საზოგადოება

ნაადრევი ქორწინება, როგორც ძალადობა და უმოქმედო სახელმწიფო [ფოტო]

26 ნოემბერი, 2015 • 12524
ნაადრევი ქორწინება, როგორც ძალადობა და უმოქმედო სახელმწიფო [ფოტო]

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 18 წლამდე მიუღწეველ გოგონებს შორის 14% დაქორწიებულია. საქართველოს სახალხო დამცველი და ქალთა მოძრაობის აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ნაადრევი ქორწინება ძალადობაა, ხოლო სახელმწიფო ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს.

„ჩვენი სოფლიდან ერთი გოგო მამამ 10 ძროხად მიჰყიდა 45 წლის კაცს, ამ გოგოს არ უნდოდა ამ კაცზე გათხოვება და სხვასთან ერთად გაიპარა სახლიდან“, – პირველი გოგონა.

„ჩემს მშობლებს ვეუბნები, თუ ძალით გამათხოვებენ, თავს მოვიკლავ. ამას ყოველდღე ვუმეორებ, რომ არ გამათხოვონ”, – მეორე გოგონა.

ეს ამონარიდები სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშიდანაა, რომელიც კახეთის რეგიონში ჩაიწერა.

საქართველოს სახალო დამცველის ოფისის ცნობით, 2014 წელს საქართველოში 18 წლამდე მიუღწეველ გოგონებს შორის 14% იყო დაქორწინებული, ხოლო 15 წლამდე ასაკის- 1%, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად, ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

”ადრეულ ასაკში ქორწინება განხილულ უნდა იქნეს როგორც ძალადობა”, – მიიჩნევს სახალხო დამცველის ოფისი.

ნაადრევი ქორწინება ძალადობაა - აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ. 25.11.2015 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ნაადრევი ქორწინება ძალადობაა – აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ. 25.11.2015 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ნაადრევი ქორწინება შეიძლება ბავშვზე ძალადობად ჩაითვალოს, რადგან არასრულწლოვანი ვერ მიიღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, თანაც ხშირად ეს ხდება იძლებით ან გარიგებით ქორწინების კონტექტსში, ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცხადაძე.

“ძალიან აშკარაა, რომ ეს ნიშნავს განვითარების, თვითრეალიზაციის შანსების მოსპობას. აბსოლუტური უმრავლესობა ადრე გათხოვილი გოგონებისა სკოლიდან გამოდის”, – ამბობს იგი.

ქალთა მოძრაობის აქტივისტ იდა ბახტურიძეს მიაჩნია, რომ ნაადრევი ქორწინების გამო გოგონებს ერთმევა განათლების, ეკონომიკური დამოუკიდებლობის უფლება, ეს ყველაფერი კი კავშირშია განათლებასთან.

“ხშირად ეს გოგონები ხდებიან ოჯახში ძალადობის რისკჯგუფი. ისინი ვერ აღწევენ თავს ამ ძალადობრივ წრეს იმიტომ, რომ განათლება არ აქვთ, არ აქვთ ავტონომიურობა. ძალადობისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ამ გოგონებისთვის თავის დაღწევა კიდევ უფრო რთულდება ამ მიზეზების გამო”, – ამბობს ბახტურიძე

სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულია 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტი, რომლის სავარაუდო მიზეზი მშობლების მხრიდან იძულებითი ქორწინებისგან თავის არიდება გახდა.

ომბუდსმენის ცნობით, საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის მიზეზი იყო ძალადობა და იძულებითი ადრეული ქორწინება, შსს-ს თელავის რაიონულ სამმართველოში შეწყდა გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

ბახტურიძე იხსენებს შემთხვევებს, როდესაც მათი ჩარევის შემდეგ დაიბარეს ადამიანი დაკითხვაზე, რომელიც აპირებდა არასრულწლოვან გოგონაზე დაქორწინებას, რის შემდეგაც ეს ინფორმაცია სოფელში გავრცელდა და ეს ქორწილიც და ხსვა ნაადრევი ქორწინებებიც ჩაიშალა.

ამ წარმატებული მაგალითების მიუხედავად, ბახტურიძე საუბრობს იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ნადრევ ქორწინასთან საბრძოლველად არ გააჩნია.  

ნაადრევ ქორწინებას იწვევს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფაქტორები, როდესაც ეკონომიკური პრობლემების გამო გოგონას “იშორებენ” ან შეფუთულია სტერეოტიპებით, რომ ქალის მთავარი ფუნქცია და მოვალეობა დედობაა, ოჯახის დიასახლისობაა, ამბობს ბახტურიძე.

თამარ ცხადაძე კი მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილ მიზეზებს ემატება ის ფაქტიც, რომ ცალკეულ შემთხვევეში კაცებს ახალგაზრდა ცოლები ურჩვენიათ ქალშვილობის მოთხოვნის კონტექტში, ასევე ისიც, რომ ადრეულ ასაკში ფეხმძიმობა განაპირობებს ნაადრევ ასაკში დაქორწინებას

“ჩვენთან არის დიდი ტაბუ ქორწინებამდელ სექსუალურ ურთიერთობებზე, როდესაც რომანტიკული წყვილი შედგება, ფაქტიურად, არჩევანი არის დაქორწინება ან თავის შეკავება. ბევრ შემთხვევაში თავად ადამიანები აკეთებენ არჩევანს მშობლების მხრიდან ძალადობის გარეშე”, – ამბობს ცხადაძე.

თუმცა თავად მშობლებიც ხშირად არიან ნაადრევი ქორწინების ინიციატორები. სწორედ ამის გამო ომბუდსმენმა მიმართა საქართველოს პარლამენტს კანონის შეცვლის ინიციატივით. კანონპროექტის მიხედვით, 18 წლამდე მიუღწეველი პირებისთვის ქორწინების დასაშვებობა უნდა განიხილოს არა  მშობელმა, არამედ სასამართლომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გოგონა არის ფეხმძიმე ან ბავშვი დაბადებულია.

“ადრეულ ასაკში ქორწინბება არის დამკვიდრებული პრაქტიკა და შემაშფოთებელია მშობლების მხრიდან არასრულწლოვანი შვილების იძულებითი ქორწინების შემთხვევები”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად სახელდება სკოლა, რომელიც  არ მიიჩნევს ადრეულ ქორწინებას პრობლემად. ომბუდსმენის ოფსისი მიერ ჩატარებული შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ სკოლის მასწავლებლებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქორწინება 18 წლამდე მიუღწეველი პირებისთვის ნებარდართული არაა.

ნაადრევი ქორწინება ძალადობაა - აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ. 25.11.2015 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

“სკოლაა ადგილი, სადაც იციან მოსალოდნელი ქორწინების შესახებ, იქნება ეს ნიშნობა თუ ის, რომ სკოლაში აღარ უშვებენ გოგონას მოტაცების შიშის ან ნიშნობის გამო”,- ამბობს ქალთა მოძრაობის აქტივისტი ბაია პატარაია.

პატარაიას თქმით, სახელწიფომ უნდა შეიმუშაოს ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლის კონცეფცია, აამუშაოს რეფერალი, რომელიც დაადგენს, რომელმა უწყებებმა რა როლი უნდა შეასრულოს მაშინ, როდესაც ნაადრევი ქორწინება უკვე შედგა, ან როდესაც საჭიროა ნაადრევი ქორწინების პრევენცია:

“ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ თუნდაც ის კანონები აამუშაოს, რომელიც გვაქვს. ასევე ვითხოვთ, რომ კონკრეტული ხედვა ჰქონდეს, თუ როგორ უნდა შეამციროს ადრეული ქორწინება. ეს ხედვა დღეს არ გააჩნია.”

აღნიშნული პოლიტიკის გასაპროტესტებლად მოაწყო ქალთა მოძრაობამ აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს.

ნაადრევი ქორწინება ძალადობაა - აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ. 25.11.2015 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ნაადრევი ქორწინება ძალადობაა – აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ. 25.11.2015 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

აქცია-პერფორმანსზე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ სკოლის მერხიდან გოგონები “ქრებიან” და ნაადრევი ქორწინების გამო მათ განათლების მიღების შესაძლებლობა ესპობათ.

აქციის მონაწილე ნათია ქარჩილაძე ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინება გოგონებს  დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში უშლის ხელს.

“მან უნდა მიიღოს განათლება იმისათვის, რომ საკუთარი რაციონალური არჩევნით გადაწყვიტოს, თუ რატომ უნდა ოჯახი. 13-14 წლის გოგონას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩამოყალბებული იყოს და ჰქონდეს რეპროდუქციული უნარი, არ აქვს იმდენი გონებრივი მომწიფება, რომ გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი”, – ამბობს ნათია ქარჩილაძე.

25 ნოემბრის აქციით საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი