საზოგადოება

მწვანეების ბრძოლა წმინდა ადგილისთვის

10 ნოემბერი, 2010 • 1242
მწვანეების ბრძოლა წმინდა ადგილისთვის

ამ ტერიტორიას საქართველოს საპატრიარქომ წმიდა ადგილის სტატუსი მიანიჭა.
ამ ტერიტორიას საქართველოს საპატრიარქომ წმიდა ადგილის სტატუსი მიანიჭა.

საქართველოს მწვანეთა პარტია პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მცხეთაში, ე.წ. წმიდა ადგილზე, რესტორნისა და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას არ შეაჩერებს.

მწვანეების თქმით, მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს იმ მონაკვეთს, რომელიც მოქცეულია პომპეუსისა და ახალ სამანქანო ხიდებს შორის, საქართველოს საპატრიარქომ წმიდა ადგილის სტატუსი მიანიჭა.

წმიდა ადგილად აღნიშნული ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს აღიარა. ცენტრის სამეცნიერო საბჭო ისტორიკოს ეკა ჯაფოშვილისა და არქიტექტორ გია პარკაიას კვლევებს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, მცხეთაში, მტკვრის ზემოთ, სანაპიროსთან უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე, მდებარეობდა ელიოზ მცხეთელის სამოსახლო ეზო და იმავე ადგილას წმიდა ნინოს მიერ მირიან მეფე და მისი ოჯახი მოინათლა. 

გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭომ ამ ტერიტორიას წმიდა ადგილის სტატუსი მიანიჭა, იქვე დაადგინა, რომ  „აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმეს დაგეგმვა, მოწყობა თუ აშენება, საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია.“

„საქართველოს ხელისუფლებამ ეს ტერიტორია საკუთრებაში გადასცა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, რომელმაც ამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის წმინდა ადგილზე წამოიწყო რესტორნისა და კომპლექსის მშენებლობა“, – ნათქვამია პრეს–რელიზში, რომელიც მწვანეთა პარტიამ გუშინ გაავრცელა.

პარტიის ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ მკრეხელობასა და უვიცობას.

„შესაძლოა, ხელისუფლებაში არ იცოდნენ ამ ადგილის  სტატუსის შესახებ, მაგრამ გვიანი არაა შეცდომის გამოსწორება. აღნიშნული წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებისა და უზნეობის უპრეცედენტო ფაქტს, კატეგორიულად მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა და აღნიშნული ტერიტორია დაბრუნდეს სახელმწიფოს საკუთრებაში და გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს,“ – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.

შესაბამისი მოთხოვნით მწვანეებმა უკვე წერილობით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და კულტურის სამინისტროს, თუმცა წმიდა ადგილად გამოცხადებული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა საპატრიაქროს ოფიციალურად ამ დრომდე არ მოუთხოვია.

საპატრიარქოს პრეს–მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. საპატრიარქოს პრეს–ცენტრში ნეტგაზეთს არც იმაზე უპასუხეს, თუ რა ნიშნით ენიჭება ამა თუ იმ ტერიტორიას წმიდა ადგილის სტატუსი, არსებობს თუ არა საქართველოში კიდევ სხვა წმიდა ადგილები და რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა საპატრიაქრო, როდესაც ადგენს, რომ წმიდა ადგილზე რაიმე ტიპის მშენებლობა დაუშვებელია, მასთან შეთანხმების გარეშე?

საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის მდივანი თამარ კვანტალიანი ამბობს, რომ სწორედ საპატრიარქომ უნდა მიმართოს ოფიციალურად ხელისუფლებას, რათა არ დაუშვას წმიდა ადგილზე რაიმეს მშენებლობა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად.

მცხეთის ადგილობრივ თვითმმართველობაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე შეჩერებულია. მცხეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ილია ოდიშელიძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია კერძო პირის საკუთრება იყო, რომელიც მან, ასევე, კერძო პირზე გაასხვისა. მისივე თქმით, ახალი მფლობელი გადაკეთებით სამუშაოებს აწარმოებდა, რის გამოც მან მიიღო მითითება, რომ ნებართვის მისაღებად, პროექტი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეეტანა. ამჟამად მეპატრონე პასუხს სწორედ კულტურისა და ძეგლთა სამინისტროდან ელოდება.

მწვანეების თქმით, მცხეთის ე.წ. წმიდა ადგილი, სადაც რესტორნისა და სასტუმროს მშენებლობაა დაწყებული, წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონას, რომლის დარღვევაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დამცავ ზონაში მშენებლობის დაწყებას კანონი არ კრძალავს, მთავარია,  პროექტი გარემოსთან მიმართებაში ადექვატური იყოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი