საზოგადოება

სამეზობლო და საოჯახო ბორდელები გონიოში

20 სექტემბერი, 2010 • 3464
სამეზობლო და საოჯახო ბორდელები გონიოში

ზაფხულში, ეგრეთ წოდებულმა ”სექსტურმა” გონიოში პიკს მიაღწია. ტრაილერებისა და თურქეთის მოქალაქეების პროსტიტუციით გართობამ და ხმაურმა დამსვენებლებიც კი დააფრთხო. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ამ სოფელში.

გონიოში ბევრ კერძო სახლში ბორდელი აქვთ გახსნილი. ცხადია, არაოფიციალურად. აქ, ძირითადად, წარმოშობით შუააზიელი ქალები მუშაობენ. და ქართველებიც, ისინი, ვინც დეპორტაციის გზით თურქეთიდან გამოაძევეს. ეს გონიოში ერთგვარ საოჯახო და სამეზობლო ბიზნესად ჩამოყალიბდა. კლიენტები, ძირითადად მძღოლები, თურქეთიდან შემოდიან.

ფასი არც თუ ისე დაბალია, 50 ლარიდან მაღლა.

სქემა ასეთია, სამი მეზობელი ერთ `ამხანაგობაში~ ერთიანდება: ერთი ოჯახი მძღოლების მოზიდვაზე მუშაობს. მეორესთან ქალებს აქვთ ბინა ნაქირავები, მესამე ბუნაგია, სადაც მძღოლები და ქალები საათების მიხედვით ჩერდებიან. იქვე ცხოვრობენ გონიოელებიც, ოჯახებით _ დედები, შვილები, ცოლები და ქმრები. ამის შესახებ გონიოში ყველა მოგიყვება. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ოჯახში ბორდელის გახსნა არ შეიძლება, აქციაც კი გამართა და ქუჩის გადაკეტვაც სცადა, მაგრამ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

სოფლის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა 13 ივლისს აქცია მოაწყო. ძირითადი მოთხოვნა ტრაილერების სადგომის გადატანა და პროსტიტუციის აღკვეთა იყო. აქცია `25-ე~ არხით გაშუქდა. თუმცა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მხოლოდ ტრაილერების საკითხს მოჰყვა.

გონიოელები ამბობენ, რომ სოფელში მუდმივად ისმის კლიენტისა და ქალების ჩხუბის ხმა -ვინ ფასზე ვაჭრობს და უკმაყოფილოა, ვინ კიდევ სხვა რამის გამო ილანძღება. ამის მიუხედავად, პროსტიტუციის თემაზე ხმამაღლა ბევრი გონიოელი არ საუბრობს. მაგრამ არიან ისინიც, რომლებიც ამაზე საუბარს არ ერიდებიან.

”ამ საკითხზე ხელისუფლება არაერთხელ შევაწუხე. მათ შორის დეპუტატი ასლან თავდგირიძე. მირჩია, თურქული პარკებისა და რესტორნების დახურვა მოგვეთხოვა. მაგას ვერ ვიზამთ, რადგან მეზობლები არიან დასაქმებულნი და ორ კაპიკს აკეთებენ. ეს მეზობლებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს”, -განაცხადა ”ბათუმელებთან” თამარ გორაძემ.

გონიოს საჯარო სკოლის მოპირდაპირედ არსებული მოედანი სატვირთო ტრაილერების სადგომად წლების წინ იქცა. რიგითი გონიოელებისთვის მძღოლების მომსახურება საწვავით, საკვებითა და ბინით, სარფიანი საქმე გახდა. როგორც გონიოელები ამბობენ, მალე სოფელში ქალების გაქირავებითაც დაიწყეს ფულის კეთება. ჩამოიყვანეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომლებიც თურქეთიდან გზადმიმავალ მძღოლებს სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.

”თავდაპირველად მარტო მძღოლებს ემსახურებოდნენ. შემდეგ ეს ბიზნესი ნელ-ნელა გაფართოვდა. ახლა ამ ბიზნესში თურქეთის მოქალაქეებიც არიან ჩაბმულნი. მათ ნაქირავები აქვთ სასტუმროები, კაფეები, კერძო სახლები, სადაც არაოფიციალური ბორდელები ფუნქციონირებს. ერთ-ერთი ასეთი ბუნაგი სკოლასთანაა, გივი ბაკურიძის სასტუმროში, რომელიც თურქებს აქვთ ნაქირავები. საშინელება ხდება. საღამოთი ბავშვები გარეთ არ გაიშვება. ჯერ კიდევ ზაფხულია და ბავშვებს სახლში ვერ ჩაკეტავ. ჩვენი სოფელი თითქოს მთელ საქართველოში განთქმული კურორტია და საუკეთესო პროექტებს გვპირდებიან, მაგრამ ახლა ისეთი საშინელება ხდება, მგონი აქ მალე აღარავინ ჩამოვა~.

პროსტიტუციის მორალურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას სერგო გორაძე: `სოფლის ცენტრში ბოზობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ახალგაზრდა ქალები სხეულით ვაჭრობენ. ჩვენ ბავშვები გვყავს. ამას ყველა ხედავს”.

ლინდა ახალაძე კი არასრულწლოვნების გარყვნის საფრთხეზე საუბრობს: `სკოლასთან მაქსიმუმ 20 მეტრშია ბორდელი… სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობლების ნაწილი ამ ბინძურ ბიზნესშია ჩართული. ზოგს საკუთარ სახლებში ჰყავს პროსტიტუტკები და კლიენტებს სექსუალური ორგიების მოწყობის უფლებას აძლევს. ამას მათი ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად მეზობლებიც ხედავენ”.

გონიოს საჯარო სკოლის დირექტორი, ცისანა ბარამიძე, რომელიც ამავე დროს გონიოს თემის დეპუტატია ხელვაჩაურის საკრებულოში, ამბობს: `რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, მაგრამ ჩვენ არ შევუწუხებივართ, ასეთი რამ არ ყოფილა. თუ აქ რაიმე სახის დაწესებულება არის გახსნილი, შესაბამისი ლიცენზიაც აქვთ. ჩვენ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არ გვყავს. რამე პრობლემა ჩვენს ბავშვებს ასეთ დაწესებულებებთან, საბედნიეროდ, ჯერ არ ჰქონიათ. რომ რამე, პირველი თვითონ დავიცავდი ბავშვების ინტერესებს. თუ სოფელი იტყვის, ამ საკითხის მოსაწესრიგებლად ვიბრძოლებ. ჩემი ინიციატივით ბრძოლის დაწყებაზე არ დავფიქრებულვარ~.

ხელვაჩაურის გამგებელი, თემურ დუმბაძე კი აცხადებს, რომ საჯარო სკოლის წინ ტრაილერების სადგომი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს: `რაც შეეხება პროსტიტუციას, ვინ მსუბუქი ყოფაქცევისაა და ვინ მძიმე, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ეს ქალები კაფეებსა და სასტუმროებში სხვადასხვა თანამშრომლებად ჰყავთ გაფორმებული~.

გონიოს თემის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ლამზირა ლეონიძე კი მოსახლეობის პასიურობაზე საუბრობს: `პროსტიტუციის პრობლემა გონიოში აღარ არის. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ განცხადება არც ჩვენთან შემოსულა და არც პოლიციაში არ შესულა. რომ შესულიყო, რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა~.

თამარ გორაძე კატეგორიულად არ ეთანხმება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს: `ტურისტული სეზონი მთლიანად ჩამივარდა. ეს მაშინ, როცა დამსვენებლების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დავიწყე. ოთახს საშუალოდ 120 ლარად ვაქირავებდი და ტურისტების რიგი მედგა. ბოლო ორი თვეა ტურისტი საერთოდ აღარ გამკარებია~.

რამაზ გოგიტიძის განცხადებით, პროსტიტუციას აქ უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს: `აქ, წლობით, თურქეთიდან დეპორტირებული ქალები იყრიან თავს. ვის არ ნახავთ: ქართველებს, სომხებს, შუააზიელებს. სასტუმროებსა და კერძო სახლებში ცხოვრობენ. ამას ყურადღებას არავინ აქცევს~.

საქართველოში პროსტიტუცია კანონით არ იკრძალება, თუმცა არც ნებადართულია (ანუ არ არის ლეგალიზებული). იურისტების თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში პროსტიტუციასთან დაკავშირებით მხოლოდ ორი მუხლი არსებობს, ანუ პროსტიტუცია მხოლოდ ორ შემთხვევაში ისჯება: ერთი, როცა ხდება პროსტიტუციაში არასრულწლოვანის ჩაბმა; მეორე, 254-ე მუხლის თანახმად, პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის ან ადგილის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე~.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამარ კორძაიას განცხადებით, პროსტიტუციის ადგილების მოწყობა დანაშაულია: `თუკი ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობს, მაშინ შეიძლება საჩივრის შეტანა და დამტკიცების შემთხვევაში მისი აღკვეთა. ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობა ასეთი ადგილების შესახებ ავტომატურად იწვევს სამართალდამცავი ორგანოების, კერძოდ, პროკურატურის დაინტერესებას, ეს ორგანოები ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ ასეთ ცნობებზე და წინასწარი მოკვლევა ჩაატარონ~.

რაც შეეხება თავად პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს, მათ მიმართ მოქმედებს ადმინისტრაციული კოდექსი: `პროსტიტუცია არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ერთთვიანი შრომის ანაზღაურების ნახევრის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში დაჯარიმების ოდენობა იზრდება. თუმცა,  ჯარიმის ზუსტი ოდენობები განსაზღვრული არ არის. ამ მუხლს აქვს ისეთი დათქმაც, რომ არ დაჯარიმდება ის პირი, რომელიც არის ტრეფიკინგის მსხვერპლი~.

გონიოში ტრეფიკინგზე (ამ შემთხვევაში ქალების ჩართვა იძულებით საქმიანობაში) არაფერს ამბობენ. გონიოში არც იმაზე დაფიქრებულან, ხომ არ იქნება გამოსავალი პროსტიტუციის ლეგალიზაცია _ ოფიციალური ბორდელების გახსნა, სადაც დასაქმებულ ქალებს მოემსახურება ექიმი და უსაფრთხოების კიდევ ბევრი ნორმა იქნება დაცული. ამით იხეირებს სახელმწიფო ბიუჯეტიც, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი