საზოგადოება

რატომ წავიდნენ ინგლისურენოვანი პედაგოგები

10 ნოემბერი, 2010 • 1630
რატომ წავიდნენ ინგლისურენოვანი პედაგოგები

«ბათუმელების» ინფორმაციით, აჭარაში ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა დატოვა სკოლები. ამათგან ორმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. როგორც აჭარის განათლების სამინისტროს განათლებისა და ლიცენზირების განყოფილების უფროსი ნაზიბროლა ბერიძე ამბობს, მოხალისეები უმეტესად სოფლის სკოლებს ტოვებენ (მახო, ქედა, ხულო, კახაბერი), თუმცა ერთ-ერთმა ბათუმის მე-18 სკოლაც დატოვა.

ხუთი პედაგოგიდან სამი მამაკაცია.  «ერთს ასთმური შეტევა ჰქონდა, მეორეს ბრონქიალური», _ ამბობს ნაზიბროლა ბერიძე. მოხალისეების მხრიდან სკოლების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე გამოთქმული პრეტენზიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ნაზიბროლა ბერიძე არ ადასტურებს: «პრეტენზიები ვერ ექნებათ, რადგან იმაზე მეტს ვერ მოითხოვენ, რაც კონტრაქტში არის გათვალისწინებული. ქართულ სკოლებში, ცხადია, განსხვავებული გარემოა და ამერიკულს ვერ შეედრება».

ხუთი პედაგოგიდან საქართველო მხოლოდ ორმა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდნენ, დანარჩენები კი ქვეყნის სხვა რეგიონებში გადანაწილდნენ.

ერთი თვის წინ ხულოს მუნიციპალიტეტიდან კიდევ სამი პედაგოგი წავიდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიღებაზე მასპინძელმა ოჯახებმა თქვეს უარი. უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი, სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგის განსხვავებული კანის ფერი აღმოჩნდა. შავკანიანი პედაგოგის აპლიკაციის გაცნობის შემდეგ, მისი მიღება არც ერთმა ოჯახმა არ მოისურვა. ეს პედაგოგი ოზურგეთში გადაიყვანეს.

ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოს ხელისუფლების მოწვევით სასწავლო წლის დასაწყისში ჩამოვიდნენ. ხელისუფლება ამბობს, რომ წლის ბოლომდე 1000 პედაგოგს ჩამოიყვანს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი