საზოგადოება

აზიზიეს მეჩეთის ისტორია

21 იანვარი, 2011 • 6674
აზიზიეს მეჩეთის ისტორია

ბათუმი. გამსახურდიას და გოგებაშვილის ქუჩები კვეთა. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბათუმი. გამსახურდიას და გოგებაშვილის ქუჩები კვეთა. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ადგილი, სადაც ბათუმში აზიზიეს მეჩეთი მდებარეობდა, სავარაუდოდ, საქართველო–თურქეთის მოლაპარაკების ერთ–ერთი დეტალია.  ზუსტ  ცნობებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა  ნიკა ვაჩეიშვილმა  კი  განაცხადა, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ, საქართველოში სამი მეჩეთის განახლება და ერთის აშენება იგეგმება.

სავარაუდო ადგილი, სადაც მოლაპარაკებების მიხედვით,  მეჩეთი უნდა აშენდეს, ბათუმის  გოგებაშვილისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაა, სადაც იყო აზიზიეს მეჩეთი.

აზიზიეს მეჩეთი  ძველ ბათუმში
აზიზიეს მეჩეთი ძველ ბათუმში

ისტორიული ცნობების მიხედვით, 1863 წელს სულთანმა აზიზმა (1861-1876წწ.) გამოსცა ფირმანი ბათუმში მეჩეთის აშენების თაობაზე, სადაც აღნიშნული იყო: „ბათუმის ნავსადგურის ჩრდილო-დასავლეთი ნაკვეთის შუა ნაწილში, მოხერხებულ ადგილას, აშენდეს ჯამე, რომელსაც მისი უდიდებულესობა სულთანის სახელი ეწოდოს.”

სულთანის ფირმანის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1868 წელს, ყურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აშენდა ქვის მეჩეთი, რომელიც  აზიზიეს ჯამეს სახელწოდებით იყო ცნობილი. მას, აგრეთვე, სულთან ჯამესაც უწოდებდნენ. სამხედრო კორესპონდენტ, ალექსანდრე ფრენკელის ცნობით, აღნიშნული ჯამე თურქეთის ჯარისათვის აუშენებია სულთან აბდულ-აზიზიეს დედას, ვალიდე ხანუმს.

მეჩეთი გოგებაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ტექნიკის სახლის მიდამოებში, მდებარეობდა. მომდევნო წლებში მეჩეთის მიმდებარე საკმაოდ დიდ ტერიტორიას აზიზიეს უბანი ეწოდა (თანამედროვე ზვიად გამსახურდიას მოედანს აზიზიეს მოედანს უწოდებდნენ). ეს ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური და ხალხმრავალი ადგილი იყო.

აზიზიეს ჯამე მე-20 საუკუნის 30 -იან წლებში დაანგრიეს, სწორედ იმ დროს, როცა ბათუმის  ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ ადგილას, მდებარე ალექსანდრე ნეველის სახელობის დიდი ტაძარი და თანამედროვე გორგილაძის ქუჩაზე არსებული ქართული ეკლესია დაანგრიეს. ამბობენ, რომ  მეჩეთის ნაცვლად ერთ დილას ბათუმელებს აზიზიეს მოედანზე სკვერი დახვდათ. 

აზიზიეს მეჩეთი ბათუმში პირველი მუსლიმანური სალოცავი არ ყოფილა. ქალაქში პირველი მეჩეთი ახმედ-ფაშას ჯამე იყო, რომელიც მე-19 საუკუნის 30-იანი წლების პირველ ნახევარში ააგეს. იგი ახმედიეს მეჩეთის სახელით იყო ცნობილი. აღნიშნულის თაობაზე საინტერესო ცნობას გვაწვდის ი. კალფოღლუ. იგი მიუთითებს, რომ „გარკვეულ პერიოდში ლაზისტანის მუთასაფარის (გუბერნატორი) მოადგილის „მუსლიმის” თანამდებობა ეკავა ახმედ-ფაშა ხიმშიაშვილს, რომელიც იჯდა ბათუმში. თავდაპირველად მისი სახლი მდებარეობდა ბათუმგორაზე. შემდეგ ახმედ-ფაშას თავისი რეზიდენცია გადაუტანია ყურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამ მიზნით მან ააშენა „ახმედიეს მეჩეთი.”  ეს მეჩეთი მე-19 საუკუნის 90-იან წლებში დაიწვა და მე-19 საუკუნის 90-იანი წლების მიჯნაზე მის ადგილას აიგო ახალი ქვის მეჩეთი, რომელსაც ორთა ჯამე ეწოდა, რაც შუა ჯამეს ნიშნავს, ვინაიდან იგი მოქცეული იყო აზიზიესა და მუფტიეს ჯამეებს შორის.

მესამე, მუფთიეს მეჩეთი კი ბათუმში 1870-1973 წლებში ყოფილა აგებული, ვინმე მუფთის მიერ. აღნიშნული სახელები, მეჩეთების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძველი ბათუმის სამი დასახლებული უბნის სახელწოდების წარმოქმნას დაედო საფუძვლად.   

ამჟამად ბათუმში მხოლოდ ერთი, ორთა ჯამე ფუნქციონირებს.

ლენინის ძეგლი და აზიზიეს მეჩეთი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები
ლენინის ძეგლი და აზიზიეს მეჩეთი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი