საზოგადოება

3 წლამდე ბავშვებში განვითარების შეფერხების გამოვლენა პრობლემებს ამცირებს

7 დეკემბერი, 2015 • 3897
3 წლამდე ბავშვებში განვითარების შეფერხების გამოვლენა პრობლემებს ამცირებს

ბავშვთა განვითარების შეფერხებების ადრეული გამოვლენა ხშირ შემთხვევებში პრობლემის დაძლევის საშუალებას იძლევა. ეს არის ძირითადი მესიჯი სპეციალისტების, ვინც ბავშვთა განვითარების საკითხებზე მუშაობს.

პრობლემა კომუნიკაციაში, მეტყველების პრობლემები, ასოციალურობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი დარღვევები, შეზღუდული შესაძლებლობები და ბავშვთა განვითარების სხვა შეფერხებების ადრეული, 0-3 წლამდე გამოვლენა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება – მშობლების უმეტესობა შვილის განვითარების შეფერხებას უფრო გვიან, მაგალითად, 5 წლისთვის აღმოაჩენს ხოლმე. შესაბამისად, სპეციალისტების ჩართვის დაგვიანების გამო პრობლემის აღმოფხვრის შანსები იკლებს.

“სამ წლამდე ტვინი კრიტიკულად ვითარდება, თუ სამ წლამდე რამე პრობლემაა და ვერ აღმოვაჩინეთ და ვერ დავეხმარებით, ეს პრობლემა გასამმაგდება და გახუთმაგდება. ძალიან ბევრი ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესში დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ სამ წლამდე ასაკში აღმოვაჩენთ პრობლემას განვითარებაში. ამ შემთხვევაში, ბავშვებს, რომლებიც შეიძლება სკოლაში სერიოზული პრობლემების წინაშე დამდგარიყვნენ ან ქცევის, ან ემოციური, ან შემეცნებითი თვალსაზრისით, პრობლემები აღარ აქვთ ხოლმე”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

გაგოშიძე ამბობს, რომ ბოლო დროს მშობლების ინფორმირებულობამ და სახელმწიფოს დაფინანსებით ადრეული ინტერვენციის პროგრამების ამუშავებამ ადრეულ ეტაპზევე მიმართვიანობა გაზარდა.

“2 წლის ბავშვის მშობლები რეკავენ დღეს და წუხან, რომ მათი შვილი არ ლაპარაკობს. 2 წლის წინ იტყოდნენ, მერე რა, ჯერ ადრეა”, – ამბობს გაგოშიძე.

ქვეყანაში ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა უკვე 6 წელია არსებობს. ამის მიუხედავად, საჭიროების მქონე ყველა ბავშვის ჩართვა პროგრამაში ვერ ხერხდება. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს მომსახურების მიღების მსურველი 841 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით კი მხოლოდ 495 ბავშვის მომსახურება ხერხდება.

რას ითვალისწინებს ადრეული ინტერვენცია

ბავშვთან და მის ოჯახთან მომუშავე გუნდი დაკომპლექტებულია ადრეული ინტერვენციის სპეციალისტით, ფსიქოლოგით, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტებით. ადრეული ჩარევა არ გულისხმობს ბავშვთა რეაბილიტაციას. ის მორგებულია ოჯახის საჭიროებებზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა, ინფორმირებულობა და მზაობა, რომ მომსახურე პერსონალთან ერთად გაუმკლავდეს არსებულ პრობლემას. ადრეული განვითარების პროგრამა ოჯახთან მუშაობის გარდა ითვალისწინებს ბავშვებთან მუშაობის და განვითარების მეთოდების დანერგვას საბავშვო ბაღებში.

ბავშვთა განვითარების შეფერხების დროს ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე და პერსპექტივებზე სასაუბროდ დღეს, 7 დეკემბერს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და “ღია საზოგადოების ფონდების” საერთაშორისო ექსპერტი ამ დარგის სპეციალისტები შეიკრიბნენ.

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ რამდენიმე თვის წინ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი და მუდმივად მოქმედი სისტემის შექმნას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში ეფექტურად მოხდება ჩარევის საჭიროების მქონე ბავშვის იდენტიფიკაცია და რეფერალი, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი სერვისი, მომსახურე პერსონალი იქნება გადამზადებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ეფექტურად მუშაობს ამ კუთხით.

“ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ამ პროგრამებში 100-მდე ბავშვი იყო ჩართული, დღეს 600-ს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეფექტურად მუშაობს სახელმწიფო. უახლოეს მოამვალში მთელი რიგი აქტივებობია დაგეგმილი. ყველა სოფლის ექიმს და ექთანს გადავმზადებთ, რომ ადრეულ ასაკშივე შესაძლებელი გახდეს ამ ბავშვების გამოვლენა, რომ მერე მოხდეს მათი სოციალური ადაპტირება თუ მკურნალობა”,- ამბობს სოფრომაძე.

2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს აღენიშნება.

“ეს ბავშვები მომავალში ჩვენი საზოგადოების სრულფასოვნი წევრები უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ ბავშვის განვითარება და ადრეულ ეტაპზე განვითარების შეფერხების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. დღეს ბევრი ფაქტორი უშლის ხელს ბავშვის განვითარებას, მათ შორის, სიღარიბე და ეკონომიკური ფაქტორი. ჯერჯერობით სისტემურად ვერ ხდება ამ ბავშვების გამოვლენა. არ არის დანერგილი სკრინინგული სისტემა, რომ ადრეულ ასაკში გამოვლინდნენ ეს ბავშვები. თუ ადრე ბავშვთა სიცოცხლის პრობლემაზე ვსაუბრობდით, დღეს უკვე ბავშვის განვითარებაზე ვსაუბრობთ”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მაია გაბუნია, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი