საზოგადოება

საქართველოს ჩამორჩენილი “ელექტრონული მთავრობა”

8 ოქტომბერი, 2010 • 2953
საქართველოს ჩამორჩენილი  “ელექტრონული მთავრობა”

გაეროს 2010 წლის კვლევის თანახმად, რომლითაც ორგანიზაციის წევრ 192 ქვეყანაში ”ელექტრონული მმართველობის” განვითარების დონე განისაზღვრა, საქართველო მეასე ადგილზეა.

“ელექტრონულ მმართველობის“, იგივე “ციფრული დემოკრატიის” მიზანი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (ტელეფონის, ვებ–გვერდის, ინტერნეტის) საშუალებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებაა. განვითარებულ ქვეყნებში “ელექტრონულ მმართველობას” აქტიურად იყენებენ ხელისუფლების საქმიანობის საჯაროობის მისაღწევად და მოქალაქეების საზოგადოებრივ პროცესებში ჩასართავად.

გაეროს მიერ ჩატარებული ზემოთ აღნიშნული კვლევით (კვლევის სახელწოდებაა: ”ელექტრონული მმართველობის ბერკეტები ეკონომიკური კრიზისის დროს”)   ელექტრონულ მმართველობაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის ინდექსიც განისაზღვრა (0,05). აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 127–ე ადგილზეა, ავღანეთთან, ნეპალთან, მავრიკისთან, ბურკინა-ფასოსა და მადაგასკართან ერთად.

შესწავლილი სახელმწიფოების ელექტრონული მმართველობის განვითარების დონე სამი ძირითადი კრიტერიუმით– ინტერნეტით მომსახურების ხარისხის, ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ადამიანური რესურსების პოტენციალის ინდექსებით– განისაზღვრა.

ინტერნეტით მომსახურების ხარისხის ინდექსის განსასაზღვრად, ადმინისტრაციული ორგანოების ვებ-გვერდები კვლევის ძირითადი ობიექტი იყო.

”ინტერნეტით მომსახურების ხარისხის ინდექსის დასადგენად, შევისწავლეთ ყველა ქვეყნის ეროვნული ვებ-გვერდები, როგორებიცაა: განათლების, შრომის, სოციალური მომსახურების, ჯანდაცვისა და ფინანსების სამინისტროების ვებ–გვერდები,”- ნათქვამია კვლევაში.

გაეროს მკვლევარებმა ყველაზე დაბალი შეფასება ისეთ საიტებს მისცეს, რომლებზეც არასრული ინფორმაციაა განთავსებული. ასეთი საიტები ნაკლებად ინტერაქტიულია და მათი ინტერფეისი მოუქნელია.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდი ასეთი საიტების რიცხვში შეგვიძლია გავაერთიანოთ. მართალია, საიტზე სამინისტროს შესახებ დებულების მოძიება შესაძლებელია, მაგრამ მინისტრის ბიოგრაფიის ნაცვლად მისი ერთ-ერთი გამოსვლის ტექსტი დევს. სექციაში – ”ქართული დიასპორები” – უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე ინფორმაცია სრულყოფილი არ არის. ხოლო თუ www.diaspora.gov.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციას ვენდობით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, პრემიერ-მინისტრი კი – იულია ტიმოშენკოა.

Image 2429
Image 2429

მოქალაქესა და მთავრობას შორის დაბალი ინტერაქტიულობის ერთ-ერთი მაგალითად შეგივიძლია განვიხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებსაც სამინისტროს თანამშრომლებმა არც ერთხელ უპასუხეს.

იმისათვის, რომ დაგვედგინა, რამდენად ეხმაურებიან მოქალაქეების მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით დასმულ შეკითხვებს სამინისტროებიდან, ნეტგაზეთმა ექსპერიმენტის გზას მიმართა: შეკითხვები ვებ–გვერდებზე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართებზე 15 სამინისტროს გავუგზავნეთ. ჩვენს შეკითხვებს  მხოლოდ ორმა უწყებამ (ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ) უპასუხა.

ფინანსთა სამინისტრო თავისი ვებ-გვერდის მომხმარებლებს დღგ-ს, აქციზის, საშემოსავლო, მოგების, ქონების, საბაჟო და სხვა სახის გადასახადების, ელექტრონული დეკლარაციების შევსებისა და მათი ვიდეოზარით აქტივაციის მომსახურებას სთავაზობს. ელექტრონული აქტივაცია 10-დან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.

მსგავსი მომსახურების მქონე საიტები კიდევ უფრო განვითარებულ, ინტერაქტიულ დონეს აღწევენ, როცა ინტერნეტ პორტალების საშუალებით, მომხმარებლებისთვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება არის შესაძლებელი. იმავდროულად, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ასე უმარტივებს მომხმარებლებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოქალაქეებს სამინისტროში მისვლას ავალდებულებს და წინასწარ აფრთხილებს, რომ შეკითხვებზე ელექტრონული ფოსტით გაცემულ პასუხს იურიდიული ძალა არ ექნება.

გაეროს კვლევის მიხედვით, განვითარების მეოთხე ტრანსაქტიური დონე მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ორმხრივი ურთიერთობის შედეგად მიიღწევა. ასეთ დონის სახელმწიფოებში ადმინისტრციული საიტები მოქალაქეებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში სთავაზობენ ელექტრონული გადასახადების, დაბადების, პირადობის მოწმობებს, პასპორტებსა და ლიცენზიების აღებისა და განახლების მომსახურებას.

გაეროს მკვლკევარებმა მეხუთე დონე ელექტრონული დემოკრატიის ყველაზე მაღალ საფეხურად მიიჩნიეს. ამ დონეზე მყარდება ჰორიზონტალური კავშირი სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, ვერტიკალური კავშირი – ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის. მოქალაქეები არამარტო პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული, არამედ გადაწყვეტილებების მიღებაშიც მონაწილეობენ. 

ეფექტიანი მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებს მუშაობას და შემდეგ პარლამენტს წარუდგენს დასამტიკებლად პროექტს, სახელწოდებით – ”ელექტრონული მთავრობა საქართველოსთვის: არსი, აქტუალობა, შექმნის პერსპექტივები და შესაძლებლობანი”. პროექტში საუბარია იმაზე, რომ ელექტრონული დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო დაწესებულებების ტექნიკური აღჭურვა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვა: 

”ელექტრონული მთავრობის არსებობისათვის აუცილებელია სამი: ტექნიკურ-ტექნოლოგიური, ინსტიტუციური და საინფორმაციო გარემოს ადექვატურობის პირობები… შესაძლოა განხილული იქნას ელექტრონული მთავრობის  ორი – “ზემოდან” (ცენტრალური ხელისუფლება) და “ქვემოდან” (ადგილობრივი თვითმმართველობები) შექმნის სცენარი.”

დღესდღეობით საქართველოში არიან ადმინისტრაციული დაწესებულებები, რომელთაც ან არ აქვთ ვებ-გვერდები, ან მუდმივი განახლების ქვეშ ამუშავებენ მათ. ეროვნული უშიშროების საბჭოს საიტი რეკონსტრუქციას განიცდის. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტი ამჟამად გამორთულია, სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, საიტი რვა კვირაში სრულყოფილად ამუშავდება.

ვებ-გვერდები არ აქვთ ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურებს: სახაზინო და შემოსავლების სამსახურსა და გენ.ინსპექციას; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს; თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის, ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ”დელტას”.

ვებ-გვერდები არ აქვს შსს–ს ქვეუწყებებს: ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, სპეციალური მომზადების ცენტრს, სპეციალიზებულ სამთომაშველს, დაცვის პოლიციის დეპარამენტს, საფელდეგერო სამსახურს, მატერიალური რეზერვების სამსახურს.

Image 2428
Image 2428

ადგილობრივი თვითმმართველობებიდან საიტი არ აქვს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ-რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ამავე რეგიონის ასპინძის, ადიგენისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. განახლების ქვეშაა ზუგდიდის საკრებულოს საიტი. გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე კი კონტაქტის სექციაში მხოლოდ გურიის ახალგაზრდულ საბჭოსთან დაკავშირება შეიძლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ იურიდიული კონსულტანტი კონსტანტინე ჯანჯღავა ამბობს, რომ ადმინისტრაციულ დაწესებულებებს არც ერთი კანონი ავალდებულებს ოფიციალური ვებ–გვერდების შექმნას, ეს მათი კეთილი ნების გამოხატულებაა:

”სამწუხაროდ არ არსებობს კანონი, რომელიც ვებ–გვერდებზე განსათავსებელი ინფორმაციის მინიმუმს დაუდგენს ყველა უწყებას,” – ამბობს ჯანჯღავა.

სახელმწიფო დაწესებულებებიდან მხოლოდ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უსაზღვრავს, ისიც ნაწილობრივ, საიტზე გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის 24-ე მუხლი:

”კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ თავით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე, გარდა სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება ინტერნეტში – კომისიის ვებ-გვერდზე.”

სხვა სახელმწიფო უწყებების საიტები საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ამავე უწყების სხვადასხვა დეპარტამენტთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ახლდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურების თანამშრომლებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ უწყებების ვებ-გვერდებზე განსათავსებელი ინფორმაციის კატეგორიების შესახებ არც შიდა განაწესი არსებობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინტერნეტ ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ალექსანდრე მოისწრაფიშვილმა გვითხრა, რომ სამინისტროში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც საიტზე განსათავსებელი ინფორმაციის კრიტერიუმებს ადგენს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, სამინისტროს არ აქვს რაიმე ნორმატიული დოკუმენტი, რომლითაც უწყების საიტზე განთავსებული ინფორმაცია ირჩევა.

სამინისტრომ საიტი საკუთარი ბიუჯეტით დააფინანსა. საგარეო უწყებას აქვს საქვეუწყებო საიტები, დესპანებისა და საელჩოების, რომლებსაც საქვეუწყებო ერთეულები დამოუკიდებლად აახლებენ.

”არც ქვეუწყებებს აქვს შექმნილი რაიმე სახის კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს საიტის განახლების პროცესს” – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების უმეტესობის ვებ–გვერდები უკანასკნელად 2009 წელსაა გაახლებული.

”ვებ–გვერდს, ინფორმაციული თვალსაზრისით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აახლებს… საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ათანხმებს იმის მიხედვით, ვისთან არის და ვის ეხება ეს საკითხი… რასაც ვდებთ აბსოლუტურად სწორია და ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია ენდოს,” – განუცხადა ნეტგაზეთს თამარ ალადაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ალადაშვილის თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, როცა აღნიშნულ ვებ-გვერდზე მცდარი ან დაუზუსტებელი ინფორმაცია გამოქვეყნებულა.

იგივეს თქმა შეუძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში: 2010 წლის 29 სექტემბერს, 18:00 საათზე შსს–მ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე, police.ge, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა ნიქოზში, დიცსა და არბოში დამატებითი ტერიტორიები მიიტაცეს.

ნახევარ საათში აღნიშნული ინფორმაცია საიტიდან გაქრა. ღამის 9 საათისთვის კი ინფორმაცია შეიცვალა. შსს-მ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა უკანონო სადემარკაციო სამუშაოები ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ისე შეცვალა, რომ არ მიუთითებია შეცდომის შესახებ.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან და ამავე სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შოთა უტიაშვილთან, დაკავშირებას შეეცადა, რათა გაგვერკვია, თუ ვისი მითითებით გამოქვეყნდა და შემდეგ შიცვალა ზემოთ აღნიშნული ორი ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე. სამწუხაროდ, სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრის თამარ კორძაიას თქმით, საიამ ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს მოითხოვა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გარკვეული ტიპის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალდებულებინათ:

”ჩვენ შევთავაზეთ, დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ნორმებზე, რომელიც შეიმუშავებს სპეციალურ კრიტერიუმებს, რომლითაც ოფიციალურ საიტებზე ინფორმაციის გამოქვეყნებას სისტემური ხასიათი მიეცემა და მომხმარებელს მოლოდინი ექნება სამინისტროს საიტზე, რას ნახავს და რას – არა. კონკრეტული მინისტრი არ უნდა წყვეტდეს, რა ტიპის ინფორმაცია დაიდება საიტზე,” – აცხადებს თამარ კორძაია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ელექტრონული მმართველობის ხელშესაწყობად ცალკე დეპარტამენტიც არის შექმნილი. დეპარტამენტის მიზანია „საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე. კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი საკამონმდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი“. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ამ დრომდე არ შექმნილა. ამის თაობაზე ნეტგაზეთს დეპარტამენტის თანამშრომელმა სოფო თვალავაძემ განუცხადა.

ლევან ავალიშვილი, ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ ქართული სამთავრობო საიტები, ძირითადად, მარკეტინგულ პრიოდუქტს უფრო ჰგავს, ვიდრე მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების საშუალებას.

”მარკეტინგული საიტების” საუკეთესო მაგალითად ავალიშვილს პრეზიდენტის საიტი მოჰყავს:

”საიტზე, ძირითადად, პრეზიდენტის მიღწევებზეა საუბარი. რას წერენ მასზე პრესაში. ძალიან მცირეა ისეთი ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტის საქმიანობას ეხება. ასევე, არ არის მითითებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია.”

გაეროს 2010 წლის კვლევის თანახმად, ”ელექტრონული მმართველობის” განვითარების ყველაზე მაღალი დონე (პირველი ადგილი) სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ აჩვენა. ამ ქვეყნის პრეზიდენტის ვებ–გვერდის საშუალებით, მისი ქართველი კოლეგის საიტისგან განსხვავებით, ვერ იმოგზაურებთ პრეზიდენტის სასახლეში და ვერ ნახავთ ცალკე სექციას, სადაც პრეზიდენტის ინტერვიუების გაცნობა შეგეძლებათ, რომლებიც უცხოურ, თუ ადგილობრივ პრესაშია გამოქვეყნებული. სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო საიტიდან ბმული პრეზიდენტ ლი მუნგ–ბაკის იუთუბის სტრიმზე გადადის, სადაც მისი გამოსვლების ნახვაა შესაძლებელი.

გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ, ელექტრონული მთავრობის განვითარების დონის განსასაზღვრად, კვლევა 2005 და 2008 წლებშიც ჩატარდა. 2005 წელს საქართველო 83–ე ადგილზე იყო, 2008 წელს 90–ზე. წელს კი ათი საფეხურით უკან დაიწია.

2005 წლის გაეროს ანალოგიურ ანაგარიშში განსაკუთრებული ყურადღების ღირსი გახდა საქართველოს პარლამენტის იმ დროისთვის ახლადშექმნილი საიტი. დღესდღეობით საიტზე წარმატებული ნავიგაციისთვის სულ მცირე მრგლოვანი ანბანის ცოდნაა საჭირო. საიტზე შიდა ბმულებით შესაძლებელია სხვადასხვა სექციებში გადასვლა, კანონმდებლობების, პარლამენტის წევრების ბიოგრაფიების, დადგენილებების გაცნობა. ამ თვალსაზრისით პარლამენტის ვებ-გვერდი მეორე საფეხურზე მყოფ საიტებს შორისაა, მაგრამ თუ მრგლოვანი დამწერლობა არ იცით, უნდა გაგიმართლოთ, რომ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია დროულად იპოვოთ.

ქართულ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: მათზე არ არის მითითებული საიტების ოფიციალურობის დამადასტურებელი წარწერა, ან ნიშანი. დასავლეთ ევროპაში სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებს სპეციალური ნიშნებით არაოფიციალური ანალოგებისგან ასხვავებენ.

„ყველგან არის იმის საშიშროება, რომ შექმნან სახელმწიფო უწყებების საიტების ანალოგები. ასეთი ანალოგების საშუალებით იტყუებენ უწყებაში დასაქმებულ პირებს და იგებენ პაროლებს ან ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელიც ჰაკერებს დაეხმარებათ იმ ბაზაში შეღწევაში, რომელზე ხელმისაწვდომობაც ყველა მსურველისთვის შეზღუდულია”- ამბობს კონსტანტინე ჯანჯღავა.

გაეროს 2010 წლის კვლევის მიხედვით, ელექტრონული მთავრობის განვითარების კუთხით საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთი და თურქმენეთი ჩამორჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი