საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

18 აგვისტო, 2010 • 2327
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

21 აგვისტოდან ნადირობის მოყვარულებს საშუალება ექნებათ მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ჩიბუხაზე, ქედანსა და გვიძინიზე ინადირონ. ნადირობის დღიური ლიმიტები გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე დაადგინა. წესების დარღვევის შემთხვევაში მონადირეები ჯარიმას გადაიხდიან, თუმცა გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ყველა მონადირის გაკონტროლებას ინსპექცია ვერ შეძლებს.

გადამფრენ ფრინველზე ნადირობის დღიული ლიმიტები გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მონადირეებს ერთი დღის განმავლობაში 20 მწყერის, 10-10 ჩვეულებრივი გვრიტის, გარეული მტრედის, ქედანისა და გვიძინის და 5 ჩიბუხას მოკვლა შეუძლიათ. როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსმა, სოსო ქარსივაძემ ,,ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, ფრინველზე ნადირობის ლიმიტები, მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, ზოოლოგიის ინსტიტუტთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდა.

ნადირობისას ნადირობის მსურველმა აუცილებელია თან იქონიოს ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის 10–ლარიანი ქვითარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.

ნადირობისას დაუშვებელია და კანონით ისჯება ბადეების, მარყუჟების, ხაფანგების, საწამლავების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება. აკრძალული იარაღების გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით, (86-ე მუხლი, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები) მონადირე დაჯარიმდება ხუთასიდან-შვიდასი ლარის ოდენობით. თუ მონადირე დაშვებულ ლიმიტზე მეტი რაოდენობის ფრინველს მოინადირებს, მას ასევე დაეკისრება ჯარიმა ასიდან ხუთას ლარამდე. ასევე, მინისტრის დებულებით განსაზღვრულია, თუ რა ზიანი მიაყენა დაშვებულ ლიმიტზე მეტი ფრინველის მოკვლამ გარემოს, ამიტომ, ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, მონადირეს ამ შემთხვევაში ზიანის თანხის გადახდაც მოუწევს. ეს თანხა ყველა ფრინველზე განსხვავებულია.

ნადირობის წესების დაცვის კონტროლი გარემოს დაცვის ინსპექციას ევალება, თუმცა, როგორც ინსპექციის თანამშრომელი, მაია ჩხობაძე ამბობს, ყველა მონადირის გაკონტროლებას ინსპექცია ვერ შეძლებს.

,,საქართველოში შეიძლება  რამდენიმე ათასი ნადირობდეს. ინსპექციას კი, ჯერჯერობით, სულ 300 თანამშრომელი ყავს. შეუძლებელია, ყველა მონადირეს ინსპექციის თანამშრომელი გაყვეს და აკონტროლოს, რა და როგორ მოიპოვა. ეს შესაძლებელია მხოლოდ რეიდების მეშვეობით და, ამავდროულად, ყველა მონადირეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ნადირობის წესები”.

 

ჩხობაზე ამბობს, რომ ინსპექციის რეიდები, ზოგადად, დარღვევების გამოვლენის მიზნით ტარდება და არა კონკრეტულად გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის კონტროლისთვის. გარემოს დაცვის ინსპექციას შვიდი ტერიტორიული ორგანო ანუ ბიურო აქვს, თითოეულ ბიუროს კი თავისი მობილური ჯგუფი ჰყავს. მისი განმარტებით, შიდა განაწესს ყოველი ბიურო თავად ადგენს.

გადამფრენ ფრინველზე ნადირობა ყველგან არ არის ნებადართული. დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრის რადიუსში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებსა და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია.

ასევე ნადირობა აკრძალულია სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიებზე. სამონადირეო მეურნეობებისათვის ტერიტორიებს გარემოს დაცვის სამინისტროს იჯარით გასცემს კერძო პირეზე ან ორგანიზაციებზე. კერძო მესაკუთრეები კი ამ ტერიტორიებზე აშენებენ და უვლიან ცხოველებსა და ფრინველებს. მოყვარულ მონადირეებს შეუძლით გარკვეული თანხის სანაცვლოდ (მონადირე თითოეულ ცხოველზე ან ფრინველზე იხდის თანხას) სამონადირეო მეურნეობებში ინადირონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარი” საქართველოში რეგისტრირებულ 16 სამონადირეო ორგანიზაციას ლობირებს. ორგანიზაციის დირექტორი, თეიმურაზ ტყემალაზე ამბობს, რომ არცერთი ორგანიზაცია გადამფრენ ფრინველებზე სეზონს 21-ში არ გახსნის.

დედოფლისწყაროს რაიონში, მდინარე იურის ხეობაში, მდებარე სამონადირო მეურნეობა ,,დალის მთაში” გადამფრენ ფრინველებზე სეზონი ნოემბრამდე არ გაიხსნება. მეურნეობის დირექტორი, ბეჟან გონაშვილის თქმით, სიცხის გამო ტერიტორიაზე ქვეწარმავალია მომრავლებული (გიურზას ჯიშის გველი), ამიტომ ჯერჯერობით იქ ნადირობა საშიშია.

,,ნოემბრიდან სიცივეები დაიწყება, მოყინავს და ქვეწარმავლებს აქტიურობის უნარი აღარ ექნებათ, იმ პერიოდიდან გავხსნით სეზონს და ის თებერვლამდე გაგრძელდება”, – განმარტავს გონაშვილი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 თებერვლამდე გაგრძელდება. 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე მონადირეები ტყის ქათამზე შეძლებენ ნადირობას, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე მათ საშუალება ექნებათ წყალმცურავი ბატისა და იხვის რამდენიმე სახეობაც მოინადირონ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი