საზოგადოება

ქართულ–რუსული შობა

28 დეკემბერი, 2010 • 2512
ქართულ–რუსული შობა

ავტორი: კახაბერ კურტანიძე


25 დეკემბრით და 1 იანვრით ჩვენ ერთობაში ვიქნებოდით ბერძნებთან, რუმინელებთან, ფინელებთან, ბულგარელებთან, ამერიკელ თუ სხვა მართლმადიდებლებთან და ყველასთან. აქაც ბზარი!..


ჩემი აზრით, ქრისტეს შობა არის არა მხოლოდ ერთი რომელიმე რელიგიის სიხარულის გამომხატველი, არამედ იგი ავლენს მთელი  კაცობრიობის სულის სიღრმეში დაფარულ იმედს. ამდენად, იგი ზეიმია მთელი სამყაროსი…

მოვიყვან მონაკვეთს კორნელი კეკელიძ ერთ-ერთი ლექციიდან. 

„რელიგიათა ისტორიიდან ცნობილია, რომ ქალწულისაგან გამოქვაბულში იბადება არა მარტო ქრისტე, არამედ ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ, მითრა და აპოლონი.

ეგვიპტის თებაიდაში ცნობილია ღვთაება ამონის ტაძრის ნანგრევები; ამ ტაძარში ადგილი ჰქონდა “შობის” სამლოცველოს, რომელიც ბარელიეფებით ყოფილა შემკული. ამ ბარელიეფებზე გამოხატულია ამენოფისე III–ის დაბადება. ერთ ბარელიეფზე მოთავსებულია დედოფალი მეტ-ემ-ვე, მის წინ დგას ღვთაება ამონის მიერ გამოგზავნილი თოთი, რომელიც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი, მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს ახარებს, რომ ის შობს ძეს. მეორე ბარელიეფზე გამოხატულია მუცლადღება ან დაორსულება დედოფლისა. მესამე ბარელიეფზე ვხედავთ “ღმერთკაცის” (ეს ქრისტეს ტიტულიცაა) ამენოფისე III–ის დაბადებას. მეოთხე ბარელიეფზე ახალდაბადებული იღებს სამი კაცისაგან ძღვენს, როგორც ქრისტე –აღმოსავლეთის მოგვებისაგან.

აღმოსავლეთის რელიგიებში ძალიან პოპულარულია სურათი, რომელზედაც გამოხატულია, თუ როგორ აწოვებს დედა ძუძუს ახალდაბადებულ ღვთიურ ბავშვს. პომპეის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილია იზიდა, რომელიც ზის სახედარზე და ხელში უჭირავს პატარა ჰორუსი. ეს სურათი ძალიან გვაგონებს იოსებისა და მარიამის ეგვიპტეში გამგზავრების სურათს ახალდაბადებული იესოთი ხელში.

უფრო მეტ მსგავსებას ვპოულობთ მითრას და ბუდას მითოლოგიაში. მითრაიზმი რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი. “შობის” დღესასწაული სცოდნია მითრაიზმსაც. რას წარმოადგენს ნამდვილად ქრისტეს “შობა”? ეს არის მიბაძვა მზის ღვთაების დაბადების დღესასწაულისა. 25 დეკემბერი (დღე ქრისტეს შობისა), იულიუსის კალენდრით, ითვლებოდა დღედ მზის დაბადებისა, რადგან ამ რიცხვიდან დღე მატულობს და მზე მეტ სინათლეს იძლევა. ამ დღეს იბადებიან სხვა, ისტორიულად ცნობილ რელიგიათა ღმერთებიც, როგორებიცაა: ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ და აპოლონი. ამ დღეს იბადება კერძოდ მითრაც, რომელიც არის “ღმერთი უძლეველი მზისა”, რადგანაც მითრა და მისი ამბები ქრისტიანობაში ქრისტეზეა გადმოტანილი, ამიტომ მითრას დაბადების დღე გამოაცხადეს ქრისტეს დაბადების დღედ, იმ ქრისტესი, რომელსაც, მითრას მიბაძვით, უწოდეს მზე, “მზე სამართლისა”. […] საყურადღებოა, რომ მითრა, როგორც ქრისტე, იბადება ქალწულისგან გამოქვაბულში და იმასაც ისე მიართმევენ ძვირფას ძღვენს, როგორც ქრისტეს.

ამასთან, ერთად უნდა მოვიგონოთ ერთი გარემოება.

ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ “შობის” დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. […] ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან, [რადგან] ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხოველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან.

[…] გაცილებით მეტი მსგავსება აქვს ქრისტეს შობის ამბავს ბუდას შობის ამბავთან, რომელიც წარმოდგენილია ბუდისტთა წიგნში “ლალიტა ვისტარა”. აი, ეს მსგავსება:

1. ქრისტე, მისი მიმდევართა რწმენით, არსებობდა “უწინარეს ყოველთა საუკუნეთა” და გარკვეულ დროს, როგორც კაცი დაიბადა ამ ქვეყნად; ასევე, ბუდა არსებობდა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მერე დაიბადა როგორც კაცი. ორივე დაიბადა საკუთარი ნება-სურვილით, კაცობრიობის სიყვარულით.

2. ბუდა მეფის საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი მამა მეფე იყო; ქრისტეც, სახარების მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა მეფის დავითის ტომიდან, მას ეწოდება “ძე ღვთისა”, დავითს კი – “ღვთის მამა”.

3. ქრისტეს დედას, ე.წ. “ღვთიშობელს”, ერქვა მარიამი, ეს სახელი არის შესატყვისი ბუდას დედის სახელისა – მაია.

4. ბუდას დედა მაია ნახულობს სიზმარს, რომ მას ეყოლება შვილი ბუდა; ამ სიზმარს ბრამინები მას უხსნიან იმავე სიტყვებით, როგორითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა “ღვთიშობელ” მარიამს აუხსნა საიდუმლოება მისგან ქრისტეს შობისა.

5. როგორც ქრისტეს დაბადება ეუწყა აღმოსავლეთის ასტროლოგებს ვარსკვლავის გამოჩენით, ისე ბუდას დაბადებაც ვარსკვლავის გამოჩენით იქნა აღნიშნული. როგორც ქრისტეს, ისე ახლად დაბადებულ ბუდას საჩუქრებს მიართმევენ.

6. მეორმოცე დღეს დაბადებიდან, სახარების თქმულებით, ქრისტე მიიყვანეს ტაძარში, სადაც ის მკლავზე მიირქვა მოხუცებულმა სვიმეონმა და აკურთხა. ახლადდაბადებული ბუდაც მიუყვანიათ ტაძარში, სადაც მოხუცებულ ასიტას თაყვანი უცია მისთვის.

7. სახარებაში გადმოცემულია: როდესაც იროდი (ჰეროდე) მეფემ გაიგო უხუცესებისგან, რომ ბეთლემში, ქრისტეს სახით, დაიბადა მეფე ურიათა, ძალზე შეშინდა და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებს თხოვა გაეგოთ ბეთლემში ყველაფერი დაწვრილებით და ეცნობებიათ მისთვის. ასე მოიქცა მეფე ბიმბისარაც: როდესაც მის ყურამდე მივიდა ცნობა “ინდოელთა მესიის” დაბადების შესახებ, მან გაგზავნა ჯაშუშები და სთხოვა გაეგოთ ყველაფერი დაწვრილებით ახალდაბადებულის შესახებ და ეცნობებინათ მისთვის“….

ესაა კორნელი კეკელიძის ნაფიქრალი.

ჩემთვის, პირადად, აქედან საინტერესო ისაა, რომ 25 დეკემბერი მხოლოდ ქრისტიანობისათვის მნიშვნელოვანი დღე არაა. ეს დღე თავისებურად საკრალური ყოფილა თითქმის ყველა კულტურისათვის. საკრალური კი, მოკლედ რომ ვთქვა, ეხება და ზედაპირზე სიმბოლოებით ამოაქვს, რიტუალურად „გაათამაშებს“ ყოფიერების დაფარულ შრეებში არსებულს, ან ცნობიერების იდუმალ პლასტებში დაწნეხილ ზოგადსაკაცობრიოდ საერთო რეალიებსა თუ მოვლენას/მოვლენებს. ახლა ამით არ ვმღერი კარლ იუნგის არქეტიპების მელოდიას. ეს თავად მართლმადიდებლურ ტრადიციაშივეა მოცემული. მაგალითად, ქრისტიანული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთისმეტყველის, მეშვიდე საუკუნის წმინდანის მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით, მთელი სამყარო არის ღმერთის კონკრეტული აზრების (სიტყვა/ლოგოსების) სხეული. ხოლო იგივე სხეული იესო ქრისტეს სხეულია.  ხომ ყველამ ვიცით, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული/ტანი – პავლე მოციქული ამბობს ამას („კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში. ვინაიდან, ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში [… და] მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით“ (ეფეს. 1. 3-4, 22-23).

მაგრამ ეკლესია, წმ. მაქსიმეს მიხედვით, არის მთელი სამყაროს ხატი და ასევე, თითოეული ადამიანის ხატიც (იხ. მაქსიმე აღმსარებელის მისტაგოგია). ანუ, თითოეული ადამიანი მოწოდებულია, მთელი სამყარო გააერთიანოს საკუთარ ტანში და გახადოს იგი ერთ ეკლესიად – სამყარო აქციოს ეკლესიად. ყველა ქმნილება, რაც კი არსებობს და უარსებია, შედგება ერთი მატერიისაგან და ადამიანიც ამ მატერიისაგანაა. ამიტომ, მთელი სამყარო ადამიანის გზით უკავშირდება ქრისტეს სხეულს და ხდება ღმერთის ტანი. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მატერია და სამყარო უნდა იყოს – გახდეს და არის უკვე – ქრისტეს სხეული.

რაც უნდა ზოგადად და აბსტრაქტულად მოგვეჩვენოს ეს სწავლება, იგი მაინც არის ქრისტიანობის მთავარი ღერძი და შინაარსი. თუ არა ეს სწავლება, აღარაფერი რჩება ქრისტიანობისაგან, ანუ ის, რაც დაფარულად თუ ცხადად ხდება სამყაროში, ყველაფერი უკავშირდება ეკლესიას და ქრისტეს სხეულს. მთელი ყოფიერება თუ ფსიქიკა ძირეულად, ფუნდამენტურად, არსობრივად უკავშირდება ქრისტეს სხეულს, საღვთო აზრებს და მოქმედებას (ენერგიას). და მიმაჩნია, რომ რაც სხვადასხვა კულტურებში ვლინდება, როგორც დაფარულის ინტუიციური შეგრძნება და სხვადასხვა რელიგიურ სიმბოლოებში/ რიტუალებში გადმოცემა, ყველაფერი უკავშირდება ქრისტეს…

შევეცდები, უფრო ცხადი გავხადო ის, რისი თქმაც მინდა.

საეკლესიო სწავლებით, მთელი კაცობრიობის შობამდელი ისტორია არის იესოს დაბადებისათვის მომზადება. მთელი კაცობრიობა თავისი ისტორიული გზით მიდის ქრისტესაკენ. და როდესაც იესო იშვა, მასში აღსრულდა ყველა ის დაფარული წინათგრძნობა, რომელიც ვლინდებოდა სხვადასხვა ხალხების რელიგიებში, ფილოსოფიაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ. ამიტომაც არ ითაკილა ეკლესიამ და შობის დღედ გამოაცხადა 25 დეკემბერი, რომელიც სხვადასხვა კულტურებშიც საკრალური დღე იყო, ანუ დღე იდუმალი ჭეშმარიტების შეგრძნებისა და ზეიმისა. ამით მან ქრისტიანობა დაუკავშირა მთელს სამყაროს – ხილულსა და უხილავს – და გამოაცხადა, რომ ქრისტიანობა არათუ მტრობს, არამედ აღავსებს ყოველივეს სამყაროს ისტორიაში, რადგან იესო ქრისტეა „ყოვლის აღმვსები ყოვლით“ (ეფეს. 1. 3-4, 22-23). და ამრიგად, როდესაც ზეიმობ ქრისტეშობას, არათუ უპირისპირდები და გამოეყოფი კაცობრიობას და სხვა კულტურებს, არამედ, პირიქით, „შეერთვები“ მათ და ამცნობ, რომ მათი სიხარული შენი სიხარულიცაა და რომ შენ გიხარია მათი სიხარული, როგორც მათი წინათგრძნობა, თავისებური წვდომა საღვთო ჭეშმარიტებისა.

ახლა, მოდით, საახალწლო სუფრაზე გადავიდეთ.

ვნახეთ, რომ შობა უკავშირდება მატერიალური მზის დაბადებას. როცა დღე იწყებს მატებას, მაშინ აღინიშნებოდა მზის დაბადება. ეს დღე არის დაახლოებით 25 დეკემბერი და არამც და არამც 7 იანვარი. მზის დაბადება კი, რა თქმა უნდა, ახლის დასაწყისს უკავშირდება. ახლის დასაწყისი კი სხვადასხვა კულტურებში – ახალ წელიწადს. ამ დასაწყისში თითოეული ადამიანის რიტუალური მონაწილეობით თეოგონია (ღმერთების დაბადება) და კოსმოგონია (სამყაროს დაბადება)  ხდება პირადი ზეიმიც –ახალი იმედის სიხარულის დღესასწაული. ამაში დამეთანხმება ნებისმიერი, ვინც ოდნავ მაინც იცნობს მითებსა და რელიგიებს.

რაც უნდა უცნაური იყოს, ამ ზეიმის უმთავრესი ნაწილი ყოველთვის იყო საერთო სუფრა – „ჭამა-სმა დიდად შესარგი“, როგორც რუსთაველი იტყოდა. ოჯახი ან რაიმე სახის ერთობა საუკეთესოს გამოიღებდა სუფრაზე, სხდებოდნენ ერთად და ერთად ეზიარებოდნენ სამყაროს სიუხვეს. ამით ისინი სამყაროს სიკეთეში ერთად მონაწილეობდნენ, ერთი და იმავე ენერგიით იკვებებოდნენ, ამით ერთიანდებოდნენ და ამითვე გარდაქმნიდნენ „უსულო“ ენერგიას ერთ სულიერ სხეულად. ქრისტიანულად კი ეს იქნებოდა ქრისტეს სხეული (სწორედ საკვების მიღებაშიც, როგორც სამყაროს მშვენიერებაში, სიუხვეში ერთად ზიარება,  ვლინდებოდა ზეიმის საკრალურობა). სწორედ ამ ინტუიციებითაა გაჯერებული ქრისტიანობის უმთავრესი ზეიმი, ანუ საღვთო წირვა, როდესაც ადამიანები პურის და ღვინის სახით, ერთი მხრივ, სამყაროს ეზიარებიან, და მეორე მხრივ, ქრისტეს სხეულს და, ამასთან ერთად, ერთმანეთს.

ახლა, გავიხსენოთ ჩვენი ახალი წელი და ახალი იმედების სიუხვის სუფრა. ოჯახის ნაწილი მარხულობს! მარხვა – თუ არა გლოვა, სევდა მაინცაა…

რა მოუტანა ეკლესიამ თანამედროვე საქართველოს მთლიან ერს, როცა ახალი იმედების საერთო დღეში ბზარი შეუტანა?

ახალი წელი იყო დღე, როდესაც ყველა ეროვნების, ყველა რელიგიის, ყველა პოზიციის ადამიანები ერთად „ტეხდნენ იმედის პურს“ (შდრ. სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ. […] ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ (საქმ 2.42.44“). ისინი ერთიანდებოდნენ. ახალი წელი იყო ზე-სახელმწიფოებრივი და ტრანს-სახელმწიფოებრივი ერთობის დღე, ერთი ზეიმით, ერთი სუფრით, საერთო ბედნიერების იმედით.

ანგელოზთა ქრისტეშობის საგალობელი „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2.14), რომელიც მოცემულია ლუკას სახარებაში, ხომ ადამიანებს შორის სათნოებაზეა?! „სათნოებით“ თარგმნილია ბერძნული სიტყვა „ევდოკია“ (სათნოება ნიშნავს არეტეს ანუ სიქველეს და არა სიტყვასიტყვით ევდოკიას). ეს უკანასკნელი კი ნიშნავს „კეთილგანწყობას“, „გამოცდას და კეთილად ჩათვლას“, „შემწყნარებლობას“. 7 იანვარს ზეიმის დაჟინებით კი ჩვენ თითქოს გამოვეყოფით სამყაროს, აღვემატებით მას და ზემოდან ჩავძახით: „უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ არ შეგიძლიათ. აბა, ერთი სცადეთ და ამოდით აქ, თქვე გლახაკებო“.

არადა, იოანე მახარებლის სიტყვებით: [იესო, ღმერთის] სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. […] და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ […], რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა“ (ინ.1. 14-17). ჩვენ კი სამყაროს ვეუბნებით: „ჩვენ გვაქვს რჯული. ჩვენ გვაქვს გადმოცემა და კანონი და ამით ვდგავართ თქვენზე მაღლა“. ქრისტემ კი საკუთარი თავი ჩვენს მსახურებამდე დაიმდაბლა: “დიდი, დაე, იყოს როგორც უმცროსი, ხოლო ვინც უფროსობს – როგორც მოსამსახურე […რადგან] მე თქვენს შორის ვარ, როგორც მოსამსახურე (ლკ 22. 25, 26, 27) […] მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე გაგიკეთეთ, თქვენც გააკეთოთ” (ინ16.15)…

7 იანვრით ჩვენ ერთობაში ვრჩებით რუსეთთან და მის ძმობილთან, სერბეთთან (ათონის მთასა და იერუსალიმითანაც, რა თქმა უნდა, მაგრამ, ეს უკანასკნელნი განსხვავებული მოვლენებია)…

25 დეკემბრით და 1 იანვრით ჩვენ ერთობაში ვიქნებოდით ბერძნებთან, რუმინელებთან, ფინელებთან, ბულგარელებთან, ამერიკელ თუ სხვა მართლმადიდებლებთან და ყველასთან.

აქაც ბზარი!…

ეს ჩემი აზრია…

ერთი ტაძარი მაინც რომ ყოფილიყო თბილისში, სადაც 25-ში იზეიმებდნენ…

დასავლეთში, სადაც ქართული ტაძრებია, იქაური მღვდელმთავრები ხომ რთავენ ნებას 7-ში აღნიშნონ ქართველებმა დღესასწაული!…

ავტორი: კახაბერ კურტანიძე 1999–2005 წლებში სწავლობდა თეოლოგიას თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი, მაგისტრის ხარისხი),  2006–2007 წლებში კი ბოსტონის წმინდა ჯვრის მართლმადიდებლურ კოლეჯში  (აშშ, ThM -ის ხარისხი). არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორი და სამაგისტრო პროგრამის  “ქრისტიანული თეოლოგია” ხელმძღვანელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი