საზოგადოება

ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

8 სექტემბერი, 2010 • 1628
ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

საზოგადეობრივ მაუწყებლში რეკლამებითა და ფართის გაქირავებით შემოსული დამატებითი,  6 მილიონამდე ლარი ხუთამდე ახალი პროექტის განხორციელებასა და ძველი პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება.

სამეურვეო საბჭომ 6 სექტემბრის  სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა და მაუწყებლის აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. საბჭოს წევრის, ნინო დანელიას თქმით, სხდომა საკმაოდ ოპტიმისტურად წარიმართა, თუმცა, ბიუჯეტის ”წაკითხვასა” და აუდიტის ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით, საბჭოს მხოლოდ მცირე ნაწილისათვის იყო პრობლემები. რეკლამებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით 5 მილიონამდე შემოსავალი მოუტანა. შემოსავლის ძირითადი ნაწილი მსოფლიო სპორტული ჩემპიონატების ტრანსლაციის დროს შემოსული თანხაა. ხოლო დანარჩენი (ერთ მილიონამდე)– ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ბიუჯეტში ცვლილება ექვსი აგვისტოს  სხდომაზე დაამტკიცა და თანხის ხარჯვის   პრიორიტეტებიც გაწერა. საბჭოს თავჯდომარის, ლევან გახელაძის თქმით, შემოსული თანხა ხუთამდე ახალი პროექტის განხორციელებასა და ძველი პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება.

,,არ არის გაზრდილი ადმინისტრაციული და ტექნიკური გადაიარაღების ხარჯები, ამიტომ ნამატი, ძირითადად, წარმოებაზე მიემართება. თანხა დაიხარჯება ”მოამბის” განახლებული ეთერისათვის, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მიმართულებას, სავარაუდოდ, ორი პროექტი დაემატება, ძველ პროექტებს შევინარჩუნებთ, თუმცა მათი დეკორისა და ვიზუალის ცვლილებებზეც დაიხარჯება გარკვეული თანხები”.

სამეურვეო საბჭოს წევრები ნინო დანელია და ლიკა ჩახუნაშვილი პოზიტიურ მოვლენად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მენეჯმენტის სამსახურმა ბიუჯეტი სხდომაზე საკმაოდ დაწვრილებით წარმოადგინა, რასაც, დანელიას განმარტებით, საბჭოში მისვლის დღიდან ითხოვდნენ. თუმცა, მათივე თქმით, იყო პრობლემა ბიუჯეტის ”წაკითხვასთან” დაკავშირებით. დანელიას განმარტებით, ბიუჯეტი ისეთ ენაზე იყო დაწერილი, რომ მისი გაგება მხოლოდ ბუღალტერთან კონსულტაციის შემდეგ მოახერხეს.

,,უჭირს მენეჯმენტს ანგარიშის გასაგებ ენაზე წარმოდგენა. ეს არა მარტო ფინანსური ანგარიშისას ხდება. კვარტალური ანგარიშიც ისეთია, რომ თავი და ბოლო ძალიან რთული გასაგებია. ეს, ჩემი აზრით, არის ელემენტარული გამოუცდლობა, შეიძლება ვთქვა, უცოდინრობა, თუ რა ფორმით უნდა დაიწეროს ანგარიში. საბჭოს სხვა წევრებიც  ჩვენ დღეში იყვნენ. ვთქვათ, წაიკითხეს და ვერ გაიგეს, ან არ წაიკითხეს, უბრალოდ, კომენტარი არავინ  გააკეთა.  თქვენ რომ ნახოთ ვიდეო ჩანაწერი,  იქ ჩანს, რომ არავინ კომენტარს არ აკეთებს ბიუჯეტზე. არადა საბჭოს მთავარი ფუნქცია სწორედ ბიუჯეტის კორექციაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით უმცირესობაში,  მენეჯმენტი დაგვპირდა, რომ ყველა ამ შენიშვნას გაითვალისწინებს და საბჭოს სხვა წევრებიც დაგვეთანხმნენ. პირველად შემიძლია საბჭოს სხდომაზე ვთქვა, რომ ეს იყო წარმატებული თანამშრომლობა”, – ამბობს დანელია.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ბიუჯეტის გასაგებად წარმოდგენაზე  საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს და ამბობს, რომ საფინანსო ტერმინოლოგიის შეცვლა არ შეიძლება.

,,ეს არის ტერმინოლოგია, რომელიც გამოიყენება ფინანსებში და როგორ შეიძლება მისი შეცვლა,  პოემის ან ლიტერატურული მოთხრობის სახით წარმოდგენა. საკასო ხარჯი არის საკასო ხარჯი, ზრდასრული ადამიანები ვართ და თუ რაიმე ტერმინი არ ვიცით, უნდა ვთქვათ და განგვიმარტავენ, ან, ყველანი განათლებული ადამიანები არიან და ჩემგან არ ესწავლებათ, ნებისმიერი ტერმინის განმარტება შესაძლებელია ინტრნეტში ან ლექსიკონში ნახო. ჩემი აზრით, საერთოდ, არასერიოზულია ამაზე მსჯელობა”.

მეორე მნიშვნელოვან საკითხად საბჭომ სხდომაზე მაუწყებლის აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა განიხილა. აუდიტის ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურა სხდომაზე ლევან გახელაძემ წარადგინა. მაია ბუზალაძეს საბჭოს ყველა წევრმა მისცა ხმა, გარდა სამისა (ნინო დანელია, ლია ჩახუნაშვილი, შორენა შავერდაშვილი).

ლევან გახელაძე ამბობს, რომ აუდიტის ახალი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში განთავსდება საიტზე. მისი განმარტებით, მაია ბუზალაძე ფინანსურ ინსპექციაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, ასევე სამუშაო გამოცდილება აქვს განათლების სამინისტროს შესყიდვების სამსახურში, ახლა კი ილიას უნივერსიტეტში აუდიტის დარგში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველია. გახელაძის თქმით, მას ასევე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კონტროლის პალატასთან მუშაობაში.

მათ, ვინც სხდომაზე ხმა ბუზალაძეს არ მისცეს, ფიქრობენ, რომ უკეთესია თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდეს.

 

,,მე ვფიქრობ, რომ ჯობს კადრები შეირჩეს კონკურსის მეშვეობით, კონკურსი იყოს ღია, ყველას ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება. ამ ფორმით შერჩევისას პასუხისმგებლობა გადანაწილებულია და არ დგება ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა და ერთი ადამიანის ნდობის საკითხი”, – განმარტავს ლია ჩახუნაშვილი.

დანელია ,,ნეტგაზეთთან” საუბარში ყვება, რომ გახელაძე (თავისივე განმარტებით) ახალი კანდიდატის პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაში დარწმუნებულია და მასთან ერთად მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ,,რაც აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს”, – ამბობს დანელია. მის შეკითხვაზე,–  ერთადერთი რის მიხედვითაც შეგვიძლია გადაწყვეტილება მიივიღოთ, თქვენი ნდობის საკითხია?, – გახელაძემ აბსოლუტურად ღიად უპასუხა, რომ კი, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, იმიტომ, რომ მან ნამდვილად იცის როგორია ეს ადამიანი (მაია ბუძალაზე).

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო. ბევრად უფრო სამართლიანი, პროფესიული და გამჭვირვალეა, როდესაც ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და შემდეგ უკვე ღიად, ობიექტური კრიტერიუმებით ირჩევა ადამიანი და არა ასე, ხდება რაღაც წარდგენა, ნაცნობობა და ნეპოტიზმი.  ეს ჩემთვის მართლა კომუნიზმის პერიოდის ამბავია და არა დემოკატიული ქვეყნის”, – ამბობს დანელია.

საბჭოს თავმჯდომარეს კონკურსის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ აქცენტს კანონმდებლობაზე და ნდობაზე აკეთებს. ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონის მიხედვით, შიდა აუდიტის ხელძღვანელის დამტკიცება სამეურვეო საბჭოზე გენერალური დირექტორის წარდგინებით ხდება (მუხლი 34, მეორე პუნქტი).  გახელაძე ფიქრობს, რომ ეს ადამიანი ”ძალიან თავისებურ” ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს ხელმძღვალეობასთან, რადგან კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეიძლება მიიღოს დავალება გენერალური დირექტორის ან საბჭოს თავჯდომარისგან, ან მისის წევრებისაგან (ამ უკანასკნელთა თხოვნის საფუძველზე), ჩაატაროს სამსახურებრივი მოკვლევა, ამიტომ, მისი აზრით, სჯობს ასეთი ადამიანის წარსულ გამოცდილებას კარგად იცნობდნენ.

,,შიდა აუდიტის ხელმძღვანელის თანამდებობა ძალიან მგრძნობიარე და  სენსიტიური პოზიციაა, აბსოლუტურად დამყარებული უნდა იყოს პირად ნდობაზე. თავისი სამსახურიდან გამომდინარე, მას ხშირად უწევს ძალიან დელიკატური დავალებების შესრულება, ეს არის დაახლოებით გენერალური ინსპექცია”, – ამბობს გახელაძე.

 

გახელაძის თქმით, კანონის მოთხოვნით, შიდა აუდიტი უნდა ხორციელდებოდეს კონტროლის პალატის მეთოდოლოგიის მიხედვით.  შიდა აუდიტის ფუნქციაა, რეგულარულად ჩაატაროს დაწესებულებაში აუდიტორული შემოწმებები (ფინანსური ანგარიშების უტყუარობისა და სისრულის შესახებ), აცნობოს ხელმძღვანელობას დარღვევების ან გადაცდომების შესახებ, სწორედ იმ მეთოდოლოგიით, როგორც ამას კონტროლის პალატა აკეთებს, რათა მერე კონტროლის პალატის შემოწმებას ორგანიზაცია მომზადებული შეხვდეს, ,,შესაბამისად, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი არის ძალიან საჭირო ფიგურა”, – ფიქრობს საბჭოს თავმჯდომარე.

დანელიასა და ჩახუნაშვილის განცხადებით, პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელზე ამჟამად ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ არ არის გაწერილი აუდიტის სამსახურის ზუსტი ფუნქციები. ამიტომ, მათი აზრით, შეუძლებელია ამ ეტაპზე აუდიტის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატურამ საკუთარი ხედვა წარმოადგინოს ამ საქმიანობაში. კანდიდატურის შერჩევისას კი, საკუთარი ხედვის წარმოდგენას მომავალი საქმიანობის შესახებ, დანელია აუცილებლად მიიჩნევს. გახელაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობობით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც საჯარო სტუქტურას, არ აქვს უფლება ეს თანამდებობა დიდი ხნით ვაკანტური დატოვოს.

2010 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე დღის წესრიგიდან 2 საკითხი მოიხსნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ სამეურვეო საბჭოსათვის პროგრამული ანგარიშის წარმოდგენის პრინციპები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურის პროექტის განხილვა. ამ საკითხებს საბჭო მომდევნო სხდომაზე 2 ოქტომბერს განიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი