საზოგადოება

სექსი და სტუდენტები საქართველოში

4 ოქტომბერი, 2010 • 12638
სექსი და სტუდენტები საქართველოში

”მაინც ჩემი გახდები”; ფოტო: გვანცა კორძახია
”მაინც ჩემი გახდები”; ფოტო: გვანცა კორძახია

,, არსებობს ორმაგი სტანდარტი ქალისა და კაცის სექსუალური ცხოვრების მიმართ : გოგონებს ,,ეკრძლებათ“ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, ხოლო ვაჟებს, პირიქით, ,,მოეთხოვებათ“. ეს იმ კვლევის შედეგების შემაჯამებელი დასკვნაში წერია, რომელიც 2010 წელს საქართველოს მასშტაბით 30 უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა.

 გამოკითხული 3000 სტუდენტიდან 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, ხოლო ბიჭებისთვის ქორწინებამდე თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოში გოგონებს ქორწინებამდე სექსი ,,ეკრძალებათ“, ბიჭებს კი ,,მოეთხოვებათ“.

 კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) პროექტის ,,ნარკომანიის, აივ/შიდსის, უსაფრთხო სექსისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართ სტუდენტთა დამოკიდებულების შესწავლა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი განხორციელდა შვედეთის განვითარების სააგენტოს და ევრაზიის თნამშრომლობის ფონდის დაფინანსებით. კვლევის  ავტორები არიან: სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე და რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი.

 კვლევაში მონაწილეობდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების 3000-მდე სტუდენტი. როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ნარკომანია, შიდსი და სექსი საზოგადოებაში კვლავ  ტაბუდადებულ თემებად რჩება. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ კვლევის მონაწილე არ იყოს გულწრფელი, დიდია. თუმცა, ამ კვლევის მეთოდად გამოყენებული ანკეტური გამოკითხვა რესპონდენტს საშუალებას აძლევს, დარჩეს ანონიმურად, რაც, თავისათავად, გულწრფელობის ხარისხს ზრდის.

 კვლევის მიზანს წარმოადგენდა  სტუდენტების დამოკიდებულება-განწყობის და ქცევითი თავისებურების განსაზღვრა ისეთი  ფენომენების მიმართ, როგორებიცაა– ნარკომანია, აივ/შიდსი, სექსი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

 როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ყველა ეს  საკითხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია – აივ/შიდსის  გავრცელების ყველაზე ხშირი გზა ნარკომანია და დაუცველი სქესობრივი კონტაქტებია.

 კვლევაში საკმაოდ დიდი ადგილი  სტუდენტთა სექსუალურ გამოცდილებას, მათ დამოკიდებულებას უსაფრთხო სექსისადმი, სექსუალური პარტნიორის შერჩევას, ქორწინებამდე სექსს, ქორწინების გარეშე ორსულობას და კონტრაცეპტივებს ეთმობა . 

 ავტორები მიუთითებენ ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პირველი სექსუალური კონტაქტის ასაკი მცირდება.

შდეგებმა აჩვენეს, რომ სექსუალური გამოცდილების მქონე  სტუდენტების 13.3%-ს პირველი სექსუალური კონტაქტი 15 წლამდე ასაკში ჰქონდა, 15-დან 20 წლამდე ასაკში 78.2%-ს, ხოლო  დანარჩენ 8.5%-ს პირველი სექსი 20 წლის ზემოთ ასაკში  ჰქონდა. ამასთანავე, გოგონებიც და ვაჟებიც პირველ პარტნიორად ასაკით უფროსს ირჩევენ, როგორც სექსში უფრო გამოცდილს.

 გამოკითხული 3000 სტუდენტიდან ბიჭების 91.4%  და გოგონების 15.1%  ამბობს, რომ სექსუალური კონტაქტი ჰქონია თუნდაც ერთხელ. მნიშვნელოვანი განსხვავებები დაფიქსირდა სქესის მიხედვით: სექსუალური გამოცდილების მქონე გოგონებიდან 72.9%-ს კონტაქტი ჰქონდა მეუღლესთან, 20.6%-ს მეგობართან, მხოლოდ 2.5%-ს ჰქონდა სექსი ,,სხვასთან“. ბიჭებში საპირისპირო სიტუაციაა: მხოლოდ 3.3%-ს ჰქონდა სექსი ცოლთნ, დანარჩენს ან მეგობართან ან ,,სხვასთან“.

 კვლევის ავტორები ამ მოვლენას აფასებენ, როგორც სექსუალური როლების ტრადიციულ გენდერულ განაწილებას: ქალისათვის დასაშვებია სექსი მეუღლესთან ან, უარეს შემთხვევაში, შეყვარებულთან (რომელიც, დიდი ალბათობით, მისი მეუღლე გახდება), ხოლო მამაკაცებს ,,მოეთხოვებათ“ სექსუალური თავისუფლება.

 რეგიონების მიხედვითაც დაფიქსირდა  განსხვავება – თბილისში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში  სტუდენტებს აქვთ სექსუალური გამოცდილება, ყველაზე ნაკლებად კი – სამეგრელოში.

კვლევის დროს კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა  – იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი გაიგებს, რომ მის ახლობელ გოგონას სექსი ქორწინებამდე ჰქონდა, ყოველი მეორე გოგონა ამ ფაქტს როგორც ,,გასაკიცხს“ ისე აფასებს; მაშინ, როცა ბიჭების უმრავლესობა ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. კვლევის ავტორი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გოგონები თავისუფალი სექსუალური ცხოვრების მიმართ უფრო კონსერვატორები არიან.

 რაც შეეხება უსაფრთხო სექსს და კონტრაცეპტივებს – სტუდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე მისაღები კონტრაცეპტივი პრეზერვატივია.  ბიჭების  უმეტესობა (90%-მდე) პრეზერვატივს იყენებს.

გოგონები პრეზერვატივს  ორსულობისგან თავდასაცავად მიმართავენ, ბიჭები კი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან ასაცილებლად.

 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვლევი საკითხი  ინფორმაციის წყარო იყო, ანუ საიდან მიიღეს სტუდენტებმა ინფორმაცია სექსის, კონტარცეპციის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.  აღმოჩნდა, რომ სექსის შესახებ ინფორმაციას ისინი მეგობრები/თანატოლებისგან  და ელექტრონული მედიით იღებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბიჭები უმეტესწილად მეგობრებისგან, გოგონები კი ელექტრონული მედიით და წიგნებით იგებენ. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს სიტუაცია მიუთითებს გენდერულ სტერეოტიპებზე, რომლის მიხედვითაც, არაფორმალურ სიტუაციებში (მშობლები, და-ძმა) გოგონებისთვის სექსისა და მსგავსი თემების განხილვა ,,ტაბუდადებულია“.

  აღსანიშნავია, რომ ყველაზე ნაკლებად ამის შესახებ სკოლაში, ოჯახში და ექიმთან საუბრობენ. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა  ახალგაზრდების ინფორმაციით უზრუნველყოფაში კომპეტენტური პირების (პირველ რიგში, ექიმების და მასწავლებლების) და მშობლების მონაწილეობა გაიზარდოს.

 სოცილოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ სექსი კვლავ რჩება ,,უხერხულ“ თემად და სწორედ ამიტომ ეს თემა  საზოგადოებას ,,შია“. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძეც მიიჩნევს, რომ დღემდე სექსის, ნარკომანიის და შიდსის საკითხები საზოგადოებისათვის ტაბუდადებულია. ,,სკოლებში სექსუალურ განათლებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არაა, იმიტომ, რომ მშობლები და გარკვეული ორგანიზაციები წინააღმდეგი არიან და ამას ამორალობის და გარყვნილების პროპაგანდად მიიჩნევენ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ გაუნათლებელი ადამიანი უფრო გარყვნილი და ამორალური შეიძლება გახდეს ამ სფეროში“, – ამბობს გაგა ნიჟრაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი