საზოგადოება

თბილისელი არტისტები ფინჯან ყავაზე აჭარელ ბეგთან

11 სექტემბერი, 2010 • 3443
თბილისელი არტისტები ფინჯან ყავაზე აჭარელ ბეგთან

ძველი ბათუმი
ძველი ბათუმი

ერთი წელიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ბათუმი ოსმალური იმპერიიდან რუსულ იმპერიაში აღმოჩნდა. სახლებს ჯერ კიდევ ეტყობოდა ტყვიის კვალი და ჰაერშიც დენთის სუნი ტრიალებდა, მაგრამ ბათუმი უკვე ახალ ცხოვრებას იწყებდა.  ნავსადგურში რუსული და უცხოური ხომალდები გამოჩნდნენ, ფოთიდან გახშირდა პატარა, სამგზავრო გემების  შემოსვლა.

 სწორედ ერთ-ერთი ასეთი ხომალდით ჩამოვიდა ბათუმში საგასტროლოდ თბილისის თეატრალური კომიტეტის დასი 1879 წლის ივლისში.

 ფოთიდან გამოსულ პატარა ორთქლმავალს „ბაბუშკა“ ერქვა. გემზე თეატრალური დასის წევრები: ავქსენტი ცაგარელი, კოტე ყიფიანი, ზაალ მაჩაბელი, ნოდარ ჭონქაძე, მაკო საფაროვა, მაშო ყიფიანი, ბაბო კორინთელი და ნატო გაბუნია იმყოფებოდნენ. მამაკაცებს შორის ყველაზე „ასაკოვანი“ 26- 28 თუ წლის იქნებოდა, ქალები  –  18-21 წლის.

 „მივუახლოვდით ბათუმს, გავუარეთ თამარის ციხეს და ნეტარებით დავუწყეთ ცქერა. გულის წარმტაცია ბათუმის ეს მიდამოები თავისი ბუნებრივი სიდიადით: შევედით ნავთ-სადგურში და ჩვენს გემს ჭიანჭველებივით შემოეხვია პატარა ნავები (ფელიუგები), თავის მარჯვე პატარა თათრის და არაბის ბიჭებით. ეს პატარა ნავები ისე მარდათ დაძვრებოდნენ გემებშუა და ჭყუმპალაობდნენ წყალში, როგორც იხვები…

…მაშინდელი ბათუმი ეხლანდელ ჩვენი ქალაქის აბანოების უბანს და აშპაშხანას მოგაგონებდათ თავის რამდენიმე მინარეთით, თუმცა რამდენიმე ევროპული სასტუმროც მოიპოვებოდა რიგიანად მოწყობილი, მეტადრე სასტუმრო „ფრანცია“. მაგრამ სიცოცხლით კი სდუღდა ეს ნაოსმალეთარი ქალაქი: ვაჭრობა გაცხარებულ იყო, ყავახანები და ლუდხანები ხალხით სავსე, მოძრაობა დიდი… „ –  დაწერს 22 წლის შემდეგ ავქსენტი ცაგარელი თავის „მოგონებებში“.

 თბილისელ თეატრალებს ბათუმის ნავსადგურში თაყვანისმცემლები დახვდნენ: ბათუმის რჩეული საზოგადოება  და ქართველი ახალგაზრდა ოფიცრები.

პირველი წარმოდგენის გამართვა 12 ივლისს დაიგეგმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დასს აფიშები თან არ ჰქონდა წამოღებული, ბათუმში კი სტამბა არ იყო. გამოსავალი მაინც მოიძებნა:

„ბათუმში დღესაც ზაფხულობით ქუჩა-ქუჩა დააქვთ ხოლმე ცივი წყაროს წყალი კოკებით ხის ფოთლებში გახვეული, ამას ეძახიან სოუხ-სუს. წყლის დამტარებელი დადის და ჰყვირის: „სოუხ-სუ!“ დავწერეთ რამდენიმე აფიშა სხვილის ხელით და ამ წყლის დამტარებლებს ზურგზე დავაკარით და თანაც დავარიგეთ რაც უნდა ეყვირათ ქუჩაში. დადიოდნენ ეს ქართველი თათრები და დაზეპირებულ სიტყვებს გაჰკიოდნენ: „დღეს თრიათში ქააართული თრიათრიაააა! თამაშობენ: საფაროვა, გაბუუუნია, ყიფიააანი!”

 

სასტუმრო „როსიაში“ გაჩერებულ არტისტ ქალებს ამაზე დიდი ამბავი ჰქონდათ. ჩამოუხტებოდნენ წყლის დამტარებლებს სასტუმროდან, შეაჩერებდნენ და აბაზს აძლევდნენ, რომ პირველად მათი გვარი დაეძახათ.

სარეკლამო აქცია წარმატებით ჩატარდა. წარმოდგენას უამრავი ხალხი დაესწრო.

წარმოდგენის შესახებ გაზეთი  „დროება“  წერს: „მოუთმენელი ლოდინის შემდეგ დიდის სიამოვნებით ვეღირსეთ ბათუმში ქართული ტრუპპის მოსვლას… პირველი წარმოდგენა იყო: „ძალად ექიმი…“ და „აყალმაყალი ცოლ-ქმარს შუა“. იყო ამის გარდა ქართული სიმღერები ხორით და შემდეგ მარტო ნ. გაბუნიას ქალმა თარზე ქართულად იმღერა. საზოგადოებამ დიდის აღტაცებით მიიღო ჩვენი ახალი ტრუპპა. დაესწრნენ თითქმის ყველანი გამოუკლებლივ“.

ნატო გაბუნიას ტკბილმა ხმამ აღტაცებაში მოიყვანა ბათუმელი თეატრის მოყვარულები. მეორე სპექტაკლზე, რომელზეც გაბუნიას სიმღერა არ იყო დაგეგმილი, ხალხმა მოითხოვა ნატო გაბუნიას გამოსვლა სცენაზე. „თქვენ არ მომიკვდეთ, საზოგადოებამ ისეთი ყვირილით და ტაშის კვრით გამოითხოვა, რომ იქაურობა აიკლეს. იქამდი გაიტაცა იმისმა მშვენიერმა ხმამ ყველა, რომ ერთხელ და ორჯერ არ იკმარეს სიმღერა, მესამედ და მეოთხეჯერ მოითხოვეს, რომ უფრო კარგათ გაეგონათ მშვენიერი, ტკბილი ხმა. მეტის ტაშის კვრით ხელისგულებზე ბებერები გაგვიჩნდა…“ („დროება”, 1879 წელი).

 ბათუმში ჩამოსული გასტროლიორები სპექტაკლებამდე და სპექტაკლის შემდეგაც დიდი სიამოვნებით ატარებდნენ დროს. ცაგარელი წერს, რომ ქართველი ოფიცრობა ყოველდღე კავალკადას უმართავდა მსახიობებს. „გამოგვიგზავნიდნენ საუკეთესო ცხენებს, შევსხდებოდით ქალი და კაცი და გავსწევდით თამარის ციხისკენ და „გოროდოკში“, სადაც ყოველთვის მშვენიერი საუზმე გველოდა. „გოროდოკი“ რუსების ახალშენი იყო და მაშინ იქ სულ რუსები ცხოვრობდნენ“.

საღამოობით კი მსახიობები და ბათუმელი დარდიმანდი ახალგაზრდები საჭმელ-სასმელით დატვირთული ნავებით ზღვაში გადიოდნენ საქეიფოდ და დროის გასატარებლად. ღამე, ზღვა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და სიმღერა – ცაგარელი ამ მოგონებას დაუვიწყარს უწოდებს.

 თბილისელი არტისტები ბათუმელ ბეგებს საგანგებოდ გააცნეს. ცაგარელი წერს, რომ ბეგები მათ  თავიანთ შთამომავლობაზე უამბობდნენ და ხშირად იწვევდნენ ფინჯან ყავაზე სასაუბროდ, როგორც მიღებული იყო იმდროინდელ ბათუმში; „გამოგვკითხავდნენ ჩვენი ცხოვრების ავ-კარგს, სწავლა-მეცნიერების გავრცელებას საქართველოში, ეკონომიკურ მდგომარეობას, პოლიტიკურ განწყობას… ლაპარაკობდნენ ძველი ქართულის ენით, დინჯათ, კილო კი გურული ჰქონდათ, ლაპარაკი – ზრდილობიანი და თავაზიანი. ერთი დარბაისელი ბეგი იყო, გვარი არ მახსოვს, ხიმშიაშვილი, თავდგირიძე თუ აბაშიძე. იმან გვითხრა ერთხელ: „ყმაწვილებო, ძალიან მიხარია, რომ კარგ ქართველებს გიყურებთ, მაგონდება ჩემი წინაპრები, ჩვენი ერთი რჯული, მაგრამ ეს კი ძალიან არ მომწონს, რომ თავზე ქუდის მაგივრად ღორის ტუჩი გადევთო!“

ბეგს მხედველობაში ჰქონდა ევროპული შლაპა, რომელიც თბილისელ ახალგაზრდებს ეხურათ. მსახიობებმა აჭარელი ბეგისაგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეს, წითელი ფესი, რომლის ფასი 8-9 მანეთი იყო და სიძვირის გამო მხოლოდ წარჩინებულები ხმარობდნენ. `„რასაკვირველია ხათრი არ გავუტეხეთ და ჩვენი თეთრი ქუდები იმისივე თვალწინ ზღვაში მოვისროლეთ. ბეგის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დავიხურეთ წითელი ფესები ქუთაისში შეკერილ ხალათებზედ და ამ მორთულობით რაღაც უცნაური კუნძულის მცხოვრებლებს წარმოვადგენდით“,  – წერს  ცაგარელი.

ამ ფესების გამო მსახიობებს ფოთში სასაცილო ამბავი გადახდათ თავს. ფოთის ნავსადგურში დიდი მთავარი, მიხეილ ნიკოლოზის ძე შეხვდათ. არტისტები მუსულმანურ ყაიდაზე მიესალმნენ მთავარს, შუბლსა და გულზე ხელის დადებით. დიდმა მთავარმა შენიშნა უცნაურად ჩაცმული ხალხი ლურჯი, ევროპული პერანგებითა და წითელი ფესებით და ოსმალო ტყვეებად მიიჩნია. მთავარს აუხსნეს, რომ ეს უცნაურად ჩაცმული ხალხი თბილისელი არტისტები იყვნენ.

ცაგარელი წერს, რომ ბათუმში ბევრი ტანსაცმელი შეიძინეს.

„ბათუმი მაშინ პორტო ფრანკო იყო და ყოველგვარი სანოვაგე, აგრეთვე ტანისამოსი და სამკაულები ჩალის ფასად ღირდა, რადგანაც ბათუმში შემოსულს საქონელზე ბაჟს არ ახდევინებდენენ. მაგალითად, იქ რომ თითო ხელი ტანისამოსი ვიყიდეთ, მაშინდელ ევროპულ გემოვნებაზე რიგიანად შეკერილი, 12 მანეთად სამი ნაჭერი, იგივე ტანისამოსი იმავე დროსვე ტფილისში 30-35 მანეთი ღირდა. იქ რომ მანეთ-ნახევრად შლიაპები ვიყიდეთ, ქალაქში ამისთანა შლიაპები შვიდ მანეთს ფეხს არ უცვლიდნენ. შალეულობას და აბრეშუმეულობას ხომ ნუღარ იტყვით, მეტადრე ჩესუნჩას, რომლისთაც გული იჯერეს ჩვენმა ქალებმა. საჩუქრად ხომ მიიღეს საზოგადოებისაგან ეს ძვირფასი მატერიები, და რაც ფული გააჩნდათ, იმისიც სულ იყიდეს სიხარბით, ასე რომ მარტო გზის ფულიღა დარჩათ ტფილისამდე“.

 მსახიობების გამგზავრების დროც მოვიდა. ივლისის ერთ დილას სასტუმროდან ნავსადგურში მიმავალ არტისტებს უამრავი ხალხი აცილებდა. თავის მოგონებებს 1879 წლის ბათუმში გატარებულ რამდენიმე დღეზე ცაგარელი ასე ასრულებს: `ჩავსხედით ნავებში და გავსწიეთ ორთქმავლისაკენ, რომელიც ნაპირიდან 200 საჟენის მანძილზედ იდგა ზღვაში. უკან დაგვდევდენ რამდენიმე ნავი ჩვენი მასპინძლებისა ჟივილ-ხივილით და მაღალი სიცილ-ხარხარით. ვის უშველებელ შამფურზედ აგებული შეწვარი ბატკანი და სუკები ეჭირა ბაირაღივით, ვის დიდი დოქები ღვინითა, ვის ტაბლაკი სხვადასხვა საუზმით და უხცოური სასმელებით… დაიძრა გემი და ჰაერი აივსო მაღალის ხმაურობითა, „ვაშას“ ძახილით, ქუდებისა და ხელსახოცების ჰაერში ტრიალით ვშორდებოდით ერთმანეთს ჩვენ და და ჩვენი ტკბილი მასპინძლები. დიდს მანძილზე მოგვდევდნენ უკან ჩვენი გამცილებლები… მაგრამ გემმა უცბად გაიფართხალა, გედივით გაიჭყუმპალავა და ჩვენი “ბაბუშკა“  შეერია დაუსრულებელ ზღვის ტალღებში…“

 

ძველი ბათუმი
ძველი ბათუმი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი