საზოგადოება

პოლონური გამოცდილება საქართველოსთვის

11 ნოემბერი, 2010 • 1915
პოლონური გამოცდილება საქართველოსთვის

დღეს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა პოლონელმა ჟურნალისტმა და გაზეთ Wyborcza-ს მთავარმა რედაქტორმა ადამ მიხნიკმა. პოლონეთის დეკომუნიზაცია, რუსეთის გავლენისგან განთავისუფლება,  სირთულეები, რომლებიც პოლონეთმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გადალახა,  ეკლესიის როლი პოლონეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში, პოლონეთში არსებული მედიაგარემო – ეს არის იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალი, რაზეც ადამ მიხნიკმა დღეს ყურადღება გაამახვილა.  

მიხნიკის გარდა, თსუ-ს მეორე კორპუსში მოხსენება წაიკითხეს– იან იაკუბ ვიგანსკიმ, პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „მამას“ წარმომადგენელმა, პოლონეთის ერთ-ერთი ცენტრალური რეგიონის გუბერნატორმა იაცეკ კოზლოვსკმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა განზომილების“ აქტივისტმა ვიტეკ ხებანოვსკმა.

პოლონური დელეგაცია საქართველოში პროექტის– „აქტიური სამოქალაქო საზოგადოება პრაქტიკაში“– ფარგლებში ჩამოვიდა. აღნიშნული პროექტი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისკენაა მიმართული და მას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.  პოლონელები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შესაფასებლად და საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩამოვიდნენ.

 მიხნისკის აზრით, გნავითარების გზაზე მდგომი ქვეყნებისთვის მთავარი პრობლემაა დემოკრატიული კულტურის არარსებობა  და  მისი მოსაზღვრე მეზობელი ქვეყნები.

„შემდეგი მთავარი პრობლემა  ისტორიული მეხსიერებაა, გადატანილი კონფლიქტები.  თუ როგორ მივხედოთ საკუთარ ისტორიას – ეს არის კითხვა, რომელიც აქტუალურია დეკომუნიზაციისა და ლუსტრაციის  დროს.  პოლონეთში ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს დებატები“ – თქვა ჟურნალისტმა და ყოფილმა დისიდენტმა.  მისი თქმით,  როცა ლუსტრაციის პროცესი დაიწყო და იმ დროს უშიშროების არქივები  ვის ხელშიც იყო, სწორედ ის ადამიანები ამ დოკუმენტებს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ.

ადამ მიხნიკმა თქვა, რომ კომუნისტური, სოციალისტური იდეა პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში ჩაანაცვლა ნაციონალისტურმა იდეოლოგიამ.  მისი აზრით, ამ  ქვეყნებში  დაპირისპირება მიდის ორ იდეას შორის: ეთნიკურ სახელმწიფოსა და ისეთ სახელმწიფოს შორის, სადაც სამოქალაქო უფლებები უფრო ღირებულია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიისა და რელიგიის როლის შესახებ საუბარი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. პოლონეთში ეკლესიამ ითამაშა უდიდესი, ამასთანავე, დადებითი როლი კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – თქვა ჟურნალისტმა. მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა ქმედებები, როცა ეკლესია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს, რაც დაუშვებელია.

მიხნიკის შემდეგ ლექცია დელეგაციის სხვა წევრებმა გააგრძელეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, იან იაკუბ ვიგნანსკიმ თქვა, რომ პოლონეთში ეროვნული მოძრაობის აღორძინების საქმეში მედიამ დიდი როლი ითამაშა.  მისივე აზრით, დღევანდელი პოლონური მასმედია ქვეყანაში ვერ უზრუნველყოფს დისკუსიის წარმოებას ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან საკიხთხებზე.  ვიგნანსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება, გასული წლებისგან განსხვავებით, ძალიან დასუსტებულია და პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ლექციის დამთავრების შემდეგ  დისკუსიაც გაიმართა. კითხვების ავტორებს, ძირითადად, აინტერესებდათ პარალელები პოსტკომუნისტურ პოლონეთსა და საქართველოს შორის. მიხნიკმა თქვა, რომ არსებობს საკმაოდ ბევრი მსგავსება  და განსხვავება.  მისი აზრით, მსგავსი საერთო პრობლემა არგანხორციელებული სასამართლო რეფორმაა, რასაც პოლონეთის ხელისუფლებასაც ხშირად საყვედურობენ.

ერთ-ერთი ქართველი სტუდენტის კითხვა ეხებოდა მედიის როლს კონფლიქტის მხარეების ურთიერთობაში. პოლონელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მედიას კონფლიქტში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. მან შეიძლება კონფლიქტის მოგვარებას შეუწყოს ხელი, ან – პირიქით, დაძაბულობა უფრო გააღვივოს.  მიხნიკმა ამის დასტურად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კონფლიქტის ორივე მხარის მედიასასუალებების მუშაობა გაიხსენა. მისი თქმით, რუსული მედიასაშუალებების პროპაგანდისტული მუშაობა „საშინელება იყო“ და რთული იქნებოდა, მსგავსი კამპანიისთვის შესაფერისი პასუხი ვინმეს არ გაეცა.

 პოლონური დელეგაცია საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. 12 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრა-სემინარი ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ისინი, ასევე, შეხვდებიან პრეზიდენტის რწმუნებულებს  მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

Image 2576
Image 2576

მასალების გადაბეჭდვის წესი