საზოგადოება

“წითელი ზონა” გაგრძელდება

29 ოქტომბერი, 2010 • • 1486
“წითელი ზონა” გაგრძელდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი გიორგი გაჩეჩილაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გადაცემა წითელი ზონა არხის ეთერში აუცილებლად გაგრძელდება.

გადაცემა წითელი ზონა, რომლის წამყვანი კინომცოდნე გოგი გვახარიაა, რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. ის კვირაში ერთხელ, პარასკევს,  ღამის ეთერში გადის.

გადაცემის შესაძლო დახურვის საკითხი არაერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი. თუმცა ამ დრომდე გადაცემა გრძელდება და როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი ამბობს, ხელშეკრულება თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ უახლოეს პერიოდში განახლდება.

„შესაძლოა, ჩვენ ერთი გადაცემა გავიმეოროთ, მომდევნო კვირას. შემდეგ კი განახლდება გადაცემის ჩაწერა და ის ჩვეულებრივ გავა არხის ეთერში“, – ამბობს გაჩეჩილაძე.

წითელი ზონის სეზონის ბოლო გადაცემა დღეს გავა ეთერში. მომდევნო კვირიდან კი საჭირო გახდება არქივიდან ძველი გადაცემის ამოღება და მისი განმეორებით ჩვენება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ახალი გადაცემები წითელი ზონის შემოქმედებით ჯგუფს ჯერ არ ჩაუწერია.

რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე ამბობს, რომ წითელი ზონის სეზონი დაიხურა, რამდენიმე გადაცემა, სავარაუდოდ, განმეორებით გავა, ხოლო შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წითელი ზონა კვლავ განახლდება.

მართალია, სეზონის დახურვისთვის ოქტომბრის ბოლო რიცხვები უჩვეულო პერიოდია, თუმცა მას თავისი ახსნა აქვს:

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე თითქმის ყველა საავტორო გადაცემა ჩაანაცვალა, მცირე გამონაკლისის გარდა, როგორიც იყო საინფორმაციო გამოშვება მოამბე და მაუწყებლის დილის პროგრამა.

წითელი ზონაც,  სხვა გადაცემებთან ერთად, 2010 წლის ივნისში, ჩვეულ დროს, პარასკევ დღეს, ეთერში არ გასულა.

თეო ხატიაშვილი, გადაცემა წითელი ზონის თანამშრომელი, ნეტგაზეთთან  საუბარში ამბობს, რომ შემოდგომის სეზონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ის გადაცემები გავიდა, რომლებიც ადრე იყო ჩაწერილი და ფეხბურთის ჩემპიონატის მიმდინარეობისას უნდა გასულიყო ეთერში.

ხატიაშვილი ამბობს, რომ ხელახალი კონტრაქტი მაუწყებელსა და თავისუფლებას შორის ჯერ არ გაფორმებულა. შესაბამისად, უკვე ნოემბრიდან  გადაცემა ეთერში არქივიდან გავა.

„ტელევიზიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გადაცემა ეთერში განმეორებით უნდა გავიდეს და გვირჩიეთ, რომელი გადაცემა გავუშვათო“, – ამბობს ხატიაშვილი.

მარინა ვაშაყმაძის თქმით, გადაცემის დახურვაზე საუბარი არ არის:

„ყოველთვის ასე ხდებოდა, გაიმეორებენ გადაცემებს, სანამ ჩვენ ხელახლა არ დავიწყებთ გადაცემების ჩაწერას“.

ის ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაც მალე გაფორმდება.

ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბრობს გიორგი გაჩეჩილაძეც. ის ამბობს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესაძლოა რაიმე შეიცვალოს. თუმცა ცვლილება იქნება უფრო ტექნიკური ხასიათის და ის არანაირად არ აისახება იმაზე, რასაც მაყურებელი ყოველ პარასკევს ელის.

„და იმედი მაქვს, დაელოდება კიდეც“, – ამ სიტყვებით ასრულებს ჩვენთან საუბარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი