საზოგადოება

მძვინვარე და ლოკალიზებული ხანძრები

6 აგვისტო, 2010 • • 1316
მძვინვარე და ლოკალიზებული ხანძრები

8 ჰექტარამდე ბალახოვანი, ბუჩქოვანი საფარი და ფოთლოვანი ტყე დაიწვა ხანძრის შედეგად, რომელიც გუშინ გაჩნდა რიკოთის უღელტეხილზე, დაბა სურამთან, აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტრო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ლოკალიზებაში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობა. მობილიზებული იყვნენ სამაშველო ძალები და ტექნიკა, რის მეშვეობითაც მოხერხდა ხანძრის დროული ჩაქრობა.
თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრის ლიკვიდაცია სოფელ აწყურში. იქ ცეცხლი ჯერ კიდევ 4 აგვისტოს, დღის სამი საათისთვის, გაჩნდა. მას შემდეგ ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტროს განცხადებით, სოფელ აწყურში დღეს ქარი გაძლიერდა. ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, როგორც სამინისტროში აცხადებენ,” წარმოიშვა მაღლივი ხანძარი. ვერ ხერხდება ფართობზე შესვლა და ხელით ჩაქრობის სამუშაოების წარმოება”,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ. მობილიზებულია სამი ვერტმფრენი და 20 სახანძრო მანქანა.
დაუდგენელია, თუ რა ფართობზე განადგურდა ტყის მასივი.
გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო სააგენტოს სპეციალისტები  საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი