საზოგადოება

მთავრობა არქეოლოგების მოთხოვნას არ ითვალისწინებს

12 ნოემბერი, 2010 • 1773
მთავრობა არქეოლოგების მოთხოვნას არ ითვალისწინებს

ფიჭვნარში 15 სასტუმროს მშენებლობისთვის რვა კომპანია და ფიზიკური პირია შერჩეული, პროექტების წარდგენის ვადამ კი 15 დეკემბრამდე გადაიწია. ეკონომიკის სამინისტროში როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან 52 განაცხადია შესული. ტერიტორიაზე, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, არქეოლოგიური ძეგლია და შესასწავლია, მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს.

ინვესტორები ქობულეთის «თავისუფალი ტურისტული ზონის» განვითარების ხელშეწყობის კომისიამ ორი დღის წინ შეარჩია: ფიზიკური პირებიგოგი გოგიტიძე (ქობულეთი); ნუგზარ გამყრელიძე (თბილისი); გრიგოლ გაფრინდაშვილი (თბილისი); ასევე კომპანიები – თბილისის სავაჭროსამრეწველო პალატა და კომპანია «ცქიფო» (თბილისი); «ოქროს სტანდარტი» (თბილისი); «პლატინიუმ რეალ ისთეითი» (თბილისი), «ESCo-Concern CJSC»(სომხეთი, ერევანი) და ООО «РУСАДЖ» (რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. პოდოლსკი).

ტურისტულ ზონაში დაგეგმილი 27-ის ნაცვლად 30 სასტუმრო აშენდება. კონკურსში მონაწილე სხვა პროექტებს კი კომისია მომდევნო სხდომაზე განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტების შერჩევა დაწყებულია, საკანონმდებლო ბაზა, რომელმაც მთავრობის მიერ ინვესტორებისთვის შეთავაზებული შეღავათები უნდა დააკანონოს, კვლავ  მოუწესრიგებელია.

საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტები საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს, კომისიამ კი განსაზღვროს სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანისა და ფუნქციონირების დაწყების თარიღი.

ზონა, სადაც სასტუმრო კომპლექსი აშენდება, მთლიანად მოიცავს ფიჭვნარის იმ ტერიტორიას, რომელიც ადრე დაცული ტერიტორია იყო და რომელიც არქეოლოგიურად შესასწავლია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აქ გათხრები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მეცნიერებს ძეგლის განადგურება დაუშვებლად მიაჩნიათ და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ტერიტორიის არქეოლოგიურად შესწავლის შემდეგ აქ სასტუმროების აშენება პრობლემა აღარ იქნება.

«მთავრობა პირობას დებს, რომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში არქეოლოგიური ძეგლები არ დაზიანდება», _ ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პარლამენტის 26 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც შესაბამისი კანონი მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცეს.

ხუროშვილმა აღნიშნა, რომ «კომისიაში, რომელმაც საინვესტიციო განცხადებები უნდა განიხილოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც შედის და, შესაბამისად, არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არქეოლოგიურ მემკვიდრეობას დააზიანებს». საპარლამენტო მდივანმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ არქეოლოგიური ძეგლის საკითხს კომისია აუცილებლად განიხილავდა და გაითვალისწინებდა.

მიუხედავად ამისა, როგორც «ბათუმელებს» ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რვაკაციან კომისიაში, რომელსაც მინისტრი ვერა ქობალია ხელმძღვანელობს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი არ შედის. კომისიის წევრია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე.

ფიჭვნარის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს. ხელისუფლება ინვესტორებს ამ ადგილს სამშენებლო მოედნად უმზადებს და მის არქეოლოგიურ ღირებულებას არ ითვალისწინებს.

ქობულეთის გამგებლის პირველი მოადგილის, მამია ხარაზის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტს 400 ათას ლარამდე, ტრანსფერის სახით, აჭარის ბიუჯეტიდან გადმოეცა. სამუშაოებს ერთ პირთან მოლაპარაკებით ფირმა «გზა» აწარმოებს.

ფიჭვნარში სასტუმროების მშენებლობა, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყება. «ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ» კანონის თანახმად, ინვესტორი, რომელიც ფიჭვნარში სასტუმროების ასაშენებლად მინიმუმ 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 15 წლით გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან და მიწის შესაბამისი ფართობი (მაგრამ არა უმეტეს 0,2 ჰა-სა) სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცემა. პროექტისთვის ჯამში 11,3 ჰა მიწის ფართობია გამოყოფილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი