საზოგადოება

ევროკავშირის წარმომადგენლობა კულუარულ ინფორმაციას ეხმაურება

3 სექტემბერი, 2010 • 1327
ევროკავშირის წარმომადგენლობა კულუარულ ინფორმაციას ეხმაურება

დევნილების გასახლება
დევნილების გასახლება

 ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სააგენტო ”პირველის”  მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ  მასში უზუსტობაა დაშვებული.  ელჩი პერ ეკლუნდი თინა ხიდაშელის გამონათქვამებსაც ეხმაურება.

 3 სექტემბერს ”პირველმა”  გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ერვოკავშირის ელჩმა პერ ეკლუნდმა ”საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრა მოითხოვა და მას მკაცრი გაფრთხილება მისცა იმის შესახებ, რომ თუ დევნილების მიმართ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან მორიგი, 23 მლნ ევროიანი ტრანში ვეღარ მიიღოს”. ინფორმაციის წყაროდ სააგენტოს  ”სამთავრობო კულუარები” აქვს დასახელებული.

 ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ ინფორმაციის შესახებ აცხადებს:

 ”საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმადაა ჩართული იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში და მთავრობას ეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. ევროკავშირის, როგორც ამ სფეროს უმსხვილესი დონორის წარმომადგენელი, ელჩი პერ ეკლუნდი მინისტრებს ხშირად ესაუბრება სხვადასხვა საკითხებზე. რესპუბლიკური პარტიის მიმართვას თუ მოქმედებას არასოდეს მოუხდენია გავლენა ამ საუბრების შინაარსზე”.

 ევროკავშირის განცხადებაში რესპუბლიკურ პარტია იმიტომ მოხვდა, რომ ”პირველს”  ევროკავშირის მხრიდან ტრანშის შეჩერების მიზეზად რესპუბლიკური პარტიის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციები აქვს დასახელებული.

 წყაროს გასამყარებლად,  ”პირველი”  გამოქვეყნებულ ინფორმაციაში რესპუბლიკური პარტიის წევრ თინა ხიდაშელსაც იმოწმებს.

 “ვადასტურებ, რომ საქმე დიპკორპუსამდე ჩვენ მივიტანეთ, თუმცა გამოხმაურებაზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. როგორც ვიცი, ეკლუნდსა და გილაურს შორის ფინანსური დახმარების შესაძლო შეფერხებაზე საუბარი შედგა და თუ ეს მართლაც ასეა, შესაძლოა რამდენიმე დღეში  გარკვეული შედეგების მომსწრეც გავხდეთ. რაც შეეხება ევროკავშირის შემდგომ ქმედებებს, ფინანსური დახმარება არის მექანიზმი, რომლითაც მსგავს ორგანიზაციებს ამა თუ იმ ხელისუფლებაზე ზემოქმედება შეუძლიათ და თუ ევროკავშირი დევნილებთან დაკავშირებულ სიტუაციას შეცვლის, ვფიქრობ, ამაში ჩვენი წვლილიც დიდი იქნება”, – განაცხადა ხიდაშელმა სააგენტო ”პირველის” მიხედვით.

 ”ბოლო ხანს რესპუბლიკურ პარტიასთან კონტაქტი არ მქონია და არც წერილი მიმიღია მისგან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე. თუკი ქალბატონი თინა ხიდაშელის ციტატა ზუსტადაა მოყვანილი, ვწუხვარ, რომ რესპუბლიკური პარტია ცდილობს დააგროვოს პოლიტიკური ქულები იქ, სადაც მას ქულები არ აქვს დასაგროვებელი”, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა  ეკლუნდმა 3 აგვისტოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი