საზოგადოება

კომპიუტერები – არა ყველასათვის

8 ოქტომბერი, 2010 • 1993
კომპიუტერები – არა ყველასათვის

სახელმწიფო პროექტი –კომპიუტერები ყველასათვის’– სინამდვილეში სულაც არ არის ყველასთვის. პროექტის ფარგლებში კომპიუტერების შეძენა მხოლოდ 22-დან 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეძლებათ. ყველაზე იაფფასიანი – 550 ლარიანი კომპიუტერის შესყიდვას კი პროექტის მომხმარებლები 730 ლარად შეძლებენ.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც გუშინ რედისონში შედგა, კომპიუტერის შეძენის მსურველმა კომერციულ ბანკში  აღნიშნული კომპიუტერის ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც დანარჩენი თანხა შეუძლია  განვადებით (მაქსიმუმ ორწლიანი) დაფაროს – დღეში 1–დან 4 ლარამდე გადახდის გრაფიკით.

პროექტის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს  საქართველოს მოქალაქე, რომელიც 22–65 წლისაა და  შემოსავლის ნებისმიერი წყარო გააჩნია. პროექტში  მონაწილეობისთვის მსურველი ალგორითმის ან ალტას მაღაზიებში უნდა მივიდეს, აარჩიოს კომპიუტერი, წარადგინოს პირადობის მოწმობა და დაახლოებით 10 წუთში იგი ტაოპრივატ ბანკის ან საქათველოს ბანკის წარმომადგენლისგან პასუხს მიიღებს– თანახმაა თუ არა ბანკი,  ამ კონკრეტულ ადამიანზე განვადება გასცეს.

პროექტში– კომპიუტერები ყველასათვის – რამდენიმე სახის პერსონალური კომპიუტერი (შედარებით სუსტი, საშუალო და ძლიერი მონაცემების მქონე), ასუსის ნეტბუქი და ფუჯიტსუ ლაიფბუქია წარმოდგენილი.

წარმოდგენილი სახეობებიდან კლიენტს თავად შეუძლია აირჩიოს, რა ღირებულებისა და სიმძლავრის კომპიუტერის შეძენა სურს.

ყველაზე იაფად, ანუ 550 ლარად პერსონალური კომპიუტერისა და  ასუსის ნეტბუქის  (eeepc 1001 px)  შეძენაა შესაძლებელი. განვადების დასამტკიცებლად, აუცილებელია წინასწარ თანხის 20%–ის შეტანა. ამიტომ მსურველი პირველად შესატანს –110 ლარს, ხოლო შემდეგი 24 თვის განმავლობაში თვეში 26 ლარს გადაიხდის. საბოლოოდ, მსურველმა 550 ლარიან კომპიუტერში 180 ლარით მეტი (ბანკის პროცენტული დანამატიანად), ანუ 730 ლარი უნდა გადაიხადოს.

იმავე ტიპის ასუსის ნეტბუქი ალტაში ამჟამად  642 ლარი ღირს. ნეტგაზეთმა ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელს სთხოვა, დაეთვალა, რამდენი ლარის გადახდა მოუწევდა კლიენტს, თუ ამ ნეტბუქს პროექტის გარეშე შეიძენდა. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში, კლიენტმა ბანკში წინასწარ 140 ლარი (წინასწარი შესატანი 20% და საკომისიო) უნდა შეიტანოს, ხოლო ორწლიანი განვადებით, ზედმეტი საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 380 ლარი იქნება. ანუ იმავე ტიპის ნეტბუქში კლიენტს, რომელიც სახელმწიფო პროექტში არ მონაწილეობს,  დაახლოებით 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

მაღაზია ალგორითმის მენეჯერი, შაკო ასლამაზაშვილი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ორწლიანი განვადებით ისარგებლებენ, მაღაზიაში იქნება ფასდაკლებაც.

,,ძირითადად, ფასდაკლება გვაქვს მონიტორებზე, მაგალითად, 19X46 ზომის მონიტორი ახლა 288 ლარი ღირს, ხოლო აქციის ფარგლებში  227 ლარი ეღირება, 295 –ლარიან მონიტორს 240 ლარად გავყიდით’’.

პროექტი ,,კომპიუტერი ყველასათვის’’ 22 ოქტომბრიდან ოფიციალურად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყება. მანამდე კი, 11 ოქტომბრიდან, პროგრამის საპილოტე პერიოდი იქნება.

,,ჩვენ აქტიურად ვეძებთ რეგიონალურ კომპანიებს და ვთანამშრომლობთ მათთან, რათა პროექტის მასშტაბი გაიზარდოს, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, მომხმარებელს სამხრეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში მოვემსახუროთ’’, – განაცხადა პრეზენტაციაზე ირაკლი კაკაბაძემ, კომპანია ალტას წარმომადგენელმა.

ტაოპრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ მასურაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ბანკის ,,შავ სიაში’’ არიან შეტანილი, პროექტში მონაწილეობას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დავალიანება გადახდილი აქვთ და უბრალოდ ირიცხებიან ამ სიაში.

პროექტს განათლების სამინისტრო კომპიუტერულ კომპანია ინტელთან ერთად ახორციელებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ინტელი  პირველი კომპანია იყო, რომელიც  მათ ინიციატივას გამოეხმაურა.

,,ინტელის ძირითადი ბიზნეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ტექნოლოგიები იყოს დანერგილი როგორც განათლების, ისე ჯანმრთელობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. განასაკუთრებით, როცა ლაპარაკია განათლებაზე.  ეს  ისეთი სიტუაციაა, როცა ყველა მხარე მოგებული უნდა დარჩეს– როგორც მომხმარებელი, ისე პროვაიდერი’’, – ამბობს კორპორაცია  ინტელის ექსპერტი და კონსულტანტი სახელმწიფო პროექტების დარგში, რობერტ ფოგელი.

კომპიუტერები მაღაზიებში – ალტასა და ალგორითმში  – გაიყიდება. მსურველებს კი ტაოპრივატბანკი მოემსახურება. ნეტგაზეთს საქართველოს ბანკში განუცხადეს, რომ იგივე განვადების პირობები მათთანაც იმოქმედებს. განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ნინო პოტრჟებსკაია ამბობს, რომ მოლაპარაკება სხვა ბანკებთანაც მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია, საშუალება მიეცეს საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს, შეიძინოს სასურველი სახის კომპიუტერი.

,,საქართველოს ყველა მოქალაქეს არ აქვს საშუალება, რომ ერთიანად შეიძინოს ძვირადღირებული კომპიუტერი. სწორედ ამას ემსახურება ეს პროექტი. დღეში ერთ ლარად მას შეუძლია ორი წლის განმავლობაში დაფაროს თანხა. თანხა, საბოლოო ჯამში, არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ეს ბაზარზე შეიძლება იყოს’’, – ამბობს სეფერთელაძე.

ალგორითმის მენეჯერი, შაკო ასლამაზაშვილი ამბობს, რომ ყოველდღე მინიმუმ 10 ადამიანი რეკავს და პროექტის პირობებს კითხულობს.

,,ვფიქრობთ, რომ დღეში საშუალოდ 20-25 კომპიუტერი გაიყიდება. რესურსი გვაქვს, პერსონალური კომპიუტერები უკვე აწყობილია, ნეტბუქებს კი ამ დღეებში ველოდებით’’.

კომპიუტერების ფასი 548–დან 2000 ლარამდე მერყეობს. ამჟამად მწარმოებელი კომპანიებისგან პროექტში ჩართულია ინტელი, სამსუნგი, ელჯი, ასუსტეკი, ფუჯიტსუ  და სხვა, სულ 18 კომპანია.

პროექტის ბენეფიციარებს ბანკის წარმომადგენლები მაღაზიაშივე მოემსახურებიან.

ახალი სახელმწიფო პროექტის – კომპიუტერი ყველასათვის – დაწყების ინიციატივით 21 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი