საზოგადოება

ინგლისური სამი თვის შემდეგ

20 დეკემბერი, 2010 • 1418
ინგლისური სამი თვის შემდეგ

“მოხალისე პედაგოგები სკოლებში აქტიურად მუშაობენ”, – ასე აფასებენ მათ დირექტორები. მოხალისეები სკოლებს წინა საახალწლოდ, ერთი თვით, იანვრის ბოლომდე, დატოვებენ. მათ მგზავრობის ხარჯებს საქართველოს განათლების სამინისტრო აანაზღაურებს.

უცხოენოვანი პედაგოგები სულ სამი თვეა, რაც საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ. სკოლების დირექტორების თქმით, “პედაგოგების მოსვლა სკოლებში შედეგიანია, თუნდაც ამ სამი თვის განმავლობაში”.

#1 საჯარო სკოლაში ორი ინგლისურენოვანი პედაგოგია _ პატრიკ თენდელი და აისტე დასკუტე (რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმის #1 და #2 საჯარო სკოლაში, მშვიდობის კორპუსის ორგანიზებით მოწვეულ პედაგოგებთან ერთად, განათლების სამინისტროს პროგრამით ჩამოყვანილი პედაგოგებიც ასწავლიან). 32 წლის პატრიკი ორი წელიწადი ხაშურში ცხოვრობდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ყირგიზეთში ტრენერ მასწავლებლად მუშაობდა. 2010 წელს ისევ მიუვიდა მოწვევა _ “პატრიკ, ხომ არ გსურს საქართველოში დაბრუნება?” დაბრუნდა. ამჯერად მხოლოდ სამი თვით. ახლა სამშობლოში მიდის _ მასაჩუსეტიდან მაგისტრატურის კურსების გასავლელად მიწვევა მიიღო. ის მაგისტრის ხარისხის მიღებისთანავე საქართველოში გეგმავს დაბრუნებას.

#1 სკოლის დირექტორი, მედეა გვენეტაძე: “პატრიკმა აქტიურად იმუშავა, თავისი ინიციატივით მოსწავლეებისა და არაინგლიუსურენოვანი პედაგოგების ჯგუფს კრებდა და ამეცადინებდა; გამოცდილი და მონდომებული პედაგოგია, არაერთი სემინარი დაგეგმა და მოსწავლეებიც აქტიურად ჩართო. ამ ყველაფერს ანაზღაურების გარეშე  აკეთებდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მას ევალება”.

დირექტორის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება იყო: “მეტყველებაშიც დაეტყოთ, სულ სხვა მიდგომები და მეთოდები აქვს მოსწავლეებთან. მგონია, ეს ჩვენ ბავშვებს ყველაზე მეტად მოსწონთ”.

ამავე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, ნინო მაისურაძე პატრიკთან ერთად მუშაობდა. ის ამბობს, რომ მაღალკლასელები დღის სამ საათამდე მხოლოდ იმიტომ ჩერდებიან, რომ პატრიკის გაკვეთილებს დაესწრონ: “ეს ყველაფერი პატრიკმა საკუთარი გულწრფელობით და მონდომებით მოახერხა”.

კითხვაზე, რითი განსხვავდებიან ამერიკელი და ქართველი მოსწავლეები ერთმანეთისგან, პატრიკი პასუხობს: “ეს იგივეა, ფორთოხალი და ვაშლი რომ შევადაროთ ერთმანეთს. აქ მოსწავლეები, თითქმის ყველა, ჰუმანიტარულ საგნებს სწავლობენ, ჩვენთან კი _ საბუნებისმეტყველოს და ზოგადი წარმოდგენა აქვთ ყველა საგანზე.

მოტივაცია ქართველ მოსწავლეებს არ აკლიათ და მიზანდასახულნი არიან. მოკლედ, შრომას აქვს შედეგი”.

პირველ სკოლაში ასწავლის აისტე დასკუტეც. ის 24 წლისაა და საქართველოში უკვე მესამედ ჩამოვიდა. ამბობს, რომ მოსწავლეები მოტივირებულნი არიან და ეს მათ სამუშაოს აადვილებს.

მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ უცხო ენის პედაგოგებზე ამბობენ, რომ მათ კარგად იციან ენა, თუმცა პრაქტიკა აკლიათ: “მხოლოდ ამაში ვეხმარებით, თამაშებით ვასწავლით ენას.”

მესამე სკოლის დირექტორს, იანა ჩადუნელს მიაჩნია, რომ “მოხალისეებს ახალი არაფერი უსწავლებიათ, ელი (პედაგოგი) უფრო უცხო ქვეყნის კულტურაზე საუბრობს და ამ მხრივ საინტერესო გოგონაა, მას პედაგოგის სტაჟი არ აქვს. ამ მისიას _ მეტყველება და ენის პრაქტიკა, რისთვისაც ჩამოიყვანეს ამერიკიდან, ართმევენ თავს”. ელი ალექსანდრა ტობოლსკი 25 წლისაა და მოსწავლეებთან ურთიერთობა მოსწონს. ამბობს, რომ ენის გატეხა ამ პროექტით გახდა შესაძლებელი.

უცხოენოვანი პედაგოგი ამ ეტაპზე არ ჰყავს მე-6 სკოლას. სკოლის დირექტორი ზურაბ ზაქარაძე: “ვინც გვყავდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო წავიდა სკოლიდან. ახალ როტაციას ველოდებით. ბუნებრივია, სკოლას აქვს პედაგოგის მიღების სურვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძველმა პედაგოგმა, ფატიმა გაუნდერმა კარგი შედეგები დატოვა”.

მე-12 სკოლის დირექტორის, დავით ეცადეიშვლის აზრით, “შედეგი, ბუნებრივია, არის. მოსწავლეები უფრო მეტს ცდილობენ. უცხოენოვან პედაგოგებთან ურთიერთობას ეს პლუსი აქვს”.

მოხალისე პედაგოგების ასაკი 22-დან 30 წლამდე მერყეობს, ამდენად, დირექტორები მათ პედაგოგიურ გამოცდილებაზე ვერ საუბრობენ. უბრალოდ, ამბობენ, რომ “მონდომებულნი არიან”. მოხალისე პედაგოგების უმრავლესობა უკვე საუბრობს ქართულად.

მოხალისე პედაგოგები ამბობენ, რომ ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ. “ბათუმელების” ინფორმაციით, მათ 300 დოლარის ეკვივალენტს უხდიან ეროვნულ ვალუტაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი