საზოგადოება

ანტი–პორნო უფროსებისთვის

30 ნოემბერი, 2010 • 12112
ანტი–პორნო უფროსებისთვის

გინდა იშოვნო ბევრი ფული მარტივად? ამ საიტზე რეგისტრაციაში გჩუქნიან 10 დოლარს. შემდეგ კი დავალებები გეძლევათ, რისი შესრულების შემდეგაც კიდევ გირიცხავენ ფულს. თითო დავალებაში 1 დოლარს იხდიან. საიტი 100%-ანია და ფულსაც იხდის. ჩვენ უკვე ორჯერ გადაგვიხადეს. თავიდან დღეში 2-3 დავალებას მოგცემთ, შემდეგ კი შეიძლება 10-15-მდეც ავიდეს. დაკლიკეთ ქვემოთ მოცემული ბანერი, შემდეგ დაკლიკეთ “Join Now” (შემოგვიერთდი ახლავე) და გაიარეთ რეგისტრაცია. წარმატებებს გისურვებთ!

ამ შინაარსის ბანერები ზოგიერთ ქართულ პორნოგრაფიულ საიტზე შესვლისთანავე ჩნდება. პორნო საიტების დამთვალიერებელთა შორის რამდენი არასრულწლოვანია, უცნობია.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის –იუნისეფის, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის,  მაია ქურციკიძის თქმით, ბევრი რამ მშობლებზეა დამოკიდებული,–  „მათ უნდა აკონტროლონ ის, თუ როგორ იყენებენ მათი შვილები ინტერნეტს. მშობლების წილი პასუხისმგებლობა აქ ძალიან დიდია“, – ამბობს მაია ქურციკიძე.

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მშობლებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა:

• სახლში კომპიუტერი ისეთ ადგილას განათავსეთ,  რომ ადვილი იყოს ინტერნტში მომუშავე ბავშვის თვალყურის დევნება;
• თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს რაიმე საეჭვო ნაცნობობა აქვს ინტერნეტით, დაუყოვნებლივ აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს;
• გააფრთხილეთ ბაშვები, რომ ვირტუალურ ნაცნობებს არ უთხრან თავიანთი ნამდვილი სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

რჩევებს შორის მშობლების მიერ პორნოგრაფიული ვებ–გვერდების დასაბლოკი პროგრამების გამოყენებაა.

მსოფლიო კომპიუტერული პროგრამა–(anti-porn) ანტი–პორნო სპეციალურად მშობლებისთვის და, ზოგადად, უფროსებისთვისაა შექმნილი. პროგრამის მიზანი ბავშვების დაცვაა.

ამ პროგრამის მეშვეობით, მშობელს შესაძლებლობა ეძლევა, კომპიუტერში, რომელსაც ბავშვი იყენებს, ეს პროგრამა ჩატვირთოს. პროგრამის ჩატვირთვის შემდეგ კი პორნოგრაფიული საიტები დაიბლოკება. გარდა ამისა, პროგრამა გარკვეულ სიტყვებსაც უკეთებს ფილტრაციას და მინიმუმამდე დაყავს შანსი იმისა, რომ ბავშვი პორნოგრაფიულ საიტზე აღმოჩნდება.

როდესაც ბავშვი ასეთ საიტზე შესვლას მოინდომებს, კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა პაროლის მოთხოვნით. პაროლი იცის მშობელმა და ამავე საიტებზე შესვლა მხოლოდ ამ პაროლის შეყვანის შემდეგაა შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მიერ გამოკითხული მშობლებიდან პორნოგრაფიული საიტების დასაბლოკი პროგრამის შესახებ არავინ იცოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს პროგრამა მსოფლიოში 2001 წლიდან არსებობს.

“თუ ასეთი პროგრამა დამიყენა დედაჩემმა, სხვაგან წავალ და მაინც შევალ პორნო საიტზე, თუ მინდა, მაგალითად – ინტერნეტ კაფეში“, –ამბობს 14 წლის მარი.

თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე ინტერნეტ-კაფეს, რომლის მომხმარებელი უფრო ხშირად ბავშვები არიან, ადმინისტრატორი ამბობს, რომ მათ ინტერნეტ კაფეში ამის საფრთხე არ არის.

„ასეთი ანტი პორნოგრაფიული პროგრამები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვაკონტროლებთ ქსელში ყველა კომპიუტერს. თუ ვინმე ასეთ საიტზე შევა, დიდი შანსია დაავირუსოს კომპიუტერები. ამიტომ ვაფრთხილებთ“, –ამბობს ინტერნეტ–კაფეს ადმინისტრატორი.

საქართველოში ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის პორნოგრაფიული ვიდეო-რგოლების სანახავად, საკმარისია მიუთითო სრულწლოვანი.  

Image 2658
Image 2658

„საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც ინტერნეტ სივრცეში პორნოგრაფიული მასალების ხელმისაწვდომობას გააკონტროლებს“,–ამბობს „ბავშვთა დახმარების ცენტრის“ იურისტი, ქეთევან მარგალიტაძე.  

პორნოგრაფიული მასალების გავრცელების კონტროლი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანში არსებობს. ერთ–ერთი მათგანია გერმანია, სადაც 2000 წლის აგვისტოდან ძალაში შევიდა კანონი „ინტერნეტის მომხმარებელთა დაცვისა და ქსელის შემადგენლობის კონტროლის წესების შესახებ“. კიბერსივრცეს დაუწესდა აკრძალვები პორნოგრაფიის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან არა მარტო ინფორმაციის მიმწოდებლები, არამედ თავად ინტერნეტ „პროვაიდერებიც“.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში, დამთვალიერებელთა რიცხვის მიხედვით,  www.myvideo.ge პირველ ადგილზეა – დღეში საშუალოდ 114 ათასი მნახველი. საიტზე სხვადასხვა ჟანრის ვიდეო რგოლებთან ერთად, ეროტიკის განყოფილებაში ყოველდღიურად ათეულობით ვიდეო რგოლი იტვირთება.

იმის მიუხედავად, რომ www.myvideo.ge–ს სამომხმარებლო შეთანხმებაში წერია–  იკრძალება პორნოგრაფიული ხასიათის მასალების განთავსება საიტზე, ეროტიკის განყოფილებაში ასეთი ვიდეო რგოლები მაინც არის.

www. myvideo.ge-ს მარკეტინგის მენეჯერის, თამარ ვაწაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მათი საიტის სამომხმარებლო შეთანხმება დაიწერა, საიტის მომხმარებელთა რიცხვი და ვიდეო რგოლების რაოდენობა გაიზარდა, რამაც, მისი თქმით,  გაართულა ვიდეო რგოლების შინაარსის კონტროლი.

„ჩვენი სამომხმარებლო შეთანხმების მხოლოდ ეს პუნქტი ვერ სრულდება, რადგან ძალიან რთულია იჯდე მთელი დღე და ასეთი ვიდეო რგოლები წაშალო. ვიდეო რგოლებს მე ვაკონტროლებ, ძირითადად, და ვცდილობ ისეთები მაინც, რომლებიც ქართველი გოგოების მონაწილეობითაა, წავშალო“,–ამბობს www.myvideo.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი, თამარ ვაწაძე.

როგორც www. myvideo.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, თუ ვინმე დარეკავს და მოითხოვს ამა თუ იმ ვიდეო რგოლის წაშლას, მაშინივე წაშლიან.  

„ამგვარი საიტების განთავსება, როგორც წესი, ხდება „ეროტიკის“ და არა „პორნოგრაფიის“ გრიფით“, – ნათქვამია იუნისეფის კვლევაში „ ბავშვთა კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის“ შესახებ.
„ალბათობა იმისა, რომ ასეთი ტიპის საიტებზე შესულ ბავშვებს ვინმე დაეკონტაქტება, დიდია. ინტერნეტი საუკეთესო და ნაკლები საფრთხის მქონე საშუალებაა პოტენციურ მსხვერპლთან თუ შუამავლებთან გარიგების თვალსაზრისით. თან, ის, რომ ამისათვის მათ ფულს გადაუხდიან მოტივაციაა მათთვის – ფოტო ამდენი ღირს, ვიდეო –ამდენი“, – ამბობს ბავშვთა დახმარების ცენტრის ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე.
რუსეთის შსს–ს მონაცემების მიხედვით, ბავშვის ხარისხიანი პორნო–ფოტოს ფასი ხუთი აშშ დოლარი, ფოტოგალერეის– 20 აშშ დოლარი,  20– წუთიანი ფილმის –700 აშშ დოლარი, 2– საათიანი 1 500 აშშ დოლარი ღირს.

გაეროს მოხსენებების მიხედვით, ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტოების პროდუქციის 60% მსოფლიო ბაზარზე რუსეთიდან ხვდება. მთელი ბავშვთა პორნოგრაფიის 75 %-ზე  მეტი ფოტო მასალა ინტერნეტით ვრცელდება, სადაც დაახლოებით 40 000 ასეთი პორნოსაიტია.
როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, სქემა, რომლის მიხედვით,  მსხვერპლს ეძებენ, მარტივია – საიტებზე ეცნობიან ბავშვებს; მოიპოვებენ ნდობას და შემდეგ  შეხვედრაზეც უთანხმდებიან. პორნოგრაფიული ფოტოების სანაცვლოდ კი, თანხას სთავაზობენ. „ამ ანკესზე განსაკუთრებით ადვილად ეგებიან ბავშვები ნაკლებად უზრუველყოფილი ოჯახებიდან და მოზარდები, რომელთაც „ჯიბის ფული“ არ ყოფნით“, –ამბობს ქეთევან თავართქილაძე.  
ფსიქოლოგის თქმით, რამდენიმე წლის წინ yahoo–ს  რამდენიმე ჩათი სწორედ იმიტომ დაიხურა, რომ მათ აქტიურად იყენებდნენ პედოფილები: ვებ–კამერის მეშვეობით ისინი შიშველ ბავშვებს იღებდნენ და შემდეგ მასალებს საიტებზე ათავსებდნენ.
„ბავშვები შეიძლება ისე იქცნენ მსხვერპლად, ვერც აცნობიერებდნენ მოზრდილების დანაშაულებრივ ქმდებებს“, –ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით იკრძალება არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულებათა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვნის პორნოგრაფიაში ჩართვის პრეცედენტი დაფიქსირებული არ არის.  

ის, რომ პრობლემა ყველა ქვეყნაში არსებობს, და რომ არც საქართველოა გამონაკლისი, აღნიშნულია იუნისეფის 2001 წლის კვლევაში –  ციფრული ფოტო, ვიდეო კამერების, კომპიუტერების, სკანერების, და, ზოგადად, კომუნიკაციების საშუალებების გაიაფება პოტენციურად ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის ინტერნეტით სარგებლობას და დამატებით შესაძლებლობებს უქმნის ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის–იუნისეფის მიერ 2001 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ „საქართველოში საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეროვნული ტრადიციების, მართლმდადიდებლური მორალისა და მენტალიტეტიდან  გამომდინარე, ქვეყანაში ვერავინ მოიაზრებს ბავშვს–როგორც კომერციული ექსპლუატაციის ობიექტს“.

„არა მგონია, ჩემი შვილი ასეთ საიტებზე შედიოდეს და რამე ცუდს ათვალიერებდეს“, –ამბობს 14 წლის ნიკას დედა იზა დაუშვილი.

დაახლოებით იმავენაირად ფიქრობს ნეტგაზეთის მიერ გამოკითხული 12 მშობელი.

„ჩემი შვილი ინტერნეტს, ძირითადად, მეგობრებთან საურთიერთოდ იყენებს, და ვიცი, რომ ზოგჯერ ფილმებს, მუსიკასაც იწერს. რამდენჯერაც შევსულვარ მის ოთახში, ცუდი არაფერი მინახავს მის კომპიუტერში“,–ამბობს ნანა შუბითიძე.

ნანას შვილი, თამუნა 14 წლისაა.  კომპიუტერი  მის ოთახში დგას. როდესაც თამუნა სკოლაშია, მისი მშობლები კომპიუტერს არც მაშინ რთავენ.  

„მე სკაიპის მოხმარება ვიცი მხოლოდ. იმასაც მაშინ ვიყენებ, როცა ჩემი შვილი სახლშია, მის გარეშე არ ვრთავ კომპიუტერს. რამე რომ გაფუჭდეს, მე დამაბრალებს“, –ამბობს თამარის დედა.

თამარი ამბობს, რომ თუ მშობელი მის კონტროლს დაიწყებს, სავარაუდოდ, ის პროტესტის ნიშნად შევა პორნოგრაფიულ საიტებზე.

„ჩემი ნაცნობი ბიჭები რომ შედიან ძალიან ხშირად ასეთ საიტებზე, ზუსტად ვიცი. მე არ შევდივარ, თუმცა, თითქმის ყველა გასართობ საიტზე–უფრო მეტად ისეთ საიტებზე, სადაც მუსიკას, ფილმებს ან თამაშებს იწერ, პორნო საიტების რეკლამები ჩნდება. აი, ნახეთ, მაგალითად, www. radio.ge“, –ამბობს 14 წლის თამარი.

www. radio.ge –ზე მთელი დღის განმავლობაში თვალსაჩინო ადგილზე არის ბანერი წარწერით–„შუაღამისას შემოდი www.avoe.ge- ზე- 18 + თამაშები“.

როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი, ქეთევან თავართქილაძე ამბობს, ინტერნეტში მიღებული ინფორმაცია ბავშვისთვის ან მოზარდისთვის სახიფათო იმის გამოც არის, რომ ბავშვი ან მოზარდი სექსზე ინფორმაციას დამახინჯებულად იღებს.

„უფროსებმა ბავშვი სხვა მიზეზითაც უნდა დაიცვან პორნოგრაფიის ყურებისაგან–როცა ადამიანი ბავშვობიდანვე პორნოგრაფიას უყურებს, დროთა განმავლობაში მისთვის სექსი გრძნობებთან და სიყვარულთან გაიგივებული აღარ იქნება“, –ამბობს ფსიქოლოგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი