საზოგადოება

მობილური ქალ-ვაჟი მთავრობისგან

9 სექტემბერი, 2010 • 2561
მობილური ქალ-ვაჟი მთავრობისგან

ქალ-ვაჟის პროექტის მაკეტი
ქალ-ვაჟის პროექტის მაკეტი

რკინის თაღს, რომელიც ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დადგეს, ავტორები ”შავი ზღვის კარიბჭეს” უწოდებენ. მის დამონტაჟებაში ბიუჯეტიდან ხუთნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. ორმილიონნახევარი ლარი კი კიდევ ერთი ქანდაკების – ”ქალი და მამაკაცი” დამონტაჟებაში უნდა დაიხარჯოს. ის იახტკლუბთან დაიდგმება. ბიუჯეტიდან რვა მილიონამდე ლარის ხარჯვის დოკუმენტაციას ბათუმის საკრებულოსა და მერიაში ასაიდუმლოებენ.

რკინის თაღის დანიშნულება, რომელზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა, ბათუმელებისთვის უცნობია. ასევე უცნობია, ვინ მიიღო ამ თაღის დადგმის შესახებ გადაწყვეტილება. ერთი შეხედვით, რთულია იმის გარკვევა, რისი სიმბოლოა თეთრსა და წითელ ფერებში გადაწყვეტილი რკინის კონსტრუქცია. როგორც ესპანელი არქიტექტორების – ალბერტო დომინგოსა და კარლოს ლაზაროს– ოფიციალური ვებ-გვერდიდან გავარკვიეთ, 35 მეტრი სიმაღლის თაღი “ქალაქის სული და ტენდენციაა”. რკინის თაღის ესპანელი ავტორების აზრით, “შავი ზღვის კარიბჭე~”ბათუმის “მომავალი ორიენტირი” იქნება.

ამ “ახალი საოცრების” აგებაზე (როგორც ეს ვებგვერდზეა მითითებული), ბათუმის საკრებულოს მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტიდან 5,5 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. კონსტრუქციის შესყიდვა-დამონტაჟებაზე გაფორმებულ ხელშეკრულებების ადგილზე გაცნობასა ან ქსეროასლების მოწოდებაზე მერიასა და საკრებულოში “ბათუმელებს” ამ ეტაპზე უარი უთხრეს.

“შავი ზღვის კარიბჭის” დამონტაჟებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები შპს “გზამ” შეასრულა. მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ქსეროასლი არც “გზამ” მოგვაწოდა. “ხელშეკრულება უნდა მოგაწოდოთ მერიამ. ის არის ვალდებული. ჩვენ მხოლოდ ფუნდამენტი მოვამზადეთ და გეოლოგიური სამუშაოები ჩავატარეთ. რკინის კონსტრუქცია ესპანეთიდან ჩამოიტანეს”, _ განაცხადა შპს “გზას” ფინანსურმა მენეჯერმა, ამირან ბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, რკინის თაღზე მუშაობა ფირმისთვის მომგებიანი არ იყო, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვია: “ჩვენ მხოლოდ გზის სამუშაოებს ვაწარმოებთ. რკინის კონსტრუქციის დადგმა თავიდან არ იყო პროექტით გათვალისწინებული, შემდეგ გადაწყდა. ამიტომ გეოლოგიური სამუშაოები და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი ხარჯები დაგვჭირდა”.

ამირან ბერიძე აცხადებს, რომ ესპანელ არქიტექტორებთან ხელშეკრულება შპს “გზას” არ გაუფორმებია, თუმცა 3,6 მილიონი ლარი  კომპანიის ანგარიშიდან გადაერიცხათ: “ჩვენი დამკვეთი მერიაა. მერიამ მოგვცა ფული, ჩვენ კი ესპანელებს გადავურიცხეთ. მათთან კონტაქტი არ გვქონია. ხელშეკრულება მერიას უნდა ჰქონდეს, ჩვენთან არ ყოფილა გაფორმებული”.

განსხვავებული ინფორმაცია აქვთ გამოქვეყნებული ესპანელ არქიტექტორებს თავიანთ ვებგვერდზე, რომლის მიხედვით, კონსტრუქციის დამკვეთი შპს “გზაა”.

ბათუმის მერიის მიმდინარე წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, “ლითონის არკის _ “შავი ზღვის კარიბჭის” შეძენისა და მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის” 5 047 860 ლარია გაწერილი. ამავე დოკუმენტით, “არკის” სამონტაჟო სამუშაოებისთვის ცალკეა გამოყოფილი 495 000 ლარი. ეს თანხები მიმდინარე წლის I და III კვარტალში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უნდა გახარჯულიყო.

იმავე გეგმის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ მოგვაწოდა, ეს შესყიდვები “ქ. ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ამ პროგრამაში, რომელიც ასევე საკრებულომ მოგვაწოდა, რკინის თაღის შეძენა-დამონტაჟების სამუშაოები გაწერილი არ არის.

მერიამ და საკრებულომ ასევე გაასაიდუმლოეს სკულპტურის _ “ქალი და მამაკაცი”  _ დადგმასთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც.

“ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით კი, აღნიშნული ქალ-ვაჟის მოძრავი სკულპტურის სამონტაჟო სამუშაოებისათვის მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტიდან 2 400 000 ლარი გამოიყო. შესყიდვა ამ შემთხვევაშიც, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, II კვარტალში უნდა განხორციელებულიყო. “ქალი და მამაკაცის” დადგმისთვის საჭირო წინა საინჟინრო კვლევაში დამატებით 71 700 ლარია გადახდილი.

როგორც “ბათუმელებმა” გაარკვია, სკულპტურის დამზადება შეკვეთილია. უცნობი რჩება, შედის თუ არა სკულპტურის სამონტაჟო სამუშაოებისათვის გამოყოფილ თანხაში თავად სკულპტურის დამზადება-შეძენის ღირებულება. უცნობია, არის თუ არა ხელშეკრულება გაფორმებული სკულპტურის ავტორთან.

“ქალი და მამაკაცის” შესახებ ინფორმაციას არც ქალაქის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში ფლობენ. “გამიგონია ამ ქანდაკების შესახებ, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს ჯერ იდეის დონეზეა”, _ ამბობს ამ სამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი ახალაძე.

ქალაქის მთავარი არქიტექტორი, დავით ზოიძე: “ზუსტად ვერ გეტყვით, სად უნდა დაიდგას, გადაწყვეტილი არ არის. როგორც მითხრეს, მონუმენტი საზღვარგარეთ მზადდება, ავტორი ქართველია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავთო დარჩია უნდა ფლობდეს და იქნებ მას მიმართოთ”.

ქ. ბათუმის მერის მოადგილე, ავთო დარჩია: ”თანხებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ _ ეს საკითხი არ შედის ჩემს კომპეტენციაში. მე მხოლოდ ქანდაკების დადგმას უნდა გავუწიო ზედამხედველობა. როგორც ვიცი, ქანდაკება გერმანიაში მზადდება უჟანგავი ლითონისგან”.

  ”ქალი და მამაკაცის”  ავტორი უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორი და სკულპტორი თამარ კვესიტაძეა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი  ”ქალი და მამაკაცი” (ანალოგიური სახელწოდებით. რომელსაც ბათუმში დგამენ) კულტურის სამინისტროს ცნობით, იტალიელმა მილიონერმა შეიძინა.

მერიის პროგრამაში  ხაზგასმულია, რომ “ქალ-ვაჟის მობილური ქანდაკება, რომელიც ბათუმში დაიდგმება, მუდმივი განვითარება-განახლების, ერთობისა და სიყვარულის სიმბოლოა”.

შვიდმეტრიანი სკულპტურა, რომელიც სპეციალური მექანიზმისა და ელექტროენერგიის საშუალებით იმოძრავებს, იახტკლუბსა და შუქურას შორის მშენებარე ”ციხესიმაგრის” (პორტის) წინ, ნავსაყუდელთან (პირსთან) დაიდგმება.

სკულპტურას გერმანული კომპანია ART Engineering GmbH -ი  ამზადებს, რომელმაც თავისი წინადადება მერიას მიმდინარე წლის თებერვალში შესთავაზა. თუ სკულპტურა ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადდებოდა, იგი 477 500 ევრო ეღირებოდა, ხოლო უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული – 771 000 ევრო. ამას ტრანსპორტირებისა და მონტაჟის თანხაც (50 ათას ევრომდე) ემატებოდა. მერია სკულპტურას უჟანგავი ლითონისგან ამზადებინებს.

”რკინის თაღის” შეძენა-დამონტაჟებისა და ქალაქის ბიუჯეტიდან სხვა ძვირადღირებული სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დედანში გაცნობის საშუალება “ბათუმელებს”, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის მერიაში და საკრებულოში არ მისცეს.

”ვერ ვიპოვე ხელშეკრულებები. ვეძებ და როცა ვიპოვი, მოგაწვდით”, – განაცხადა ”ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, გელა მახარაძემ. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ კი გელა მახარაძის პასუხი მერიის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსის, ირინა შერვაშიძის მეშვეობით მივიღეთ: ”ასე თქვა, მოითხოვოს სასამართლოს წესითო”.

”ბათუმელებმა” ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ დოკუმენტების გაცნობის მოთხოვნით, შემდეგ კი ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

ზემოაღნიშნული საჯარო ინფორმაციის დედანში გაცნობის საშუალება არც ბათუმის საკრებულოში მოგვეცა. დოკუმენტების ნახვის სანაცვლოდ, ბათუმის საკრებულოდან ასეთი პასუხი მივიღეთ: “თქვენი წერილი განსახილველად მერიას გადაეცა”.

“ვნახე თქვენი წერილი. თუ არ ვცდები, ის უნდა გადაგვეგზავნა მერიაში. ზუსტად არ მახსოვს, გამოსული ვარ სამსახურიდან. ერთ საათში ვიქნები და შეგეხმიანებით…”_ განაცხადა “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, რომელმაც მოგვიანებით გვაცნობა, რომ მერიის კანცელარიისთვის მიგვემართა.

საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, “თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის– აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ საკრებულო და მერია. გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და მას ერთდროულად ორი აპარატი მოემსახურება, როგორც საკრებულოს, ასევე მერიის”.

ამ ეტაპზე ბათუმის მერიაში ”ბათუმელების” ოთხი კორესპონდენცია და ერთიც ადმინისტრაციული საჩივარია პასუხგაუცემელი. ამ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, გაირკვევა, ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი რამდენად კანონიერად დაიხარჯა.

”შავი ზღვის კარიბჭე

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვისფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების „NED“ და „B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპსგაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისასგაზეთ ბათუმელების“  და www.netgazeti.ge -ის ლინკის მითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი