საზოგადოება

მთავრობის დაბურული ინიციატივა

22 ნოემბერი, 2010 • 2762
მთავრობის დაბურული ინიციატივა

ბურების ფერმა სამხრეთ აფრიკაში
ბურების ფერმა სამხრეთ აფრიკაში

– ვაიმე, არ იცი? – აფრიკიდან 40 000 კაცი ჩამოყავთ საქართველოში საცხოვრებლად.

 მგონი, კახეთში უპირებენ ჩასახლებას *** მოემზადე ახალი მეზობლების დასახვედრად.

 თქვენ ხუმრობთ, ხალხო და მე გული გამისკდა?! წარმოიდგინეთ, მართლა რომ ჩამოასახლონ! საცოდავო საქართველო, საით მიექანები!

ეს კომენტარები ფეისბუქზე, ერთ–ერთი მომხმარებლის მიერ საკუთარ გვერდზე ატვირთულ ფოტოს მოჰყვა. ფოტოზე, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი გამოეხმაურა ხელისუფლების ინიციატივას საქართველოში ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე აფროამერიკელია გამოსახული, წარწერით – „ჩვენი მომავალი თანამოძმეები“.

ვინ არიან სინამდვილეში ბურები? რატომ და რის გამო შეიძლება ისინი დასახლდნენ საქართველოში? საქართველოს რომელ რეგიონში აპირებს მთავრობა მათ ჩამოსახლებას და რა პირობებით? რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოში ბურების ჩამოსახლება? – ეს ის შეკითხვებია, რაზეც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს პასუხი არ გააჩნია და რაზეც ხელისუფლება ამ დრომდე არ იძლევა პასუხებს.

ბურები – თეთრკანიანი ფერმერები, სამხრეთ აფრიკაში მე–17–18 საუკუნეებში გადასახლებული ჰოლანდიელების შთამომავლები არიან (ძველჰოლანდიურ ენაზე სიტყვა ბურ აღნიშნავდა გლეხს). ბურების  მშობლიური ენა აფრიკაანსულია. ამ ენაზე სიტყვა ბური ფერმერს ნიშნავს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით,  ბურების 40 ათას ოჯახს, დაახლოებით 150 ათას ადამიანს, საქართველოში, კერძოდ კი, ქართლისა და კახეთის რეგიონებში, უახლოეს თვეებში ჩამოასახლებენ.

საქართველოში ბურების ჩამოსახლებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უწევს კოორდინაციას, შესაბამისად, ნეტგაზეთმა შეკითხვებით, პირველ რიგში, აღნიშნულ სამინისტროს მიმართა. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ მინისტრს შეუძლია, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება მივლინებაში და ამის გამო, პასუხები ვერ მივიღეთ.

სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ საქართველოში ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით ინტერვიუ ამერიკულ CNBC-ის მისცა, სადაც განაცხადა, რომ ბურები მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფერმერები არიან, რომელთა დახმარებითაც ააღორძინებენ საქართველოში სოფლის მეურნეობას:

”კომუნისტურ პერიოდში დავკარგეთ ეს (სამეურნეო) ტრადიციები. ჩვენ გვინდა, აღვადგინოთ აგრარული სექტორი,” – აღნიშნა დავითაიამ.  

საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების კუთხით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, ქეა საერთაშორისო, ათასწლეულის გამოწვევა საქართველო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. აღნიშნულ ორგანიზაციებში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფერმერული მეურნეობის განვითარება ხელს შუწყობს აგრარული სფეროს აღორძინებას, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება საქართველოს აგრარულ სექტორის განვითარებისთვის ბური ფერმერების ჩამოსახლება, ამ კითხვაზე პასუხისაგან თავს იკავებენ იმ მოტივით, რომ არ ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას საქართველოში ბურების ჩამოსახლების თაობაზე.   

ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი – ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გააფორმა სამხრეთ აფრიკის  ეროვნულ აგრარულ კავშირთან ქალაქ პრეტორიაში.

ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დღემდე გასაიდუმლოებულია.

სამხრეთ აფრიკის  ეროვნული აგრარული კავშირი, რომელთანაც საქართველომ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, იგივეა, რაც ტრანსვაალის სასოფლო კავშირი. კავშირი, რომელიც 1897 წელს შეიქმნა თეთრკანიანი ფერმერების უფლებების დაცვის მიზნით, ძირითადად, სწორედ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ თეთრკანიან ფერმერებს აერთიანებს. ტრანსვაალის სასოფლო კავშირის გენერალურმა მენეჯერმა ბენი ვან ზილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბური ფერმები საქართველოში საკუთარი ინვესტიციით აპირებენ ჩამოსვლას.

“საქართველოში სოფლის მეურნეობა დაბალ დონეზეა განვითარებული. ბურები რომ შემოვლენ, რა გადატრიალებას მოახდენენ, ვერ გეტყვითინვესტორი როცა შემოდის ქვეყანაში, მას ის კი არ აინტერესებს, საქართველო განვითარდება თუ – არა, მას უნდა, პირველ რიგში, თავისი ბიზნესი განავითაროს,” – ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროგრამის კოორდინატორი დავით თამარაშვილი. მისივე თქმით, ეს პროცესი, შესაძლოა, ქართველი გლეხებისა და ფერმერებისთვის მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს:

„თუ ისინი (ბურები) შემოიტანენ თანხას და მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ, იქნებიან კონკურენტულნი. ჩვენს გლეხს კი არც ფული აქვს და არც – ტექნოლოგიები, საოჯახო ხასიათის მეწარმეობა აქვთ. ეს არ არის მომგებიანი სოფლის მეურნეობა,“ – ამბობს თამარაშვილი.

ქართველი ფერმერი დავით თანიაშვილი, რომელსაც ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ციტრუსი და ჩაი მოჰყავს, ამბობს, რომ მას სახელმწიფოსგან ფინანსური  თანადგომა სჭირდება.

”ფინანსური დახმარებებია საჭირო. მქონდა განაცხადი იაფ კრედიტზე, რადგან მოთხოვნა იზრდება და მეურნეობის გაზრდაც მსურდა, მაგრამ ვერ მივიღე კრედიტი”, – ამბობს თანიაშვილი (2008 წლის თებერვლის თვეში ეკონომიკის სამინისტრომ მას იაფი კრედიტი დაუმკიცა, მაგრამ საბოლოოდ, პროგრამის შეწყვეტის მოტივით, მან სახელმწიფოსგან დაფინანსება ვერ მიიღო).

დავით თამარაშვილის თქმით, სწორედ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემითაა შესაძლებელი საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარება.

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ქართველ ფერმერებს საკუთარი მეურნეობების განვითარებაში მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ბურების გამოცდილების გაზიარება:

„ბურებს აქვთ ფერმერობის უნიკალური გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაინერგოს ახალი კულტურები. კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში გააჩაღებენ თავიანთ მეურნეობებს“, – განაცხადა პაპუნა დავითაიამ კურიერ P.S.–სთან ინტერვიუში.

«სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა ძალიან განვითარებულია და ეს ბური ფერმერების დამსახურებაა,» – ამბობს გაეროს სურსათისა და მიწათმოქმედების ორგანიზაციის კონსულტანტი რატი შავგულიძე.

სამხრეთ აფრიკის საინფორმაციო პორტალის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის დარგებიდან მათ ქვეყანაში განვითარებულია როგორც მეცხოველეობა, ისე მიწათმოქმედება: მარცვლეული კულტურებიდან, ძირითადად, მოყავთ ყვითელი სიმინდი და ხორბალი. ასევე, რესპუბლიკა მზესუზმირის ათ ყველაზე დიდ ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა. იგივე წყაროს მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში 13.8 მილიონი მსხვილფეხა საქონელი და 28.8 მილიონი ცხვარია. სამხრეთ აფრიკას წარმატებები ღვინის ბაზარზეც აქვს: 110 ათას ჰექტარ ფართობ მიწაზე ვაზის 300 მილიონი ძირი ხარობს. თუკი 1992 წელს რესპუბლიკიდან 22 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2007 წელს ამ მონაცემმა 314 მილიონ ლიტრამდე მიაღწია.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, სოფლის მეურნეობის რომელ სფეროს გაჰყვებიან ბურები საქართველოში? ბენი ვან ზილმა, ტრანსვაალის სასოფლო კავშირის გენერალურმა მენეჯერმა, გვიპასუხა:

«უნდა შევისწალოთ ბაზარი (როგორც ადგილობრივი, ასევე – საექსპორტო). ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ვაწარმოოთ. საქართველოს აქვს მდიდარი სამეურნეო ტრადიციები და არსებული ცოდნის უკუგდება არ არის კარგი პრაქტიკა.»

ვან ზილი ამბობს, რომ „ინფორმირებული არჩევანის“ გასაკეთებლად ემზადება:

”ჩვენ არ ვაპირებთ დავიწყოთ პროექტი, სანამ არ გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ, მომავალ ინვესტორებს, საშუალებას მოგვცემს, გავაკეთოთ ინფორმირებული არჩევანი.”

უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ვან ზილი დეკემბრის დასაწყისში აპირებს, როდესაც პირადად ეწვევა საქართველოს.

ბურების თხუთმეტკაციანი დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში 29 სექტემბერს შედგა. ვიზიტის მიზანი საქართვლოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა და საინვესტიციო გარემოს შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთაფრიკელი ფერმერები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანასთა სამინისტროებში მიიყვანეს, სადაც ”ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.” სტუმრებს უცხოურ საწარმოებსა და ადგილობრივი გლეხების სამიწათმოქმედო ნაკვეთებზე ექსკურსიაც მოუწყვეს.

ბურებს ექსკურსიამძღოლობას საქართველოში რამდენიმე პირველი პირი უწევდა, მათ შორის, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პირველი ლედი სანდრა რულოვსი.  ბურების დელეგაცია კახეთში ძმებ გამტკიცულაშილების ვენახშიც მიიყვანეს. 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ერთ–ერთ ძმას – გელა გამტკიცულაშვილს, რომელიც ვენახთან ერთად, მარანსაც ფლობს და, შესაბამისად, თავადვე აწარმოებს ღვინოს. ჩვენს შეკითხვებზე, თუ რა მიზნით მიიყვანეს მასთან ბური ფერმერები, რაზე იყო მათთან საუბარი და მიიღო თუ არა ბური კოლეგებისგან მან რაიმე რჩევები ან პირიქით, ისინი თუ დაინტერესდნენ მისი გამოცდილებით, გამტკიცულაშვილმა ასეთი პასუხი გაგვცა: «უნდა გავიაზრო, მოვიფიქრო, გავიხსენო ის მომენტები, ის სიტუაციები აღვიდგინო, ასე უცბად ამ საკითხზე… ეს მნიშვნელოვანი საკითხია»… გამტკიცულაშვილმა გვითხრა, რომ მოგვიანებით დავკავშირებოდით, თუმცა „მოგვიანებით“ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ვან ზილი ამბობს, რომ ტრანსვაალის სასოფლო კავშირი  დეკემბერში გამოგზავნის ექსპერტებს, რომლებიც შეისწავლიან საქართველოს შიდა და საგარეო ბაზარზე მოთხოვნას. ექსპერტების დასკვნის შემდეგ კი, გადაწყვეტენ – ღირს თუ არა საქართველოში კაპიტალის დაბანდება.

ბურები სამხრეთ აფრიკიდან გასახლებას ქვეყანაში შექმნილი პირობების გამო აპირებენ: ვან ზილის თქმით, 1994 წლიდან (მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი გაუქმდა) დღემდე აფროამერიკელებმა 3 ათასი თეთრკანიანი ფერმერი მოკლეს. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 5 მილიონი თეთრკანიანის შევიწროება 35 მილიონი შავკანიანის მიერ. სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო პოლიტიკის თანახმად, თეთრკანიან ფერმერებს საკუთრებაში არსებული მიწების 30% ჩამოერთმევა.

”სახელმწიფო პოლიტიკის გამო, ბევრმა კვალიფიციურმა ფერმერმა დაკარგა ფერმერობის შესაძლებლობა და მომავალში ეს შეუქცევადი პროცესი გახდება,” – ამბობს ბენი ვან ზილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების თანადგომის იმედი აქვს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ გადაწყდება ბურების საქართველოში ჩამოსახლების საკითხი.

საქართველოს პირველმა ლედიმ კურიერ P.S.–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო ბურებს აუცილებლად დაეხმარება, თუმცა კონკრეტულად – რაში, ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ ღიად არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი