საზოგადოება

ორი დღე გამოსახლებამდე

12 იანვარი, 2011 • • 1620
ორი დღე გამოსახლებამდე

15 იანვრამდე დევნილებმა, რომლებმაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან შესაბამისი შეტყობინებები მიიღეს, საცხოვრებელი ფართები თბილისში უნდა დაცალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იძულებით გამოასახლებენ. მოსალოდნელ გამოსახლებას დევნილები აქციებით აპროტესტებენ.

დუშა დევდარიანი აფხაზეთიდან დევნილია. ამჟამად, 8–სულიან ოჯახთან ერთად, ყიფშიძის #34-ში ცხოვრობს. ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობაში 26 ოჯახიდან 4  სოხუმიდან არის, ხოლო დანარჩენი – კოდორის ხეობიდან. დევდარიანი დაახლოებით ორი წელია, რაც ამ მისამართზე ცხოვრობს. როგორც თავად ყვება, მანამდე ის მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ კი დეპორტაცია გაუკეთეს და საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდა.

,,მაშინ სამინისტროში მითხრეს, სადაც ადგილს ნახავ, შედიო, მეც შევედი, ახლა კი მეუბნებიან, რომ წადი და ვინმეს მიეკედლეო და მერე, როდესღაც მოგცემთ ფართსო’’, – ამბობს დევდარიანი.

ყიფშიძის #34-ში მცხოვრებმა დევნილებმა, კიდევ 24  სხვა ობიექტში მცხოვრები დევნილების მსგავსად, ფართი 15 იანვარს უნდა დატოვონ. თავდაპირველად სამინისტრომ ვადა მათ გასული წლის 23 დეკემბრამდე მისცა (შეტყობინებები დევნილებმა 13 დეკემბერს მიიღეს), თუმცა დევნილების თხოვნის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი არსებულ საცხოვრებელ ფართებში გაეტარებინათ, ვადა 15 იანვრამდე გახანგრძლივდა.  

დღეს დევნილებმა პარლამენტის წინ ფართის დაცლის ახალი ვადაც გააპროტესტეს. ისინი ფართებით თბილისში დაკმაყოფილებას ითხოვენ, სამინისტრო კი მათ საცხოვრებელ სახლებს რაიონებში სთავაზობს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ის ობიექტები, საიდანაც დევნილების გამოსახლება უნდა მოხდეს, კოლექტიურ ცენტრებად რეგისტრირებული არ არიან. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის ვალერი კოპალეიშვილის თქმით, დევნილები იქ უკანონოდ ცხოვრობენ.

,,დევნილი თუ ცხოვრობს კომპაქტურად ჩასახებულ ობიექტში, იმას არავინ წაიყვანს არსად. დევნილი თუ შეჭრილია სადღაც და უკანონოდ ცხოვრობს, ცხადია, ამ შენობის მეპატრონე მოითხოვს დევნილის გაყვანას… მიუხედავად იმისა, რომ დევნილი უკანონოდ არის შეჭრილი და უნდა დატოვოს შენობა, იქამდე არ ტოვებს, სანამ სახელმწიფო რამეს არ შესთავაზებს. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ მათ კეთილმოწყობილ ბინებს აბაშაში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ბაკურციხეში და სხვა’’, – განმარტა კოპალეიშვილმა.

თბილისში ამ დროისთვის 25 ობიექტია, სადაც, სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა უკანონოდ ცხოვრობს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ამ ობიექტებში თვითნებურად არ შესულან. ისინი ამ შენობებში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამინისტრომ შეასახლა. ნაწილი კი არ უარყოფს, რომ საცხოვრებელი ფართი მათ თვითნებურად დაიკავეს.

,,რაც თბილისში ჩამოვედი, აფხაზეთიდან გამოსვლის შემდეგ, იმის მერე სულ ქირით ვცხოვრობდი. მერე რთული ოპერაცია გავიკეთე და ძალიან გამიჭირდა ქირის გადახდა და შევედით სამღერეთის ქუჩაზე, ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში, ცხინვალის დევნილებთან ერთად’’, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლიანა ჯონჯუა.

ნეტგაზეთმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს ეკა ფოფხაძეს დევნილთა გამოსახლების სამართლებრივი შეფასება ჯერ კიდევ დეკემბერში თხოვა. იურისტმა განმარტა, რომ სამინისტროს ქმედება კანონიერია. მისი თქმით, კოლექტიურ ცენტრში რეგისტრირებულ დევნილებს კანონი მეტად იცავს. ასეთ შემთხვევაში, ფოფხაძის თქმით, დევნილების გამოსახლების სხვა წესი და პროცედურაა და დევნილებიც დაცულნი არიან.

,,ასეთ შემთხვევაში კი სამინისტროს პოზიციაა, რომ ახალი დევნილები ზოგიერთ შენობაში განთავსებულნი იყვნენ დროებით და იცოდნენ, რომ დატოვებდნენ ამ ფართს. ძველი დევნილები კი, ისევ სამინისტროს პოზიციით, იქ შეჭრილნი არიან. ამიტომ სამინისტროს უფლება აქვს, რომ ეს დევნილები გამოასახლოს. ოღონდ უნდა შესთავაზოს მათ ალტერნატივა. თუ მათ სამინისტრო ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს, მაშინ პროცესი შეგვიძლია სამართლიანად ჩავთვალოთ’’, – განმარტა ფოფხაძემ.

განსაკუთრებით მტკივნეულად  დევნილები რეგიონებში გადასახლების საკითხს განიცდიან. მათი თქმით, დედაქალაქში საცხოვრებელი პირობები მეტ-ნაკლებად მოიწესრიგეს. საცხოვრებელი ტერიტორიის შეცვლა კი ცხოვრების ახლიდან დაწყებას უკავშირდება.

,,ფოცხო–ეწერში ვინც წაიყვანეს, ის ხალხი გამორბის იქიდან. ელემენტარული პირობები არ არის. აქ ოჯახში ერთი კაცი მაინც მუშაობს, ბავშვები აქ დადიან სკოლაში და ასე თუ ისე მოწყობილები ვართ’’, – ამბობს დევნილი კოდორიდან, თეონა აქუბარდია.

დევნილთა გამოსახლების საკითხი საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში’’ მონიტორინგის ანგარიშშიც აისახა. გიორგი ტუღუში ანგარიშში წერს:

”ჩვენ გვესმის, რომ ეს პროცესი, რომელიც განსახლებას ეხება, უნდა განხორციელდეს, თუმცა ეს არანაირად არ უნდა იწვევდეს დევნილების უფლებების დარღვევას. ის უნდა ემსახურებოდეს მათი უფლებების გაუმჯობესებას და არა გაუარესებას.”

დეკემბერში ამ საკითხზე მოსაზრება გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ოფისის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ელენა ფერეტიმაც გაავრცელა. იგი ამბობს, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დევნილთა ნაწილმა (ძველმა და ახალმა) თბილისში მთავრობის თანხმობისა და დახმარების გარეშე დაიკავა შენობები და იქ არალეგალურად ცხოვრობს. ფერეტი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობამ გააცნობიერა მათი კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობა და არ გამოუსახლებია  ამ შენობებიდან.

ფერეტის თქმით, შენობა, რომელიც არ არის რეგისტრირებული კოლექტიურ ცენტრად,  უნდა დაუბრუნდეს მფლობელს, ან დაიხუროს.

,,მათ, ვინც მიიღეს წერილობითი შეტყობინებები, უნდა დატოვონ უძრავი ქონება. მათ სამინისტრო ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს;  მათ, რომლებმაც უკვე მიიღეს კომპენსაციები, უნდა დატოვონ საცხოვრებელი ფართები;  დევნილებმა, რომლებიც რეგისტრურებულნი არიან კოლექტიურ ცენტრებში (თბილისში ან რეგიონებში), ამ საკუთრების პრივატიზაცია უნდა მოახდინონ; მათ, ვინც ცხოვრობდნენ კერძო სექტორში (ნაქირავებში ან ნათესავთან) და ახლა არაფერი გააჩნიათ, სთავაზობენ სახლებს იქ, სადაც შესაძლებელია და რომლებიც უკვე რეაბილიტირებულია. ასეთი სახლები არიან– კახეთში, სამეგრელოში და ზოგჯერ თბილისშიც კი (იმ დევნლებისთვის, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობდნენ თბილისში კოლექტიულ ცენტრებში)’’, – განმარტა ფერეტიმ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იმ ალტერნატიულ ფართებს, რომლებსაც დევნილებს რეგიონებში სთავაზობს, მათ საკუთრებაში გადასცემს.

დღეს საპროტესტო აქციაზე მისულმა დევნილთა უმრავლესობამ არ იცის, 15 იანვრის შემდეგ სად გააგრძელებს ცხოვრებას. იციან მხოლოდ ის, რომ 15 იანვარს მათ გამოსასახლებლად მოსულ პოლიციელებს სახლში არ დახვდებიან. თავიანთი პროტესტის გამოსახატავად ამ დღეს ისინი ისევ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

დუშა დევდარიანი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ის თავშესაფარს რუსეთს სთხოვს, ლიანა ჯოჯუა კი, სხვა დევნილებთან ერთად, დახმარებისთვის საპატრიარქოს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი