საზოგადოება

როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ

9 დეკემბერი, 2015 • 4515
როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ

მიუღებლობა სამეზობლოში, სამსახურში, ოჯახსა და საზოგადეობაში, ნაკლები ინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შიში და გაუცხოება  – ეს იმ დამოკიდებულებების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იჩენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ – ამბობს ”სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ 2015 წლის მაისსა და ივნისში ჩაატარებული კვლევა.

გამოკითხვის მიზანი იყო, გამოკვლეულიყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ და შესწავლილიყო, რამდენად აქვს მოსახლეობას გაცნობიერებული ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები.

გამოკითხულთა 23.9%-ს ეშინია ფიქრი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, რომლებიც სახლებში ცხოვრობენ, 49.9%  არ სურს, რომ ასეთი ადამიანი მის მეზობლად ცხოვრობდეს, ხოლო 42.7%-ს მიაჩნია, რომ სულელი უნდა იყოს ქალი, რომელიც ისეთ კაცს გაყვება ცოლად, ვისაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა წარსულში, მაშინაც კი, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება.

გამოკითხულთა 43.7%-ის აზრით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, ხოლო 47.2% მიიჩნევს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა გააჩნდეთ. 66% მიიჩნევს, რომ როგორც კი ადამიანი ფსიქიკური აშლილობის ნიშნებს გამოავლენს, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში.

კვლევაში გამოიყენეს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც 1997 წლიდან ინგლისში რეგულარულად ფასდება მოსახლეობის განწყობა ფსიქიკური პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით.

შემთხვევითი შერჩევის მეთოდითა და პირისპირ ინტერვიუების საშუალებით გამოიკითხა ზრდასრული ასაკის 1000 ადამიანი საქართველოს 11 რეგიონში.

კვლევის მიხედვით, შიშისა და გარიყულობის ნაწილში განათლების დონე დადებით ზეგავლენას ახდენდა გამოკითხულთა პოზიტიურ განწყობაზე. უმაღლესი განათლების მქონე პირები, საშუალო და საშუალო ტექნიკური განათლების მქონე პირებისგან განსხვავებით, არ მიიჩნევდნენ, რომ ფსიქიკური აშლილობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში პიროვნება დაუყოვნებლივ იზოლაციას საჭიროებს.

გამოკითხვის მიხედვით, სოფლისა და რაიონის მოსახლეობამ უფრო ემპათიური დამოკიდებულება გამოავლინა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ, ვიდრე ქალაქის მოსახლეობამ. სოფლის მოსახლეობა უფრო მეტად თანმხდებოდა იმაზე, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები დაცინვის საგანს წარმოადგენს და მიაჩნიათ, რომ მათი მკურნალობა თემში უნდა ჩატარდეს.

თუმცა, მიმღებლობის მიუხედავად, სოფლის მოსახლეობას შიში და მიუღებლობა ურბანულ მოსახლეობასთან შედარებით უფრო მეტად აქვს გამოხატული.

გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ საუკეთესო თერაპია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის ისაა, რომ დანარჩენი საზოგადოებისგან არ გარიყონ, თუმცა,22% მიიჩნევს, რომ მათ დასაქმების ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც სხვებს.

18-24 წლის ახალგაზრდები უფრო მეტ მიმღებლობას ავლენენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ და უფრო მეტად ტოლერანტული არიან, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფები, თუმცა ნაკლებად პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დასაქმების უფლებების მიმართ და არ მიაჩნიათ, რომ იზოლირება ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის მიმართ მოძველებული ფორმაა.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ფსიქიატრიული სერვისების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია, ⅓-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თვითდისციპლინისა და ნებისყოფის ნაკლებობაა.

გამოკითხულთა მატერიალური მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, საქმიანობა, არანაირ გავლენას არ ახდენს ფსიქიკური აშლილობის მიმართ დამოკიდებულებაზე. სამაგიეროდ, განათლება გავლენას ახდენს მოსახლეობის დამოკიდებულებებზე, თუმცა არანაირ გავლენას არ ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნასა და გაცნობიერებაზე, ამბობენ კვლევის ავტორები.

გამოკითხულთა 89.2% ამბობს, რომ შიზოფრენია ფსიქიკური აშლილობაა, 71.5% კი მიიჩნევს, რომ შიზოფრენიის მქონე პაციენტი მოიაზრება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის ქვეშ.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ დეპრესია ფსიქიკური აშლილობაა, მხოლოდ 5.8% მიიჩნევს, რომ მძიმე დეპრესიის მქონე პირი ფსიქიკური აშლილობის მქონეა. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირად უფრო მეტად მიიჩნევა ის, ვინც ძალადობრივი ან არაადეკვატური ქცევის  გამო საზოგადოების იზოლირებას საჭიროებს.

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე და კვლევის ერთ-ერთი ავტორი ეკა ჭყონია ”ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ დამოკიდებულება, რომ ფსიქიკურ აშლილობად მხოლოდ შიზოფრენია მიიჩნევა, დეპრესია კი- ნაკლებად, შიშითა და ინფორმაციის ნაკლებობითაა განპირობებული.

”შიში გამოწვეულია ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობით. არსებობს ცრურწმენები, წარმოდგენები, სტერეოტიპები და საჭიროა ამ სტერეოტიპების რღვევა, რაც არ არის მარტივი. ამიტომაც გაკეთდა სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ცნობიერების ამაღლებას ისახავს”, – ამბობს ეკა ჭყონია.

ადამიანების დიდი ნაწილი შიშისა და სტერეოტიპების გამო არ მიდიან სპეციალისტებთან მაშინ, როდესაც,  დიდი ნაწილი ამ მდგომარეობისა ძალიან ეფექტურად შეიძლება იმართოს.

ეკა ჭყონია ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ სტერეოტიპების გამო არა მარტო ეს პირები, არამედ მათი ოჯახის წევრბიც არიან იზოლაციაში, განიცდიან თვითსტიგმას, პრობლემა ექმნებათ სწავლაზე, დასაქმებაზე, ოჯახის შექმნაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე და იმის პარალელურად, რომ  უნდა გაუმკლავდნენ დაავადებით გამოწვეულ პრობლემებს,  უწევთ უარყოფით და ნეგატიურ დამოკიდებულებასთან გამკლავებაც.

კვლევის შედეგების გაანალიზებისას ეკა ჭყონია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თითქოს სიტყვიერ დონეზე მოსახლეობამ იცის, ტოლერანტული რომ უნდა იყვნენ, თუმცა ემოციურ და ქმედების დონეზე ამისთვის მზად არ არიან.

ეკა ჭყონია ამბობს, რომ კვლევის პირობებში საქართველო შეადარეს დიდ ბრიტანეთს, სადაც 1997 წლიდან ატარებენ მსგავს კვლევებს და ახორციელებენ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიებს. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში, სადაც არის სათემო სერვისები, მოსახლეობას 2-ჯერ მეტად აქვს მიმღებლობა.

”შიში გამოწვეულია იმით, რომ როდესაც პრობლემები შეგექმნება, იცი ვის მიმართო. სათემო სერვისები რაღაც დონეზე დანერგილია საქართველოშიც. ესაა მულტიდისციპლინური ჯგუფი, სადაც მუშაობს ექიმი, სოციალური მუშაკია ჩართული, გათვალისწინებულია სტრესფაქტორები, გარემო, სოციალური პრობლემები”, – ამბობს ეკა ჭყონია.

მისი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ დანერგოს სერვისები, რომლებიც მიმართული იქნება ინტეგრირებაზე, არადისკრიმინაციულ და არამასტიგმატიზებელ მომსახურებაზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ”ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო სტრატეგია”, რომლის ავტორი გიორგი ნიორაძეა.

საკომუნიკაციო სტრატეგიამ უნდა მოიცვას დიდი სამიზნე აუდიტორია, რომელიც შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. ერთი გააერთიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებს და მათ სოციალურ გარემოს: ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს. მეორე ჯუფში კი გაერთიანდება ქვეყნის მთელი მოსახლეობა, სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანები, ზრდასრული და არასრულწლოვანი ასაკობრივი ჯგუფების ჩათვლით.

სტრატეგიის მიხედვით, გზავნილები მათთან უნდა მიიტანონ საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მთავრობის წევრებმა, სახალხო დამცველის აპარატმა.

უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი აქტივობები, რომლებიც დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის თემატიკას. სტრატეგიის მიხედვით შეთავაზებულია, რომ ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენონ კომუნალური გადასახადების ქვითრის მეორე გვერდები, საჯარო და კერძო დაწესებულებების საინფორმაციო კუთხეები და საზოგადოებრივი ტრანსპორტში სარეკლამო ბანერები.
კვლევა ჩატარდა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ”ადამინის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში” ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი