საზოგადოება

1 =2

16 სექტემბერი, 2010 • 1596
1 =2

ახალი სიყვარულის პოვნა ახლო მეგობრების რაოდენობას ორით ამცირებს – ასეთია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგი, რომელიც  ბიბისიმ გამოაქვეყნა.

ცნობილია,  რომ შეყვარებულ ადამიანს ნაკლები დრო რჩება მეგობრებისთვის, მაგრამ სიყვარულსა და მეგობრობაზე მეცნიერულმა კვლევამ და დაკვირვებამ კონკრეტული ციფრები აჩვენა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების  კვლევა მიზნად ისახვადა დაედგინა, თუ როგორი ზეგავლენა აქვს მეგობრებთან ურთიერთობისას  ადამიანების ცხოვრებაში ახლად გამოჩენილ სიყვარულის ობიექტს.

კვლევის მიხედვით, საშუალოდ, ხუთი მეგობრიდან, ახლად შეყვარებულ ადამიანს ორი აკლდება.

კვლევა, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, ასტონის უნივერსიტეტში, ბრიტანეთის მეცნიერების ფესტივალზე წარმოადგინეს.

რობინ დუნბარი, ევოლუციური ანთროპოლოგიის პროფესორი, რომელმაც კვლევას უხელმძღვანელა, სოციალური ქსელებს სწავლობს.

 მან თქვა, რომ მეგობრების მაქსიმალური რაოდენობა  სოციალურ ქსელში, საშუალოდ, შეიძლება  იყოს 150. მაგალითად, ფეისბუქზე  ერთ ადამიანს, საშუალოდ, 120–130 მეგობარი ყავს.

ეს რაოდენობა მკვლევარმა პატარა ჯგუფებად დაყო. მაგალითად, 4–6, ეს ის ადამიანების რაოდენობაა, რომელსაც ახლო მეგობრებს უწოდებენ: ადამიანები, რომლებსაც კვირაში ერთხელ მაინც ხედავ, რომელთანაც მიდიხარ, როცა გიჭირს; შემდეგ მოდის ჯგუფი, რომელშიც შესულ ადამიანებს  თვეში ერთხელ მაინც  ვნახულობთ- ესენი არიან ადამიანები, რომელთა შესახებ არასასიამოვნო ამბის გაგება დაგვამწუხრებს.

კვლევაში მონაწილეობა  მიიღო 18 წლის და ზემოთ  ასაკობრივი ჯგუფის 540 პირმა. ჯგუფებში გამოკითხვამ აჩვენა, რომ მეგობრები უკანა პლანზე გადაწია ახალმა სიყვარულმა.

„როდესაც ადამიანებს ხშირად არ ეკონტაქტები, ემოციური  მიჯაჭვულობა ძალიან მალე ქრება“,–ამბობს მკვლევარი დანბარი, “შეყვარებული ადამიანის მთელი ყურადღება გადატანილია საყვარელ ადამიანზე, შესაბამისად, სხვა დანარჩენი ურთიერთობები ნელ–ნელა უარესდება“.

რამდენად ეთანხმებიან ისინი აღნიშნული კვლევის შედეგებს – ნეტგაზეთმა ეს კითხვა საქართელოში მცხოვრებ რამდენიმე  ახლად შეყვარებულს დაუსვა.

თათა, 26 წლის, ამბობს,რომ კვლევის შედეგი, მისი აზრით, სიმართლეს შეესაბამება: “შეიძლება ზუსტად ორი მეგობარი არ დამიკარგავს, მაგრამ შეყვარებული ძალიან დიდ დროს მართმევს“.

24 წლის ნია ხუმრობით ამბობს,“ნეტა შეყვარებული ვიყო და სამს დავკარგავდი“.  ნია კვლევას ეთანხმება და ამბობს, რომ მისი მეგობრები,  რომლებიც შეყვარებულები არიან, მის ნახვას იშვიათად ახერხებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი