საზოგადოება

რა დაუჯდება ავტომობილის მფლობელს დაბურული მინების შეცვლა

4 ნოემბერი, 2010 • • 13395
რა დაუჯდება ავტომობილის მფლობელს დაბურული მინების შეცვლა

ახალი კანონის მიხედვით, დაბურულმინიანი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება. 10 ნოემბამდე ყველა ასეთი ავტომობილის მფლობელმა პრობლემა უნდა გადაჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 50 ლარით დაჯარიმდება.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა ჯდება  ქარხნულად დაბურული მინების გამოცვლა და დაბურვის მოცილება.

კანონით დასაშვებია  უკანა საქარე მინის დაბურვა. წინა საქარე მინა საერთოდ არ უნდა იყოს ჩამუქებული, გვერდითა მინების შუქგამტარიანობა კი 60%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ანუ კანონით, მხოლოდ 40%-იანი დაბურვაა დაშვებული.

ჩამუქებულ ორ გვერდითა მინაზე დაბურვის მოცილება საშუალოდ 30-40 ლარის ღირს. წინა საქარაზე მინაზე კი 40-50 ლარი. ფასები სერვისცენტრების მიხედვით იცვლება. მაგალითად, სერვისცენტრ აუდიომიბილში ორი გვერდითა შუშის გასუფთავება– 35 ლარი, საქარე მინის კი 40 ლარი ღირს. სერვისცენტრებს შორის ფასების მაქსიმალური სხვაობა 5-10 ლარია.  ეს ფასები მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური, ჩასამუქებელი ლენტის მოცილებას გულისხმობს. ავტომობილს თუ ქარხნულად დაბურული მინები აქვს და ის კანონით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება,  მფლობელმა აუცილებლად უნდა გამოცვალოს.

საპატრულო პოლიციის ცხელი ხაზის, 022-ის ოპერატორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მნიშვნელობა არა აქვს,  დაბურვა ქარხნულია თუ შემდგომ გაკეთებული. 10 ნოემბრიდან, პირველი გაფრთხილების შედმეგ, ყველას დააჯარიმებენ. 

მათე მოტორსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ თუ ავტომობილთა ნაწილს ქარხნულად სპეციალური ჩასამუქებელი ლენტი აქვს გადაკრული, მოცილებაც შეიძლება.  თუმცა, არსებობენ ავტომობილები, რომელთაც სპეციალური მუქი მინები  აქვთ. ამ შემთხვევაში მინების გაღიავება ტექნიკურად შეუძლებელია. მფლობელს მინების გამოცვლა მოუწევს, რაც 200 ლარიდან 1200 ლარამდე დაუჯდება.

ავტომობილების მეორად ბაზრობაზე წინა საქარე მინის ფასი 150 ლარიდან იწყება, ახლის ფასმა კი შეიძლება 600$-ს მიაღწიოს. ფასი დამოკიდებულია მანქანის მოდელსა და საქარე მინის მწარმოებელზე. გარდა ამისა, საქარე მინის გამოცვლა მინიმუმ 60 ლარი ღირს და ეს ფასიც სერვის ცენტრის მომსახურებაზეა დამოკიდებული.  თითო გვერდითა მინის გამოცვლა კი 40 ლარი ჯდება.

მძღოლების ის ნაწილი , რომელიც ნეტგაზეთმა გამოკითხა, ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ კარგად არ არის ინფორმირებული. მათ ნაწილს ჰგონია, რომ ჩამუქებული მინებით გადაადგილების შემთხვევაში პირველი დეკემბრიდან დააჯარიმებენ, ზოგს ეს თარიღი 15 ნოემბერი ჰგონია, ზოგმა კი ზუსტი რიცხვი არც კი იცის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი