საზოგადოება

“უსაფრთხო სკოლა” კორუფციული ხვრელებით

14 იანვარი, 2011 • 1822
“უსაფრთხო სკოლა” კორუფციული ხვრელებით

სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემის დამონტაჟებისთვის, განათლების სამინისტროს ტექნიკა ცესკომ და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გადასცა, თუმცა საჯარო სკოლებმა ეს ტექნიკა კერძო ფირმებისგან შეისყიდეს. სკოლის დირექტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხო სკოლის პროგრამას სამინისტრო კორუფციული გარიგებების ფონზე ახორციელებს.

ვიდეოსათვალთვალო სისტემების მონტაჟი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „უსაფრთხო სკოლის პროგრამის“ ფარგლებში, საჯარო სკოლებში გასული წლიდან დაიწყო, რაც თბილისში იმავე წელს დასრულდა, რეგიონებში კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ვიდეოსათვალთვალო ტექნიკის შესაძენად და დასამონტაჟებლად სამინისტრომ სხვადასხვა რაოდენობის თანხა საჯარო სკოლებს გადაურიცხა, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ვიდეოთვალი იყო საჭირო  სკოლაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, იმ კომპანიების შერჩევაში, რომლებისგანაც სკოლებმა ვიდეოსისტემა შეიძინეს და დაამონტაჟეს, სამინისტრო არ ჩარეულა, თუმცა სხვა ინფორმაციას იძლევიან კომპანიების წარმომადგენლები.

კომპანია ,,BSA’’- მ ვიდეოსათვალთვალო აღჭურვილობა თბილისისა და რაიონების 34 საჯარო სკოლას მიყიდა და დაუმონტაჟა. კომპანიის დირექტორი პაატა სივსივაძე იხსენებს, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანიები სამინისტროში მიიწვიეს და თავიანთი პირობების ჩამოყალიბება სთხოვეს. შემდეგ დაახლოებით 10 კომპანია შეარჩიეს და სკოლები გაუნაწილეს.

,,სკოლებთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. ჩვენ სკოლებზე ვაკეთებდით პროექტს, პროექტის განფასებას ვაბარებდით სამინისტროს და ამის მიხედვით კეთდებოდა შემდეგ ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, რაღაც ტენდერისავით სახე ჰქონდა ამას’’, – ამბობს სივსივაძე.

იგივეს ადასტურებს ნეტგაზეთთან საუბარში თბილისის 149–ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მაია გიორგაძე:

,,ჩვენ არ მოგვიძებნია ეს კომპანია, სამინისტრომ გამოუშვა ყველა სკოლაში. ჩვენ, დირექტორებს ერთ-ერთ შეხვედრაზე სამინისტროში გვითხრეს, რომ მოვლენ კომპანიები და გააფორმეთ ხელშეკრულება მათთანო, თანხას გადმოგირიცხავთ და დააყენებინეთო’’, – ამბობს გიორგაძე.

149–ე საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვიდეოსათვალთვალო სისტემის მონტაჟისათვის 3905.50 ლარი გადაურიცხა.

„ეს თანხა მხოლოდ 4 ვიდეოთვალის შეძენისა და დამონტაჟებისთვის აღმოჩნდა საკმარისი, თუმცა  თავდაპირველად 16 ვიდეოთვალის დამონტაჟება იყო დაგეგმილი,“ – ამბობს მაია გიორგაძე.

149–ე საჯარო სკოლამ, თავის მხრივ, ეს თანხა – 3905.50 ლარი კომპანია ,,იუნაიტედ სეკურიტის’’ გადაურიცხა, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ოთხი ვიდეოკამერა სკოლაში სწორედ ამ ფირმამ დაამონტაჟა.

სკოლის დირექტორთა ასოციაციის იურისტის რევაზ რიჟამაძის ინფორმაციით, სკოლების უმრავლესობაში სწორედ ამ კომპანიამ დაამონტაჟა ვიდესათვალთვალო სისტემა. რიჟამაძე ამ ფაქტს კორუფციულ გარიგებას უკავშირებს და ამბობს, რომ კომპანია ,,იუნაიტედ სეკურიტის’’ მფლობელი, შესაძლოა, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსთან, გენრიეტა მუმლაძესთან იყოს ნათესაურ კავშირში.

,,იუნაიტედ სეკურიტის’’ 100%-ანი წილის მფლობელი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი დავით მუმლაძეა. სხვადასხვა დროს ის, ასევე, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის მერიაში, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში.

თავად დავით მუმლაძე განათლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსთან რაიმე ნათესაურ კავშირს უარყოფს.

,,რაიმე პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი ჩემსა და გენრიეტა მუმლაძეს, ასევე, ამ პროექტებსა და  გენრიეტა მუმლაძეს შორის არ არსებობს’’ – ამბობს დავით მუმლაძე.

მისივე თქმით, საჯარო სკოლებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერები მისი კომპანიისგან არ შეუძენიათ. დავით მუმლაძე ამბობს, რომ ვიდეოსამეთვალყურეო კამერები სკოლებს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  (ცესკო) აჩუქა, მისმა კომპანიამ კი მხოლოდ დაამონტაჟა ეს სისტემა.

ნეტგაზეთმა მოიპოვა თბილისის 149-ე საჯარო სკოლასა და  კომპანია ,,იუნაიტედ სეკურიტის’’ შორის  გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების დანართში მითითებულია, რომ სკოლამ ,,იუნაიტედ სეკურიტის’’ თანხა 4 ვიდეოკამერის შეძენისთვისაც გადაურიცხა (3 ვიდეოთვალში 300 ლარი, ხოლო ერთში – 150 ლარი).

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ვიდეოსათვალთვალო აპარატურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მართლაც გადასცეს, ოღონდ კი არ აჩუქეს, არამედ – ათხოვეს.

,,გასული წლის 2 აგვისტოს განათლების სამინისტრომ მოგვმართა თხოვნით, რომ ვიდეოთვალის აპარატურა გადაგვეცა, რომელსაც ამ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისია არ იყენებდა. 13 აგვისტოს ჩვენ გადავეცით მათ 600 წყვილი (1200 ცალი) ვიდეოთვალი, თავისივე იუპიესებით. ხელშეკრულებაში არის პირობა, რომ როგორც კი ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნონ უკან უკლებლივ ყველა ეს ტექნიკა’’, – ამბობს ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჯული გიორგაძე.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რისთვის დასჭირდა სამინისტროს ცესკოს ვედეოსათვალთვალო აპარატურა, დიმიტრი შაშკინმა უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, რისთვის ითხოვა სამინისტრომ ცესკოდან ტექნიკური აპარატურა.

,,საჯარო სკოლებში მინიმუმ 2000 ვიდეოთვალი დამონტაჟდა. შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ მარტო ცესკოს კამერები იყოს გამოყენებული, შესაძლოა, ეს იყო ნაწილი, არ ვიცი’’ – ამბობს დიმიტრი შაშკინი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოგვიანებით სხვა ინფორმაცია მოგვაწოდეს და გვითხრეს, რომ ვიდეოკამერები საჯარო სკოლებისთვის სამინისტროს არა მხოლოდ ცესკომ, არამედ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც გადასცა. იქვე განგვიმარტეს, რომ ამ კამერებმა მთლიანობაში დამონტაჟებული კამერების მესამედი შეადგინა, სამინისტრომ კი სკოლებს დანარჩენი 2/3–ის შეძენისთვის გადაურიცხა თანხა.  

თბილისში მთლიანობაში 200–მდე საჯარო სკოლაა. ახალ სასწავლო წელს ვიდეოსათვალთვალო სისტემით გასული წლის სექტემბერში სწორედ თბილისის საჯარო სკოლები და რეგიონის მხოლოდ რამდენიმე საპილოტე სკოლა შეხვდა. აღნიშნულ სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები სწორედ იმ პერიოდში დამონტაჟდა, როცა ვიდეოკამერები ცესკომ განათლების სამინისტროს გადასცა, თუმცა თბილისის საჯარო სკოლებმა ამ კამერების შესყიდვის თანხა კერძო კომპანიებს გადაუხადეს.

ვიდეოკამერების შესყიდვაში ფული თბილისის 148–ე საჯარო სკოლამაც გადაიხადა. ვიდეოსათვალთვალო სისტემის დამონტაჟება–გამართვის სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება 148–ე სკოლასაც „იუნაიტედ სეკურიტისთან“ აქვს გაფორმებული 3592.60 ლარზე. სკოლაში ოთხი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რაშიც სკოლამ კომპანიას 450 ლარი გადაუხადა.  

ჩვენ თბილისის სხვა საჯარო სკოლებშიც შევცადეთ იმის გადამოწმებას, თუ როგორ, რა პირობით და ვისგან შეისყიდეს მათ ვიდეოსათვალთვალო სისტემა. სკოლის დირექტორების დიდმა ნაწილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მათ ამ თემაზე საუბარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აქვთ აკრძალული. ამის დამადასტურებელ აუდიოჩანაწერს აქვე შეგიძლიათ მოუსმინოთ, სადაც თბილისის 166–ე საჯარო სკოლის ბუღალტერი პირდაპირ ამბობს, რომ მას ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარი აკრძალული აქვს.


166 skolis bughalteri by netgazeti.ge-1

„კამერების დაყენებასთან დაკავშირებით ყველანაირი მოქმედება სკოლებში სწორედ სამინისტროს დავალებით ხორციელდებოდა“ – ამბობს სკოლის დირექტორთა ასოციაციის იურისტი რევაზ რიჟამაძე. ამის საილუსტრაციოდ რიჟამაძე კიდევ ერთ ფაქტს იხსენებს, კერძოდ – თბილისის 148–ე და 149–ე სკოლების შემოწმების შედეგად სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებულ დასკვნებს:

149-ე საჯარო სკოლასა და კომპანია „იუნაიტედ სეკურიტის“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ  მეორე ტრანშით სკოლამ კომპანია ,,იუნაიტედ სეკურიტის’’ 2591 ლარი, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ნახევარი თვით ადრე, 15 სექტემბერს, გადაურიცხა. მიღება-ჩაბარების აქტი კი 1 ოქტომბერს გაუფორმა.

რიჟამაძე საეჭვო გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დასკვნაში არ დააფიქსირა კანონდარღვევა კომპანია ,,იუნაიტედ სეკურიტისთან’’ გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტთან დაკავშირებით, როცა სხვა ხელშეკრულებების შემთხვევაში ასეთ ფაქტებზე დასკვნაში ყურადღებაა გამახვილებული.

„რას ნიშნავს, როდესაც გენინსპექციის წარმომადგენლებმა კამერებთან დაკავშირებულ კანონდარღვევაზე ყურადღება არ გაამახვილეს? რატომ უნდა ეპატიებინათ? მაგრამ იცოდნენ, რომ აქ სამინისტროს ხელი ერია’’, – ამბობს რიჟამაძე.

ვიდეოსათვალთვალო სისტემასთან დაკავშირებით ნეტგაზეთთან საუბარი თბილისის მხოლოდ ექვსი საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ისურვა. აღმოჩნდა, რომ მათგან 4 სკოლას ხელშეკრულება კომპანია,,იუნაიტედ სეკურიტისგან’’ ჰქონდა გაფორმებული, ერთს – შ.პ.ს. ,,BSA’’-სთან, ხოლო ერთს – შ.პ.ს. ,,ნეოტექთან’’.

რევაზ რიჟამაძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა სხვა კოპმანიები სპეციალურად ჩართეს ამ პროგრამაში, იმ მიზნით, რომ კორუფციული გარიგება აშკარა არ ყოფილიყო, თუმცა, ასევე, არ გამორიცხავს, რომ ყველა ეს კომპანია დავით მუმლაძესთან რაიმე კავშირში იყოს, რადგან დავით მუმლაძე კერძო დაცვის ფირმების ასოციაციის ხელმძღვანელია.

ვიდესათვალთვალო სისტემის მონტაჟი საქართველოს რეგიონების სკოლებში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი