საზოგადოება

სათხილამურო სეზონი თოვლის გარეშე

28 დეკემბერი, 2010 • • 2475
სათხილამურო სეზონი თოვლის გარეშე

საქართველოს ზამთრის კურორტებზე თოვლი ამ დრომდე არ მოსულა. თხილამურებით სრიალის მოყვარულები თოვლს და სეზონის გახსნას 23 დეკემბრიდან ელოდნენ. თუმცა ამ დრომდე ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში თხილამურებით სრიალისთვის საკმარისი თოვლი არ არის. ამინდის პროგნოზიც არაა დამაიმედებელი.

ამინდის პროგნოზის ბიუროს უფროსის, სვეტა ნიორაძის თქმით, ბაკურიანში დღეს თოვლი საერთოდ არ არის, გუდაურში კი მხოლოდ სამი სანტიმეტრია.

„სამი სანტიმეტრი არაფერია, მითუმეტეს გუდაურისთვის და მითუმეტეს თხილამურებისთვის“,–ამბობს სვეტა ნიორაძე.

იმისათვის, რომ სეზონი გაიხსნას, თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს უნდა აღწევდეს. სამსანტიმეტრიანი თოვლით სრიალი კი არა, გუნდაობაც რთულია.

ნიორაძის თქმით, ბაკურიანსა და გუდაურში 31 დეკემბერს მოთოვს. თუმცა ამინდის პროგნოზის ბიუროში ამბობენ, რომ ახალი წლის ღამით მოსული თოვლი სეზონის გახსნისთვის საკმარისი არ იქნება.

„საახალწლო ფართის მოწყობას ვგეგმავდი, ღამის სრიალით და ამბით, მაგრამ გეგმები ჩაიშალა“,–ამბობს სოსო კაციტაძე. ბოლო რამდენიმე წელია ის გუდაურის სეზონის გახსნას არ ტოვებს. წელსაც, რამდენიმე დღის წინ, ჩავიდა გუდაურში.

„პირველ ტრასაზე ძალიან ცოტა თოვლია და სასრიალოდ არ ვარგა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კარგად მხოლოდ ერთხელ მოთოვა. ნაცნობებს ველაპარაკე გუშინ გუდაურში და მითხრეს, 7 იანვრამდე თოვლს არ ველოდებითო, ეგ კი არა, ისე ცხელა შეგვიძლია ბანანების საჭმელად დაგპატიჟოთო“,–ამბობს კაციტაძე.

დღეს გუდაურში ათი გრადუსი სითბოა, ღამით კი მხოლოდ 4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზის ბიუროში ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ სეზონის გახსნა იანვრის შუა რიცხვებისკენ გადაიწევს.

„31–ში ველოდებით თოვლს, ძლიერ თოვას არ ვფიქრობთ, ალბათ, 10 სანტიმეტრს დადებს, მეტს არა…უჩეულოა ასეთი მშრალი და უნალექო ნოემბერი და დეკემბერი, ზოგადად, საქართველოსთვის და მითუმეტეს მაღალმთიანი რეგიონებისთვის. ციკლონები, რომლებიც აქტიურად მოძრაობენ ევროპის ტერიტორიაზე, ჩვენთან ვერ აღწევენ. ციმბირის ანტიციკლონი ბლოკირებას უწევს ამ ციკლონების შემოსვლას, ასე ხდება ხოლმე, უჩვეულოა, თუმცა დიდი ანომალია არ არის“,–ამბობს ნიორაძე.

მაია სიდამონიძე, ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვაენლი ამბობს, რომ 31 დეკემბრისთვის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისგან უამრავი ჯავშანია.

„როგორც საახალწლოდ, ისე საშობაოდ ძალიან ბევრი ჯავშანია და დარწმუნებული ვართ, რომ არ გაუქმდება. 31-ში თოვლს ველოდებით“.

მისი თქმით, ტურისტულ ბიზნესს საფრთხე არ ემუქრება.

„საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტებს არა მხოლოდ თხილამურებით სრიალის საშუალება აქვთ, არამედ – კომფორტული ინფრასტრუქტურა, ასევე, გასართობი პროგრამები და ღონისძიებებია დაგეგმილი“,–ამბობს სიდამონიძე.

მისი თქმით, წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე შარშან იყო.

გუდაურს და ბაკურიანს კიდევ ერთი ზამთრის კურორტი – მესტია დაემატა.

„ამ კონკრეტულ მომენტში მესტია უკვე მზად არის ტურისტების მისაღებად, იქ იმუშავებს “კანატკა” (საბაგირო), იქნება სათხილამურო ტრასები, ასევე, იმუშავებს აეროპორტი, განთავსების საშუალებები და ჩვენი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ჩასულ ტურისტებს“,–ამბობს სიდამონიძე.

მესტიაში დღეს ერთი გრადუსია. 31 დეკემბერს და 1 იანვარს , ისევე როგორც ბაკურიანსა და გუდაურში, მესტიაშიც მოთოვს.

ალექსანდრე სულამანიძის, კომპანია თრეველ თაიმის დირექტორის თქმით, ახალი წლის დღეებში როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში, კერძო სექტორშიც კი, რთული იქნება ღამის გასათევი ადგილის შოვნა.

სულამანიძე ამბობს, რომ ჯავშანი საქართველოს ორივე კურორტზე თითქმის ყველა სასტუმროშია.  ყველაზე დიდი რაოდენობით ჯავშანი ორი ქვეყნიდან არის: აზერბაიჯანი და უკრაინა.

„ჯავშნის მოხსნას არ ვფიქრობთ იმიტომ, რომ უცხოელებს, კონკრეტულად, აზერბაიჯანელებს შესაძლოა იმდენად არ აინტერესებდეთ თოვლი და თხილამურებით სრიალი, რამდენადაც ახალი წლის საქართველოში შეხვედრა“ – ამბობს სულამანიძე.

მისი ვარაუდით, თოვლმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ადგილობრივი ტურისტების რაოდენობას, უცხოელები კი საქართელოში მაინც ჩამოვლენ.

სასტუმრო “გუდაურის” ადმინისტრატორი, ნინო ბუჩუკური ამბობს, რომ ამინდები სასტუმროს  მუშაობას სერიოზულად უშლის ხელს.

“ძალიან ბევრი ჯავშანი იყო, ნაწილი გაუქმდა. ისინი, ვისაც დიდი ხნის წინათ ჰქონდათ დაჯავშნული, ჩამოვიდნენ და  თოვლს ელოდებიან”.

ბუჩუკურის თქმით, ამ დროისათვის სასტუმროში მხოლოდ უცხოელები არიან. ადგილობრივი ტურისტები სასტუმროში არ ჩასულან.

 

გუდაური,19 დეკემბერი,სოსო კაციტაძის ფოტო
გუდაური,19 დეკემბერი,სოსო კაციტაძის ფოტო


 

მასალების გადაბეჭდვის წესი