საზოგადოება

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა

31 აგვისტო, 2010 • 5337
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა

დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო, რომელიც, ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება.  აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100%-იანი გრანტი დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. გრანტის პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნება კი მხოლოდ ვებგვერდის  ვიზუალური  შემოწმების მიზნით მოხდა.  

შუადღისას აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის პირად მონაცემთა ბაზიდან გაიგეს, რომ 100%–იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს, დაახლოებით 40 წუთში მონაცემთა ბაზიდან პროცენტული მაჩვენებელი გაქრა. ეროვნული ცენტრის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გაბუნიამ ”ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ გრანტის პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნება მხოლოდ ვებგვერდის  ვიზუალური  შემოწმების მიზნით მოხდა და სიმართლეს არ შეესაბამება.

”ჩვენ შევიტანეთ მონაცემთა ბაზაში მცდარი  შედეგები, იმისათვის რომ შეგვემოწმებინა, იყო თუ არა ციფრები ხილვადი. მზადდებოდა გრაფები გრანტისათვის, ვებგვერდი კი გათიშული არ იყო. სამწუხაროდ, დაემთხვა ისე, რომ აბიტურიენტების ნაწილი სწორედ ამ დროს  იმყოფებოდა ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე”, –  ამბობს გაბუნია.

,,ნეტგაზეთთან” საუბრის შემდეგ აბიტურიენტების პირად მონაცემთა ბაზაში  არსებული საგრანტო შედეგები წაიშალა.

 სახელმწიფო დაფინანსების შედეგებს აბიტურიენტები 10 სექტემბრისთვის, მეორადი განაცხადების გამოქვეყნების შემდეგ გაიგებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი