საზოგადოება

უფასოდ მგზავრობის ფასი

22 სექტემბერი, 2010 • 2608
უფასოდ მგზავრობის ფასი

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი, თბილისში  დაჯარიმებული 27 ათასი   მგზავრი 5 ლარს გადაიხდის, თუ 55-ს.  2010 წელს  უბილეთოდ მგზავრობისთვის მოქალაქეები  70 ათასჯერ დააჯარიმეს.

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ე. წ. ყვითელი ავტობუსში) კონტროლიორები დღეში საშუალოდ 500 საჯარიმო ოქმს ადგენენ და უბილეთო მგზავრებს  5-5 ლარით  აჯარიმებენ.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, აკაკი ჯოხაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ 2010 წლის მონაცემებით, 70 ათასი საჯარიმო ოქმი გამოწერეს. ხოლო ბიუჯეტში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა მიმდინარე წელს 647 ათასი ლარი შადგინა.

დილის შვიდის ნახევრიდან, ღამის 12 საათამდე თბილისში 655 ავტობუსი დადის. ავტობუსში ბილეთის აღების წესი დედაქალაქში თითქმის 2009 წლიდან  შეიცვალა. მძღოლებთან პირდაპირი წესით გადახდის ნაცვლად, ავტობუსებში სპეციალურად დამონტაჟებულ აპარატში ხურდის ჩაყრის, ან პლასტიკური ბარათის გატარების შედეგად, მგზავრი ბილეთს იღებს.

3 ჯგუფად დაყოფილი 160  კონტროლიორი ამოწმებს, აქვს თუ არა ავტობუსით მოსარგებლე მგზავრს ბილეთი.

როგორც აკაკი ჯოხაძე ამბობს, არსებობს დილის პიკის საათის, საღამოს პიკის საათის და დღის მეორე ნახევრის ჯგუფები. კონტროლიორი მხოლოდ ერთი გაჩერება მიყვება ავტობუსს, ამოწმებს მგზავრებს და შემდეგ გაჩერებაზე ჩადის, სადაც ახალ ავტობუსს ელოდება.

70 ათასი ადამიანიდან, რომლებიც წელს თბილისის ავტობუსის კონტროლიორებმა დააჯარიმეს, 27 ათასმა, საჯარიმო ოქმით გამოწერილი 5 ლარი შესაძლოა არ გადაიხადოს.

მერიამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც 1 აგვისტომდე დაჯარიმებული ყველა მგზავრი, შესაძლოა გათავისუფლდეს საჯარიმო სახდელისგან.

საჯარიმო ამნისტიის მიზეზს აკაკი ჯოხაძე ასე ხსნის:

”მიუხედავად იმისა,რომ ვცდილობდით ადამიანების ინფორმირებას როგორც ტელევიზიით, ისე პრესით,   ავტობუსებში, მეტროში, მთელ რიგ ადგილებზე ვაკრავდით საინფორმაციო პლაკატებს ბილეთის აღების წესსა და არგადახდის შემდეგ პროცედურებზე,  პრაქტიკამ აჩვენა, რომ მგზავრი ასე თუ ისე ნაკლებად იყო ინფორმირებული”.

ამ მოტივით, თუკი პარლამენტი მერიის მიმართვას გაითვალისწინებს,  27 ათასი მგზავრი 5 ლარიან ჯარიმას აღარ გადაიხდის.

ჯოხაძე ამბობს, რომ თანხა, რომელიც მგზავრების მიერ აღებული ბილეთებიდან შედის, არ არის საკმარისი ავტობუსებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად. მისი თქმით, შემოსული თანხა, დანახარჯის 60-70% ანაზღაურებს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, თანხის დარჩენილ ნაწილს მერია აფინანსებს.

ჯოხაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ვერ ხდება ავტობუსებზე გაწეული ხარჯების სრულად ამოღება, მგზავრების მიერ შეძენილი ბილეთებით:

” 580 ათას ადამიანს თბილისში აქვს სხვადასხვა სახის შეღავათები,ზოგს უფასო, ზოგს ფასდაკლებით. როდესაც მგზავრს აქვს შეღავათი,რომელიც 10 ან 20 თეთრით მგზავრობს, ეს შემოსავალი არ ეყოფა  სრულად იმ ხარჯს რაც ჭირდება,რომ ავტობუსმა იმუშავოს.”

კიდევ ერთი მიზეზი ჯოხაძის თქმით ავტობუსების გრაფიკია:

”ავტობუსები მუშაობენ ღამის 12 საათამდე, როდესაც ქალაქის უმეტესობას ძინავს, ან სახლშია. მაგრამ ავტობუსი მაინც მუშაობს იმისთვის,რომ გარეთ დარჩენილმა ნებისმიერმა მგზავრმა შეძლოს ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება. ესეც რა თქმა უნდა ხარჯია.”

დაჯარიმების გამკაცრებას, თბილისის საქალაქო სამსახური არ გეგმავს.

დღეს კი ჯარიმის სისტემა ასე მოქმედებს. უბილეთო მგზავრს კონტროლიორი საჯარიმო -5 ლარიან ოქმს უდგენს. ოქმის გამოწერიდან 30 დღეში  მგზავრმა 5 ლარიანი ჯარიმა უნდა გადაიხადოს. იმ შემთხვევაში, თუ თანხას დროულად არ დაფარავს, დამატებით 50 ლარის გადახდა მოუწევს. თუ მგზავრი 55 ლარს ერთ თვის განმავლობაში  არ გადაიხდის, საქმე სააღსრულებო ბიუროს გადაეცემა.

ცვლილებები ხორციელდება მეტროპოლიტენშიც. ტრადიციული ”ჟეტონის” ნაცვლად, 1 ოქტომბრიდან  მხოლოდ პლასტიკური ბარათით იქნება შესაძლებელი მეტროპოლიტენით მგზავრობა.

პლასტიკური ბარათების დასატენი აპარატები ყველა მეტროსადგურში დგას. ჯოხაძე ამბობს,რომ ქსელი გაფართოვდება და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მსგავსი ტიპის აპარატები დაიდგმება. ეს არის ე.წ. ფეიბოქსის ტიპის აპარატი, რომლის ერთ-ერთი სერვისია პლასტიკურ ბარათზე თანხის შეტანა.

მეტროპოლიტენის  მომსახურებას, რამდენიმე წელია საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია, მეტრო სერვის პლუსი ახორციელებს. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი ,რომელიც დღეს მეტროპოლიტენში ჟეტონების გაცემასა და პლასტიკურ ბარათებზე მუშაობს, აღნიშნული კომპანიის თანამშრომელია. მათი სამსახური 1 ოქტომბრიდან აღარ იქნება მეტროპოლიტენისთვის გადამოსადეგი. რადგან ახალი სისტემით ბილეთის შეძენა ადამიანის დახმარების გარეშეა შესაძლებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი