საზოგადოება

მოსწავლეების დაყოფა

9 დეკემბერი, 2010 • 1368
მოსწავლეების დაყოფა

მიუხედავად მშობლების პროტესტისა, გარდაბნის პირველ სკოლაში ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვები ცალ–ცალკე კლასებში სწავლობენ, რაც  ეროვნული სასწავლო გეგმითა კრძალულია.

ელთუნ მამედოვი გარდაბნის ლ. დევდარიანის სახელობის  პირველ საჯარო სკოლაში  სწავლობს, სკოლა ქართულია, თუმცა კლასი – აზერბაიჯანული.

გარდაბანში მცხოვრები აზერბაიჯანელი ნადირ მამედოვის თქმით, მან  შვილი  ქართულ სკოლაში იმიტომ  შეიყვანა, რომ  ქართველ ბავშვებთან ერთად ესწავლა და მათთან კომუნიკაციით უფრო გაადვილებოდა ქართული ენის შესწავლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის შვილს არც ერთი ქართველი თანაკლასელი არ ჰყავს.

”გვითხრეს, რომ ჩვენს შვილს არ ესმოდა ქართული და ამიტომ გაყვეს ბავშვები ქართველებად და აზერბაიჯანელებად, კლასების მიხედვით, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდოდა, რომ ერთ კლასში ესწავლათ, მაგრამ უარი გვითხრეს“, – ამბობს ნადირ მამედოვი.

იგი ერთადერთი მშობელი არ არის, რომელსაც უნდოდა, რომ მის შვილს ქართველ ბავშვებთან ერთად ესწავლა.

ნუვრი ბახიჩელის დედა, ელმირა, რომლის შვილიც იმავე სკოლაში, მეორე  კლასში, სწავლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს: ”გვითხრეს, რომ ვერ მოხერხდებოდა ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვების ერთ კლასში სწავლა. როგორც მერე გავიგეთ, ქართველი ბავშვების მშობლებს არ უნდოდათ, რომ ერთ კლასში მსხდარიყვნენ მათი და ჩვენი შვილები. სკოლაში გვითხრეს, რომ 4 კლასის მერე გააერთიანებდნენ კლასებს, როცა  აზერბაიჯანელი ბავშვები ქართულს სათანადოდ ისწავლიდნენ.”

სევინჯ ხამამედოვა, ერთ–ერთი მოსწავლის დედა, ამბობს, რომ  მშობლები არ დათანხმდნენ ამ პირობას: ”არ ვიყავით თანახმა, მაგრამ მაინც ასე ქნეს, ვერაფერი ვქენით, რა უნდა გაგვეკეთებინა?”

მიუხედავად მშობლების პროტესტისა, ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვები უკვე მეორე წელია ცალ–ცალკე კლასებში სწავლობენ.

გარდაბნის ლ. დევდარიანის სახელობის  პირველი საჯარო სკოლის  ყოფილი  დირექტორი ლუარა ტალახაძე ამბობს, რომ  აზერბაიჯანელი მოსწავლეების ნაკადი  ყოველწლიურად იზრდება სკოლებში. ამას ის სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა – ქართული.

”აზერბაიჯანელი მოსწავლეები ინტეგრირებული არიან ქართველ მოსწავლეებთან, ჩვენ განათლების სამინისტრო ჩავაყენეთ საქმის კურსში, რადგან ჩვენს სკოლაში შემომსვლელი მოსწავლეების 70 პროცენტი იყო აზერბაიჯანელი და  აზერბაიჯანული ჯგუფი ცალკე გავხსენით, ისინი გაძლიერებულად სწავლობენ ქართულ ენას, მაგრამ ეს გაგრძელდება ოთხი წელი, მერე უკვე მოხდება ამ მოსწავლეების ინტეგრირება, ჩვეულებრივ გადანაწილება, როცა ისინი ქართულს შეისწავლიან სათანადო დონეზე,” – ამბობს ლაურა ტალახაძე.

მისივე  თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ქართველი მოსწავლეები ჩამორჩენილიყვნენ სწავლაში: ”თვითონ მშობლებს არ ჰქონიათ პრეტენზია, ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, ისინი ყველა იმ საგანს ქართულად გადიან, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით,” – ამბობს ლუარა ტალახაძე.

თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმა კრძალავს მოსწავლეების დაყოფას სიძლიერის მიხედვით.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ: ”დაუშვებელია  მოსწავლეების  განაწილება  კლასებში  სიძლიერის  მიხედვით,  ისევე როგორც  დაუშვებელია,  რომ  საჯარო  სკოლამ  ნიჭის  ან  ცოდნის  მქონე  რომელიმე მოსწავლე მიიღოს და სხვებს უარი უთხრას სწავლაზე. სხვადასხვა ნიჭისა და ცოდნის მოსწავლეები  ერთმანეთს  ავსებენ  გაკვეთილებზე,  ერთმანეთს  ეხმარებიან  ახალი გამოცდილების  შეძენაში  და,  შესაბამისად,  არა  მარტო  უფრო  მცოდნეები  ხდებიან, არამედ უკეთეს მოქალაქეებადაც ყალიბდებიან.”

განათლების საკითხებში ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა: ”ეს საერთოდ უკანონოა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ ბავშვების შესაძლებლობის ან დონის მიხედვით დაყოფა კლასებში აკრძალულია. აზერბაიჯანელი ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია ეს გარემო – ქართველ ბავშვებთან ერთად სწავლა..”

ლუარა ტალახაძე ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, თუკი რომელიმე მშობელი უკმაყოფილო იყო.

”არის მდგომარეობა, რომელიც გაიძულებს, რომ იმ კანონის გარდა კიდევ იმოქმედო – შეუთანხმდე შენს ზემდგომ ორგანოებს და გაითვალისწინონ ადგილზე არსებული მდგომარეობა,” – ამბობს ის.

სევინჯ თვათულაევამ შვილი  გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში  წელს შეიყვანა. ამბობს, რომ ქართულ სკოლაში მისი შვილი ქართველ ბავშვებთან ერთად სწავლობს, ერთ კლასში: ”რომ ეთქვათ, რომ ცალკე კლასში უნდა დაესვათ აზერბაიჯანელები, მე არ დავთანხმდებოდი. იმიტომ მივიყვანე შვილი ქართულ სკოლაში, რომ ქართველ ბავშვებთან ერთად ესწავლა”

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გარდაბნის პირველი საჯარო სკოლის ახალ დირექტორს, იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა სკოლა მეოთხე კლასიდან აზერბაიჯანული და ქართული კლასების ინტეგრაციას. დირექტორმა, ნანა ტარალაშვილმა შეკითხვაზე პასუხი არ გაგვცა და მოგვიწოდა, რომ მის სკოლაზე სტატიის დაწერისაგან თავი შეგვეკავებინა.

გარდაბნის რესურს–ცენტრში ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე კომენტარს არ გააკეთებენ. მიუხედავად რამდენიმე დღის მცდელობისა, ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა განათლების სამინისტროსგან პასუხის მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი