საზოგადოება

“მსხვრევამ რიფებზე მე ვერ მომკლა” – ერთ კრებულში გაერთიანებული ტრანსგენდერთა ხმა

5 დეკემბერი, 2015 • 2727
“მსხვრევამ რიფებზე მე ვერ მომკლა” – ერთ კრებულში გაერთიანებული ტრანსგენდერთა ხმა

“პატარაობიდანვე ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ განსხვავებული ვიყავი. ვიცოდი, რომ ბიჭების სათამაშოებით, ბიჭებთან ერთად თამაში მერჩივნა. ვიცოდი, რომ მოკლე თმით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მოზარდი როცა გავხდი, უკვე ისიც ვიცოდი, რომ სხეული, რომლითაც დავიბადე, ჩემი არ უნდა ყოფილიყო. სკოლაში ქალაბიჭას მეძახდნენ და რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მთხოვდნენ, გოგოსავით მოვქცეულიყავი, გოგოსავით ჩამეცვა, მევლო, მელაპარაკა”.

ეს ამონარიდი “სხვა ტრანსგენდერის” სახელით დაწერილი ისტორიიდანაა, რომელიც ერთ-ერთია კრებულის, ”ტრანს ნარატივების”  12 ისტორიას შორის.

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია

ავტორი სახელად Mega Maind თავის ისტორიას “მე-ადამიანი” ასე იწყებს:

“უცნაურად ჟღერს, მაგრამ არ ვიცი ვინ ვარ, უბრალოდ ვიცი, რომ არ ვარ უმრავლესობის წევრი, შეიძლება ასე ითქვას. თუმცა ვიცი, როგორი ვარ. შემიძლია გავუგო ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ხანდახან მეც არ მესმის თქვენი. არ მესმის, რატომ ითხოვთ იმას სხვისგან, რაც თქვენ თვითონ არ გაგაჩნიათ?.. სათქმელად ადვილია… შეიცვალე! შენ შეგიძლია შეიცვალო? არა, არ შეგიძლია. ჩვენ როგორებიც არ უნდა ვიყოთ, ადამიანები ვართ! მინდა ჩემი სურვილები და ოცნებები გაგანდოთ, მინდა ქუჩაში გასვლისას ყველას სახეზე ღიმილს ვხედავდე, მინდა ვუყურებდე როგორ აფრქვევენ ადამიანები სიყვარულსა და სითბოს. ერთმანეთის მიმართ, მინდა, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ადამიანური თვისებებით აფასებდეს და არა ორიენტაციით, რელიგიით და თუნდაც კანის ფერით… მე, საქართველოში მცხოვრებ 19 წლის მოზარდს, იქამდე მექნება იმედი, სანამ პირში სული მიდგას, რომ სიყვარული და ადამიანობა დაძლევს იმ ბოროტებასა და ბოღმას, რაც ადამიანებშია”.

კიდევ ერთი ავტორი DANI SOUTH ისხენებს იმ ტკივილს, რასაც 11 წლის განმავლობაში სკოლაში განიცდიდა მისი სქესისთვის “შეუფერებელი” ქცევისა და გამოხატვის გამო:

“ალბათ გაგიკვირდება და მკითხავ, გენდერი რა არის და რისთვისაა საჭირო? გეტყვი, ცივილიზებულ საზოგადოებში გენდერი ადამიანის სქესის მინიშნებაა., ოღონდ როდესაც ადამიანი იზრდება (ზოგჯერ ბავშვობაშიც), ის ზოგჯერ აკეთებს არჩევანს, რომელ გენდერს მიაკუთვნოს თავი… საქართველოში ვართ, იქ, სადაც სიტყვა გენდერის ნაცვლად გვესმის ქალაბიჭა, ნაზიკო ქაჯი, გოგოშკა, და სადაც ამ უხამსი შეურაცხყოფით განისაზღვრება, თუ ვინ ხარ შენ… ჩემი ცელქობის გამო ხშირად ვხდებოდი მასწავლების ნერვული სისტემის აშლილობის მიზეზი და ერთხელაც მან ჩემს მშობლებს განუცხადა: მეგონა, კლასში 23 ბიჭი მყავდა და თურმე 24 ყოფილა. აი, ასეთ ვითარებაში დღიდან დღემდე ვიზრდებოდი და 33 კაცის დაცინვისა და დამცირების  მსხვერპლი გავხდი. იყო თუ არა ეს საწყენი? მე ეს მტკიოდა ყოვედღე! 11 წლის მანძილზე!”- წერს DANI SOUTH.

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია

რ.მ. იხსნებს იმ შემთხვევებს, რომელიც, მისი თქმით, “სახალისო ეპიზოდის” სახით აღიბეჭდა მის მეხსიერებაში. აი, მათგან ერთ-ერთიც:

“ეს იყო შორეულ ორიათას წელს, როდესაც მე ახალი ჩაბარებული მქონდა უნივერსიტეტში და ისე, როგორც სხვა ახალ სტუდენტებს, სამედიცინო კომისიასთან შემოწმება უნდა გამევლო. იმ დროს ჯერ კიდევ არ მქონდა დაწყებული ტრანზიცია, ანუ, მქონდა ქალის საბუთები და ასევე არ ვიღებდი ჰორმონებს, არც ოპერაცია გამიკეთებია. თუმცა, ამის პარალელურად, რამდენადაც მე მახსოვს, ცხოვრების სტილი თავიდან ბოლომდე კაცის მქონდა, მათ შორის -გარეგნული მხარეც: ვატარებდი კაცის ტანსაცმელს, მოკლე ვარცხნილობას და ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იყო, თავს წარვადგენდი ხოლმე კაცის სახელით (ანუ ყველგან, სადაც არ ფიგურირებდა ჩემი საბუთები). ჰოდა, მედკომისიაზე მისულმა წინ გავუშვი ყველა ჩემი კურსელი და კაბინეტში ბოლო შევედი. რამდენიმე სპეციალისტთან უნდა გამევლო შემოწმება, პირველი კი ქირურგი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქამრამდე ყველაფერი უნდა გამეხადა. მაგიდაზე დავდე ჩემი სამედიცინო ბარათი და დავიწყე გახდა, სანამ ექიმი რაღაცის წერით იყო გართული. ბოლოს მორჩა წერას, აწია თავი, შემომხედა და უცებ თვალები გაუფართოვდა. რამდენიმე წამის გამავლობაში შეძრწუნებული მათვალიერებდა, რის მერეც ამოღერღა: „შენ ხომ ენდოკრინოლოგი გჭირდება!“ მე თავი მოვაჩვენე, რომ თითქოს ვერაფერს მივხვდი და ნეიტრალური ტონით ვკითხე: „რატომ?“ „კი მაგრამ, შენ ხომ გინეკომასტია გაქვს!“- ხმას აუმაღლა. აქ უკვე ვეღარ მოვითმინე, გავიღიმე და მივუთითე სამედიცინო ბარათზე, რომელიც მის ცხვირწინ მაგიდაზე იდო და რომელზეც მსხვილი შრიფტით ეწერა სახელი. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროს თითქმის გავიგონე მის თავში გამჯდარი შაბლონის ნამსხვრევებად დაშლის ხმა.”

“ტრანს ნარატივები” არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ შეკრებილი ის ისტორიებია, რომლებიც ტრანსგენდერმა ადამიანებმა დაწერეს. კრებულის პრეზენტაცია 4 დეკემებრს შედგა.

“შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ, მოდი, დავწეროთ ის, რისი წაკითხვაც ჩვენ მოვინდებოდა. მოდი, დავწეროთ ტრანსგენდერი ადამიანების თვალთახედვიდან შექმნილი ტექსტები”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას იდეის ავტორი და რედაქტორი მაგდა კალანდაძე.

მაგდა კალანდაძის თქმით, ზოგმა მხატვრული მოთხრობა დაწერა, ზოგმა ესსე, ზოგმა მანიფესტი. იდეის შექმნის მიზანი იყო ის, რომ გარემოში, სადაც ტრანსგენდერი ადამიანები ცხოვრობენ, არ არის არც ერთი დეტალი მათთვის, ვინც გენდერულად არაკონფორმულია.

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია. ფოტო: WISG/ანუკ ბელუგა ფოტო

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია. ფოტო: WISG/ანუკ ბელუგა და Stray Cat

“ნარატივები, რომლებიც სკოლიდან გვხვდება და ტელევიზორში ვუყურებთ, არის ძალიან ჰეტერონორმატიული. არ მაქვს ალტერნატივა, თუ ვარ გენდერულად არაკონფორმული ადამიანი, ჩემს თავს ვერ ვპოულობ ვერსად. აუცილებლად არის საჭირო შეიქმნას მეტი და მეტი ნარატივი ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ბინარულ სისტემას ქალი-კაცი არ აკმაყოფილებენ. რომლებიც ვერც ერთგან საკუთარ თავს ვერ პოულობენ”, – ამბობს მაგდა კალანდაძე.

“ტრანს ნარატივების” ერთ-ერთი ავტორი ფატიმა რომანოვა იმედოვნებს, რომ კრებული ხელს შეუწყობს ტრანსგენდერი ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

“ისინი, ვინც არ არიან ტრანსგენდერი ადამიანები, ან ტრანსფობები და ჰომოფობები თუ წაიკითხავენ ამ ტექსტს, მიხვდებიან, რომ ტრანსგენდერი ადამიანი არის ჩვეულებრივი ადამიანი და არაფრით არ გასხვავდება მათგან. იმავე ცხოვრებით ცხოვრობს, მუშაობს, იძინებს, იღვიძებს, ჭამს, ცდილობს იბძროლოს ბედნიერებისთვის”, – ამბობს ფატიმა რომანოვა.

ფატიმა რომანოვას თქმით, ტრანსგენდერი ადამიანები არიან უხილავები, რადგან მათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ეშინიათ.

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია

“უამრავი მაგალითია იმისი, რომ ადამიანი, როდესაც ხვდება, რომ ტრანსგენდერია, უარყოფს, გაურბის საკუთარ თავს და აქედან იწყება თვითმკვლელობები. ტრანს ქალებსა და ტრანს კაცებს ის გვაკავშირებს, რომ გვინდა ვიყოთ ის, ვინც ვართ, ნებისმიერ ადამიანს სურს იცხოვროს იმ ცხოვრებით, რომელიც ეკუთვნის”, – ამბობს ფატიმა რომანოვა.

ძალადობასა და ტრანსგენდერი ადამიანების გამბედაობაზე საუბრობს საუბრობს ნათია გვიანიშვილი. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორი ამბობს, რომ დიდ გამბედაობად დაუჯდათ თუნდაც ის, რომ კრებულის პრეზენტაციაზე მისულიყვნენ:
“ჩვენ პირველ რიგში ვაპირებთ, რომ გავავრცელოთ ეს ნარატივები სოციალური მედიის საშუალებით, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადეობაში ტრანსფობია არის ძალიან ძლიერი. მათ ძალიან დიდი შფოთვის შედეგად დაუჯდათ ის, რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ ერთი-ორი სიტყვა, აქაც მოსულიყვნენ. ამიტომ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია შედარებით მცირე და რბილი ნაბიჯებით დაწყება.”

“ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია მინდა ჩემივე ოთხსტრიქონიანი ლექსით დავასრულო:

„მსხვრევამ რიფებზე მე ვერ მომკლა

სისხლისგან დაცლილმა ბრმად გავაგრძელე ცურვა სიყვარულის ზღვაში, მინდოდა, ზღვის ფსკერის ცოდნა.

მაგრამ არ ჩანდა ფსკერი, რადგან ზღვაც არსებობდა მხოლოდ წარმოსახვაში”. – “ტრანს ნარატივების” კიდევ ერთი ავტორი Max Deus.

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია. ფოტო: WISG/ანუკ ბელუგა ფოტო

ტრანს ნარატივების პრეზენტაცია. ფოტო: WISG/ანუკ ბელუგა და Stray Cat

მასალების გადაბეჭდვის წესი