საზოგადოება

განვითარება და უთანასწორობა სამხრეთ კავკასიაში. ნაწილი II

17 სექტემბერი, 2010 • 2054
განვითარება და უთანასწორობა  სამხრეთ კავკასიაში. ნაწილი II

 სამართლიანი არჩევნების ჩატარების მცდელობები მრავალგზის და  შესაბრალისად ჩაიშალა სომხეთსა და საქართველოში. ხელისუფლებებს არასოდეს არ ჰყოფნიდათ სულგრძელობა და ნერვები, მზარდი მოტივაციის მიუხედავად, ბოლომდე აეღოთ ხელი მოსახლეობის მაგივრად არჩევანის გაკეთების პრაქტიკაზე. აზერბაიჯანი კი ლამის უგვირგვინო მონარქიად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ  დაბალანსებისა და გაკონტროლების სისტემა თითქმის  არ ფუნქციონირებს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიულ დოსიეებში  მედიის თავისუფლება მაინც ყველაზე სუსტ წერტილად ითვლება. კვლევები აჩვენებს, რომ განვითარების  ორი უმთავრესი წინაპირობა განვითარებული ადამიანური კაპიტალი და  თავისუფალი მედიაა. 

”მიტოვებული”; ფოტო: ირაკლი ვაჭარაძე
”მიტოვებული”; ფოტო: ირაკლი ვაჭარაძე

სტატიის პირველ ნაწილში  საუბარი იყო სამხრეთკავკასიული დემოკრატიების სუსტ მხარეებზე,  ამ სისუსტეების საერთო კონტექსტში მოთავსების, განვითარებისა და დახმარების პროგრამების გადახედვის აუცილებლობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.  მეორე ნაწილში საუბარი იქნება მედიის თავისუფლებისა და ადამიანური განვითარების ინდექსებზე,  ვარდების რევოლუციის მნიშვნელობაზე და პოლიტიკის გაუმჭვირვალობაზე.

განვითარების „აფრიკული“ პრობლემების დეაფრიკანიზაციის მნიშვნელობა

განვითარების პრობლემები მხოლოდ აფრიკისათვის არ არის  დამახასიათებელი. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო იზიარებს მრავალი არშემდგარი აფრიკული სახელმწიფოს მსგავს ბედს და, შესაბამისად, ისევე საჭიროებს სწორ ინტერვენციას დიდი რვიანის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ეს აფრიკული სახელმწიფოების მიმართ გამოიკვეთა ბოლო წლების განმავლობაში: უმთავრესი უნდა იყოს არა დემოკრატიის იდეებთან წათამაშება და თავზე ხელის მოსმის პოლიტიკა, რაც უპირობო და უკონტროლო ფინანსური დახმარების გამოყოფითაც გამოიხატება, არამედ დახმარების იმგვარად გადანაწილება, რომ საქართველოში დემოკრატიისა და დემოკრატიული მისწრაფებების გაძლიერების მხარდაჭერა მოხდეს, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

დეკლარირებული მისწრაფებების (ნატო, ევროკავშირი, მთვარეზე კოლექტიური გაფრენა და ა.შ.) მისაღწევად ადგილობრივმა საზოგადოებებს მოუწევთ ისწავლონ პასუხისმგებლობის აღება საჭირო მცდელობების განსახორციელების გზით.

ვარდები და ეკლები

მაგალითად, ე.წ. „ვარდების რევოლუცია“  თითქოს იყო კიდეც  პასუხისმგებლობის განხორციელების ერთობლივი, საშინაო და საგარეო მცდელობა, მაგრამ,  სამწუხაროდ, საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას არ ეყო სულგრძელობა,  ბოლომდე მიეყვანა ეს მცდელობა. ისინი თითქოს მესამედად მიღწეული ამოცანით -დემოკრატიული პრინციპების გატარების მსურველი გუნდის მოსვლა ხელისუფლებაში- დაკმაყოფილდნენ. ამით მათ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია გამოუცდელ ახალგაზრდებს მიაბარეს და ძალაუფლების უსამართლო მითვისებას  უნებურად შეუწყვეს ხელი.

აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთი  შენიშვნა.. რასაკვირველია, არავის აქვს ილუზია, რომ ისეთი პატარა და გეოპოლიტიკურად დაბნეული სახელმწიფოები, როგორიც მაგ. საქართველოა, არასოდეს არიან სრულიად ავტონომიური საშინაო და, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების არჩევასა და განხორციელებაში. ამიტომ, თეზისი, რომ დასავლეთმა თუ ერთხელ მოჰკიდა ხელი ქართული დემოკრატიის გაძლიერების პროექტს, ნაადრევად არ უნდა გაეშვა  იგი, ლეგიტიმურია და არ აკნინებს იდეას, რომ საქართველო   მაინც უნდა ეცადოს, იყოს და  არის სუვერენული და ავტონომიური სახელმწიფო.

გაურკვეველი მიზეზების გამო, თითქოს ყველამ დაივიწყა ის, რაც კარგად არის ცნობილი ისტორიკოსების, ეკონომისტებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტებისთვის,: მძიმე პოსტკოლონიური გამოცდილების გათვალისწინებით, ქართული საზოგადოება არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმდენად ძლიერი, რომ დემოკრატიული  კულტურით დაებალანსებინა მოძლიერებული სახელისუფლო გუნდი, გაემხნევებინა ისინი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისათვის და მოეთოკა მათი მზარდი ინტერესები. მოკლედ,  მოქცეულიყო  ისე, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს აქტიური მოქალაქეები და მათი ინტერესების გამომხატველი ჯგუფები მოიქცეოდნენ. ამ ნაადრევმა ჩარევამ და შემდეგ ნაადრევმა ხელის გაშვების პოლიტიკამ, ისეთივე დათვური სამსახური გაუწია  ნორჩ ქართულ დემოკრატიას, როგორც ზამთრის მიწურულს გამოსულმა მზემ  ხეხილს: ჯერ რომ დააცხუნებს ხოლმე, ხეებს ყლორტებს ნაადრევად გამოატანინებს და  შემდეგ თებერვლის სუსხიანი ქარი  ყრის გამოუტანელ ყვავილსა და ნაყოფს.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ არის ამ რეგიონში დემოკრატიის თვითდინებაზე მიშვება ნაადრევი, ეკონომიკის ინდექსის  გარდა, უნდა გამოვიყენოთ კიდევ ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი:– ადამიანის განვითარების ინდექსი.

ადამიანური განვითარების ინდექსი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში..

ადამიანური განვითარების ინდექსი  ერთად დაანგარიშებული სხვადასხვა ქვეყნის ინდექსია, რომლის მისედვითაც, ქვეყნები  ადამიანური განვითარების დონის შესაბამისად იყოფიან: განვითარებულ (მაღალი განვითარების მქონე), განვითარებად (საშუალო ტემპის განვითარება) და სუსტად განვითარებულ ქვეყნებად (ნელი განვითარების პროცესი). ეს სტატისტიკა მოიცავს:

1. სიცოცხლისუნარიანობის ინდექსს,

2. განათლების გავრცელებას

3. მთლიან შიდა პროდუქტს.

ეს ინდექსი გაეროს განვითარების პროგრამის თავდაპირველ ინდექსს ეყრდნობა. 2009 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს 0.971 ქულით, ხოლო უკანასკნელ ადგილზე ნიგერია იმყოფება 0.340 ქულით. საქართველო 0.778 ქულით საშუალოდ განვითარებულ ქვეყნების რიგშია. რიგითობით ის 89-ე ადგილს იკავებს. საშუალოდ, განვითარებულთა ჯგუფს სომხეთი პირველობს 0.798 ქულით,. მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანია 0.787 ქულით.  ზოგადად კი, რეგიონში ასეთი მდგომარეობაა: თურქეთს 0.806 ქულა აქვს, რუსეთს 0.817, ხოლო ირანი საქართველოს 88-ე ადგილს ეცილება ერთი ქულით 0.783.

რეგიონის „ყველაზე“ დემოკრატიული სახელმწიფო -საქართველო- ადამიანური განვითარების თვალსაზრისით, ყველაზე ჩამორჩენილია. ამგვარად, სამწუხაროა, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებმა გაიზიარეს, გარკვეულწილად, ზოგიერთი დაბალი და საშუალო  შემოსავლის მქონე აფრიკული და შუააზიური სახელმწიფოს ხვედრი. ადამიანური განვითარების ინდექსი მუდმივად უარესდება ამ რეგიონში.

 არათავისუფალი მედია სამხრეთ კავკასიაში განვითარებას აფერხებს

სამართლიანი არჩევნების ჩატარების მცდელობები მრავალგზის და  შესაბრალისად ჩაიშალა სომხეთსა და საქართველოში. ხელისუფლებებს არასოდეს არ ჰყოფნიდათ სულგრძელობა და ნერვები, მზარდი მოტივაციის მიუხედავად, ბოლომდე აეღოთ ხელი მოსახლეობის მაგივრად არჩევანის გაკეთების პრაქტიკაზე. აზერბაიჯანი კი ლამის უგვირგვინო მონარქიად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ  დაბალანსებისა და გაკონტროლების სისტემა თითქმის  არ ფუნქციონირებს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიულ დოსიეებში  მედიის თავისუფლება მაინც ყველაზე სუსტ წერტილად ითვლება. კვლევები აჩვენებს, რომ განვითარების  ორი უმთავრესი წინაპირობა განვითარებული ადამიანური კაპიტალი და  თავისუფალი მედიაა.  მსჯელობის გასამყარებლად, მესამე და უკანასკნელი ინსტრუმენტიც მოვიშველიოთ– ეს ინსტრუმენტი, დემოკრატიისა  და ადამიანური განვითარების ინდექსთან ერთად,  სურათის მეტად შეკვრაში დაგვეხმარება.

2010 წელს გამოქვეყნებული ფრიდომ  ჰაუსის შეფასებით ანგარიშში, მედიის თავისუფლება საქართველოში ტერმინით– „ნახევრად თავისუფალი“ განისაზღვრა. საქართველომ  0–100 –ქულიან საზომ ერთეულში 59 ქულით 126-ე საფეხური დაიკავა. 0-30 ქულა, უპირობოდ, თავისუფალ მედიას ნიშნავს, ხოლო 61-100 არათავისუფალთა ჯგუფს მოიცავს.  საქართველოს შეფასება თითქმის არ შეცვლილა 2008 წელთან შედარებით. ფინური, ისლანდიური, ნორვეგიული და შვედური მედია მსოფლიოში ყველაზე თავისუფალია (10 ქულა) ხოლო ერითრეამ ყველაზე ცუდი,94– ქულიანი შეფასება მიიღო. სომხეთი 66 ქულით 146-ე ადგილს იკავებს –„არათავისუფალი“ მედიის კატეგორიაში, ხოლო აზერბაიჯანი 179-ეს, 79 ქულით.  აზერბაიჯანზე უარესი მდგომარეობაა რუსეთში – 81 ქულა და 175-ე ადგილი. თურქეთს 51 ქულა და 25-ე ადგილი უჭირავს. აზერბაიჯანმა მხოლოდ ირანს აჯობა, რომელიც 187-ე ადგილს იკავებს 89 ქულით.

ამგვარად, მართალია, რეგიონის დემოკრატიული ჩემპიონი უახლოეს მეზობლებს ადამიანური განვითარების ინდექსით იმდენადვე ჩამორჩება, რამდენადაც წინ უსწრებს მათ მედიის თავისუფლების მაჩვენებლებით. სამაგიეროდ, ამ მხრივ,  რეგიონში იმდენად მძიმეა მდგომარეობა, რომ შედარების  ნიშნული სატრაბახოდ მეტისმეტად დაბალი რჩება, ხოლო მითი 25 თუ 27  დამოუკიდებელ ტელემაუწყებელზე –მითად.  მედიის თავისუფლება ყველაზე მნიშნველოვანი ინსტრუმენტია განვითარების პერსპექტივების გაზომვისათვის.

თუ მედია თავისუფალი არ არის, შეუძლებელია ინფორმირებული მოქალაქეების მიერ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება, შესაბამისად, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესები არ არის გამჭირვალე და არჩეული თუ დანიშნული წარმომადგენლები პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლობელთა წრის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე გრძნობენ, ანუ ზრუნავენ მხოლოდ მათზე, ვისთანაც ყოველდღიური შეხება აქვთ.  მოქალაქეები კი მათ ხმას ვერ აწვდიან და მათი ზოგადი ინტერესები თუ წინასაარჩევნოდ გაკეთებული კონკრეტული დაპირებები უგულვებელყოფილია არჩევნებს შორის ინტერვალებში.

თუ მედია თავისუფალი არ არის, შეუძლებელია ბიზნესისა და პოლიტიკური მოღვაწეობის გამიჯვნა, გამჭვირვალე საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელება. ქვეყნებში, სადაც მედია დამონებულია, დამტკიცებულია, რომ რესურსების უდიდეს უმრავლესობას მმართველი გუნდის უმცირესობა იგდებს ხოლმე ხელში. შედეგად კი ვიღებთ  წარმომადგენლობას გადასახადების გარეშე (representation without taxation). ამას დემოკრატიის წყევლასაც უწოდებენ. არჩეული წარმომადგენელი არ არის დამოკიდებული  გადამხდელთა ნებაზე და თავად შეუძლია მოქრთამოს ამომრჩეველი, რადგან უკონტროლოდ განკარგავს სახელმწიფო  რესურსებს და დაუბეგრავი კერძო ბიზნესიდან მიღებულ შემოსავლებს.  

ამგვარად, არათავისუფალი მედია, ნამდვილი რეალობის ნაცვლად,  მკითხველს, მსმენელსა და მაყურებელს ხელოვნურ, ვირტუალურ, მოდელირებულ რეალობას უხატავს: სხვა ფაქტორებთან თანამოქმედებაში, პირდაპირპროპორციულად მოქალაქეთა კეთილდღეობის შემცირების მიზეზია.  ეკონომიკა ასევე მცირდება ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისების გავლენითაც.  2008 წლის შემდეგ სამივე ფაქტორის თანხვედრამ განსაკუთრებით მტკივნეულად გადაიარა საქართველოს ყველაზე შეჭირვებული ადამიანების ზურგზე.  სტატიის მესამე, დასკვნით ნაწილში ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.

იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი

ვტორის შესახებ

ირაკლი ვაჭარაძე არის მიწვეული მკვლევარი ნიუ ორკის უნივერსიტეტის ვაგნერის სახელობის  საჯარო სამსახურის სკოლაში.  თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური სამუშაოს მაგისტრატურის საფეხურზე ასწავლის სოციალურ პოლიტიკას, სოციალური სამუშაოს ეთიკას და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტს. ნიუ ორკის უნივერსიტეტში, როგორც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებელთა განვითარების პროგრამის მონაწილე 2009-2012 წლებში, იკვლევს სოციალური მეწარმეობის განვითარებასა და პერსპექტივებს მესამე სამყაროს ქვეყნებში.

ირაკლი ვაჭარაძე
ირაკლი ვაჭარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი