საზოგადოება

Myvideo.ge-ს ხარვეზები

22 ოქტომბერი, 2010 • • 3570
Myvideo.ge-ს ხარვეზები

yvideo.ge-ს გვერდზე ტელევიზიების პირდაპირი ეთერი ტექნიკური ხარვეზებით ხორციელდებოდა.

გარკვეული დღეების გარკვეულ საათებში ტელევიზიების ეთერის ჩანაწერების ნახვა დღეს შეუძლებელი იყო.

დილით მაესტროსა და კავკასიის  მხოლოდ 6 დღის ლაივის ნახვა იყო შესაძლებელი, მაშინ, როდესაც სხვა ქართული საიტების ათი დღის მასალა იყო შენახული, მაგალითად, რუსთავი 2, იმედი , პირველი არხი.

Image 2480
Image 2480

უკვე ახლა, პრობლემის აღმოჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ,ტელეკომპანია კავკასიის და მაესტროს  7 დღის ლაივი დევს საიტზე.

Image 2479
Image 2479

ნეტგაზეთი myvideo.ge–ს დაუკავშირდა  კომპანიის გაყიდვების მენეჯერს, თამუნა ვასაძეს.  ვითარება, რომელიც ტელევიზიების ლაივს ეხებოდა მან ასე აგვიხსნა:

„რამდენიმე საიტი, რომელიც  ერთ სერვერზეა მიერთებული, რაღაც პერიოდში ითიშება. სულ ხუთი საიტია. არქივი არის პატარა. ეს ემართებათ რუსთავი ორსაც და იმედსაც, ოღონდ განსახვებულ პერიოდში“.

 

ეს იყო პასუხი, რომელიც ნეტგაზეთის მეორე ზარის შემდეგ მივიღეთ კომპანიისგან.

მეორე ზარს თან ახლდა ბოდიში, ჩვენი შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით. მანამდე, 5 და 10 –დღიან ლაივთან დაკავშირებით, კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს ფაქტი განსხვავებული ღირებულებების პაკეტს უკავშირდებოდა, რომელიც კომპანიებს ჰქონდათ შეძენილი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა,  განსხვავებული პაკეტი არ არსებობს, თუმცა ვასაძემ გვითხრა, რომ ტელეკომპანიების რაღაც ნაწილი საიტზე ლაივ სტრიმინგის განხორციელებაში ფულს იხდის, თუმცა კონკრეტული კომპანიების სახელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა კავკასიასა და მაესტროს. გაირკვა, რომ არც ერთი მათგანი, ლაივის (პირდაპირი ეთერი) საიტზე შენახვისათვის, ფულს არ იხდის.

„არაფერს არ ვიხდი და არც უნდა გადავიხადო“,–ამბობს ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი.“თვითონ უნდა იხადონ ფული, რადგან საზღვარგარეთ მათი სერვისი ფასიანია, წელიწადში 200 ლარი ღირს და თვეში– 20 ლარი.“

სერვერის საზღვარგარეთ ფასიან მომსახურებას ადასტურებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერიც.

ჯანგირაშვილი ამბობს, რომ კავკასიის გასვლა myvideo.ge-ს ინტერესებში შედის. „ფულს ითხოვდნენ ჩვენგან, თუმცა უარი ვუთხარით, იმიტომ, რომ ეს ჩემს სტრატეგიულ ინტერესში არ შედის“.

კითხვაზე, თუ რატომ უშვებენ ეთერში იმ ტელევიზიებს, რომლებიც სტრიმინგში ფულს არ იხდიან, ვასაძის პასუხი იყო, რომ მათ აქვთ სხვა გაცვლითი, ე.წ. ბარტერული ხელშეკრულება. თუმცა  კავკასიასთან და მაესტროსთან კომპანიას ეს უკანასკნელიც არ აქვს გაფორმებული.

სტრიმინგში ფულს არც კომპანია მაესტრო იხდის. კომპანიის დირექტორმა კახა ბექაურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ საიტთან დაკავშირებით, ეს ხარვეზი პირველი შემთხვევაა.

„შეიძლება ეს მართლა შემთხვევითობაა, მაგრამ შემთხვევითობა არ არის ის, რაც მაესტროს მიმართ საკაბელო ტელევიზიებში ხდება “,–ამბობს ბექაური. მაესტროს ეთერი არ გადაიცემა რამდენიმე რეგიონალურ საკაბელო არხზე. მათი განმარტებით, როგორც ტელევიზიის დირექტორი ამბობს, ტექნიკური პრობლემებია, რომელიც გასწორდება. “ყველა ასეთ შემთხვევას  დეტალურად გამოვიძიებთ და ჩავყვებით“,–აცხადებს ბექაური.

კავკასიის დირექტორს კი ეჭვი შეაქვს myvideo.ge-ს მიერ ნახსენებ მიზეზებში. ჯანგირაშვილი ამბობს, რომ myvideo.ge ყველაფერს ტექნიკური ხარვეზებით ხსნის.

ნეტგაზეთი დღეს დილიდან აკვირდებოდა საიტზე განთავსებულ ქართული საინფორმაციო არხების ლაივებს. დაკვირვების შედეგი კი ასეთი იყო:

დღეს დილით მაესტრო და კავკასიის მხოლოდ 6 დღის ლაივი იდო საიტზე.

ათი დღის ლაივი იდო პირველ არხზე, რუსთავი2–სა და იმედზე.

თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, მაგალითად: 17 ოქტომბრის ჩანაწერი საერთოდ არ ფიქსირდებოდა არც ერთ არხზე, მხოლოდ ნაწილობრივ პირველ არხზე. მოგვიანებით 17 ოქტომბრის ლაივის ჩანაწერი გაჩნდა მაესტროზე, ასევე ნაწილობრივ.

21 ოქტომბერს რუსთავი 2–ისა და იმედის ეთერები საღამოს 19:50 წუთიდან იყო გათიშული, 20 ოქტომბერს საღამოს საათებში, 18–დან 21 საათამდე, მაესტრო და კავკასია.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი