საზოგადოება

საქართველოსთვის ევროკავშირი არის სპილო

15 ნოემბერი, 2010 • • 1718
საქართველოსთვის ევროკავშირი არის სპილო

ევროკავშირი არის სპილო, ირემი, ძაღლი და დათვი – ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რომელ ცხოველთან ასოცირდება საქართველოსთვის ევროკავშირი.

ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკით ან პარტნიორული ურთიერთობებით დაკავშირებულ ქვეყნებში კვლევა ჩატარდა. კვლევა თავად ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული და მიზნად ისახავდა ევროკავშირისადმი ქვეყნების დამოკიდებულების გარკვევას.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში გამოიკითხა 100 ავტორიტეტი(ლიდერი) და საზოგადოების 400 წევრი.

კვლევის ავტორებმა გამოკითხულ ლიდერებს სთხოვეს, ევროკავშირი რომელიმე ცხოველთან შეედარებინათ.

ყველაზე ხშირად დასახელებულ სპილოს განმარტებაც ჰქონდა:

„იმიტომ, რომ ის ძლიერია, არ არის ბოროტი და აგრესიული“.

ასოციაციების ანალიზმა ამ კითხვაზე კვლევის ავტორებს საშუალება მისცა, დასკვნა გაეკეთებინათ.

„კვლევამ აჩვენა, რომ ქართველების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ პოზიტიურია. ისინი იზიარებენ ერთსა და  იმავე ღირებულებებს  და ამიტომ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირთან  კარგი დამოკიდებულება აქვთ “

კარგი ურთიერთობა

ლიდერების მნიშვნელოვანი უმრავლესობისთვის საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირთან არის ძალიან პოზიტიური. შთამბეჭდავი მაჩვენებლი, 91% ამბობს, რომ საქართველოს კარგი და გულწრფელად კარგი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან. 92% ამბობს, რომ ევროკავშირი მათი კარგი მეზობელია. ასოციაციების ანალიზმა აჩვენა, რომ ევროკავშირისადმი დამოკიდებულება თითქმის მთლიანად დადებითია. დომინირებს  ძალა, მეგობრობა და ლოიალობა.

საზოგადოების აზრი თანაბრად ენთუზიასტურია. 88% ამბობს, რომ ურთიერთობა კარგი და გულწრფელად კარგია.

ევროკავშირის ჩართულობა საქართველოში

ევროკავშირის ჩართულობის აღქმა საქართელოში ასევე პოზიტიურია. ლიდერების 91% ფიქრობს, რომ საქართველო სარგებლობს ევროკავშირის პოლიტიკით. საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირს შეუძლია მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანოს მის ქვეყანას.

ევროკავშირის ცოდნა

ლიდერების ნაწილი ამტკიცებს, რომ კარგად, ან ძალიან კარგად იცნობს ევროკავშირს. 66% ამტკიცებს, რომ კარგად იცნობს ევროკავშირს. ეს მაჩვენებლი რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

ქვეყანაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ ინფორმირებულობა  მაღალია, თუმცა 59%–ს  გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა ევროკავშირის მიერ აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რაც საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის მიმართ დადებით განწყობაზე მიანიშნებს.

ინფორმირებულობა  ევროკავშირის შესახებ  დაბალია ფართო საზოგადოებაში.  რესპოდენტების ერთ მესამედს ინფორმაცია აქვს ევროკავშირის შესახებ, თუმცა 79%–მა იცოდა, რომ ევროკავშირს საკუთარი დროშა აქვს.

ევროკავშირის როლი სხვადასხვა სფეროში

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, როგორც ლიდერები, ასევე საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ  ევროკავშირმა ყველაზე დიდი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.

ასევე დასახელებულია სფეროები: ენერგოსექტორი, ტრანსპორტი, კულტურა, კლიმატის ცვლილება, განათლება, დემოკრატია, მედიის თავისუფლება, ვაჭრობა და სხვა.

ილუსტრაცია კონსტანტინ სტალინსკი
ილუსტრაცია კონსტანტინ სტალინსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი