საზოგადოება

ციხისძირის აგარაკების საიდუმლო

11 ოქტომბერი, 2010 • 2860
ციხისძირის აგარაკების საიდუმლო

სოფელ

ციხისძირში, სადავო მიწაზე, როცა საქმეს ჯერ კიდევ პროკურატურა იძიებდა, უმოკლეს ვადაში ორი აგარაკი აშენდა.  მეზობლები აგარაკების რეალურ მეპატრონედ არა მის იურიდიულ მფლობელს, არამედ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს მიიჩნევენ. ყველაზე ხშირად ახსენებენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის,  ნინო ბურჯანაძისა და კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას გვარებს, ასევე ახსენებენ შს მინისტრის მეუღლის, თამარ სალაყაიას გვარსაც. როგორც «ბათუმელებმა» გაარკვია, აგარაკების იურიდიულ მეპატრონეს ბიზნესი არ აქვს და როგორც თავად განაცხადა, ამჟამად უმუშევარია.

ქობულეთი-ბათუმის მაგისტრალის გასწვრივ, ხელმარცხნივ, პეტრას ციხის მოპირდაპირე მხარეს, ფეშენებული საცხოვრებელი სახლები მაქსიმალურად მალე აშენდა და კაპიტალურადაც შემოიღობა. ორად გაყოფილ ეზოში ორი ახალი და ერთი ძველი ნაგებობაა. მათ, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქუთაისელი დარაჯი იცავს, რომელიც მათთან კონტაქტში ფაქტობრივად არ შედის.

«ბათუმელების» ინფორმაციით, 2007 წელს ამ ადგილზე მდგარი ორი კერძო სახლი ზურაბ ღიბრაძემ შეიძინა, რომელიც წარმოშობით თერჯოლის რაიონიდანაა. ერთი სახლი თავისი მიწის ნაკვეთით ეთერ სტურუასგან იყიდა, ხოლო მეორე, ამ სახლის მიმდებარედ _ იური კულიშისგან.

«ბათუმელების» მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, მიუხედავად ქონების შესყიდვისა, ზურაბ ღიბრაძეს აღნიშნულ ორ ნაკვეთზე საკუთრების უფლება ქობულეთის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან ცალ-ცალკე აქვს მიღებული. მას სწორედ კომისიის მიერ გაცემული მოწმობები (¹2108 და ¹3095) აქვს წარდგენილი საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 12 დეკემბრის ამონაწერებით, ზურაბ ღიბრაძის საკუთრებაში 3103 და 3112 კვ/მ ფართობის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებია.

ქობულეთის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 24 დეკემბერს ჩატარებული სხდომის ოქმის მიხედვით, ზურაბ ღიბრაძემ 3112 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განცხადების, პირადობის მოწმობის ქსეროასლისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა. კომისიამ ღიბრაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოქმში კი მიუთითა, რომ 3112 კვ/მ-იდან ღიბრაძე «800 კვ/მ-ის მართლზომიერი მფლობელია, 2312 კვ/მ კი თვითნებურად აქვს დაკავებული». ანუ, კომისიის გადაწყვეტილებამდე, «თვითნებურად დაკავებული» მიწის ნაკვეთი  სახელმწიფო საკუთრება იყო.

როგორც «ბათუმელების» გამოძიებით დადგინდა, ზურაბ ღიბრაძეს კომისიისგან გადაცემული მიწის ნაწილი «თვითნებურად», როგორც ოქმში წერია, ვერ ექნებოდა დაკავებული, ვინაიდან, აღნიშნული მიწის ნაკვეთით წლების განმავლობაში ციხისძირელი ვალერი ხაბეიშვილის ოჯახი სარგებლობდა: «20 წელია ამ მიწით ჩვენ ვსარგებლობთ და საიჯარო ხელშეკრულებაც გვაქვს. იჯარის გადასახადსაც ჩვენ ვიხდიდით. სანამ ღიბრაძე ციხისძირში გამოჩნდებოდა, ჩემს ოჯახს უკვე ჰქონდა კომისიაში მიწის აღიარებაზე განაცხადი შეტანილი  და შესაბამისი დოკუმენტაციაც იყო წარდგენილი».

მას შემდეგ, რაც საკუთრების აღიარების კომისიამ სადავო მიწა ზურაბ ღიბრაძეს გადასცა, ხაბეიშვილებმა აჭარის პროკურატურას მიმართეს. თუმცა, პროკურატურამ ძიება ისე შეწყვიტა, ამის თაობაზე მათ არაფერი იცოდნენ.

«ბათუმელებმა» ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიისგან მეორე ნაკვეთთან დაკავშირებული ის დოკუმენტებიც გამოითხოვა, რის საფუძველზეც ეს ნაკვეთი ღიბრაძეს საკუთრებაში გადასცეს. კომისიამ მხოლოდ ღიბრაძის დაკვეთით შესრულებული მიწის აზომვითი ნახაზის ქსეროასლი მოგვაწოდა, ამიტომ 3103 კვ/მ-დან კონკრეტულად რამდენი ეკუთვნოდა სახელმწიფოს, გაურკვეველია. ამით, სავარაუდოდ, არც კომისია დაინტერესებულა, რომელმაც შესაბამისი სხდომის ოქმი არ მოგვაწოდა.

ზურაბ ღიბრაძეს მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზი (რომელიც სადავო ტერიტორიასაც მოიცავს) «მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში» აქვს მომზადებული. თითქმის ყველა მიწის აზომვითი ნახაზი, რომელიც კომისიას საკუთრებაში აქვს აღიარებული, ამ ასოციაციის მიერაა გაკეთებული. ასოციაციაში, შს მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია შეხვედრების კოორდინატორად მუშაობს.

ზურაბ ღიბრაძემ ქონება (მიწის ნაკვეთები), რომლის ნაწილსაც მას ედავებოდნენ, თავის საკუთრებაში დარეგისტრირებიდან სამ თვეში სხვაზე გადააფორმა (დოკუმენტების მიხედვით, ვინმე მალხაზ არაბიძეს მიჰყიდა).

როცა საკუთრების აღიარების კომისიას ზურაბ ღიბრაძისთვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვთხოვეთ, რატომღაც საჯარო რეესტრიდან მალხაზ არაბიძის სახელზე გაკეთებული ამონაწერი მოგვაწოდეს.

იურისტი გია ქარცივაძე აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე კანონდარღვევა იკვეთება: «პირველი ის, რომ კომისიის დოკუმენტებში არანაირად არ უნდა ყოფილიყო მალხაზ არაბიძის საკუთრების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რადგან კომისიას მისთვის არ გადაუცია მიწა. მეორე ის, რომ ოქმში არ ჩანს ღიბრაძისთვის გადაცემული მიწის იურიდიული საფუძველი. არც ის დოკუმენტი ჩანს, რაზე დაყრდნობითაც ზურაბ ღიბრაძე თავს 800კვ/მ ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად მიიჩნიეს. ოქმში წერია, რომ მიწა გაცემულია აზომვითი ნახაზისა და პირადობის მოწმობის საფუძველზე, მაშინ, როცა იმ დროს (2008 წლის 24 დეკემბერი) კანონმდებლობა საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს ითხოვდა».

ქარცივაძის განცხადებით, მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი  ნოტარიულად დამტკიცებული მოწმეების ჩვენებით უნდა დადასტურებულიყო, ამის შემდეგ კი კომისია ადგილზე უნდა გასულიყო და  გადაემოწმებინა, წარმოადგენდა თუ არა განმცხადებელი თვითნებურად დამკავებელს: «ოქმიდან ჩანს, რომ კომისია ადგილზე არ გასულა და არც ღიბრაძეს არ წარუდგენია მოწმეთა ჩვენება. კოლეგიალური ორგანოს მიერ აღიარება მიწის ნაკვეთზე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას ითვალისწინებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გამოკვლეულიყო ყველაფერი. წარმოება კი არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამ ოქმიდან ჩანს, რომ საკუთრების მოწმობა გაცემულია ოთხ სამუშაო დღეში. დაინტერესებულ პირს კომისია შვიდი დღით ადრე ატყობინებს, როდის უნდა უღიაროს საკუთრება. ამ პუნქტების დარღვევა აღიარებული მიწის ბათილობის საფუძველია».

როგორც იურისტი ამბობს, ღიბრაძემ კანონდარღვევით მიღებული მიწის გაყიდვით შექმნა კეთილსინდიერი მყიდველის საფუძველი: «ღიბრაძის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს, რადგან მან კომისიას არ წარუდგინა კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, თუმცა ღიბრაძის ქმედება არ გამორიცხავს კომისიის პასუხისმგებლობას».

გარდა ამისა, იურისტის განმარტებით, იმ პერიოდში მოქმედი კანონდებლობის მიხედვით («ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში, (სარგებლობაში) და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ»), ზურაბ ღიბრაძე ვალდებული იყო, გადაეხადა გადაცემული ქონების «საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობა», რისი დამამტკიცებელი საბუთიც კომისიის მიერ «ბათუმელებისთვის» მოწოდებულ დოკუმენტებში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ მეგრელიძე ამბობს: «მე ვერაფერს გეტყვით, რადგან მაგ დროს კომისიის თავმჯდომარე არ ვიყავი».  

ზურაბ ღიბრაძისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის დოკუმენტებს ხელს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სულხან ტაკიძე აწერს, რომელიც სამი თვის წინ დააკავეს და რამდენიმე დღეა, რაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

ციხისძირელები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, ფიქრობენ, რომ ზურაბ ღიბრაძის უკან გავლენიანი ადამიანები დგანან. როგორც ხაბეიშვილები და ამ სოფლის კიდევ სხვა მცხოვრებლები ამბობენ, თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ მათი მეზობელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უნდა გამხდარიყო: «როცა დავა დავიწყეთ და საქმეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომდე მივიდა, იქ შიდა საუბრებში მითხრეს, რომ ამ მიწის მფლობელი ბურჯანაძეა და ჩვენ ვერაფერს გავხდებითო» _ ამბობს თემურ ხაბეიშვილი. მას ამ ეჭვს ისიც უძლიერებს, რომ ორივე მათგანი, ღიბრაძე და არაბიძე იმ რაიონიდანაა (თორჯოლიდან), საიდანაც ნინო ბურჯანაძის მამა, ანზორ ბურჯანაძეა.

«ერთი-ორჯერ ერეკლე კოდუაც ახსენეს, თითქოს მისია» _ ამბობს რაისა მიქელაძე.

დღესდღეობით უმუშევარი მალხაზ არაბიძე თერჯოლაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ახალაშენებულ აგარაკ(ებ)ზე დიდი ხანია არ გამოჩენილა. «ბათუმელები» მას ტელეფონით დაუკავშირდა. კითხვაზე, თუ რატომ იყიდა ღიბრაძისგან სადავო მიწა, როცა საქმეს პროკურატურაც იძიებდა, არაბიძე ამბობს: «კი, იყო რისკის ფაქტორი, მაგრამ… ეს მთელი ისტორიაა». ამ «ისტორიიდან» არაბიძე მხოლოდ იმას გვიყვება, რომ სასამართლომაც და პროკურატურამაც ის კანონიერ მფლობელად მიიჩნია. საკუთარ შემოსავლებზე კი ამბობს: «ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ერთ-ერთ საკაბელო ტელევიზიაში ვმუშაობდი, შემდეგ სხვადასხვა უმნიშვნელო ადგილებზე, ამჟამად უმუშევარი ვარ».

კითხვას, თუ რა სახსრებით შეძლო ერთი წელიწადის განმავლობაში ძვირადღირებული აგარაკების აშენება, არაბიძე პასუხობს: «ყოველ შემთხვევაში, საკაბელოდან ნაშოვნი ფულით არ ამიშენებია. ნათესავები და მეგობრები მყავს, ზოგი აქ, ზოგიც უცხოეთში და ისინი მეხმარებიან. საქართველოში ასე ხდება, საერთოდ, რადგან აქ ფული არ არის». იგი ბურჯანაძეებთან კავშირს უარყოფს: «ეგ ხმები ერთი პერიოდი გავრცელდა, რადგან ქუთაისელები მუშაობდნენ მშენებლობაზე». 

«ბათუმელები» ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, ამ საკითხზე კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. 

გლეხები, რომლებიც წლების განმავლობაში იჯარით აღებულ მიწებს ვერ იკანონებენ, ფიქრობენ, რომ ამ სფეროში კვლავ კორუფციაა. «ღიბრაძე მეუბნებოდა, ამ მიწაში ფული გადავიხადეო. აღიარება უსასყიდლოდ ხდება და თუკი ღიბრაძემ ფული გადაიხადა, ე.ი. ვიღაცამ ქრთამი აიღო. ჩვენც შემოგვითვალეს, ხუთი ათასი მოიტანოს და სახლში ჩავაბარებთ საკუთრების დოკუმენტსო» _ ამბობს ვალერი ხაბეიშვილი. რაისა მიქელაძის დოკუმენტაცია კი პროკურატურამ საჯარო რეესტრიდან ამოიღო: «ჩემს მეზობლად, რუსეთში მცხოვრებელს გადასცეს მიწა, პირდაპირ მითხრა, გენაცვალე, მე დოლარები გადავიხადე, მიეცი შენც ფული და მოგცემენო». პრობლემები აქვს ციხისძირელ დალი ქემოკლიძესაც: «ციხისძირში ჰექტრობით აქვთ მიწები გაცემული ისეთ ადამიანებზე, ვინც ყოფილი ჩინოვნიკია ან პატრონი ჰყავს ხელისუფლებაში».

ამ ყოფილი ჩინოვნიკების სიაში, მეზობლების თქმით, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე _ სულხან ტაკიძე, კომისიის ყოფილი წევრი _ მალხაზ კაიკაციშვილი და ქობულეთის ყოფილი გამგებელი _ მირზა სუქნიშვილიც არიან.

ციხისძირში ამბობენ, რომ კორუფციას დღეს გარიგების სახე აქვს: «ვისაც ურიგდებიან, მათ  უპრობლემოდ აძლევენ მიწას. რამდენიმე თვეში ეს ადამიანები, თითქოს, ყიდიან ამ მიწებს და ახალი მფლობელებიც ჩნდებიან».

მაგალითად, ახალციხელმა როინ თაქთაქიძემ 2009 წელს ციხისძირელებისგან (ლევან ჟორდანია, ასლან ნოღაიდელი, ზურაბ დიასამიძე, ჯუმბერ მესხიძე, მერაბ მესხიძე, ნუგზარ ნოღაიდელი) ექვსი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით _ 15 047 კვ/მ, სწორედ იმ კვარტალში დაირეგისტრირა, სადაც ზემოაღნიშნული აგარაკებია აგებული. და რადგან როინ თაქთაქიძეც, ისევე როგორც თამარ სალაყაია, ახალციხიდანაა, ციხისძირელები მისი მიწების კეთილსინდისიერ შეძენასაც ეჭვის ქვეშ აყენებენ.

როინ თაქთაქიძე ამ დროისთვის ახალციხეში ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელია და მეფუტკრეობასაც ეწევა: «ადრე ელექტროქსელებში ვმუშაობდი და სამშენებლო ტრესტიც მქონდა, მაგრამ ორი წელიწადია ტენდერებში ვეღარ ვიმარჯვებ და გაჩერებული ვარ».

სამომავლოდ, თაქთაქიძე ციხისძირის მიწების გაყიდვას აპირებს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, სიშორისა და უფულობის გამო ვეღარ სარგებლობს: «ახლა მაგ მიწების გამო 200-ლარიანი ჯარიმაც დამაკისრეს, რადგან დეკლარაციის წარდგენა დამავიწყდა».

მასალების გადაბეჭდვის წესი