საზოგადოება

დევნილთა აქცია ვადაგასულ ჰუმანიტარულ პროდუქტთან დაკავშირებით

14 იანვარი, 2011 • 1263
დევნილთა აქცია ვადაგასულ ჰუმანიტარულ პროდუქტთან დაკავშირებით

დღეს თბილისში, გაეროს ოფისის წინ, დევნილთა აქცია გაიმართა.

აქციის გამართვის მიზეზი tribuna.ge-ს მიერ გუშინდელი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სარდაფში ლტოლვილთათვის გადასაცემი ვადაგასული  ჰუმანიტარული დახმარების საკვები პროდუქტები ინახება, რომლებიც არ დაურიგდათ ლტოვილებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება.

“ეს არის ტყუილი და მოგონილი” – ამბობს სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსი ეკა გულუა. 

,,სამინისტრომ დონორი ორგანიზაციებისგან მიიღო საკვები პროდუქტები, რომლებიც დევნილებისთვის უნდა დაერიგებინათ, მაგრამ მათ ეს პროდუქტები დამალეს. ეს არის კრიმინალი, რომლის გამოც სუბელიანმა პასუხი უნდა აგოს“- განაცხადა აქციის მონაწილემ, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დიმიტრი ომანაძე.

აქციის ორგანიზატორი  კონსერვატიული პარტიისა და ეროვნული საბჭოს წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ კორუფცია კვლავ გრძელდება სახელმწიფო უწყებებში.

„ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტები, როგორც წესი, ან იყიდება ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის ნაწილდება. როგორც ჩანს, ვერ მოასწრეს ამ პროდუქტის გაყიდვა და ის არ მისცეს ყველა დევნილს. ფოტოებზე, რომლებიც tribuna.ge-მ გამოაქვეყნა, კარგად ჩანს, რომ საკვები პროდუქტები სამინისტროს სარდაფებში გაფუჭებულია და 2010 წლის ივლისში გაუვიდა ვადა“- ამბობს ჩხარტიშვილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ყოფილი პარლამენტარის ალეკო შალამბერიძის თქმით, გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში ოფიციალური წერილით მიმართავენ, რათა შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და სათანადო რეაგირება მოახდინონ. ისინი გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურასაც მიმართავენ.

Image 2900
Image 2900

მასალების გადაბეჭდვის წესი