საზოგადოება

ჰომოსექსუალობა და ეკლესიები

17 სექტემბერი, 2010 • 2522
ჰომოსექსუალობა  და ეკლესიები

ჰომოსექსუალობა, როგორც პრობლემა, თითქოს სახეზეა საქართველოში. რამდენიმეჯერ ხმებიც კი დაირხა ჰომოსექსუალთა შესაძლო აღლუმის შესახებ. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი საკმარისი სიცხადით არსად არ დაფიქსირებულა. არც ეკლესიას/ეკლესიებს  გამოუთქვამს თავისი აზრი მკაფიოდ. ყოველივე ეს იწვევს ბუნდოვანობის და, ზოგჯერ, სამართლიანი უკმაყოფილების (რომ არა ვთქვა მრისხანების) შეგრძნებას. არც დებატები, არც დიალოგი და არც კამათი ამ პრობლემაზე ღიად არ მიმდინარეობს – არ მიმდინარეობს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება იფეთქოს… ქვემოთ მე შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე ამ თემაზე უკვე არსებული თეოლოგიური დებატების ძირითადი ასპექტები.

გამოკვლევები აჩვენებს, რომ ერთი და იგივე სქესის (თანამოსქესე, ჰომოსექსუალების – ტერმინი შემოღებულია მე-19 საუკუნეში) ადამიანების სექსუალური ურთიერთობები არსებობს ყველა საზოგადოებაში – როგორც წარსულ, ასევე თანამედროვეში. ზოგჯერ გაზვიადებული იყო ჰომოსექსუალის ხვედრითი რიცხვი საზოგადოებაში, რადგან ახალი გამოკვლევები აჩვენებს, რომ მამაკაცების არა 7-10%, როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული, არამედ მხოლოდ 3% და 1,5 %-ც ქალებისა არის ჰომოსექსუალური ორიენტაციის. თუმცა ხვედრითობას არ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა – მთავარია, რომ ჰომოსექსუალიზმი ემპირული რეალობაა და, აქედან გამომდინარე, ის შესაძლებელია მიჩნეულ იქნას, როგორც ადამიანის ბუნებრივი შემადგენელი. ანუ, ჰეტეროსექსუალების და თანამოსქესეთა სექსუალური ურთიერთობა შესაძლოა გაგებული იყოს ერთნაირად – როგორც პარტნიორებს შორის არსებული ემოციური კავშირის ფიზიკური გამოხატულება.

ამჟამად, ძირითადად, ასეა აღიარებული და ადამიანის უფლებების კონვენციით ფორმალურად გარანტირებული, მაგრამ არსებობდა თუ არა მსგავსი მიდგომა წარსულში, კერძოდ შუა საუკუნეებში? თავისთავად ცხადია, რომ პასუხი უარყოფითია. ეკლესიის დომინირების ეპოქაში ჰომოსექსუალთა ხმა, რაღა თქმა უნდა, უბრალოდ, ჩახშობილი იყო. ამის საფუძველს იძლეოდა როგორც ბიბლიური ციტატები, ისე იმ ეპოქაში საყოველთაოდ და უპირატესობით აღიარებული ბუნებითი კანონი[1] (კანონი, რომელიც შემოქმედი ღმერთის მიერ იმთავითვე ჩანერგილი აქვს ადამიანს და ზოგადად მთელს ბუნებას). ამასთან, მიაჩნდათ, რომ სექსი მხოლოდ გამრავლებისთვისაა ღმერთისაგან მოცემული. ხოლო, გამრავლება, თავის მხრივ, გულისხმობდა ოჯახურ ურთიერთმზრუნველობასაც.[2] აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა მიზნით განხორციელებული სექსუალური აქტი (ან თვით მასტურბაციაც) ითვლებოდა დანაშაულად. მაგრამ ანგლიკანური ეკლესიის დოკუმენტის (“Issuesnin Human Sexuality” (1991) მიხედვით და, ასევე, ზოგიერთი კათოლიკე მეცნიერის (მაგალითად, John McNeil) მიერ ჰომოსექსუალობა განხილულია განსხვავებულ, უფრო მეტად ლიბერალურ ჭრილში. ანუ, მიაჩნიათ, რომ ბიბლიური და ადრექრისტიანული მიდგომა არ არის სათანადოდ არგუმენტირებული სამეცნიერო (როგორც თეოლოგიურ/ეგზეგეტური, ასევე ანთროპოლოგიურ/სოციალური) თვალთახედვით. ბიბლიური ციტატები დაწერილია განსხვავებულ ისტორიულ/საზოგადოებრივი ვითარებაში, ვიდრე თანამედროვეობაა. ანუ, ისინი არ გულისხმობდნენ იმას, რასაც თანამედროვე ადამიანი აღიქვამს მათი ამოკითხვისას. ბიბლიაც, ისევე როგორც ნებისმიერი ტექსტი, კონტექსტუალურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი წაკითხვა არ შეიძლება იმ სიტუაციისა და ვითარების გაუთვალისწინებელად, რომელშიც იგი აღმოცენდა და სადაც ის ამჟამად არის მოხვედრილი. ამასთან, ბიბლიის ყოველი კონკრეტული ტექსტი თუ მონაკვეთი უნდა იქნეს გაანალიზირებული ბიბლიის ზოგადი და მთავარი სწავლების ჩარჩოში და შეჯერდეს სხვა ბიბლიური ტექსტებსა თუ მონაკვეთებთან. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქრისტიანების მიერ ძველი აღთქმა განიხილება ახალი აღთქმის შუქზე – ძველი არის ახლის აჩრდილი (შდრ. მთ 7.12 ყოველივე, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ თქვენ ადამიანებმა, ასევე თქვენც გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის სჯული და წინასწარმეტყველნი“). ხოლო თავად ახალი აღთქმის მთავარი განზომილებაა სიყვარულის მცნება, რომელიც კონცენტრირებულია სახარების სიტყვებში: შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით (2შჯ.6,5). ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. და მეორე – მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი (ლევ.19,18) ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული“ (მთ 22. 37-40). რა თქმა უნდა, ამ ციტატის დედააზრი განმსაზღვრელია თავად ახალი აღთქმის გაგებისთვისაც და სწორედ ამ ჭრილში უნდა იქნეს განხილული სხვა მისი პასაჟები, სადაც ჰომოსექსუალიზმი არის დაგმობილი. ამრიგად, წარმოიშვება კითხვა,ზუსტად რას გულისხმობს მამათმავლობის ახალაღთქმისეული უარყოფა? ხომ არ გვიბიძგებს სიყვარულის მცნების შუქზე უფრო შემწყნარებლურად ან სულაც დადებითად განვიხილოთ ჰომოსექსუალობა?

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სქესობრივი იერარქია, ანუ მამაკაცის უპირატესობა ქალთან მიმართებაში, მკაცრად იყო დაცული ებრაულ და წარმართულ (მათ შორის, ბერძნულ-რომაულ) სამყაროში – მამაკაცი აღემატებოდა და, შესაბამისად, ფლობდა ქალს. მამაკაცთა შორის სექსი (ქალთა შორის სექსი საერთოდ არაა ნახსენები ბიბლიაში და, შესაბამისად, არც დაგმობილია) გულისხმობდა ამ „ღვთივდადგენილი“ იერარქიის უარყოფას და რღვევას. აქტის ორივე მონაწილე, აქტიურიც და პასიურიც, არღვევდნენ, ერთი მხრივ, ბუნებრივ და, მეორე მხრივ, სოციალურ კანონს. ანუ, ამცირებდნენ მამაკაცის ღირსებას – იგი ჩამოჰყავდათ ქალის საფეხურზე. ეს, რა თქმა უნდა, ითვლებოდა „სისაძაგლედ“ (შდრ.ლევ 18. 22: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა“) და რყვნად (რღვევად). მაგრამ, მას შემდეგ რაც ასეთი იერარქია აღარ მიიჩნევა ღვთივდადგენილად, არამედ იბადება მამაკაცისა და დედაკაცის თანასწორობის იდეა (შდრ. გალ 2.28 აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“), ცხადია, თანასქესობრივი აქტი ვეღარ განიხილება ღირებულებითი შკალის რღვევად, ანუ უღირსებად. ამრიგად, სიყვარულის მთავარი მცნება და ადამიანთა თანასწორობის იდეა თანამედროვე ადამიანს უბიძგებს განსხვავებულად წაიკითხოს ჰომოსექსუალობასთან უარყოფითად დაკავშირებული ბიბლიური პასაჟები.

როგორც აღვნიშნე, ეს არის ლიბერალური მიდგომის ძირითადი მიმართულება. რა თქმა უნდა, იგი არ ამოიწურება ზემომოყვანილი მსჯელობებით, არამედ იგი ძალიან დეტალური და მრავალმხრივია…

ცხადია, რომ არსებობს განსხვავებული მიდგომაც. მისი მიხედვით, ასეთი ლიბერალური განწყობა ნიშნავს სახარების ღალატს, რადგან ჰომოსექსუალური ურთიერთობა არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ სიყვარულად. ღმერთმა ადამიანი თავიდანვე შექმნა ორ სქესად, რაც გულისხმობს მხოლოდ ჰეტეროსქესული მიზიდულობის ბუნებრივობას. ანუ, სექსუალური ლტოლვის სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ განსხვავებული სქესის პიროვნება და ისიც გარკვეული მიზნით – იგულისხმება გამრავლება და ოჯახური ურთიერთმზრუნველობა. ჭეშმარიტ სექსუალურ ლტოლვას, ანუ ტრფიალებას განუყრელად აქვს ეს ორი განზომილება (გამრავლება და მზრუნველობა). წინააღმდეგ შემთხვევაში ის არის ნარცისტული (საკუთარ თავზე შეყვარებულის) ლტოლვა და ამდენად, არაქრისტიანული, რადგან ქრისტიანული სიყვარული გულისხმობს პიროვნებათაშორის სიყვარულს, ანუ ისეთ სიყვარულს, როდესაც პიროვნება მზად არის საკუთარ თავზე თქვას უარი სიყვარულის სუბიექტის სასარგებლოდ (ამას თეოლოგიურ ენაზე ეწოდება კენოტიკური/თვითწარმოცარიელებითი სიყვარული). ეს თავისთავად ცხადია, რადგან აღიარებულია, რომ ქრისტიანობა უპირატესად პიროვნულობის რელიგიაა. ხოლო, აღმოსავლურ ქრისტიანულ ტრადიციისათვის სწორედ ოჯახი – ადამი, ევა, სეთი – არის სამერთება პიროვნული ღმერთის უპირველესი ხატი. ამასთან, სექსი, განსაკუთრებით ასკეტურ ლიტერატურაში, განიხილება როგორც პირველქმნილი ცოდვის გამტარი/გადამცემი მშობლიდან შვილებისათვის. შესაბამისად, ასეთი მიდგომისას სექსუალური რიგორიზმი გარდაუვალია – კათოლიკური ეკლესია არათუ ჰომოსექსუალიზმს, არამედ თვით კონტრაცეპტივებსაც კრძალავს დღემდე   (მართმადიდებლრი ეკლესია ამ საკითხის სამოძღვრო ასპექტში ნაკლებად კატეგორიულია, თუმცა, ძირითადად, იზიარებს კათოლიკურის პოზიციას).

განსხვავებული მიდგომების მიუხედავად უმეტეს დენომენაციურ (განსხვავებულ აღმსარებლობით) ეკლესიებს შორის მაინც არსებობს გარკვეული თანხმობა. ესენია:

1.       სექსუალური აქტიურობა არის მორალის საკითხი და ამდენად, მხარდაჭერილი უნდა იყოს მონოგამური და ჰეტეროსქესური ქორწინება. ამასთან, დაუქორწინებლეთათვის რეკომენდირებულია ცელებატობა და თავშეკავებულობა;

2.       მხარდაჭერილია იმ პირების ადამიანის უფლებები, რომლებიც არ აღიარებენ ასეთ იდეალებს, მაგრამ უარყოფენ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს;

3.       უარყოფილია ჰომოსექსუალურად აქტიური პირების ხელდასხმა. ზოგიერთი ეკლესია უკრძალავს ქადაგებას იმ პიროვნებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჰეტეროსქესული და ჰომოსექსუალური ურთიერთობები თანასწორია;

4.       სამოძღვრო მზრუნველობა უნდა გავრცელდეს ჰომოსექსუალებზეც.

როგორც ვთქვი, ესენია ძირითადი პუნქტები, რომლებზეც თანხმდებიან ეკლესიათა უმრავლესობა, მაგრამ პრობლემა, რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება. პასტორალური, ანუ სამოძღვრო მზრუნველობის სახეები და გავრცელება სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვაგვარია. ზოგან (მაგ. ჰოლანდიაში) ის მეტ არეალსა და ასპექტს მოიცავს (იგულისხმება, არაოფიციალური კურთხევები და ასე შემდეგ), ვიდრე უფრო ტრადიციულ ქვეყნებსა და საზოგადოებებში…

ყოველივე ზემოთქმულიდან ნაწილობრივ ჩანს, მაგრამ მაინც ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ჰომოსექსუალობის თემასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიუღწეველია თავად ეკლესიებშიც. ასევე ცხადია, რომ უახლოეს ხანებში ასეთი თანხმობა და სრულიად შეჯერებული პოზიციის მიღწევა შეუძლებელია. ხოლო, რაც შეეხება მართმადიდებლურ ეკლესიას და, კერძოდ, საქართველოს ეკლესიას, არათუ ჰომოსექსუალიზმი, არამედ სექსუალური ურთიერთობის საკითხის არც ერთი ასპექტი საერთოდ არ განიხილება. მაგრამ, სახეზე არაა აბსოლუტური ნეგატივი. აშკარაა, რომ სამოძღვრო მზრუნველობა ვრცელდება ჰომოსექსუალებზეც. ამასთან, ჰომოსექსუალების უფლებები, როგორც ზოგადად ადამიანის უფლებების კერძო ასპექტი, თითქმის იგნორირებულია ქრისტიანობის მთავარი (მართმადიდებლური, კათოლიკური და ევანგელისტური) მიმართულებების მიერ. აქ ვერაფერს გააწყობ, რადგან თუკი მოხდა, რომ ეკლესიამ აღიარა და სრულად მხარი დაუჭირა ამ უფლებებს, მაშინ იგი ვალდებული იქნება არათუ შეიწყნაროს თანასქესური ურთიერთობები, არამედ აკურთხოს იგი როგორც ნამდვილი ქორწინება და განახორციელოს ჰომოსექსუალისტთა ხელდასხმაც. თუ ამას არ გააკეთებს, იგი უმალ სამართლიანად იქნება  მხილებული ორმაგ სტანდარტებსა და თვალთმაქცობაში. მაგრამ, ხომ ცხადია, რომ მართმადიდებლური ეკლესია არათუ ჰომოსექსუალისტების, არამედ ჰეტეროსექსი ქალების ხელდასხმის საკითხსაც ვერ განიხილავს?!

ამრიგად, პრობლემა სახეზეა და მასზე მსჯელობა გარდაუვალი. მომავალი გვიჩვენებს თუ რამდენადაა ქართული საზოგადოება მზად ამ და ამგვარ საკითხებზე ტოლერატული კამათისათვის. მთავარი სწორედ საზოგადოების მენტალურ/ემოციური მდგომარეობაა და არა თავად ეკლესიის. ეკლესია, ძირითადად, ასრულებს „სოციალურ დაკვეთას“ და არა პირიქით. ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში. ყველა დიდი და ტრადიციული კონფესიის პოზიციაც ასეთია მცირე გამონაკლისებით…

სტატიის სრულად აღსაქმელად:

განმარტება 1

განამარტება 2

კახაბერ კურტანიძე
კახაბერ კურტანიძე

ავტორის შესახებ

კახაბერ კურტანიძე 1999–2005 წლებში სწავლობდა თეოლოგიას თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი, მაგისტრის ხარისხი),  2006–2007 წლებში კი ბოსტონის წმინდა ჯვრის მართმადიდებლურ კოლეჯში  (აშშ, ThM -ის ხარისხი). არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორი და სამაგისტრო პროგრამის  “ქრისტიანული თეოლოგია” ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი