საზოგადოება

საწოლი, მაგიდა და უნიტაზი ერთ ოთახში

24 აგვისტო, 2010 • • 3084
საწოლი, მაგიდა და უნიტაზი ერთ ოთახში

დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით მოუწესრიგებელი და არაკომფორტულია. თვალჭრელიძის ქუჩიდან საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უნიტაზები ოთახებში დახვდათ დამონტაჟებული. სოფელ ფოცხო-ეწერში აგვისტოში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში კი ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციისგან განსხვავებულია. 

ქ.თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში ორი თვეა, რაც თვალჭრელიძის ქ.#2–ში მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს შენობიდან გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ახალ საცხოვრებელში დევნილებს უნიტაზი პირდაპირ საცხოვრებელ ოთახში დახვდათ დამონტაჟებული. კერძო სარემონტო სამსახურის ზედმახედველი აკაკი მამფორია, რომელმაც თავისი კომპანიის სახელწოდება არ დაასახელა,  ამბობს, რომ ამ ფართის რეაბილიტაციისთვის მათხუთდღიანი ვადა მისცეს. რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებში საკანალიზაციო მილები შენობის გარედანაა გაყვანილი, გაკეთებულია ელექტრომომარაგების კაბელები და დამონტაჟებულია უნიტაზები. კედლები და იატაკი კი ისევ ძველ იერსახეს ინარჩუნებს.

საკანალიზაციო მილები

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი საყვირის ქუჩაზე პირველად 24 ივნისს იმყოფებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ “იმ დროისათვის შენობაში მძიმე საცხოვრებელი პირობები იყო. კერძოდ, დაზიანებული იყო სახურავი, არ იყო დამონტაჟებული სველი წერტილები, არ იყო ჩასმული კარ-ფანჯარა. შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები”. ხელმეორედ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შენობას 26 ივნისს მიაკითხეს:

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა შესახლებიდან უკვე  დაახლოებით 2 თვე გავიდა, საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები კვლავ მძიმე რჩება. ამასთან, დევნილთა განმარტებით, სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია”.

სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია, ამიტომ დევნილები თავად ზრუნავენ საცხოვრებელი ფართების კეთილმოწყობაზე. ოთახში დამონტაჟებული უნიტაზები, ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, ზოგმა საპირფარეშოსათვის განკუთვნილ ოთახში გადაიტანა, ზოგმაც კი იქვე შემოღობა ფიცრებით, მუყაოთი თუ ფარდებით.


აფხაზეთიდან დევნილი ირმა არღვლიანი ამბობს, რომ ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო შენობაში ათი წელი ცხოვრობდა, ამიტომ საკუთარი საცხოვრებელი ფართი სველი წერტილებით უზრუნველყოფილი ჰქონდა.   არღვლიანი იქვე პატარა სასურსათო მაღაზიასაც ფლობდა. „ვთხოვე, პატარა ფართი მოეცათ, სადაც  იმ სურსათის გაყიდვას შევძლებდი, რომელიც ძველ მაღაზიაში მქონდა, მაგრამ ვინ რა მოგცა. ის მაღაზიაც აღარ გამაჩნია და რითი უნდა ვიარსებო, არ ვიცი“,- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი. 

იმის შესახებ, რომ დევნილები ძველ საცხოვრებელ ფართებში უკვე კარგად იყვნენ მოწყობილი, აქ ყველა ლაპარაკობს. ,,ახლა კი ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს”, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ვალოდია გურჩიანი. ამჟამად საყვირის ქ. #2-ში მდებარე შენობაში  კიდევ ერთი სართულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

როგორც დევნილებმა, ვარდო გასვიანმა და ინგა მამფორიამ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადეს, დიღმის მასივში მდებარე რკინიგზის საავადმყოფოში ისინი უკვე 17 წელია ცხოვრობენ. დევნილები ამბობენ, რომ საავადმყოფოდან მათ აქ უპირებენ გადმოსახლებას. ,,გვითხრეს, რომ 31 აგვისტოს აქ გადმოვალთ საცხოვრებლად. მუშებმა უკვე საავადმყოფოს შენობის ნგრევა დაიწყეს”, – ამბობს გასვიანი. დევნილების თქმით, ახალ საცხოვრებელ სახლში ერთ სულ მოსახლეზე 12 კვადრატულ მეტრს გამოუყოფენ.  ერთ სულიან ოჯახს კი – 18 კვადრატულს. 

ამავე შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ისეთი ოჯახებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, რაც აქ ჩაასახლეს. მათი საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო მოუწესრიგებელია. კარკასები, რომლებიც დახვდათ, თავად გადატიხრეს. ზოგიერთ ოთახში ჭერი ამ დრომდე არ არის, ამიტომ წვიმის დროს წყალი მუდმივად ჩამოდის. წყლის გაყვანილობაც დევნილებმა თავად გააკეთეს. საერთო ტუალეტით დაახლოებით 10 ოჯახი  სარგებლობს.  


სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნახსენებია წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო–ეწერში გადასახლებული დევნილების მდგომარეობა.

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ფოცხო-ეწერის დასახლებაში რეაბილიტირებულია 14 საცხოვრებელი კორპუსი (368 ბინა).  აგვისტოში კი სოფელში 16 ოჯახი  ჩაასახლეს.

,,შენობას მიეწოდება მუდმივი ელექტროენერგია, წყალი და ყველა პირობაა შექმნილი ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.

სამინისტროსაგან განსხვავებული ინფორმაციაა სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში.  სოფელი ფოცხო-ეწერი ომბუდსმენის წარმომადგენლებმა 17-18 აგვისტოს მოინახულეს. ანგარიშში კი წერენ: ,,დევნილთა საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები. კერძოდ: დევნილებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, შენობაში დაზიანებულია იატაკი”. 

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ დევნილები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. მათ არ აქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.  ,,რამდენიმე დევნილს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ისინი მუდმივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას. უახლოესი სამედიცინო პუნქტი კი დასახლებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს (კერძოდ, წალენჯიხის რაიონის სოფელ  ჯვარში)”.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გატარებულ იქნას შესაბამისი ღონისძიებები თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში და ასევე ფოცხო–ეწერის დასახლებაში მცხოვრები დევნილებისათვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. 

ფოტოების ავტორი: ლიკა გიგინეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი