საზოგადოება

ვინ არის რომან ფიფია

21 დეკემბერი, 2010 • 6697
ვინ არის რომან ფიფია

რამდენიმე კვირაში თბილსის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ოფიციალური მფლობელი ბიზნესმენი რომან ფიფია გახდება.

44 წლის რომან ფიფია 17 წლის ასაკიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. შესაბამისად, მის შესახებ  ვრცელ ინფორმაციას ყველაზე ხშირად სწორედ რუსულ მედიაში შეხვდებით.

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფიფიას მიმართ რუსეთში ფედერალური ძებნაა გამოცხადებული, სწორედ რუსული მედია ავრცელებს: ფიფიაზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მიტაცების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ჰოლდინგი „ვოლგისპირეთის ხორბალი“ („ზერნო პავოლჟია“), რომელსაც ფიფია ხელმძღვანელობდა, უკანონოდ იღებდა კრედიტებს რუსეთის „სბერბანკიდან“.

რუსული მედიის ცნობით, ფიფია სარატოვში რამდენიმე ტიპის ბიზენსს ფლობდა, კერძოდ: სათავეში ედგა ჰოლდინგ „აგროროს“–ს (რომელიც აერთიანდება 15 მსხვილ საწარმოს); ფლობდა კომპანია „ლიკსარ“–ს (ლიქიორებისა და სპირტიანი სასმელების ქარხანას, თავისი საფირმო მაღაზიების ქსელით); ბალაკოვის მდინარის პორტს და გემთმშენებელ ქარხანას; სარატოვის მდინარის ტრანსპორტის საწარმოებს; ავიაკომპანია „სარავიას“ აქციების ბლოკ–პაკეტს. ამას გარდა, რომან ფიფია იყო სარატოვის საფეხბურთო კლუბ „სოკოლის“ პრეზიდენტი.

ფიფიას სარატოვში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც გუბერნატორი აიაცკოვი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

სარატოვში ფიფიას საქმიანობის გამოკვლევას მიუძღვნეს რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება სარატოვში მოქმედმა საინფორმაციო საშულებებმა, რის შემდეგაც სარატოვის ოლქის სამი გაზეთის რედაქტორებმა წერილით მიმართეს რუსეთის გენერალურ პროკურორ იური ჩაიკას. წერილში რედაქტორები საუბრობენ სისხლის სამართლის იმ მუხლებზე, რაც, მათი თქმით, ფიფიას საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოარკვიეს: თაღლითობა, გადასახადების დამალვა, სახელმწიფო კრედიტის უკანონო მიღება – ეს გახლავთ იმ დანაშაულების არასრული ჩამონათვალი, რაც რუსი ჟურნალისტების მტკიცებით, ფიფიამ ჩაიდინა სარატოვში საქმიანობის დროს.

ამის შემდეგ რომან ფიფიაზე რუსეთში  გამოცხადდა ძებნა და ის საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

რუსულ მედიაში არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული იმის თაობაზე, რომ რომან ფიფია რუსეთში დაგროვილი კაპიტალის დაბანდებას საქართველოში ახორციელებს, თუმცა რუსი ჟურნალისტები იქვე სვამენ კითხვას – რა არის მიზეზი? – პატრიოტიზმი?

„მაგრამ ფიფია, პირველ რიგში, ბიზნესმენია და შემდეგ – პატრიოტი“ – ნათქვამია სტატიაში, რომელიც სარატოვის მედიაშია გამოქვეყნებული. სტატიის ავტორი იქვე მიუთითებს: „ხელისუფლების (სააკაშვილის რეჟიმის) მოსყიდვით, ფიფია ცდილობს პოლიტიკური გავლენის ყიდვას, სხვაგვარად, ხელისუფლებისა და ძალაუფლების გარეშე, მას ბიზნესის კეთება არ შეუძლია.“

სააკაშვილის ხელისუფლებასთან ფიფიას კავშირების საილუსტრაციოდ რუსული მედია რამდენიმე ფაქტს ასახელებს:

ჟურნალისტ ვლადიმერ გოლოვინს „რუსსკი ბაზარში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რომან ფიფიას ნათესავის ნუგზარ ფიფიას ციტატა მოჰყავს, როცა ის რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად მუშაობდა ეკონომიკურ საკითხებში: „2003 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოში  ხორბალი გაძვირდა და პურის კრიზისი იყო მოსალოდნელი. პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ შეკრიბა ბიზნესმენები და დახმარება ითხოვა. ჩვენც – მე და რომანმა საქართველოში ჩავიტანეთ ხორბლის გარკვეული რაოდენობა საჩუქრად, პურის კრიზისი დაძლეული იქნა.“

რუსული მედიის ცნობით, ფიფია სააკაშვილისგან აფხაზეთის ვირტუალური პრეზიდენტის პოსტს ელოდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევითი არაა, რომ ფიფიას ძმა – როლანდ ფიფია საქართველოს პარლამენტის წევრად იქნა არჩეული.

„რუსსკი ბაზარის“ ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანაში ფიფიას მისი მარჯვენა ხელი ანდრეი ფედოროვი ეხმარებოდა. ფედოროვი იმ უცხოეული ინვესტორების დელეგაციაში შედიოდა, რომელიც 2006 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიიღო.

რუსული მედიის ცნობით, ამავე პერიოდს უკავშირდება ფიფიას უმსხვილესი ინვესტიცია საქართველოში, კერძოდ, საუბარია სასტუმრო „ჰაიატის“ მშენებლობაზე, რომელიც უნდა განეხორციელებინა ერთ–ერთ ჰოლანდიურ ჰოლდინგს, რომლის თანამფლობელი, რუსული მედიის ცნობით, სწორედ ბიზნესმენი რომან ფიფია იყო. თუმცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ჰაიატი“ ყოფილი რესტორან არაგვის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ აშენებულა.

ამჟამად ფიფია რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხროციელებას საფეხბურთო კლუბ „დინამოში“ გეგმავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ფიფიას ქონება ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი