საზოგადოება

“ინიციატივა ცვლილებებისათვის” – წიგნი ქართული თემის მობილიზაციის ისტორიულ მაგალითებზე

12 ნოემბერი, 2015 • • 2645
“ინიციატივა ცვლილებებისათვის” – წიგნი ქართული თემის მობილიზაციის ისტორიულ მაგალითებზე

პუბლიკაცია აერთიანებს სამოქალაქო ჩართულობისა და თემის მობილიზების 10 ისტორიულ მაგალითს საბჭოთა ოკუპაციამდე. მასალა შეგროვდა საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში კვლევის შემდეგად. ასევე, იმ ადამიანთა შთამომავლებთან ინტერვიუების საფუძველზე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული თემის მობილიზაციაში.

 

როგორც წიგნის ავტორი, ანა მარგველაშვილი ამბობს, თვითმმართველობის რეფორმის პროცესში მსგავსი კვლების სახელმძღვანელოდ შეკვრა მნიშვნელოვანია. წიგნში წარმოდგენილია ისტორიული ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებობდა თემის გაერთიანების და სამოქალაქო მობილიზების არაერთი მაგალითი სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო.

 

ინიციატივა ცვლილებებისათვის - ახალი სახელმძღვანელო საქართველოში სამოქალაქო მონაწილეობის მაგალითების შესახებ
ინიციატივა ცვლილებებისათვის – ახალი სახელმძღვანელო საქართველოში სამოქალაქო მონაწილეობის მაგალითების შესახებ

 

“წიგნის ავტორებს გვინდა, რომ გაჩნდეს კითხვები, გაიმართოს დისკუსიები – რა მოხდა 100 წელიწადში ისეთი, რომ ასეთი აქტიური თემი დღეს ასეთი პასიურია,”- ამბობს მარგველაშვილი.

 

1921 წლამდე არსებობდა შრომითი გაერთიანებები ანუ ამხანაგობები, რომელთა მიზანი შრომითი რესურსის გაერთიანება იყო; სასოფლო გაერთიანებები, რომლის მიზანი სოფლის მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა იყო. ასევე, საზოგადოებრივ-კულტურული გაერთიანებები, რომლებიც ცდილობდნენ სოფლად ან ქალაქში დამატებითი კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების შექმნას და ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

 

ანა მარგველაშვილის თქმით, მაგალითებში ასევე, ჩანს ის პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც იმჟამინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობის გამო ხელს უშლიდა სამოქალაქო ინიციატივების გაფართოებას.

 

კვლევა სათემო განვითარების ცენტრმა (CDC) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა (CCA) ჩაატარეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

 

“დღეს რატომღაც მიიჩნევა, რომ კოოპერაციის, ამხანაგობის თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანების ყოველი ფორმა არის საბჭოთა მემკვიდრეობა და ამ კრებულში თავმოყრილია იმ ეკონომიკური თანამშრომლობის  10 მაგალითი, რომლებიც არსებობდა საბჭოთა საქართველოს დაბადებამდე. სწორედ ამიტომ, გადაწყდა, რომ დაფინანსებულიყო ეს პროექტი. მკითხველი დაინახავს პარალელებს დღევანდელ ვითარებასთან, იმის მიუხედავად, რომ ეს მაგალითები ხშირად ასი და მეტი წლის წინანდელ პროცესებს ეხება,” – ამბობს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი ვახტანგ ნაცვლიშვილი.

კრებულის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწებულებები და ბიბლიოთეკებია. ამ დროისათვის დაიბეჭდა 1500 ეგზემპლარი, თუმცა იგეგმება დამატებით 10 მაგალითის შესახებ სახელმძღვანელოს კიდევ ერთი ნაწილის გამოცემა. ასევე, გაგრძელდება კვლევა თვითორგანიზებული თემებისა და ინიციატივების შესახებ.

 

წიგნის პარალელურად მომზადდა გამოფენა სამოქალაქო მონაწილეობის მაგალითების შესახებ
წიგნის პარალელურად მომზადდა გამოფენა სამოქალაქო მონაწილეობის მაგალითების შესახებ

 

წიგნთან ერთად მომზადდა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილ პოსტერებზე წიგნში მოყვანილი მაგალითებია ასახული. სახელმძღვანელოს ავტორის თქმით, იგეგმება პლაკატების საქართველოს რეგიონებში გამოფენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი