საზოგადოება

სიღარიბის მაჩვენებლები სააკაშვილის მიხედვით

21 სექტემბერი, 2010 • 1302
სიღარიბის მაჩვენებლები სააკაშვილის მიხედვით

გაეროს სამიტზე  გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი წელს 18%–ზე, სიღატაკის მაჩვენებელი კი 6%–ზე ნაკლებია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები განსხვავებულია.

გაეროს გენერალური ასამბლეის 65–ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  20 სექტემბერს, 15 წუთიანი მოხსენებით წარსდგა. პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოში გაეროს ათასწლეულის პროგრამის განვითარებას მიეძღვნა.

სააკაშვილის თქმით, ათასწლეულის განითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში გატარდა რეფორმები ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, განათლებასა და კორუფციასთან და სიღარიბესთან ბრძოლაში.

,,გავატარეთ საპენსიო რეფორმა, დავადგინეთ სოციალურად დაუცველი ჯგუფები. 2003 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 40% აღემატებოდა, ახლა  კი ის 18% -ზე ნაკლებია, უკიდურესი გაჭირვება, რაც გულისხმობს ადამიანთა ჯგუფებს, რომელნიც დღეში დოლარნახევარზე ნაკლებს ხარჯავენ ახლა 6%–ზე დაბალია. ეს პროცესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არის მხოლოდ დასაწყისი იმასა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა’’.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2009 წლის მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში 21%–ს აღწევს, ხოლო სიღატაკის 8.8%.

გაეროს ასამბლეაზე სააკაშვილის კიდევ ერთი გამოსვლა 23 სექტემბერსაა დაგეგმილი. ამ გამოსვლაში ის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს.

საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ჰილარი კლინტონის ინიციატივით გამართულ ყოველწლიურ შეხვედრას, სიტყვით გამოვა ნიუ–იორკის უნივერსიტეტში, შეხვდება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და ბიზნესმენებს, – წერია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერზე.

ქართულ დელეგაციას, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრიც შედის,  სულ 90–მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი