საზოგადოება

ვუიარისტი რედაქტორები ლუპებით

17 სექტემბერი, 2010 • 2576
ვუიარისტი რედაქტორები  ლუპებით

  ”ვერც ერთი დაწერილი დოკუმენტი ვერ იწინასწარმეტყველებს მომავლის ყველა შესაძლო სცენარს,” – ნათქვამია ნიუ-იორკ თაიმსის ეთიკის კოდექსში.   

ჟურრნალისტური ეთიკის კოდექსებში  ზოგადადაა  აღწერილი,  თუ როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები ამა თუ იმ საკითხების გაშუქებისას,  რათა გამოცემის რეპუტაცია და მის მიმართ აუდიტორიის ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

თუ ეს ეთიკის  პრინციპები ჟურნალისტს ამა თუ იმ სიტუაციაში ვერ აძლევს ნათელ წარმოდგენას იმაზე, თუ რა წესები აქვს გამოცემას, ასეთ სიტუაციებში ნიუ იორკ თაიმსის მენეჯმენტი მოელის, რომ ის (რეპორტიორი) კონსულტაციას გაივლის ნიუსრუმის მენეჯმენტთან.

ჟურნალ ”ტაბულას”  ასეთ ნიუანსებზე ფიქრი  მანამდე მოუწია, ვიდრე ეთიკის კოდექსს  დაწერდა.  ”ტაბულა” 2010 წლის 15 მარტს გამოვიდა პირველად. რედაქციის ეთიკის კოდექსი ჩამოყალიბების პროცესშია.  ჟურნალის მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ  სანამ ეთიკის კოდექსი საბოლოოდ  დაიხვეწება,  ჟურნალისტების ქცევის ნორმები ზეპირად წესრიგდება.  

”ტაბულას” მიერ დაწესებული ქცევების ზეპირი ნორმ(ებ)ის თანახმად, თუ ჟურნალისტი გადაწყვეტს, რომ საჯარო დისკუსიაზე, ტელე ან რადიო გადაცემაში გამოჩნდეს,  როგორც მონაწილე, ჯერ რედაქციასთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.

ზოგადად,  ”ტაბულას”  ჟურნალისტებს აქციებზე სიარული არ ეკრძალებათ.  სარედაქციო საბჭომ  შეიძლება ესა თუ ის ჟურნალისტი არ გაუშვას აქციაზე, თუ გადაწყდება, რომ შეიძლება ”კონფლიქტი წარმოიშვას აქციის მიზანსა და რედაქციის ფასეულობებს შორის.” ირაკლი დეისაძის წიგნის საჯარო მხარდაჭერა ჩერგოლეიშვილის თქმით, ასეთ კონფლიქტს არ ქმნის და ჟურნალისტებსაც არ აეკრძალებოდათ  მის მხარდასაჭერ  აქციაში  მონაწილეობის მიღება.  ჟურნალისტები რედაქტორისაგან დამოუკიდებლად წავიდნენ აქციაზე. თუმცა რედაქტორისგან გაფრთხილება მიიღეს, რადგან წინასწარ თანხმობა არ უთხოვიათ.

მალხაზ გულაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და ყველა სხვა ადამიანის გვერდით, ვინც, ჩერგოლეიშვილის თქმით, საზოგადოებაში რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური ნიშნით შუღლის ჩამოგდებას ცდილობს,  ”ტაბულას” ჟურნალისტის დგომა ”გამორიცხულია.”

”ეს პირდაპირ კონფლიქტს ქმნის ”ტაბულას” ფასეულობებთან”, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

სანამ ირაკლი კაკაბაძესთან ერთად აქციაზე წავიდოდა, ”ტაბულას” ყოფილ თანამშრომელ შოთა  დიღმელაშვილს (გაგარინი) ეს გეგმა რედაქტორთან არ შეუთანხმებია. აქცია ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის  გადარქმევას ისახავდა მიზნად, რის შემდეგაც  აქციის მონაწილეები ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დღეგრძლობას ნავთობით აპირებდნენ.

დიღმელაშვილი, რომელიც ”ტაბულაში”  ჩერგოლეიშვილის თქმით, მუშაობდა როგორც გადამწერი (copy editor), სამსახურიდან ხელძღვანელის მითითების, ანუ შინაგანაწესის დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

”ირაკლი კაკაბაძესთან, მალხაზ გულაშვილთან, ზვიად ძიძიგურთან ერთად  ჩემი თანამშრომელი რომ გამოჩნდეს, ეს ჩემთვის დიდი სირცხვილია, რადგან გარშემომყოფნი, ჩემს თანამშრომლებს შესაძლოა მიიჩნევდნენ ტაბულას წარმომადგენლებად, ხოლო მათ პოზიციას  –  რედაქციის პოზიციად,”, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილი აზუსტებს, რომ მისთვის მიუღებელი პერსონაა ყველა, ვინც ეთნიკური, რელიგიური ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას ცდილობს,. მათ შორისაა ირაკლი კაკაბაძე. დასტურად კი ირაკლი კაკაბაძის სტატია მოაქვს, რომელიც 2007 წლის 28 ივლისის ”რეზონანსში” გამოქვეყნდა. ”სტატიაში ირაკლი კაკაბაძე ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის ”ტაბულას” ერთ-ერთ რედაქტორს ლევან რამიშვილს ჰომოსექსუალობის წახალისების და აბორტების გაათმაგების გზით ქართველი ერის გენოციდში სდებს ბრალს, ხოლო ჰომოსექსუალებს ავადმყოფებად მოიხსენიებს.

”ჩვენთვის არ არსებობენ მიუღებელი ადამიანები”, – აცხადებს გაზეთ ”ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე, – ”მედიისთვის, არა მგონია,  ადამიანების დაყოფა ნორმალური იყოს.”

თურაძისთვის ჟურნალისტის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში:

”თუ ჟურნალისტმა თავისი ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რედაქციის რეპუტაციას.”

გაზეთს  ქცევის საკუთარი კოდექსი გააჩნია. აქამდე არ ჰქონიათ შემთხვევა, რომ ჟურნალისტს აქციაზე წასვლის სურვილი გამოეთქვას.

”რომ გაჩნდეს მსგავსი შემთხვევა, ეს აუცილებლად გახდება რედაქციის მსჯელობის საგანი და გადაწყდება, წავიდეს თუ არ წავიდეს რეპორტიორი”, – აცხადებს თურაძე.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ყველა ნაციონალური არხის ეთიკურ საკითხებს არეგულირებს, თუმცა  საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი  ეთიკის კოდექსიც აქვს.

საკუთარი ქცევის კოდექსი  არ გააჩნია რუსთავი 2-ს.  გიორგი ლაფერაშვილი, რუსთავი 2-ის ახალი ამბების პროდიუსერი, ამბობს, რომ ის ”არ მიესალმება,” რომ ჟურნალისტმა ”არხის სახელით” აქციაზე აზრი გამოთქვას.

საკუთარი ქცევის კოდექსი არც ტელეკომპანია ”იმედს” აქვს.

გაზეთ ”24 საათის” რედაქტორი პაატა ვეშაპიძე თავს თავმოყვარე მედიასშუალების წარმომადგენელს უწოდებს და ამაყობს, რომ მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთს საკუთარი, დაწერილი ქცევის კოდექსი აქვს, თუმცა, დოკუმენტზე საკუთარი აზრი გააჩნია:

”ძველია და ინფანტილური.”

დაინტერესებულ საზოგადოებას დოკუმენტის ნახვა არ შეუძლია – კოდექსი ვებ-გვერდიდან მოხსნილია – ვეშაპიძის თქმით, ერთადერთი მიზეზით: მისი დამუშავება და დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა – ადაპტირება მიმდინარეობს.

მისი თქმით, ახალ ვარინატში აუცილებლად ჩაიდება ის პუნქტი, რომ ჟურნალისტი მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს, როგორც აქტივისტი – თუ საქმე კოლეგების, ანუ მედიის სოლიდარობას შეეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეშაპიძის თქმით, ”24 საათის” რეპორტიორი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება.

დაწერილი კოდექსი არ გააჩნია სააგენტო ”პირველს.” თუმცა, ყოველდღიურ შეკრებაზე სააგენტოს რედაქტორი ანი მიროტაძე ჟურნალისტებს ქცევის წესებს სიტყვიერად განუმარტავს. სააგენტოს რეპორტიორებისთვის იკრძალება ყოველგვარ აქციაში, როგორც აქტივისტის, მონაწილეობა.

”ისევე, როგორც მეეზოვე მიდის და უნდა დაგავოს, ისე ჟურნალისტი მიდის და უნდა იმუშაოს, ” – აცხადებს მიროტაძე. –  ”აქტივისტად, რა თქმა უნდა, არ უნდა წავიდეს, რა შინაარსის აქციაც არ უნდა იყოს.”

არც ერთ აქციაზე წასვლას არ უკრძალავს თავის რეპორტიორებს ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი.  

”როდესაც ჟურნალისტი აგვყავს სამსახურში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვყიდულობთ, როგორც ადამიანს”, – განმარტავს შავერდაშვილი. – ”მან უნდა შეასრულოს კონკრეტული სამუშაო და ამის გარეთ უნდა ჰქონდეს თავისუფლება.”

ქცევის ეთიკის კოდექსი ჯერ არც ”ლიბერალის” რედაქციას შეუმუშავებია. ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორი ამბობს, რომ არის შიდა პრინციპები, რომელიც, ვერბალურ დონეზე, ყველა თანამშრომელმა იცის.

რუსუდან ფანოზიშვილი ”ლიბერალის” შტატის ჟურნალისტია და აქციებს ერიდება.

ამბობს, რომ აქციაზე  ატქივისტად ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება წავიდეს: თუ საქმე  პროფესიულ სოლიდარობას ეხება და  აზუსტებს, რომ არ გააშუქებს აქციას, სადაც საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

”შეიძლება ქვეცნობიერად მეგონოს, რომ ობიექტური ვარ და მინდოდეს და შევეცადო, მაგრამ არ გამომივიდეს, ” – ამბობს ფანოზიშვილი. – ”და თუნდაც, ზოგადად, მოხდეს სასწაული და ობიექტური ვიყო, სხვებს მაინც გაუჭირდებათ ამის დაჯერება – ჩემი დაჯერება.”

”ასეთ გარემოებაში დაწერილ სტატიას  გამადიდებელი ლუპით წავიკითხავდი ობიექტურობაში დასარწმუნებლად”, – აცხადებს მისი რედაქტორი. – ”დღეს მეკითხებოდნენ: ”მალხაზ გულაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე რომ წავიდე, გექნება პრობლემა?’ – ალბათ, მაინც არ ავუკრძალავ”, – აცხადებს შავერდაშვილი.

შავერდაშვილისთვის მთავარია, რომ ჟურნალისტებმა თავიანთი განწყობები, სამოქალაქო პოზიციები, პოლიტიკური, რელიგიური და პირადი მოსაზრებები და დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ ”რედაქციის ზღურბლს მიღმა” დატოვონ.

”ჩვენ ვაგებთ პასუხს ჟურნალ ”ლიბერალში” დაბეჭდილ ყველა სტატიაზე და მაღალ სტანდარტებზე, რაშიც იგულისხმება მიუკერძოებლობა, ფაქტების სიზუსტე, დაბალანსებულობა და ასე შემდეგ – სხვა ფუნდამენტური ჟურნალისტური პრინციპები. ”

თუმცა, აქციაში აქტივისტობა ”ლიბერალის” ჟურნალისტისთვის სამსხურის დაკარგვის მიზეზი არ გახდებოდა, განმარტავს შავერდაშვილი.

შოთა დიღმელაშვილსა და ”ტაბულას” შორის წერილობითი შრომითი ურთიერთობა არ არსებულა. იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად,  შრომით ხელშეკრულებად ითვლება.

საქართველოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე, დამქირავებელს მიზეზის ახსნის გარეშე შეუძლია თანამშრომლის დათხოვნა.

თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანის მონაწილეობას შეკრებებსა და მანიფესტაციებში აზრის გამოხატვის მიზნით.

”ადამიანის უფლებები არის ურთიერთობა პირსა და სახელმწიფოს შორის – კონსტიტუციური სამართალი. მაგრამ შრომითი ურთიერთობა არაა კონსტიტუციური სამართალი – ესაა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა პირსა და მის დამქირავებელს – სამუშაოს მიმცემსა და შემსრულებელს შორის”, – აცხადებს იურისტი სანდრო ბარამიძე. –” ნებისმიერი მიზეზი, რომელიც დამქირავებელს  არ დააკმაყოფილებს,  შეიძლება გახდეს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი. ”

თვით შოთა ამბობს, რომ მან რედააქციაში არაერთხელ ახსენა თავისი პოლიტიკური შეხედულებები ბუშის შესახებ და აქციის შესაძლო გეგმა.

”თუმცა, მაშინ რედაქციაში ამაზე ყველამ გაიცინა”, – იხსენებს დიღმელაშვილი.

”სულაც არ მაღელვებს, დალევდა თუ არა შოთა ნავთობით ბუშის სადღეგრძელოს”, – აცხადებს  მისი დამქირავებელი, ჟურნალ ”ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.  – ”მთავარია, შოთა არ დაემორჩილა ჩემს სიტყვიერ ინსტრუქციას და  აღმოჩნდა ისეთ ადამიანებთან, ვისი პრინციპები და მორალი მთლიან შეუსაბამობაში მოდის ჩემს მორალთან.”

ნიუ იორკ თაიმსის ეთიკის კოდექსი განმარტავს:

”კომპანიას (იგულისხმება ნიუ-იორკ თაიმსი) სჯერა, რომ ეთიკის დოკუმენტში გატარებულ აზრს ყველა  ჩვენი  თანამშრომელი იზიარებს… ამავე დროს, მის გამიზნულად დარღვევას დისციპლინური სასჯელი და შესაძლო დათხოვნა შეიძლება მოჰყვეს, რომელიც საერთო შეთახმების შედეგად განხორციელდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი