საზოგადოება

მიბაძეთ თურქეთსა და ბრაზილიას

5 აგვისტო, 2010 • 1124
მიბაძეთ თურქეთსა და ბრაზილიას

 დღეს თბილისში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა ირანელი ქალების მხარდასაჭერად მესამე საპროტესტო აქცია გამართა. აქცია ამჯერად კანცელარიასთან გაიმართა და მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დააფისქიროს თავისი პოზიცია ირანში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

 „შეწყვიტოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ადამიანების, განსაკუთრებით, ქალებისა და მოზარდების დევნა, წამება და სიკვდილით დასჯა“–ამ შინაარსის  განცხადების გაკეთებას თხოვენ მთავრობას აქციის მონაწილენი.

პროტესტი საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად,  საქინე აშთიანისა და კიდევ ათი ირანის მოქალაქის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას მოჰყვა. პირველი საპროტესტო აქცია საქართველოს მოქალაქეებმა ირანის საელჩოსთან 19 ივლისს გამართეს. მეორე კი –24 ივლისს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით „საქინეს საერთაშორისო დღე“ გამოცხადდა და მსოფლიოს 31 ქალაქში საქინეს, რომელსაც ქმრის ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციის თანაორგანიზატორი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას, ბრაზილიის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერ–მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მსგავსად, შეუძლია ირანის ისლამურ რესპუბლიკას მიმართოს, საქინე აშთიანისთვის განაჩენის შეცვლის მიზნით.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქართველო–ირანის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდა და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი