საზოგადოება

ტყეები უმეთვალყუროდ

13 აგვისტო, 2010 • 2656
ტყეები უმეთვალყუროდ

90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტყეებში ხანძრის პრევენციის ღონისძიებები არ ჩაუტარებია. მიზეზად ბიუჯეტის სიმცირე სახელდება.  დაფინანსების საკუთარი წყაროების მოპოვების შესაძლებლობის მისაცემად, სამინისტრომ სატყეო დეპარტმანეტი სატყეო სააგენტოდ გადააქცია. 

ნათია იორდანიშვილი, სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა–აღდგენის სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის სატყეო დეპარტამენტის მიზნობრივ პროგრამებში იყო გაწერილი, მაგრამ მათი განხორციელება ვერ ხერხდებოდა.

”ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პირველ რიგში ფინანსდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული ღონისძიება, როგორიცაა მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები და აღდგენითი სამუშაოები დაფინანსების გარეშე რჩებოდა“- ამბობს იორდანიშვილი.

ნიკოლოზ ბურდული  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპატრამენტში 10 წელი  მუშაობდა. ამჟამად ბურდული ვასილ გულისაშვილის  სატყეო ინსტიტუტის დირექტორია. იგი 1993 წლამდე პერიოდს იხსენებს, როცა  ხანძარსაშიში სეზონის დაწყებისთანავე – ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე – ხანძრის პრევენციის მიზნით, ტყეებს  ვერტმფრენები აკვირდებოდნენ.

ამჟამად სატყეოს საკუთარი ვერტმფრენი არ აქვს. შესაბამისად, ტყეებზე არც ავიამონიტორინგი მიმდინარეობს.

”ამჟამად  ტყის სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ტექნიკური აღჭურვილობა”, – ამბობს ნათია იორდანიშვილი. – ”იდეალურ შემთხვევაში, ხანძრის პირველადი ლოკალიზებისათვის სატყეო სააგენტოს სჭირდება ვერტმფრენი და მცირე მობილური ტექნიკა.”

 ნიკოლოზ ბურდული იხსენებს პირველადი ლოკალიზების ერთ-ერთ წყაროს,  რომელიც   90-იან წლებში მოქმედებდა, როგორც ტყეში ხანძრის პრევენციის მექანიზმი.

ეს იყო ტყის მეხანძრის სამსახური, რომელიც ასევე 90-აინი წლების ბოლოს გაუქმდა – ტყის მეხანძრეები ხელფასით უკმაყოფილონი იყვნენ.

ტყის მეხანძრეს  ტყის ფართობის გარკვეულ ნაწილს აბარებდნენ, რომელზეც იგი პასუხისმგებელი იყო, თვალყური ედევნებინა ხანძრისთვის.

”ტყის მეხანძრე იმიტომ არის  საჭირო, რომ მას შეუძლია ხანძარზე ინფორმაციის ძალიან სწრაფად მიწოდება და  მის ჩაქრობაში დროულად ჩარევა. ხშირ შემთხვევაში, ხანძარი იწყება 10-15 კვადრატულ მეტრში. იქ მყოფმა ადამიანმა ეს შეიძლება თვითონვე ჩააქროს.” 

ამჟამად სატყეო სააგენტოსთვის ხანძარზე ინფორმაციის წყარო  ტყისმცველი და ადგილობრივი მოსახლეობაა.

”თუ ხანძარი მცირე მაშტაბისაა და შესაძლებელია მასთან საკუთარი ძალებით გამკლავება,  ტყისმცველებისა და რეგიონალური სატყეო სამმართველოების თანამშრომლების მეშვეობით ხდება ხანძრის ლოკალიზება.  თუ არსებობს გავრცელების საშიშროება, ერთვება საგანგებო სიტუაციათა სამსახურები.”

ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ მეტყევეები და მოსახლეობა დროულად აწოდებენ ინფორმაციას სამინისტროს და სხვა ქვეუწყებებს.

”მაგალითად, ბორჯომში 31 ივლისს გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია  თავად მე უკვე 15 წუთში მქონდა,  ისევე, როგორც  ადგილობრივ სახანძროს”

თუმცა იორდანიშვილი აღნიშნავს, რომ პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც  მნიშვნელოვნად შეამცირებდნენ ხანძრის წარმოშობის რისკს ტყეში, ვერ ტარდება

სახანძრო პრევენციის სხვა სახეებია: სახანძრო გზებისა და ბილიკების გაყვანა, წიწვოვანი კორომების ქვედა ტოტების მოჭრა და ტყიდან გატანა, ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლების მოწყობა.

მინერალიზებული ზოლების მოწყობა გულისხმობს ხანძარსაშიშ ზონებში 4 მეტრი ნიადაგის მოთოხნას, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას.

არც ის უბნებია გამოკვეთილი, სადაც ხანძრის გაჩენის ალბათობა მაღალია. ასეთ ადგილებს ხანძარსაშიშ უბნებს უწოდებენ.

ტყის ინვენტარიზაციის ფარგლებში უნდა განხორცილებულიყო ხანძარსაშიში უბნების გამოყოფა, რაც ბოლო ათწლეულის მანძილზე არ მომხდარა (გარდა ერთეული  შემთხვევებისა, მცირე ფართობებზე).

”ხანძარსაშიში უბნების გამოყოფა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში სწორედ აქ უნდა გატარდეს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები და უფრო მკაცრი კონტროლი ხანძრისაგან დაცვის საერთო მოთხოვნებზე ’, – ამბობს ნათია იორდანიშვილი. – ” ხანძარსაშიში უბნის იდენტიფიცირებისას, თავისთავად გვაქვს გამოვლენილი ის ტერიტორია, სადაც პირველ რიგში უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიება. ”

ტყეები, მათში ხანძრის განვითარების ალბათობის მიხედვით, ხანძარსაშიშროების ხუთ კლასად იყოფა, რომელთა შორის ხანძრის ყველაზე  მაღალ ალბათობას  წიწვოვანი ხეები და ბუჩქნარები ქმნიან. წიწვი  ადვილად აალებად ფისს შეიცავს.

”ბენზინის ეფექტი აქვს და მისი ჩაქრობა ძნელია”, – აღნიშნავს ნიკოლოზ ბურდული.

წიწვოვანი ტყეები საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმშია გავრცელებული.

ხანძრების სტატისტიკაც ამ ტერიტორიებს ემთხვევა: აწყურში, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ეკუთვნის, ამჟამად ხანძარია. იგი 2010 წლის 4 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ვერ ხდება მისი ლოკალიზება. უცნობია ხანძრის გავრცელების ამჟამინდელი ფართობი.

აწყურში ამჟამად მიმდინარე ხანძარი მიეკუთვნება ე.წ. ტყის მაღლითი ხანძრების კატეგორიას. ასეთი ხანძარი სწრაფად ვრცელდება, ჰაერის ტემპერატურამ კი 900 გრადუსს შეიძლება მიაღწიოს.

ასეთი ხანძრის ჩაქრობა რთულია, რადგან უფრო დიდი ალბათობაა მისი მეტ ფართობზე გავრცელებისა (წიწვოვანის შემთხვევაში ალმოდებული გირჩი შეიძლება გადატყორცნილ იქნეს დიდ მანძილზე და გაჩნდეს ახალი კერა) და წვის ინტენსივობის.

შარშან ხანძარი იყო რაჭაშიც, რომელმაც 657 ჰექტარი მოიცვა. სამინისტროს მიერ ზარალი ჯერ დათვლილი არაა.

ჯერ არც ტყის ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა ცნობილი და არც ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენითი პროექტები არსებობს.

პროექტს სახელად ”საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა” ფინეთის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.

”აუცილებლად უნდა მოხდეს აღდგენითი ღონისძიებები და რაც შეიძლება სწრაფად,” – აღნიშნავს ნიკოლოზ ბურდული. – ” ტყე თვითონაც აღდგება, მაგრამ ამას დრო სჭირდება – 10-15 წელიწადი.”

”სწორედ ამიტომ ჩამოვყალიბდით სატყეო სააგენტოდ  და ყველა სამოქმედო გეგმა ხორცს შეისხამს”, – იმედოვნებს ნათია იორდანიშვილი, ახლადშექმინილი სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა–აღდგენის სამსახურის უფროსი.

სატყეო დეპარტამენტი  სატყეო სააგენტოდ სულ 13 დღის წინ გადაკეთდა. კანონის თანახმად, სააგენტოს გააჩნია უფლება, საბიუჯეტო თანხის გარდა, საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს.

ცვლილების ერთ-ერთი  მთავარი მიზანი, როგორც იორდანიშვილი აღნიშნავს, საკუთარი შემოსავლების გამომუშავება და ხანძრის პრევენციისთვის საჭირო თანხების გამოყოფაა.

დამატებითი შემოსავლები მომსახურების გადასახადიდან უნდა შემოვიდეს, რომელიც მოქალაქემ წლიურად უნდა გადაიხადოს ხე-ტყით სარგებლობისას. თანხები ტყის მოვლას, აღდგენასა და ხანძრის პრევენციას უნდა მოხმარდეს.

ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ სატყეო სააგენტოსთვის ხანძრების პრევენციის ფარგლებში პრიორიტეტები მინერალიზებული ზოლებისა  და ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

ამ ცვლილების მომხრეა ნიკოლოზ ბურდულიც.

 

ხანძარი ბორჯომში
ხანძარი ბორჯომში

მასალების გადაბეჭდვის წესი