განახორციელებს,“ – უთხრა ნეტგაზეთს ეკა კვესიტაძემ.

ქარტიის საბჭოს სამომავლო გეგმები

ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს, ეთერ თურაძეს მიაჩნია, რომ  მიუხედავად ყველაფრისა, ეთიკის ქარტიამ გაამართლა. მისი აზრით, ქარტიის საბჭოს მთავარი პრობლემა იყო დაფინასნების უქონლობა, რაც 2011 წლიდან გამოსწორდება.

„ქარტიის 6 წევრი არის რეგიონიდან. ისინი საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე ჩამოდიოდნენ საქმეების განსახილველად და ამას ხშირად ვერ ახრხებდნენ,“ – ამბობს ეთერ თურაძე.  მისივე თქმით, გვიანდებოდა ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნება, რაც, ასევე, გამოსწორდება. 

მისი აზრით, ასევე, პრობლემაა ქარტიის ცნობადობა. ბევრ რედაქციაში ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ არ იციან ქარტიის შესახებ. ეს, ძირითადად, ისევ ფინანსების უქონლობით აიხსნება. „2010 წლის ბოლოს მივიღეთ გრანტი. მოვამზადეთ საიმიჯო კლიპები, დაგეგმილია შეხვედრები რედაქციებში ჟურნალისტებთან, რათა ეთიკის ქარტიის შესახებ მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ და, შესაბამისად, ხელი უფრო მეტმა ჟურნალისტმა მოაწეროს,“ – ამბობს ეთერ თურაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი