საზოგადოება

სარეკლამო ბიზნესი არასრულწლოვანთა ხარჯზე

19 ნოემბერი, 2010 • • 1576
სარეკლამო ბიზნესი არასრულწლოვანთა ხარჯზე

,,გეთანხმებით, რომ ცვლილება გარკვეულწილად შეიძლება უკავშირდებოდეს მავნე ზეგავლენასაც, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მცირე ცვლილება სიტუაციისა ამ მიმართულებით. სამაგიეროდ, ეს არის სარეკლამო მიზნებისთვის და სამაუწყებლო მიზნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ’’, – ამბობს პავლე კუბლაშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.

ილუსტრაცია: კონსტანტინე სტალინსკი
ილუსტრაცია: კონსტანტინე სტალინსკი

უმრავლესობის ინიციატივა, მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ტელეეთერით გაშვების დასაშვები დრო გახდეს საღამოს 8 საათიდან, იურისტებისა და პარლამენტარების ნაწილის აზრით, ახალგაზრდებზე მავნე ზეგავლენის მოხდენის ალბათობას გაზრდის.

კანონპროექტი საქართველოს კანონში რეკლამის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე  პირველი მოსმენით 18 ნოემბერს განიხილეს.

ცვლილების მიხედვით, მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამირება ტელეეთერით დასაშვებია საღამოს 8 საათიდან. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს დროებითი ნორმაა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, 2015 წლამდე იმოქმედებს. ამიტომ ცვლილებაც გარდამავალ დებულებებში შევა და არა კანონის ძირითად პუნქტში.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა თორდიამ ცვლილების მიზანი ტელევიზიისათვის შემოსავლების ზრდას დაუკავშირა.

ეროვნულ-დემოკატიული პარტიის წევრ გურამ ჩახვაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა მოზარდებსა და ბავშვებში მაგარი სპირტიანი სასმელის მოხმარებას გაზრდის. თუმცა უმრავლესობა ფიქრობს, რომ რამდენიმე საათიანი ცვლილება მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს  ახალგაზრდებზე.

,,ამ შემთხვევაში ორივე სასწორის პინაზე რაღაც ღირებულებები დევს. შესაბამისად, ვფიქრობთ, ის რომ, რამდენიმე საათით წაინაცვლა იმ დღის შუალედმა, რომლის განმავლობაშიც შეიძლება ამ რეკლამის გაშვება, ეს მნიშვნელოვნად არ შეცვლის სიტუაციას ზეგავლენის კუთხით’’, – ამბობს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პალიკო კუბლაშვილი.

მოქმედი კანონმდებლობით, მაგარი სპირტიანი სასმელების (სასმელი, რომელშიც სპირტის შემცველობა აღემატება 14%-ს)  რეკლამირება ტელეეთერით დაშვებულია საღამოს 11 საათიდან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ თამარ კორძაიას განმარტებით, კანონში შეზღუდვის დაწესება სწორედ ახალგაზრდებზე ზეგავლენის მოხდენას უკავშირდება.

,,ეს არის ალკოჰოლური საშუალება და მაღალი ალბათობაა იმისა, რომ არასრულწლოვნები უყურებენ ამ დროს ტელევიზორს. შესაბამისად, ეს მოახდენს მავნე ზეგავლენას. მავნე ზეგავლენის მოხდენაში იგულისმება ის, რომ დამოკიდებულებას  და მიდრეკილებას გაუჩენს, არასრულწლოვნებს ინტერესის ფორმირებაში დაეხმარება. ეს კი აკრძალულია კანონმდებლობით’’, – განმარტავს კორძაია.

არასრულწლოვანთა დაცვას რეკლამის განთავსებისა და გავრცელების დროს იგივე კანონი ითვალისწინებს. რეკლამის შესახებ კანონის მე–14 მუხლში ნათქვამია:

რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა გულუბრყვილობისა და გამოუცდელობის ბოროტად გამოყენებისაგან, მათი დაცვის მიზნით, აკრძალულია:

ა) არასრულწლოვანთათვის შთაგონება – დაარწმუნონ მშობლები ან სხვა პირები რეკლამირებადი საქონლის შეძენაში;

ეს კანონი რეკლამის განსაზღვრებასაც გვაძლევს. ტერმინთა განმარტებაში კანონი ამბობს, რომ რეკლამა არის – საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში– საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე, საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. რადგან კანონი აღიარებს, რომ რეკლამა ინტერესის ფორმირებას ემსახურება, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში არასრულწლოვანთა დაცვას ერთი თავი ეთმობა. 

კოდექსი ადგენს საათობრივ ბადეს წლოვანებასთან დაკავშირებით. მეთერთმეტე თავი, არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მაუწყებლებისთვის აყენებს მოთხოვნებს. ეს თავი ამბობს, რომ მაუწყებელმა სამაუწყებო ბადის შედგენისას უნდა გაითვალისწინოს,  ,,არსებობს თუ არა არასრულწლოვნების ფიზიკური, ფსიქოლოგიური , ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისათვის მავნე ზეგავლენის მოხდენის რეალური საფრთხე’’; (მუხლი 38, პუნქტი 3, ა ქვეპუნქტი)

იგივე თავი განსაზღვრავს, რომ  18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის მაუწყებელმა საეთერო ბადე საღამოს 12 საათამდე შეზღუდულად უნდა დაგეგმოს. 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის 23 სათამდე და ა.შ. უფრო დაბალ ასაკზე კანონი უფრო მეტ შეზღუდვას აწესებს.

სამაუწყებლო პროგრამების კატეგორიების განსაზღვრისას 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა, რომელიც შეიცავს თამბაქოსა და ალკოჰოლის გამართლებასა და მოწონებას.

47–ე მუხლი ვალდებულებას აკისრებს მაუწყებელს, რომ არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, სამაუწყებლო ბადის დაგეგმვა აუდიტორიის სავარაუდო ასაკის გათვალისწინებით მოხდეს.

უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ შესაძლებელია ეს ცვლილება უკავშირდებოდეს მავნე ზეგავლენასაც, მაგრამ, მისი აზრით, ამან შესაძლოა, მხოლოდ მცირე ცვლილება გამოიწვიოს ამ მიმართულებით.

,,სამაგიეროდ, ეს არის სარეკლამო  და სამაუწყებლო მიზნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი’’, – განმარტავს კუბლაშვილი.

თუ რა დოზის ზეგავლენა შეიძლება გამოიწვიოს არასრულწლოვნებზე მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამამ, ეს უმრავლესობის წევრებისთვის მხოლოდ სავარაუდოდ განისაზღვრება. კორძაია ამბობს, რომ შეზღუდვის გაუქმება ვერ იქნება მისასალმებელი:

,,თუ არგუმენტი მედიაბიზნესის განვითარებაა, მაშინ რატომ არ უშვებენ სიგარეტის რეკლამას? ასე ხომ გაცილებით მეტი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი? ჩემი აზრით, მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არადამაჯერებელია. ამ შემთხვევაში თვითონ რას ფიქრობენ, ეს არ არის არგუმენტი. არგუმენტი შესაძლოა კვლევის შედეგები ყოფილიყო. მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში, იმ დროს, როცა ბავშვები უყურებენ ეთერს, ასეთი ტიპის რეკლამები აკრძალულია’’.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელიც ბავშვებთან მუშაობს ამბობს, რეკლამის მიზანი სწორედ ის არის, რომ  დააინტერესოს ადამიანები წარმოდგენილი პროდუქციით. ცირამუა განმარტავს, რომ ბავშვები და თინეიჯერები არიან ყველაზე მოწყვლადები, ზოგადად, მითუმეტეს რეკლამის მიმართ. მისი თქმით, 2009 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, ჩატარდა კვლევა არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. კვლევის მიზანი მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა იყო. ანკეტაში გათვალისწინებული იყო შეკითხვა, რომელიც გამოარკვევდა, პირველად რამდენი წლის ასაკში გასინჯეს გამოკითხულებმა ალკოჰოლი. აღმოჩნდა, რომ წლოვანების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 10 წელი იყო.

,,ამ კვლევის განზოგადება არ შეიძლება, მაგრამ ამ მონაცემებით ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 10 წლის ასაკიდან იქმნება რისკ ჯგუფი იმ მოზარდების, რომლებიც შესაძლოა ალკოჰოლის მომხმარებელნი გახდნენ. ამიტომ არ ვემხრობი ამ ცვლილების ამოქმედებას. ერთია, რომ ტელევიზიებს სჭირდებათ სარეკლამო შემოსავლები და მეორეა, რომ აქ არსებობს ინტერესები, მათ შორის, ჩვენი მომავალი თაობის. არაცნობიერად რეკლამა ბავშვისთვის ხდება მისაბაძი ქცევა’’, – განმარტავს მაია ცირამუა.

ნეტგაზეთი სარეკლამო კომპანია ზებრას და ასევე, სპირტიანი სასმელების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანია გომს დაუკავშირდა. ორივე კომპანიაში განმარტავენ, რომ შემოსავლების მხრივ ეს ცვლილება მათთვის სასარგებლო იქნება.

კომპანია ზებრას ხელმძღვანელი ნიკა ლომიძე ამბობს, რომ დღეს ალკოჰოლური სასმელების სარეკლამო რგოლებზე შეკვეთა თითქმის არ არსებობს. ლომიძის აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა სწორედ მოქმედი კანონმდებლობა იყოს, რომლის მიხედვითაც, ახლა ალკოჰოლური სასმელების რეკლამირება შეზღუდულია.

,,დღევანდელი შეზღუდვაც მოქმედებს რეკლამების დაკვეთაზე, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, მიზნობრივი აუდიტორია ძალიან შემცირებულია. 8 საათი ფაქტობრივად პრაიმტაიმია, მაგ დროს ტელევიზიას ბევრი მაყურებელი ჰყავს, რეიტინგული გადაცემებია ეთერში, შესაბამისად, მათთვის კომერციულად გამართლებული იქნება, თუ გააკეთებენ რეკლამას’’, – განმარტავს ლომიძე.

კომპანია გომის კონსულტანტი სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში ზაზა თაბაგარი  ადასტურებს, რომ მარკეტინგის თვალაზრისით, ამ დროს ტელეეთერით გაშვებული რეკლამა გაყიდვებზე იქონიებს გავლენას. თუმცა თაბაგარი აქ სხვა პრობლემას ხედავს. მისი განამრტებით, სატელევიზიო რეკლამა, რომელიც ძვირი ჯდება, შესაძლებელია, სარფიანად მხოლოდ იმპორტიორმა კომპანიებმა გამოიყენონ და არა – ადგილობრივმა.

,,კანონის ეს ცვლილება შესაძლებელია უფრო უკეთესად გამოიყენონ იმპორტიორებმა, რომელთა უკანაც მსხვილი ფინანსური ჯგუფები დგას. მაგალითად, უკრაინული ან რუსული მწარმოებლები. თუ ისინი დიდ დროს იყიდიან, ჩვენ შეიძლება კონკურენციას ვერ გავუძლოთ. ამიტომ, ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს შეიძლება ჩვენთვის დიდი შეღავათი არ იყოს’’, – ამბობს კომპანია გომის წარმომადგენელი.

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი