საზოგადოება

განვითარება და უთანასწორობა სამხრეთ კავკასიაში

10 სექტემბერი, 2010 • 1557
განვითარება და უთანასწორობა  სამხრეთ კავკასიაში

 

”მიტოვებული”; ფოტო: ირაკლი ვაჭარაძე
”მიტოვებული”; ფოტო: ირაკლი ვაჭარაძე

ხელახლა და, როგორც ზოგი ამტკიცებს, ხელოვნურად გაჩენილმა ეროვნულმა იმედის პროექტმა ასპარეზი სანახევროდ უკვე დაუთმო  ძველ ფრუსტრაციებზე დაფუძნებულ ჰიბრიდულ ნაციონალისტურ ნარატივებს. ამ ნარატივების მატარებლები  კერპთაყვანისმცემელთა  სიჯიუტით დევნიან ისედაც სუსტ   დემოკრატიულ ელემენტებს და ამკვიდრებენ ახალ, ქართულ ანტიჰუმანურ კულტურას. ანტიჰუმანურს იმიტომ, რომ ის ახალი თვითშენარჩუნებადი დისფუნქციური და იდეოლოგიზებური წესრიგი, რისი თავსმოხვევაც ამ ჯგუფების მიერ სახელმწიფოზე ხდება, არ ემსახურება ადამიანების კეთილდღეობის უმთავრეს მისიას.

პოსტკოლონიალური გამოცდილების გააზრების მნიშვნელობა

პოსტკოლონიალიზმის ისტორია აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი განვითარების პროცესის ისეთი თანამდევი  პირველადი სირთულეები, როგორებიც ინფლაცია, სიღარიბე, უკანონობა, პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ. არის, ადგილობრივი მოქალაქეების მიერ აღიქმება, როგორც მუდმივი, როგორც ახალი რეალობის ორგანული მახასიათებელი. ეს დემოკრატიის იდეის მიმართ იმედგაცრუებას იწვევს. უმრავლეს შემთხვევაში, რადგან ვერ ხერხდება ეროვნული შეთანხმების მიღწევა განვითარების პროცების წარმატების და წარუმატებლობის მიზეზებზე, ეს იმედგაცრუება მსგავსი სირთულეების წინაშე დამდგარ სახელმწიფოებში დემოკრატიულ იდეალებზე ხელის აღების საბაბი ხდება ხოლმე. ახალგაზრდა სახელმწიფოები დამოუკიდებელ არსებობას იწყებენ იმედებით და, საქართველოსა და სომხეთის მსგავსად, აგრძელებენ ნახევრად დემოკრატიული,   ან აზერბაიჯანის მსგავსად, ავტოკრატული რეჟიმების ჩამოყალიბებით  

სამი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს შემოსაზღვრა

 სამხრეთკავკასიური სივრცე  სამი პოსტკოლონიური სახელმწიფოსგან შედგება: სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. სამივე მათგანს განვითარების განსხვავებული  გზა აქვს არჩეული, თუმცა ვერც ერთმა ვერ დაიძვრინა თავი იმ საფრთხეებისგან, რომლებსაც ცნობილი ეკონომისტი პოლ კოლიე (2008) არშემდგარი სახელმწიფოებრიობის ხაფანგებს უწოდებს. აზერბაიჯანულ საზოგადოებას განსაცდელი უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ექსპლუატაციისაგან მიღებულმა შემოსავლებმა მოუტანა; ცუდი მეზობლების საფრთხე  ერგო წილად საქართველოს, რომელიც მუდმივად არასტაბილურ ჩეჩნეთის რესპუბლიკას ესაზღვრება, რომელსაც რუსეთი დაუფარავად ედავება ტერიტორიებს და თავს ესხმის მას.  ცუდი მეზობლების ხაფანგში არიან გაბმული სომხეთი და აზერბაიჯანიც. იმის გარდა, რომ ერთმანეთს მტრობენ,  სომხეთი  ესაზღვრება მისთვის ისტორიულად ყველაზე დიდ მტერს– თურქეთს,  ხოლო დასავლეთში ნავთობპროდუქტების გასაღებაზე ორიენტირებული აზერბაიჯანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არადემოკრატიულ სახელმწიფო ირანთან იყოფს საზღვარს, რომელსაც  დასავლეთთან წინასაომარი ურთიერთობა აქვს. ირანში კი 17 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.  სამხრეთ კავკასიის სამივე  სახელმწიფო გაბმულია ე.წ. ცუდი ხელისუფლების მახეშიც. ამ ქვეყნებში ამომრჩევლები ვერ ცვლიან არჩევნების შედეგებს და უგულვებელყოფილია თვითმმართველობის პრინციპები. ამგვარად, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის დემოკრატიებს განსაკუთრებით მძიმე დასაწყისი ერგოთ, რაც მათ გრძელვადიანი და მშვიდობიანი განვითარების  პერსპექტივებს  ერთგვარი უიმედობის დაღს ასვამს.

მესამე  ქართული რესპუბლიკა

თუ პირველ ქართულ რესპუბლიკად 1918 -1921 წლების საქართველოს ჩავთვლით,  მეორე რესპუბლიკად–  90-იანი წლების, ხოლო მესამე  რესპუბლიკად– სიმბოლურად ვარდების რევოლუციის შემდომ საქართველოს, შეგვეძლება ვამტკიცოთ,  რომ საქართველოს შემთხვევაში, ვარდების რევოლუცია თითქოს იყო  იმედგაცრუებათა  ციკლის გარღვევის მეორე მცდელობა (პირველი მცდელობა მეორე რესპუბლიკის პერიოდია), თუმცა ხელახლა და, როგორც ზოგი ამტკიცებს, ხელოვნურად გაჩენილმა ეროვნულმა იმედის პროექტმა ასპარეზი სანახევროდ უკვე დაუთმო  ძველ ფრუსტრაციებზე დაფუძნებულ ჰიბრიდულ ნაციონალისტურ ნარატივებს. ამ ნარატივების მატარებლები  კერპთაყვანისმცემელთა  სიჯიუტით დევნიან ისედაც სუსტ   დემოკრატიულ ელემენტებს და ამკვიდრებენ ახალ ქართულ ანტიჰუმან კულტურას. ანტიჰუმანურს იმიტომ, რომ ის ახალი თვითშენარჩუნებადი, დისფუნქციური და იდეოლოგიზებური წესრიგი, რისი თავსმოხვევაც ამ ჯგუფების მიერ სახელმწიფოზე ხდება, არ ემსახურება ადამიანების კეთილდღეობის უმთავრეს მისიას. ანალოგიური რამ ხდება აზერბაიჯანშიც. იქაც შეინიშნება ფსევდო-რელიგიურ და ეროვნულ ნარატივებზე კაპიტალიზაციის მსურველ ჯგუფთა გაძლიერება.

 განვითარების ამ ეტაპზე შეუძლებელია განვჭვრიტოთ, რა გავლენას მოახდენენ ეს კონტრა-დემოკრატიული პროექტები, პოსტკოლონიურ კონტექსტში, რეგიონში ძველი მეტროპოლიების მოძლიერებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების  კვალდაკვალ, ამ სამი სახელმწიფოს მომავალზე. რადგან  მომავლის განჭვრეტის საუკეთესო საშუალება მაინც წარსულისა და თანამედროვე მდგომარეობის ანალიზია, ჩვენც სხვა რაღა დაგვრჩენია?  მივმართოთ ამ ხერხს.

დემოკრატიულობის გაზომვაეკონომისტის დემოკრატიის ინდექსი

დემოკრატიულობა მრავალმხრივ იზომება. ერთ-ერთი სანდო ინსტრუმენტი ჟურნალ ”ეკონომისტის”  მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიაა. ეკონომისტის დემოკრატულობის ინდექსი შემდეგი ხუთი კატეგორიის შეჯამებულ ანალიზს ეყრდნობა:

1.      საარჩევნო პროცესები და პლურალიზმი,

2.      სამოქალაქო თავისუფლებები,

3.      ხელისუფლების ქმედუნარიანობა,

4.       პოლიტიკური თანამონაწილეობა და

5.      პოლიტიკური კულტურა.

უახლესი მონაცემებით,  2008 წლისათვის შვედეთი 9.88 ქულით ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო იყო (გაზომვა ხდება 0– დან 10 – ქულიანი სისტემით),  ხოლო ჩრდილოეთ კორეა ყველაზე არადემოკრატიული –0.86 ქულით. საქართველომ  4.62 ქულით „ჰიბრიდული რეჟიმის“ (4 დან 5.9 ქულა ჰიბრიდების კატეგორიაა) სტატუსი დაიმსახურა.  ჰიბრიდულ რეჟიმებზე უარესი მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაა (3-ზე დაბალქულიანები). არშემდგარი დემოკრატიაა იმ ქვეყნებში, რომლებიც 6– დან 7.9 ქულით არიან შეფასებული, ხოლო სრული დემოკრატიული ქვეყნები 8– დან 10-მდე ქულით. აზერბაიჯანი, როგორც ავტოკრატული რეჟიმის მქონე ქვეყანა, რეგიონში საპატიო უკანასკნელ ადგილს იკავებს 3.19 ქულით. სომხური საზოგადოება კი საქართველოზე ოდნავ მძიმე მდგომარეობაშია: ჰიბრიდული რეჟიმი –4.19 ქულით. ფართო რეგიონალურ კონტექსტში შედარებისათვის: რუსეთი სომხეთს უსწრებს, რომელიც 4.48 ქულით არის შეაფსებული, ამ დროს თურქეთს ჰიბრიდი  5.69 ქულა აქვს, ხოლო ირანს– 2.83 ქულა.  ირანი ავტოკრატია.

 საქართველოს ხელისუფლება ხშირად და  სიამაყით აცხადებს, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოა. ეს მართლაც ასეა, ოღონდ ათვლის წერტილია მცდარი.  რაც უმთავრესია, ნამდვილი დემოკრატიული სამყარო დემოკრატიულ სახელმწიფოდ საქართველოს არ თვლის და მას  ჰიბრიდულ სახელმწიფოდ ასახელებს.  დემოკრატიული სამყაროს ვალიდაციის გარეშე, საკუთარი მოქალაქეების მოტყუებით, ქვეყნის  განვითარება წინ რომ ვერ წაიწევს, ეს ამ სფეროს მკვლევარებისათვის დიდი ხანია, რაც ცნობილია.  საქართველოს 2006 წელს 4.90 ქულა ჰქონდა. ორ წელიწადში ის რუსეთის დონის დემოკრატიამდე ჩამოქვეითდა და კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდრა ადგილი ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში. 2008 წლის შეფასებით, ყველაზე მეტად ქართული სახელმწიფო გაუმართავი მმართველობით (1.79 ქულა) და  პოლიტიკური მონაწილეობის დაბალი დონით (3.33 ქულა) მოიკოჭლებდა.   

განვითარების საკითხები  და  ჩარევის აუცილებლობა

ამჟამად განვითარების საკითხებზე მიმდინარე კამათი აფრიკაზეა კონცენტრირებული. უფრო სწორედ, აფრიკის წარუმატებლობებზე, რომელმაც ვერა და ვერ მოახერხა ათასწლეულის განვითარების ამოცანებთან მიახლოება. ექსპერტთა უმრავლესობა განვითარებას უყურებს, როგორც ფინანსური და ტექნიკური სახის დახმარებას და ცდილობს გაზომოს ამ დახმარების ეფექტი განვითარებასა და ზრდაზე. აფრიკული პრობლემების უმრავლესობა კი ხშირად მათი „აფრიკული“ ბუნებით არის ახსნილი. თითქოს, აფრიკული სახელმწიფოები პრობლემებს ვერ აგვარებენ იმიტომ, რომ შეზღუდული აქვთ რესურსები. იქ ხომ განსაკუთრებით ღარიბია ადამიანური კაპიტალი, მთლიანად კონტინენტი პოლიტიკურად არასტაბილური სახელმწიფოებისგან შედგება და ბატონობს კორუფცია. ზოგადად, აფრიკაში არ იცავენ კანონის უზენაესობას და  საპროცესო გარანტიების უგულვებელყოფა უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. დაუმატეთ ამ ნაზავს გაუმართავი ან ხშირად არარსებული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური პოლიტიკის დარეგულირების უუნარობა, დეცენტრალიზაციის ჩაშლილი მცდელობები, დაძაბული საარჩევნო შეჯიბრება, კლიენტელიზმი ანუ ამომრჩეველთა მოქრთამვა ხმების მიღების მიზნით, საზოგადო რესურსების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა და ავტოკრატული მმართველობის ტენდენციები, რომლის ეფექტი ეთნიკური დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით გამოკვეთილია და ა.შ.  გეცნობათ გემო?

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად და კონცენტრირებულად ეს პრობლემები აფრიკის კონტინენტზე იყრიან თავს, ისინი არ არიან განსაკუთრებულად „აფრიკული“ ბუნების.  ჩაანაცვლეთ სიტყვა „აფრიკა“ რომელიმე ცენტრალური აზიური ან სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს დასახელებით და აუცილებლად ნახავთ, რომ პრობლემათა უმრავლესობა თანაბრად აწუხებს ამ რეგიონში განთავსებულ სახელმწიფოებსაც. მაგალითად, მრავალი წელია ტაჯიკეთის აფრიკანიზაცია ხდება, ანუ ტაჯიკეთი იქცა ახალ „აფრიკად“ -ეს არის არშემდგარი უღარიბესი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეთა უმრავლესობა არაკანონიერი ემიგრაციით ირჩენს თავს. ტაჯიკეთის ეკონომიკა, უბრალო ენით რომ ვთქვათ,  არ ფუნქციონირებს, ქვეყნის შიგნით ნარკოტიკებით ვაჭრობა  და ტრეფიკინგი ორი ყველაზე გავრცელებული ეკონომიკური საქმიანობაა, ხოლო ეკონომისტის დემოკრატიის ინდექსი 2.45 ქულას არ აღემატება. პრობლემათა მსგავსების გამო, მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა სწორ, პრობლემურ სახელმწიფოთა კონტექსტში მოთავსება. უნდა მოხდეს ე.წ. პრობლემურ სახელმწიფოთა სიის გაფართოება ცენტრალური აზიის რამოდენიმე და სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს დამატების ნიადაგზე.  ეს საშუალებას მისცემს განვითარებულ სახელმწიფოებს, ფინანსურიდ და ტექნიკური დახმარების მიღმა, სხვა სახის ჩარევებზეც იფიქრონ ამ რეგიონებში დემოკრატიული პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.  

 

სტატიის პირველ ნაწილში მე შევეცადე მეჩვენებინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესების ფხიზელი შეფასების აუცილებლობა, როგორც ყველა მოქალაქის, ისე დაინტერესებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. უნდა ვაღიაროთ,  როგორც ეს ხდება აფრიკულ სახელმწიფოების მიმართ, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს არ შესწევთ დამოუკიდებელი უნარი, უზრუნველყონ ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიული საზოგადოებების ჩამოყალიბება. პოლიტიკური არასტაბილურობის, კულტურული კონტექსტის, პოსტკოლონიური გამოცდილების, ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ექსპლუატაციის,  ყოფილი მეტროპოლიების გაზრდილი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ფონზე, სულ უფრო და უფრო რთული ხდება სამხრეთკავკასიური დემოკრატიების გადარჩენა მხოლოდ  ფინანსური და ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტებით და პოლიტიკური მხარდაჭერის განზოგადებული რეტორიკით.  სტატიის მომდევნო ნაწილებსი ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს რეგიონში დემოკრატიის გადასარჩენად და გასაძლიერებლად.

 

ვტორის შესახებ

ირაკლი ვაჭარაძე არის მიწვეული მკვლევარი ნიუ ორკის უნივერსიტეტის ვაგნერის სახელობის  საჯარო სამსახურის სკოლაში.  თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური სამუშაოს მაგისტრატურის საფეხურზე ასწავლის სოციალურ პოლიტიკას, სოციალური სამუშაოს ეთიკას და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტს. ნიუ ორკის უნივერსიტეტში, როგორც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებელთა განვითარების პროგრამის მონაწილე 2009-2012 წლებში, იკვლევს სოციალური მეწარმეობის განვითარებასა და პერსპექტივებს მესამე სამყაროს ქვეყნებში.

ირაკლი ვაჭარაძე
ირაკლი ვაჭარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი