საზოგადოება

ტუალეტების ძიებაში

9 აგვისტო, 2010 • • 2097
ტუალეტების ძიებაში

თბილისის ქუჩებში 15- ის ნაცვლად ცხრა საზოგადოებრივი ტუალეტი დგას, რომლებიც  მერიის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს ”ბიოკომის” საკუთრებაა.

 ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წევრ რუსუდან სიდამონიძეს მიაჩნია, რომ მერიის მიერ გამოყოფილი 15 საზოგადოებრივი ტუალეტი მილიონიანი ქალაქისთვის მცირეა.

თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულია 2007 წლის 25 იანვრის 366/1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს ”ბიოკომმა” თბილისის მერიისგან იჯარით ოთხ-ოთხი კვადრატული მეტრის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მიიღო. მათი საერთო ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს.  იჯარის ქირის ოდენობა წელიწადში  9  ათასი ლარია.

ხელშეკრულებას, რომელიც პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში 2017 წლამდეა ძალაში, მერიის მხრიდან თბილისის მაშინდელმა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა და შპს „ბიოკომის“ დირექტორმა გია კარიაულმა მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების ტექსტიდან ირკვევა, რომ ”ბიოკომს“ აღნიშნული ფართი ”კონკურსის” საფუძველზე გადაეცა.

ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ ობიექტებს ისეთი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომ მოიჯარემ უნდა ”დაიცვას სანიტარულ–ჰიგიენური სტანდარტები და მოახდინოს მათი (ობიექტების) განვითარება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში.“

მოიჯარემ ხელი არ უნდა შეუშალოს მერიის ზედამხედველობითი სამსახურების საქმიანობას იჯარით გადაცემულ ტერიტორიაზე:

„შეინახოს საიჯარო ქონება სათანადო სამსახურების მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამის მდგომარეობაში და არ შეუშალოს ხელი მეიჯარის (მერიის) წარმომადგენლის მიერ ინსპექციის ჩატარებას“

საზოგადოებრივი ტუალეტების რამდენიმე მეთვალყურე, რომელთა მოვალეობა ტუალეტების მეთვალყურეობა და სანიტარულ ჰიგიენურ პირობებზე ზრუნვაა, ამბობენ, რომ მერიის წარმომადგენლების სტუმრობას სისტემატური ხასიათი არ აქვს.  ახლად დადგმული საპირფარეშოების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა მათ ერთხელ შეამოწმეს და კმაყოფილები დარჩნენ, აცხადებენ ტუალეტების მეთვალყურენი.

დისლოკაციისთვიის შერჩეული ადგილები ტროტუარია ან სავალი გზის ის მონაკვეთი, რომელიც სატრანსპოტრო გზას ემიჯნება.

ნეტგაზეთმა თბილისის სხვადასხვა უბანში (ზემოთნახსენებ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე) ცხრა საზოგადოებრივი ტუალეტი ნახა, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი კონსტრუქცია  და დიზაინი აქვთ. ისინი ოთხი ან ორი კაბინისგან შედგებიან და მუქ მწვანედ ან ვერცხლისფრად არიან შეღებილნი.

აღნიშნული ტუალეტები, ძირითადად, ვაგზლისა და „დეზერტირების“ ბაზრების ტერიტორიასა და მეტროსადგურების –ახმეტელის, ვარკეთილის, ისნის, გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიებზეა დამონტაჟებული.

ხელშეკრულებაში მითითებული 15 ტერიტორიული ერთეულიდან 6 ადგილას– რუსთაველის და მარჯანიშვილის მეტროსადგურების მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე მეცხრე საავადმყოფოს მიმდებარედ, ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველეს ქუჩების გადაკვეთაზე (სამგორის მეტროს მიმდებარედ), დოლიძის ქუჩის დასაწყისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ტუალეტები ნეტგაზეთმა ვერ ნახა.

საიჯარო ხელშეკრულება ”ბიოკომს” საიჯარო ფართის მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოყენებას (აღნიშნულ ფართებზე რეტერატების განთავსებას) ავალდებულებს:

„მოიჯარე ვალდებულია, მიიღოს ხელშეკრულებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მხოლოდ მიზნობრივად, საკონკურსო პირობების შესაბამისად გამოიყენოს იგი.“

ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მერიას აქვს უფლება, მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება. ხელშეკრულების გაუქმება მოიჯარისთვის (ბიოკომი) წლიური საიჯარო ქირის 25%-ის ოდენობის პირსაგამტეხლოს გადახდის დაკისრებას იწვევს.

თბილისის მერია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. მერიიდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვნილ წერილში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ ტუალეტებთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ.

მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთმა ”ბიოკომსა” და მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე მიუთითა და მერიას განმარტება სთხოვა, მერიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების პროცესი მიმდინარებს, რადგან შპს ”ბიოკომი” დაიშალა.

”ბიოკომი” დაიშალა და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაუქმების პროცესი.”

ნეტგაზეთი შპს ”ბიოკომთან” დაკავშირებას შეეცადა. ორგანიზაცია ქალაქ თბილისში. ”ელიავას ბაზრობაზე”, რაფიელ აგლაძის ქუჩის შვიდ ნომერშია რეგისტრირებული. ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შპს ”ბიოკომი” მათთან არ არის რეგისტრირებული. ქსელიდან გამორთულია ნომერიც, რომელიც მონაცემთა ბაზაში ”ბიოკომის” საკონტაქტო ნომრადაა შეყვანილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, დადებული ხელშეკრულების გაუქმებისთვის ამ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციის ხელმოწერაა საჭირო.  

”იურიდიული პირი (ამ შემთხვევაში ”ბიოკომი”) ვერ ”დაიშლება.” როცა იგი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, მისი რეორგანიზება (სხვა იურიდულ პირად გარდაქმნა) ან ლიკვიდაცია ხდება.”

ლიკვიდაციის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლას ვერ მოახერხებდნენ, რადგან იურიდიული პირი აღარ იქნება, რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულების გაბათილებას. თუ რეორგანიზაცია მოხდა, რა ფორმით მოხდა იგი და გადავიდა თუ არა ეს უფლებამოვალეობები უფლებამონაცვლე პირზე, ესეც უცნობია, აცხადებს კორძაია.

რუსუდან სიმონიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი, ამბობს, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც რეგულირებული იქნება საზოგადოებრივი ტუალეტების განთავსება:

”წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა ამ საკითხთან დაკავშირებიტ. ლოგიკურად, ტუალეტების რაოდენობა ქუჩებთან უნდა იყოს დაკავშირებული. უბრალოდ, ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში ღვთის ანაბარად არის დატოვებული.”

ილიას უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა არაბული ამბობს, რომ ტუალეტების ნაკლებობა ან არქონა ტურიზმის განვითარებისთვის ხელისშემშლელია. მას მიაჩნია, რომ ინტენსიური დასვენების ზონა, ტურისტების დასვენების ადგილი, დამსვენებელს ყველა პრობლემას უნდა უხსნიდეს:

”ეს არის უკულტურობის ნიმუში. როცა არ არის ტუალეტი, რაზე უნდა ველაპარაკო ტურისტს, ვარძიაზე? თბილისში კიდევ რაღაცას იზამ, კაფეში შეხვალ, ვიღაცას მოატყუებ… აბა დანარჩენ საქართველოში, რიგები დგას ტრასებზე ყოველი ხის და ბუჩქის უკან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი